ურთიერთსაჭიროების სადარაჯოზე: ნორბერტ ელიასის სოციალური აზროვნება

I

ზოგჯერ, უფრო სწორად შეიძლება ითქვას, საკმაოდ ხშირად, პიროვნების და მითუფრო მეცნიერის ინტელექტუალურ ფორმაციას მისი განვლილი ცხოვრება, სოციალური განცდები და პირადი გამოცდილება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ასე მაგალითად, მეორე მსოფლიო ომისა და მისი შემდგომი პერიოდის სამეცნიერო თაობა გამოირჩეოდა სოციალური აზროვნების ინტერნაციონალიზაციით, კულტურის, საზოგადოების, ეკონომიკისა და პოლიტიკის კრიტიკული ფილტრაციითა და კაპიტალისტური სოციალური წესრიგის ალტერნატიული გააზრებით. ეს რასაკვირველია გამოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომისა და მისი წინარე პერიოდის მეხსიერებით, იმ ტრაგედიებითა და კატასტროფებით, რაც კაცობრიობამ განიცადა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში. ნაციზმისა და ფაშიზმის აღზევებამ ევროპაში ხელი შეუწყო არა მხოლოდ სამეცნიერო კლასის ინტელექტუალურ განადგურებას, არამედ შექმნა მეცნიერთა ერთი დიდი თაობის პირადი ტრაგედიები, რაც მთელი ცხოვრება გაჰყვა მათ როგორც ნაციზმის მიერ გამოწვეული მოურჩენელი იარა, ტკივილები, რომლებიც დროდადრო ახსენებდა მათ იმის შესახებ თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ერთი შეხედვით ყველაზე ცივილიზებულ საზოგადოებებშიც კი ველურობისა და დაუნდობელი სისასტიკის პრაქტიკა.

გერმანელი სოციოლოგი ნორბერტ ელიასი (1897-1990) იმ თაობას წარმოადგენს, რომლისთვისაც 1930-იან წლებში ნაციზმის აღზევება და მეორე მსოფლიო ომი პირად ტრაგედიაში აისახა. თუმცა, ნაციზმის აღზევებამდე მისი ცხოვრება, როგორც პირადი ასევე ინტელექტუალური სულაც არ იყო ჯადოსნური. პირიქით, თითქოს მთელი მისი ცხოვრება დასაბამიდან დასასრულამდე ერთი დიდი დრამა იყო, შეუმჩნეველი, რაღაცნაირად მოკრძალებული დრამა. განსხვავებით ბევრი მეცნიერისგან, რომლებიც სოციალური მეცნიერებების დარგში მოღვაწეობენ, ელიასმა აღიარება ძალიან გვიან მოიპოვა. უკვე 70 წელს გადაცილებული იყო, როდესაც მეცნიერებმა შეიტყვეს, რომ ინგლისში, ლესტერის უნივერსიტეტში მოღვაწეობს გერმანელი სოციოლოგი ნორბერტ ელიასი, რომელიც მის ნაშრომებით ცდილობს არა მხოლოდ ახსნას ჩვენი სოციალური სამყაროს რაობა, არამედ გვაძლევს შთაგონების წყაროს, ერთგვარ რუკას, გარკვეულ ტრაექტორიას იმისკენ თუ როგორ შეიძლება გავხადოთ უკეთესი ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

II

თავდაპირველად, მოდი თვალი გადავავლოთ ელიასის ინტელექტუალურ თუ პირად (ინტელექტუალურის მიღმა) ბიოგრაფიას, რაც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ თუ რა გავლენა მოახდინა მისმა განვლილმა ცხოვრებამ მის სოციალურ აზროვნებაზე.

ნორბერტ ელიასი დაიბადა 1897 წელს პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში (იმ დროისათვის მთლიანად გერმანული ქალაქი) საშუალო ფენის ებრაულ ოჯახში. საშუალო განათლებაც იქვე მიიღო, იოჰანესის გიმნაზიაში. მეცნიერად გამოსვლის სურვილი თავიდანვე, სკოლაშივე ამოძრავებდა, თუმცა ევროპაში გავრცელებული ანტისემიტიზმის გამო აკადემიური კარიერის გაკეთება საკმაოდ რთული ამოცანა იყო იმ დროისათვის ევროპაში მცხოვრები ებრაელისთვის. ელიასი იხსენებს, რომ ერთხელ თავისმა კლასელმაც კი წამოაძახა, რომ მისი კარიერა: „დაბადებიდანვე განწირული იყო მარცხისთვის“[1].

