დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამუძნებელი მამისა და მისი მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას რადიო პორტრეტი
დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამუძნებელი მამისა და მისი მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას რადიო პორტრეტი

გადაცემა „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ ეძღვნება ქართული სოციალ-დემოკრატიის აღიარებულ ლიდერს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ მამას, სოციალიზმის თეორეტიკოსს, პუბლიცისტს, პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს, საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას. მოგითხრობთ თუ სად მიიღო ნოე ჟორდანიამ განათლება და ეზიარა მარქსიზმის იდეებს. როდის და სად გაიცნო ნოემ გერმანული სოციალ-დემოკრატიის თეორეტიკოსი კარლ კაუცკი და რა როლი ითამაშა მისი როგორც პოლიტიკოსის ფორმირებაში ევროპაში გატარებულმა წლებმა. გავიხსენებთ როგორ აღმოჩნდა ნოე ჟორდანია „მესამე დასის“ დამფუძნებელთა რიგებში. ვისაუბრებთ მის პუბლიცისტურ მოღვაწეობაზე, სადაც ასევე განვიხილავთ მის მძაფრ პოლემიკას საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის საყოველთაოდ აღიარებულ ლიდერთან და მედროშესთან ილია ჭავჭავაძესთან. მსმენელს მივანიშნებთ, რომ ეს არ იყო ამ ორი მოღვაწის პიროვნული დაპირისპირება. აქცენტი გადატანილი გვაქვს მათ პოლიტიკურ ურთიერთმიუღებლობაზე. ყურადღებას ვამახვილებთ ნოე ჟორდანიას მონაწილეობაზე იმ უმნიშვნელოვანეს მოვლენებში, რამაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მიიყვანა. შევახსენებთ თუ როგორ იქნა ნოე ჟორდანია არჩეული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ჯერ ეროვნული საბჭოს, ხოლო შემდეგ დამფუძნებელი კრების მიერ, როდის და რატომ მიენიჭა მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს განსაკუთრებული უფლებები. ასევე გავიხსენებთ როგორ გახდა მისი მთავრობა მთლიანად მონოპარტიული. ავღნიშნავთ მისი, როგორც ქვეყნის პირველი პირის როლს საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მტკიცე სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების შექმნასა და მათი განვითარების საქმეში. გადაცემას დავასრულებთ თვალსაჩინო ეროვნული მოღვაწისა და ცნობილი მეცნიერის მიხეილ (მიხაკო) წერეთლის მიერ გაკეთებული ნოე ჟორდანიას ღვაწლის შეფასებით.

დამოუკიდებლობის 1028 დღე