„დამოუკიდებლობის 1028 დღის“ დღევანდელი გადაცემა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციას ეძღვნება. გადაცემაში ვსაუბრობთ, საერთოდ, თუ, როგორი მტრული დამოკიდებულება ჰქონდა საბჭოთა რუსეთს საქართველოს დამოუკიდებლობისადმი და როგორ ემზადებოდა იგი ჩვენი პირველი რესპუბლიკის დასამხობად. მსმენელს მოვუთხრობთ, თუ როდის და როგორ მოხდა აზერბაიჯანის გასაბჭოება. გავიხსენებთ კავბიუროს თავმჯდომარის სერგო ორჯონიკიძისა და სხვა ბოლშევიკების მცდელობას, რომ 1920 წლის მაისის დასაწყისში დაემხოთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის განხორციელების საშუალება მაშინ მათ პირველი რესპუბლიკის სამხედრო ნაწილებმა არ მისცეს. მსმენელს განვუმარტავთ, თუ რა როლი ითამაშა ანტანტის გამარჯვებული ქვეყნების მიერ საქართველოს „დე იურე“ აღიარებაში 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ. ვაანალიზებთ თუ რას ითვალისწინებდა მისი პირველივე მუხლი და ამავე დროს რა პოტენციურ საფრთხეებს შეიცავდა მის თანდართულ საიდუმლო ოქმში გაწერილი ზოგიერთი ის ვალდებულება, რის შესრულებასაც თავის თავზე იღებდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა. მსმენელს შევახსენებთ, თუ როდის და რა ვითარებაში მოხდა მეზობელი სომხეთის ძალით გასაბჭოება და როდიდან დადგა საბჭოთა რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დამოუკიდებელ საქართველოსთან რეალურად საოკუპაციო ომის წარმოება. მსმენელს ვუყვებით, თუ როდის, სად და ვის მიერ დაიწყო ვითომდა აჯანყება. გავიხსენებთ სად შეიქმნა საბჭოთა საქართველოს მთავრობა, ე.წ. „რევკომი“ და იმყოფებოდა თუ არა მაშინ საქართველოში მის თავმჯდომარედ არჩეული ფილიპე მახარაძე. შემდეგ მოგითხრობთ, თუ საბჭოთა რუსეთის რომელი არმიები ჩაებნენ საქართველოს წინააღმდეგ ომში და რა და რა მხრიდან ხორციელდებოდა მათი შემოტევა ჩვენს ქვეყანაზე. გადაცემაში გავიხსენებთ, თუ როგორ თავგანწირულად იბძოდნენ კოჯორ-ტაბახმელასთან თბილისის სამხედრო სკოლის იუნკრები და ბევრმა მათგანმა როგორ გმირულად შეწირა თავი სამშობლოს დამოუკიდებლობას. ასევე წაგიკითხავთ ამონარიდს ცნობილი ქართველი ექიმისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ღამბაშიძის 18 წლის ვაჟის, გიმნაზიის მოსწავლის გივი ღამბაშიძის დღიურიდან, რომლიდანაც თქვენ უფრო უკეთ გაიგებთ იმ ახალგაზრდის განცდებს, რომელიც ამ ომში თავისი სურვილით მონაწილეობდა და მზად იყო უანგაროდ შეეწირა თავი სამშობლოს თავისუფლებისათვის. წარმოგიჩენთ, თუ როგორი მაღალი საბრძოლო განწყობილება სუფევდა მაშინ რესპუბლიკის მოსახლეობაში და რა შინაარსის წერილი გაუგზავნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და იმხანად მისმა რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის კომიტეტს 1921 წლის 16 თებერვალს. მსმენელს შევახსენებთ, თუ როდის, ვის მიერ და რა ვითარებაში იქნა მიღებული დედაქალაქის დატოვების გადაწყვეტილება. გავიხსენებთ „ამხანაგ“ სერგო ორჯონიკიძის მიერ მოსკოვში, კრემლში, ლენინისა და სტალინისადმი გაგზავნილ ჩვენთვის იმ ავბედით დეპეშას, რომლითაც მგზნებარე ბოლშევიკი მსოფლიო პროლეტარიატის ბელადებს წითელი არმიის მიერ თბილისის აღებასა და იქ საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას უპატაკებდა. რადიო მსმენელს წავუკითხავთ ნაწყვეტს შესანიშნავი ქართველი პოეტის კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსიდან „25 თებერვალი“. გადაცემაში ხაზი გვაქვს გასმული, რომ თბილისში მტრის შემოსვლამ დასცა ქართველ ჯარისკაცთა საბრძოლო სულისკვეთება, რაც თავისთავად უარყოფითად აისახა შემოსეული მტრის წინააღმდეგ მცხეთასთან, გორთან, ხაშურთან და ოსიაურთან გამართული ბრძოლების შედეგებზე. მსმენელის ყურადღებას ვამახვილებთ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაშვებულ ზოგიერთ შეცდომაზე. გადაცემის ფინალში კი დასკვნის სახით ავღნიშნავთ, რომ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთმა განახორიელა თავისი ჩანაფიქრი, უხეშად დაარღვია მის მიერვე ხელმოწერილი 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება და სამხედრო ინტერვენციის გზით მოახდინა საერთაშორისოდ „დე-იურედ“ აღიარებული დამოუკიდებელი ქვეყნის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია, რომელიც შემდგომ მის ანექსიაში გადაიზარდა. ჩვენ ხაგასმით ავღნიშნავთ, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაცემაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმხანად ევროპის მიერ ჩვენი დამოუკიდებლობისადმი გამოხატულმა იმ უარყოფითმა პოზიციამ, რაც 1920 წლის დეკემბერში ერთა ლიგაში ჩვენი ქვეყნის არ მიღებით საბოლოოდ დადასტურდა. ავღნიშნავთ, რომ მაშინდელი ევროპისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა სამწუხაროდ არ აღმოჩნდა პრიორიტეტული და სწორედ ამიტომ არ იქნა მის მიერ აღმოჩენილი ქმედითი დახმარება ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკისადმი.
ავტორი - პაატა სურგულაძე