ელიასი გიმნაზიაში ეუფლებოდა როგორც გერმანული ლიტერატურის კლასიკოსებს, ასევე  ლათინურ და ბერძნულ ენებს, აგრეთვე სწავლობდა მათემატიკას, ფიზიკასა და ქიმიას.  1915 წელს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს და პირველ მსოფლიო ომში იღებს მონაწილეობას, სადაც თავად ხდება დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტის მომსწრე, ომში მოკლეს მისი მეგობარი, ხოლო თავად კი დაიჭრა[2].

1918 წელს ელიას უმაღლეს განათლებას იწყებს ვროცლავის უნივერსიტეტში, მედიცინისა (რომელიც მალევე მიატოვა) და ფილოსოფიის განხრით. აგრეთვე, ფილოსოფიის კურსებს გადიოდა ფრაიბურგსა და ჰაიდელბერგში. აღსანიშნავია, რომ ელიასის სტუდენტობის პერიოდი დაემთხვა გერმანიის ისტორიის საკმაოდ მძიმე პერიოდს, როდესაც იქმნებოდა ვაიმარის რესპუბლიკა, რასაც თან მოყვა სისხლიანი დაპირისპირებები სხვადასხვა იდეოლოგიური დაჯგუფებებს შორის. ქუჩებში ერთმანეთს დაუნდობლად ებრძოდნენ მემარცხენე და მემარჯვენე შეიარაღებული დაჯგუფებები და ამ დაპირისპირებებს შეეწირა ელიასის რამდენიმე მეგობარი. ცხოვრებაც გაჭირდა და ელიასი იძულებული გახდა ადგილობრივ საწარმოში დასაქმებულიყო რათა მის მშობლებს დამხარებოდა[3].

ვროცლავში ელიასი ფილოსოფიას ეუფლებოდა რიხარდ ჰიონიგსვალდთან, რომელიც შემდეგ მისი სადოქტორო თემის ხელმძღვანელიც გახდა. ელიასმა სადოქტორო დისერტაცია 1924 წლის იანვარში წარადგინა შემდეგი სახელწოდებით – „იდეა და ინდივიდი“[4]. მისი დისერტაცია შეიცავდა სოციოლოგიური მიდგომას და ის მალევე მიხვდა, რომ მას არა იმდენად ფილოსოფოსობა (მისი ტრადიციელი გაგებით) აინტერსებდა, არამედ ადამიანისა და სოციუმის რაობის გაგება უფრო ხიბლავდა და მალევე მოექცა სოციოლოგიური აზროვნების გავლენის ქვეშ.

ელიასს, როგორც დამწყებ ახალგაზრდა სოციალური მეცნიერს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მაქს ვებერის ძმასთან, ალფრედ ვებერთან და ხშირად სტუმრომდა მაქს ვებერის სახლში გამართულ სალონურ დისკუსიებს (რომელსაც ვებერის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე, მარიანა ვებერი მასპინძლობდა). სწორედ იქ, ვებერის სახლის აივანზე, 1924 წელს  ელიასმა წაიკითხა თავისი პირველი ნაშრომი სოციოლოგიის დარგში, რომელიც ეხებოდა გოთიკური არქიტექტურის სოციოლოგიას. მან თავის პირველ ნაშრომში ერთმანეთს შეადარა გერმანული და ფრანგული კათედრალები[5]. 1920-იანი წლებში, ჰაიდელბერგში ელიასი დაუახლოვდა გერმანელ სოციოლოგ კარლ მანჰეიმს, რომელიც 1929 წელს გადადის ფრანკფურტში, სადაც ინიშნება ფრანკფურტის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროფესორად, ხოლო ნორბერტ ელიასი კი მის სამეცნიერო ასისტენტად. აღსანიშნავია ისიც, რომ ელიასმა მანამდე ჟურნალისტიკაშიც სცადა ბედი და მოკლე მოთხრობებს ბეჭდავდა გაზეთში თავი რომ ერჩინა.

