ფოტო გარეკანზე: Forget Democracy – Painting by Tehos Frederic CAMILLERI/წყარო: www.saatchiart.com
პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პირობებში საქართველოში უამრავი პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა. შეიძლება ითქვას, რომ პარტიების სიმრავლით საქართელო ერთ-ერთი მოწინავეა პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუმცა პარტიათა სიმრავლე და მრავალფეროვნება ამავდროულად არ ნიშნავს პარტიული პოლიტიკის და ზოგადად პარტიების განვითარებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიუხედავად პოლიტიკური ლიდერების და პარტიების ამბიციებისა, საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ეფექტური და ამომრჩეველთათვის მიმზიდველი პარტიული პოლიტიკა. კონკრეტულად კი, პარტიული სისტემა საქართველოში არ გამოირჩევა იდეოლოგიური მრავალფეროვნებით, პოლიტიკური რაციონალიზმით, პროგრამული დახვეწილობითა თუ ორგანიზაციული დისციპლინით.
პარტია, დემოკრატია და პარტიული დემოკრატია
წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში პარტიები კრიტიკულ როლს ასრულებენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ პარტიების გარეშე წარმომადგენლობითი დემოკრატია ვერ შედგება. შესაბამისად, თანამედროვე წარმომადგენლობით დემოკრატიას სხვანაირად პარტიულ დემოკრატიასაც უწოდებენ. ასევე, სხვა ტერმინი, რომელიც გამოიყენება პარტიული დემოკრატიის თუ წარმომადგენლობითი დემოკრატიის სინონიმად არის საპარლამენტო დემოკრატია. ასეთი დემოკრატიის პირობებში კი პარტიების როლი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მხოლოდ მყარ იდეოლოგიურ პლატფორმაზე მყოფ კარგად ორგანიზებულ პარტიებს შეუძლიათ მდიდარი საპარლამენტო ცხოვრების შექმნა. შესაბამისად, იქ სადაც არ არის პარტიული პოლიტიკა განვითარებული იქ ვერ იქნება განვითარებული თანამედროვე დემოკრატიული წესრიგი.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენლობითი ლიბერალური დემოკრატია არის მმართველობის ის ფორმა, რომლის უნივერსალიზაციისა და ექსპორტის მცდელობას უკვე დიდი ხანია ვხედავთ, მის მიმართ კრიტიკას ასევე ხანგრძლივი ტრადიციები აქვს. მაგალითად, როგორც მარქსისტული სკოლა (მარქსი და მისი მიმდევრები მე-20 საუკუნეში), ასევე ელიტისტების სკოლა ანუ მე-20 საუკუნის იტალიელი თეორეტიკოსები და გერმანული სოციოლოგიის ზოგიერთი წარმომადგენელი (მაგ. რობერტ მიხელსი), წარმომადგენლობით ანუ პარტიულ დემოკრატიას აღიქვამდნენ, როგორც ოლიგარქიის და ბატონობის ახალ ფორმას რა დროსაც ვიწრო, ოლიგარქიული ინტერესების საჯარო სივრცეში ექსპორტი და ლეგიტიმაცია მასების სახელით ხდება.
ზოგადად, პარტიული სისტემის კლასიფიკაციისას გამოყოფენ პარტიული სისტემის სამ ძირითად ფორმას: ერთპარტიული, ორპარტიული და მრავალპარტიული. მაგალითად, ერთპარტიული სისტემა იყო საბჭოთა კავშირში, ორპარტიულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მრავალპარტიულია კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. მრავალპარტიული სისტემა ანუ იგივე მრავალპარტიული დემოკრატია გულისხმობს აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში (მაგ. საპარლამენტო სივრცეში) 3 ან მეტი პარტიის რეპრეზენტაციას. მაგალითისათვის, ასეთი ქვეყნებია გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ა.შ. მრავალპარტიული დემოკრატია არის კონტინეტურ ევროპაში გავრცელებული ყველაზე პოპულარული მმართველობის ფორმა, თუმცა ასეთ პირობებშიც კი ყოველთვის წარმოჩინდება ხოლმე 2 პარტია, რომელიც ერთმანეთს ცვლის ხელისუფლებაში (მაგალითად გერმანიაში სოციალ დემოკრატიული და ქრისტიან დემოკრატიული პარტიები).
აღსანიშნავია ის, რომ დემოკრატიის თანამედროვე კრიზისის პირობებში, კრიზისში შევიდა ასევე ტრადიციული პარტიები და პარტიული ელიტები. ამ ფონზე, ევროპაში ძლიერდება პარტიული ცხოვრების სრულიად ახალი ტალღა, რაც გულისხმობს, ტრადიციული პოლიტიკური ელიტების ჩანაცვლებას ახალი პარტიული მოძრაობებით, რომელთა ამბიციაა ელიტების მიერ შექმნილი დისკურსების და პრაქტიკის მოშლა. მარტივად რომ ვთქვათ, ახალი მოძრაობები ევროპაში მიზნად ისახავს ხალხის შემობრუნებას პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთგვარი რეაქცია წარმომადგენლობითი დემოკრატიის ლიბერალური პროექტის კრიზისის მიმართ.
პარტიული სისტემა პოსტსაბჭოთა საქართველოში
საბჭოთა ერთპარტიული სისტემის ნგრევის შემდეგ, საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მიზნად დაისახა მრავალპარტიული სისტემის განვითარება. თუმცა, ამოცანა საკმაოდ რთული აღოჩნდა. მართალია საბჭოთა კავშირმა ხელი შეუწყო ქვეყნის სწრაფ ინდუსტრიალიზაციას, ურბანიზაციას, მოდერნიზაციასა და განათლების დონის უპრეცენტენდო ზრდას, თუმცა პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით მან ხელი შეუშალა განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციების რეპრეზენტაციას პოლიტიკურ სივრცეში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ცხოვრება იყო სრულიად ჰომოგენური, სადაც სრულ კონტროლს კომუნისტური პარტია ახორციელებდა. ამ ყველაფერმა კი თავის მხრივ ხელი შეუწყო ერთფეროვნებას და ისეთი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რა დროსაც პოლიტიკური ცხოვრება ეგუება მხოლოდ ერთი პარტიის ძლევამოსილებასა და ბატონობას.
შესაბამისად, პოსტსაბჭოთა საქრთველოში მარავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბების მცდელობას ხელს უშლიდა ორი ძირითადი ფაქტორი. პირველი ეს იყო საბჭოთა წარსულისადმი დაქვემდებარება, რაც იმას ნიშნავს რომ პოსტ-ტოტალიტარულ პირობებში ახალი სისტემა ისევ ძველი, ტოტალიტარული სისტემის ქცევების გავლენის ქვეშაა, ანუ როგორც ო’დონელი ამბობს ეს არის აჩრდილი, რომელიც თან გასდევს პოლიტიკურ ცვლილებებს პოსტ-ტოტალიტარულ თუ პოსტ-ავტორიტარულ სახელმწიფოში. მეორე ფაქტორი კი არის ის, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა დისიდენტურმა ელიტებმა, რომლებსაც არ გააჩნდა მართვის და პოლიტიკურ ცხოვრებაში რაციონალურად მოქმედების გამოცდილება, ვერ შეძლეს იმ თავდაპირველი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ხელს შეუწყობდა პლურალისტული გარემოს ჩამოყალიბებას.
ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიულად საქართველოს გააჩნია დემოკრატიული პოლიტიკის წარმოების უმცირესი გამოცდილება, რაც ცხადია პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პირობებში სერიოზული სირთულე და გამოწვევა აღმოჩნდა. სწორედ ისტორიული გამოცდილების სიმცირემ და სხვა ფაქტორებმა შეუწყო ხელი საქართველოს პარტიული პლურალიზმის ჩიხში შეყვანას და ანომალიურ განვითარებას, რამაც თავის მხრივ გამოიწვია პარტია სახელმწიფოს მსგავსი სისტემის ჩამოყალიბება.