1933 წელს, გერმანიაში ნაცისტური პარტიის გამარჯვებას თან მოჰყვა არა მხოლოდ ებრაელების დევნა, არამედ მემარცხენე ორიენტაციის ინტელექტუალთა წმენდა. შეიძლება ითქვას, რომ ნორბერტ ელიასი ორივე „კრიტერიუმს“ აკმაყოფილებდა, წარმოშვებით ებრაელი, ხოლო ნაცისტური რეჟიმისათვის კი მსომფლმხედველობით მემარცხენე. 1933 წლის გაზაფხულზე ელიასი მცირე ხნით ლონდონში იმყოფება, თუმცა მალევე ბრუნდება ჯერ მშობლიურ ქალაქ ვროცლავში (რათა მშობლები მოინახულოს) ხოლო შემდეგ კი მიდის პარიზში სადაც 1933-1934 წლებში ცხოვრობდა. როგორც ელიასის ბიოგრაფები გვიყვებიან პარიზში მან  სცადა მცირე ბიზნესი წამოეწყო, ორ გერმანელ კომუნისტ მშრომელთან ერთად, ხის თოჯინებს ამზადებდა და ყიდდა, თუმცა არც ამაში გაუმართლა და შიმშილის პირას დადგა[6]. ელიასს პარიზში არც აკადემიური კარიერის ძიებაში გაუმართლა, არსად არ მიიღეს და ბოლოს მეგობრებმა ურჩიეს ისევ ინგლისში წასულიყო. 1935 წელს ნორბერტ ელიასი ლონდონში ბრუნდება, სადაც მცირე სტიპენდიას იღებს ებრაული საქველმოქმედო ორგანიზაციიდან. ომის პერიოდში ცოტა ხნით მკვლევარად მუშაობს ლონდონსა და კემბრიჯში. ომის შემდეგ კი აღარც ეს სტატუსი ჰქოდა და ისევ შიმშილის ზღვარზე დადგა. ელიასის სტრესს აძლიერებდა მისი მშობლების ტრაგიკული ბედიც, მამა 1940 წელს გარდაეცვალა, ხოლო დედა კი ელიასის ვარაუდით 1941 წელს, აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში. ამბობენ ელიასი მთელი ცხოვრება განიცდიდა იმას, რომ მან ვერ დაარწმუნა თავისი მშობლები ინგლისში დარჩენილიყვნენ[7].

ელიასმა მხოლოდ 1954 წელს, 57 წლის ასაკში მიიღო მისი პირველი, სტაბილური აკადემიური თანამდებობა და გახდა ლესტერის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ლექტორი, იმ ქალაქის რომელიც მის სამშობლოდ მიაჩნდა. ლესტერში, ნორბერტ ელიასს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ილია ნოიშტადთან, ორივე ებრაელი, დევნილი ინტელექტუალი იყო და ორივე ცდილობდა ბრიტანეთში როგორმე თავისი ადგილი გამოენახათ. კარგი საქმეც გააკეთეს ერთად და ლესტერის უნივერსიტეტში სოციოლოგიის კათედრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მათი მეგობრობა თვალსაჩინო მაგალითია ურთიერთსაჭიროებისა და ადამიანური ურთიერთდამოკიდებულების, რაც კარგად ჩანს მათ შორის ეპისტოლარულ ურთიერთობებში.[8] 1962-1964 წლებში, უკვე პენსიაზე გასული ნორბერტ ელიასი, მუშაობდა განას უნივერსიტეტში, სოციოლოგიის კათედრაზე. 1965 წელს კი ბრუნდება ევროპაში და ხშირად სტუმრობდა დასავლეთ ევროპულ უნივერსიტეტებს. მუშაობდა და ლექციების კითხულობდა მიუნსტერში, კონსტანცში, აახენსა და ბილეფილდში. ბილეფილდის უნივერსიტეტში მისი მოღვაწეობა (1974-1984 წლებში) ემთხვევა ბილეფილდის უნივერსიტეტში ასევე დიდი ევროპელი სოციოლოგის ნიკლას ლუმანის მუშაობას პერიოდს სოციოლოგიის კათედრაზე. ნორბერტ ელიასი გარდაიცვლა 1990 წლის აგვისტოს თვეში, ამსტერდამში.