მმართველობის ოთხი პერიოდი და პარტიული სისტემა
პოსტსაბჭოთა საქართველომ პირობითად რომ ვთქვათ მმართელობის სამი პერიოდი გამოიარა: გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის. ეხლა კი გადის პოსტ-სააკაშვილის პერიოდს. გამსახურდიას რეჟიმის პირობებში პარტიული სისტემა თითქმის არ არსებოდა, ამას ერთის მხრივ განაპირობებდა ის, რომ საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, ხოლო მეორეს მხრივ კი ის, რომ თავად გამსახურდია, რომელიც ნაციონალისტური სენტიმენტებითა და ავტორიტარული სულისკვეთებით გამოირჩეოდა საჭიროდ არ თვლიდა პარტიული პლურალიზმის აუცილებლობას. ამის მაგალითად გამოგვადება ის, რომ 1991 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტში გამსახურდიამ გააძევა კომუნისტური პარტია, რომელმაც საკმაოდ სოლიდური რაოდენობის მანდატი მიიღო პარლამენტში. თავის მხრივ, გამსახურდიას ამ ქმედებამ ტრანზიციის ადრეულ ეტაპზევე განსაზღვრა დემოკრატიის და პარტიული პოლიტიკის ბედი საქართველოში. კერძოდ, დემოკრატიზაციის პროცესის წარმატება იზომება არა ყოფილი პოლიტიკური აქტორების ჩაგვრით, არამედ იმით თუ რამდენად ეძლევათ მათ საშუალება პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფნის, განსაკუთრებით მაშინ თუკი მათ გააჩნიანთ გარკვეული სოციალური ლეგიტიმაცია (ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ პოლიტოლოგ ადამ პრშევორსკის ნაშრომები დემოკრატიისა და დემოკრატიზაციის შესახებ).
შევარდნაძის ეპოქა მეტწილად ჰიბრიდული რეჟიმის გამოხატულება იყო ვიდრე ავტორიტარულისა. თუმცა, როგორც პოლიტოლოგები ლევიცკი და ვეი ამტკიცებენ, განსხვავებით გამსახურდიას ეპოქისგან, შევარდნაძემ შეძლო პარტიული სიძლიერის გაზრდა და შექმნა პარტია, რომელმაც გააერთიანა, როგორც ძველი საბჭოთა ნომენკლატურა, ასევე ინტელიგენციის წევრები და საჯარო მოხელეები. თუმცა, მათივე მტკიცებით შევრადნაძეს აკლდა ის ორგანიზაციული ინსტრუმენტები, რითაც ის შეძლებდა ავტორიტარული მმართველობის ჩამოყალიბებას. შევარდნაძის პერიოდის პარტიული სისტემა გამოირჩეოდა ერთი პარტიის „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ დომინაციით, თუმცა საპარლამენტო ცხოვრებაში ასევე იყო წარმოდგენილი სხვა პოლიტიკური პარტიები, რომელთაგან ზოგიც ეფემერულ, ზოგიც კი რეალურ ოპონენტობას უწევდა „მოქალაქეთა კავშირს.“ პარტიული სისტემა შევარდნაძის პირობებში სუსტი იყო იმდენად, რამდენადაც პარტიებს არ გააჩნდათ რაიმე იდეოლოგიური იდენტობა და პროგრამული სიძლიერე, მათი არსებობაც კი დამოკიდებული იყო მხოლოდ მათი ლიდერების გავლენებსა და წარმატებაზე. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძის ეპოქაში იყო მცდელობა პარტიული პლურალიზმის განვითარებისთვის, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ამისთვის მინიმუმ ლეგალისტური პირობები მაინც შეიქმნა.