III

ელიასი (მისი სოციალური აზროვნება) გვთავაზობს ჩაკეტილი ადამიანის (Homo Clausus) კრიტიკას, ხოლო მის საპირისპიროდ კი წამოაყენებს გახსნილი ადამიანის იდეას: „ვინც ფლობს დაბალი თუ მაღალი დონის სათანადო (მაგრამ არა აბსოლუტურ ან ტოტალურ) ავტონომიას სხვა ადამიანებთან მიმართებით და ვინც ფაქტიურად მყარად ორიენტირდება და დამოკიდებულია სხვებზე მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულებების ქსელი არის ის, რაც მათ ერთ მუშტად შეკრავს. ასეთი ურთიერთდამოკიდებულებანი კავშირშია იმასთან, რასაც მე ვუწოდებ ფიგურაციას, როგორც საერთო ორიენტირებისა და ერთმანეთზე დამოკიდებულ ადამიანთა სტრუქტურას. რადგან ადამიანები მეტნაკლებად ერთმანეთზე არიან დამოკიდებულნი პირველ რიგში ბუნებით, ხოლო შემდეგ კი სოციალური გამოცდილებით, განათლებით, სოციალიზაციითა და სოციალურად წარმოებული ურთიერთსაჭიროებებით, შეიძლება ვინმემ გაბედულად წამოიძახოს, რომ ადამიანები არსებობენ როგორც მრავალნი, მხოლოდ ფიგურაციებში.“[9]

ნორბერტ ელიასი გვეუბნება რომ ჩვენ არ ვართ „დამოუკიდებელნი“, არამედ ჩვენ ვართ ერთმანეთზე დამოკიდებულნი.[10] შეიძლება ითქვას, რომ ელიასის სოციალური აზროვნება მნიშვნელოვნად ეფუძნება არა ინდივიდიუალიზაციის ახირებულ პრიმატს, არამედ ინდივიდუალიზმისგან განჯადოების იდეას. მართლაც, თუკი ახლოდან დავაკვირდებით, ადამიანს ხომ სინამდვილეში ადამიანად აყალიბებს მისი ჰარმონია ბუნებასთან, საზოგადოებასთან, გარემოსთან რომელშიც ის ცხოვრობს, სხვებზე ზრუნვა ახდენს ადამიანის გაადამიანურებას და ამავე დროს სხვებზე ზრუნვის პროცესში ეხმარება საკუთარ თავსაც. ურიგო არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ურთიერთდამოკიდებული ადამიანები ქმნიან არა მხოლოდ ცივილიზებულ ერთობას, არამედ სოციალურ პროგრესსაც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ადამიანებმა ისწავლონ ერთმანეთთან ურთიერთობა, ელიასი სწორად შენიშნავს რომ: „ადამიანებს არა მარტო შეუძლიათ, არამედ ვალდებულნიც კი არიან, რომ ისწავლონ თუ როგორ მოექცნენ ერთმანეთს, მათ უნდა ესმოდეთ გარკვეული წესები თუ შეზღუდვები. სხვანაირად ისინი უბრალოდ ვერ იარსებებენ, როგორც ინდივიდები და როგორც საზოგადოების წევრები“.[11]

ელიასის ფიქრები ასევე შეგვახსენებს თანამედროვეობის დიდ სოციოლოგს, ზიგმუნტ ბაუმანს, რომელმაც ნორბერტ ელიასს ჭეშმარიტად დიდი სოციოლოგი უწოდა. მსგავსად ელიასის სოციალური აზროვნებისა, ბაუმანის როგორც სოციალური მოაზროვნის ამოცანას ასევე წარმოადგენს ადამიანთა დარწმუნება იმაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს ერთად ყოფნას და რა სიმდიდრეა ერთად ყოფნის განცდაში, ბაუმანი სწორად შენიშნავს რომ: „ცივია ის ხალხი ვინაც დიდი ხანია დაკარგა გრძნობა იმისა თუ რა თბილია ადამიანებთან ერთად ყოფნა; თუ რამხელა ნუგეში, კომფორტი, მხარდაჭერა ანდა უბრალოდ სიამოვნება შეიძლება მოდიოდეს ერთმანეთის ბედის ზიარებითა და თანაგრძნობით, სხვებთან სიახლოვით – „სხვები, რომლებიც ჩემნაირნი არიან“ ან უფრო რომ დავაზუსტოთ სხვები რომლებიც „ჩემნაირნი არიან“ ზუსტად იმის გამო, რომ გაიზიარონ ჩემი გასაჭირი, სატკივარი და ჩემი ოცნება ბედნიერებაზე; და ამრიგად მეც ვფიქრობდე მათ გასაჭირზე, მათ ტკივილზე და მათ ოცნებებზე“.[12] მართლაც, ადამიანის მიერ მეორე ადამიანზე ზრუნვა იმ იმედების დაბადებაა, რომელიც არგამართლების შემთხვევაშიც კი ტკბილია, რადგან ერთმანეთზე ზრუნვა ადამიანის ადამიანურ ბედნიერებას ამაღლებს.

ნორბერტ ელიასის სოციალური აზროვნების პრინციპული ამოცანაა ადამიანის არმიტოვება და მისი დაახლოვება სხვებთან, სხვასთან ან სხვებთან ურთიერთობით საკუთარი და სხვისი ბედის გადარჩენაც. თანამედროვე სამყაროში, იქ სადაც ნეოლიბერალური წესრიგის კულტურული მოქმედების წესები ბატონობს ეს ამოცანა უფროდაუფრო განიცდის ნეოლიბერალური ბარაბარიზმის წნეხს. სამწუხაროდ, ნეოლიბერალური წესრიგის აღზევებას თავად ელიასიც მოესწრო. 1991 წელს (ელიასის გარდაცვალებიდან ერთის წლის შემდეგ) ფრანგი სოციოლოგი პიერ ბურდიე (ასევე ელიასის სოციოლოგიის ერთ-ერთი დამფასებელი) სწუხდა „ინდივიდუალიზმის შემობრუნების“ გამო, რომელიც თან ახლდა მინიმალური სახელმწიფოს იდეის აღზევებას ნეოლიბერალური გლობალიზმის ეპოქაში. როგორც ბურდიე აღნიშნავს: „ინდივიდუალურობის დაბრუნება ასევე გასაქანს აძლევს იმის მტკიცებას, რომ „დამნაშავე მხოლოდ მსხვერპლია“, ვინც თავად არის შემოქმედი მთელი თავისი უბედურების“.[13] რასაკვირველია, ნეოლიბერალური წესრიგი, როგორც ჩვენი სოციალური სამყაროს ანტისოციალური დეგრადაციის ფორმა, ინდივიდუალიზმის პრიმატს სავაჭრო დახლზე ყიდის, როგორც ჭეშმარიტ ნორმას პიროვნების თავისუფლების, რაც სინამდვილეში პიროვნებას აყალიბებებს არა თავისუფალ ადამიანად, არამედ ადამიანებთან დაშორებულ სუბიექტად, რომელიც მსაგვსად ჰენრიკ იბსენის პერ გიუნტისა საკუთარი ამპარტავნობის ტყვეობაშია ჩავარდნილი და საკუთარი თავის მონას მართლა ჰგონია, რომ განსხვავებით ყველასგან ის ჭეშმარიტად თავისუფალია.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვიყოთ ურთიერთსაჭიროების სადარაჯოზე და რატომ იდგა თავად ამ სადარაჯოზე ნორბერტ ელიასი? საქმე იმაშია, რომ ჩვენი სოციალური სამყარო ისეა მოწყობილი, რომ ჩვენს გარეშე ის ვერ იმუშავებს. ცხადია, ბევრი რამე სამყაროში, მათ შორის სოციალურ სამყაროში ჩვენზე არც არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ერთამენთზე ზრუნვითა და ერმანეთზე დამოკიდებულებით ის გავხადოთ უკეთესი და ისეთი სადაც ერთამენთს ხელს კი არ შევუშლით, არამედ პირიქით ერთი მეორეზე დაიმედებული შევქმნით ერთ დიდ ქსელს ერთმანეთზე ფიქრის. ნორბერტ ელიასი გვეუბნება, რომ: „ინდივიდსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა უნიკალურია. მას არ გააჩნია არანაირი ანალოგი სხვა საარსებო სივრცეში“.[14] ამრიგად, რადგან ჩვენ ურთიერთობა უნიკალურია იმ გაგებით, რომ ამგვარი კავშირი არ არის არსად, ურთიერთსაჭიროება ამშევენიერებს ამ უნიკალურ ურთიერთობებს და ადამიანურს ხდის მას. ამ კონტექსტში, შეიძლება ვთქვათ ისიც, რომ სოციალური ურთიერთობის ისეთი პრაქტიკა, რაც წარმოშვებს ისეთ სოციალურ პროცესებს რომლებიც ეფუძნება არა თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას, არამედ სიძულვილსა და კონკურენციას, არის შედეგი ადამიანთა შორის ურთიერთადმოკიდებულების ჯაჭვის წყვეტის, რა დროსაც ირღვევა ჩვენს შორის უნიკალური ურთიერთობების პრაქტიკა და ადამიანს ვტოვებთ განსაცდელში, სადაც არავინაა მისი იმედებისა და ოცნებების მოზიარე. ამიტომ ჩვენს სოციალური სამყაროში საჭიროა  აღდგეს ურთიერთსაჭიროებისა და ურთიერთგაგების ჯაჭვი, რომელიც დაუბრუნებს ჩვენს ცხოვრებას ადამიანურ სახეს.