პარტიული პოლიტიკის დასუსტების მორიგი ეპოქა გამოდგა სააკაშვილის მმართველობის პერიოდი. განსხვავებით შევარდნაძისგან, სააკაშვილმა შეძლო ისეთი ორგანიზაციული ინსტრუმენტების აგრეგაცია, რამაც ხელი შუწყო პრაქტიკულად პარტია სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და ავტორიტარული სისტემის განვითარებას. ასეთ პირობებში კი ცხადია პარტიული სისტემის და პარტიული პოლიტიკის განვითარების პერსპექტივები უფრო მეტად დასუსტდა. სააკაშვილის მმართველობამ ჩამოაყალიბა ნეოლიბერალური ავტოკრატია, რომელმაც მიზნად დაისახა ყველა იდეოლოგიური იდენტობის დემონიზაცია გარდა ნეოლიბერალურისა. შესაბამისად, მისი მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა ერთგვარი დოგმატიკა იმის შესახებ, რომ პარტიას არ შეიძლება გააჩნდეს ისეთი პოლიტიკური შეხედულებები და პრინციპები, რომლებიც შეიძლება გამოხატავდეს მემარცხენე ან მემარცხენე ცენტრისტულ იდეოლოგიას. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის სისტემის პირობებში ასეთი ტიპის პარტიების დაარსება იკრძალებოდა, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ასეთი პოლიტიკის პირობებში ხდებოდა განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციების სტიგმატიზაცია და საჯარო სივრციდან გარიყვა, რაც ცხადია ასუსტებდა პარტიულ პლურალიზმს ქვეყანაში.
სააკაშვილის მიერ წარმოებულმა მემარჯვენე ისტერიებმა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოში მრავალპარტიული სისტემის ჩამოყალიბებას. მისი მმართველობის დროს შეიქმნა ხელოვნური ოპოზიცია, რომელიც რეალურად მოქმედებდა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოკავშირე ჯგუფი საპარლამენტო სივრცეში. ასეთი ოპოზიციის ჩამოყალიბება კი სააკაშვილის სჭირდებოდა იმისათვის, რომ დასავლურ ელიტებში და ინსტიტუტებში შექმნილიყო წარმოდგენები საქართელოში პარტიული პლურალიზმის განვითარების თაობაზე. სინამდვილეში კი ეს იყო პარტიული პლურალიზმის იმიტაცია, რაც ასევე კარგად ესმოდათ დასავლეთის როგორც აკადემიური ასევე პოლიტიკურ სივრცეში.
რაც შეეხება, პარტიების ბედს, 2012 წლის შემდეგ, ცხადია მდგომარეობა უფრო ოპტიმისტურად სჩანს ვიდრე ეს იყო სააკაშვილის სისტემის პირობებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოსტ-სააკაშვილის ეპოქაში, საჯარო სივრცე გაცილებით ღია გახდა განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისათვის ვიდრე ეს მანამდე იყო. თუმცა, პლურალისტული სისტემის პერსპექტივების გაჩენა თავის მხრივ არ ნიშნავს პარტიების განვითარებას. პარტიები კვლავ რჩებიან სააკაშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური დისკურსის და პრაქტიკის ტყვეობაში, რაც ნიშნავს თვითშეზღუდვას რადიკალური მემარჯვენე იდეებისგან განსხვავებული შეხედულებების წარმოჩენაში. ხოლო პარტიები რომლებიც ცდილობენ ალტერნატიული გარემოს შექმნას, ისევ სტიგმატიზირებულნი არიან დომინანტური პოლიტიკური და კულტურული ელიტების მიერ.
რატომ ვერ ვითარდებიან პარტიები: ზოგიერთი მახასიათებელი
საქართველოში საზოგადოების სოლიდური ნაწილი პრეკარიატულ მდგომარეობაშია. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა კი აისახება მოქალაქეთა სუსტ პოლიტიკურ ჩართულობაზე. თავის მხრივ, პოსტსაბჭოთა ადამიანი, რომელიც მონაწილე გახდა პოსტსაბჭოთა ნეოლიბერალური სოციალური ექსპერიმენტებისა ასოციალური და პოლიტიკურად მელანქოლიურია. ამ ფონზე კი ცხადია პარტიების კრიზისი სრულიად ლოგიკური და გასაგებია. პარტიული სისტემის და პარტიული პოლიტიკის კრიზისი განსაზღვრავს პარტიების განუვითარებლობას და ზოგჯერ მათ სრულ დეკონსტრუქციას. ასევე, როგორც ზემოთ ითქვა, ამ კრიზისს თავის მხრივ იწვევს ქვეყნის პოლიტიკური იდენტობა. თუმცა, გარდა ამისა, სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი თუ ფაქტორი რაც განაპირობებს საქართველოში პარტიების განუვითარებლობას არის პოლიტიკური იდეალების, ინტელექტუალური შესაძლებლობისა და პოლიტიკური თავდადების დეფიციტი პოლიტიკურ ელიტებში. ზოგადად, პარტიების განუვითარებლობის რამდენიმე მახასიათებელი შესაძლებელია შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:
გარეგანი ფაქტორები:
- იდეოლოგიების კრიზისი თანამედროვე ეპოქაში, რომელიც შეინიშნება ყველგან, როგორც დასავლურ ასევე პერიფერიულ სივრცეში
- კონფორმისტული გარემო, ანუ თუკი მე-19 და მე-20 საუკუნეებში პარტიულ ლიდერებს და პოლიტიკოსებს სწყუროდათ ბრძოლა ფუნდამენტური სოციალური და პოლიტიკური ცვლილებებისათვის, თანამედროვე პირობებში ბრძოლოს მუხტი შენელდა და ქრება
- დემოკრატიული ნიჰილიზმი ხალხში და პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი უნდობლობა
- ტრადიციული პარტიების საყოველთაო კრიზისი
შიდა ფაქტორები:
- საბჭოთა სისტემისგან მიღებული მემკვიდრეობა, რამაც ხელი შეუწყო საზოგადოების აპათიურობას პოლიტიკის მიმართ
- სააკაშვილის სისტემისგან მიღებული მემკვიდრეობა, რამაც ხელი შეუწყო განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციების სტიგმატიზაციას საჯარო ცხოვრებაში
- პოსტსაბჭოთა პოლიტიკის პრაქტიკა, რაც გულისხმობს მხოლოდ ერთი პარტიის დომინაციას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
- სოციო-ეკონომიკური გარემო, რაც ხელს უშლის პარტიების განვითარებას, კონკრეტულად მათთვის საჭირო ფინანსების მობილიზაციას და ორგანიზაციული მექანიზმების სრულყოფას
ამრიგად, კითხვაზე თუ რატომ ვერ ვითარდებიან პარტიები, პასუხი შეიძლება იყოს კომპლექსური და მრავალდონიანი განზომილების. პრობლემის ფესვები გაცილებით ღრმაა ვიდრე წარმოგვიდგენია და ის უნდა ვეძიოთ არა მხოლოდ შიდა პროცესებზე დაკვირვებით, არამედ გლობალური ტენდენციებზე დაკვირვებით, რომელიც აუცილებლად გადმოედინება ასევე ევროპის პერიფერიაშიც. თუმცა, განსახვავებით ევროპისგან, საქართველოში არ გაჩნდა პარტიული მოძრაობის ახალი ტალღა, რაშიც როგორც ზემოთ ავღნიშნე იგულისხმება ტრადიციული პარტიული ელიტების ჩანაცვლება ახალი ჯგუფებით. ამის ძირითადი მიზეზი ალბათ ის უნდა იყოს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მომწიფების ეტაპზეა ტრადიციული პარტიების კრიზისი და ალბათ ისიც, რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რესურსი ახალი ტალღის გასაჩენად.
დასკვნის მაგიერ
ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პარტიების კრიზისი განაპირობებს დემოკრატიის კრიზისსაც. ეს შესაძლოა ასეც იყოს თუ წარმომადგენლობით დემოკრატიაზეა საუბარი, თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ საპარლამენტო დემოკრატია არ არის დემოკრატიის ერთადერთი ფორმა. პარტიების განუვითარებლობა არ აფერხებს მხოლოდ წარმომადგენლობითი დემოკრატიის განვითარებას. ის აფერხებს ყველაზე მთავარს – მოქალაქეებში პოლიტიკური იდეალების განვითარებას და ღირებულებითი ორიენტირების ჩამოყალიბებას, რის გარეშეც შეუძლებელია თანამედროვე, სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ასევე, პარტიების კრიზისი კლავს საჯარო სივრცეში სხვადასხვა პოლიტიკურ შეხედულებათა რეპრეზენტაციას და ხელს უწყობს საზოგადოების პოლიტიკურ გაუნათლებლობას. თავის მხრივ კი ასეთი მოცემულობა ხელს უწყობს პოლიტიკურ ნიჰილიზმს და გაუცხოებას, რითაც საბოლოოდ მდიდარი დომონანტური პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტები სარგებლობენ.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.