IV

ანდრეი ტარკოვსკი ამტკიცებდა, რომ დასავლური დემოკრატია ეგოისტურია, რადგან მართალია დემოკრატიამ დასავლეთში ადამიანებს თავისუფლება მისცა, თუმცა დააკარგინა მათ რწმენა ყველას მიმართ, გარდა საკუთარი თავისა.[15] დასავლური კულტურა და საზოგადოება პოსტმოდერნული წესრიგის უფრადაუფრო აღზევების შედეგად მართლაც გამოიფიტა და უშინაარსო გახდა, გაძლიერდა ეგო და ინდივიდუალიზმი, ხოლო ერთად ყოფნის ან ერთმანეთზე ფიქრის განცდა კი თანდათანობით იშლება. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ კრიზისშია ის რამაც შექმნა დასავლური სოციალური პროგრესი. ადამიანთა შორის გაუცხოებასა და სოციალური ურთიერთობების მოშლას ასევე ხელს უწყობს გლობალიზაციის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული დღის წესრიგი, რომელიც გვართმევს უნარებს ერთად ყოფნისა და თანაარსებობის, და ადამიანური ურთიერთობების მოშლის შედეგად ახდენს ახალ სოციალურ ფორმაციას, რომელიც სინამდვილეში არაფრის გლობალიზაციას უწყობს ხელს.[16] შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ნეოლიბერალური გლობალიზმის ეპოქა წარმოშვებს იმგვარ სოციალურ პროცესებს სადაც ადმიანებს ან არა აქვთ თანაცხოვრების პრაქტიკა და უნარები ან უბრალოდ ისინი ერთამენთთან ხილულ თუ უხილავ ბრძოლაში არიან ჩაბმულნი.

ამ კონტექსტში და ამ გაგებით, ალბათ ისევე როგორც არასდროს, ნორბერტ ელიასის სოციალური აზროვნება ყველაზე მეტად ჭირდება არა მხოლოდ სოციალური მეცნიერებებს არამედ მთლიანად ჩვენს სოციალურ სამყაროს.

 

 

[1] იხ. Norbert Elias, Reflections on a Life (Polity, 1994), p. 12

[2] იხ. Richard Kilminster & Stephen Mennell, Norbert Elias. In: George Ritzer (ed.), The Blackwell Companion to Major Contemporary Social Theorists (Blackwell Publishing,  2003), p. 180

[3] იქვე, გვ.180

[4] იქვე, გვ. 181

[5] იხ. Stephen Mennell, Norbert Elias, 1897-1990: Personal Reflections on a Remarkable Life. Thesis Eleven, no. 27, 1990, p.153

[6] იქვე, გვ.154

[7] იხ. Robert Van Krieken, Norbert Elias (London & New York: Routledge, 1998), p. 29

[8] იხ. ნოიშტადტსა და ელიასს შორის მიმოწერის გარჩევა John Goodwin & Jason Hughes, Ilya Neustadt, Norbert Elias, and the Leicester Department: personal correspondence and the history of sociology in Britain. The British Journal of Sociology, Volume 62, Issue 4, 2011

[9] იხ. Norbert Elias, The Civilizing Process: Sociogenetic and Psychogenetic Investigations (Blackwell Publishing, 2000), p. 481-482

[10] იხ. Norbert Elias, Reflections on a Life (Polity, 1994)

[11] იხ. Norbert Elias, Loneliness of the Dying (New York & London: Continuum 2001), p. 4

[12] იხ. Zygmunt Bauman, In Search of Politics (Cambridge & Malden: Polity Press, 1999), p. 53

[13] იხ. Pierre Bourdieu, Acts of Resistance: Against the New Myths of our Time (Cambridge & Oxford: Polity Press, 1998), p. 7

[14] იხ. Norbert Elias, The Society of Individuals (New York and London: Continuum, 2001), p.18

[15] იხ. V. Ishimov & R. Shejko, The Twentieth Century and the Artist. In: John Gianvito (ed.), Andrei Tarkovsky: Interviews (Jackson: University Press of Mississippi, 2006), p. 140

[16] ამ თემაზე იხილეთ George Ritzer, The Globalization of Nothing (Thousand Oaks: SAGE Publications, 2003).

 

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.