იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა რესურსით ფინანსდება უმაღლესი განათლება ქვეყანაში, საჭიროა უმაღლესი განათლების მთლიანი დაფინანსების გაგება და აქიდან გამორჩევა იმისა, თუ რა ნაწილს ფარავს სახელმწიფო, რა ნაწილს ფარავენ კერძო წყაროები და რა ნაწილს წარმოადგენს უმაღლესი განათლების ე.წ. “ჯიბიდან გადახდილი” თანხები – ანუ ინდივიდებისა თუ შინამეურნეობების მიერ გადახდილი სწავლის საფასური. ინდივიდებისა თუ მათი ოჯახების მიერ გადახდილი თანხების სიდიდით შეიძლება შევაფასოთ განათლების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში: თუ განათლების საფასურის გადახდა უწევს შინამეურნეობათა დიდ პროცენტს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაბალ სოციალურ კატეგორიას განეკუთვნებიან, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლესი განათლება ქვეყანაში ნაკლებად ხელმისაწვდომია. ეს კი ძირითად შემთხვევაში მაშინ ხდება, როდესაც სახელმწიფოს წილი უმაღლესი განათლების დაფინანსებაში მცირეა. განვითარებულ ქვეყნებში (მაგ: ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია OECD-ში), როგორც წესი უმაღლესი განათლების ძირითად წყაროს (ხშირ შემთხვევაში 70%-ზე მეტს) სახელმწიფო დაფინანსება წარმოადგენს, ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები 80%-ს უახლოვდება. თუმცა, ამ ქვეყნებში ასევე მზარდია სხვა კერძო დაფინანსების წყაროების (მაგ: კერძო ბიზნესები, არა-მომგებიანი, მათ შორის რელიგიური და საქველმოქმედო ორგანიზაციები, და ბიზნესისა და შრომის ასოციაციები) წილიც, რაც თავის მხრივ ასევე ამცირებს შინამეურნეობათა მიერ გადახდილ თანხებს. უმთავრესი პრინციპი კი არის ის, რომ განათლება ხელმისაწვდომი იყოს სტუდენტისათვის მისი ეკონომიკური შესაძლებლობის მიუხედავად, სწორედ ამიტომ, უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსება განვითარებული ქვეყნებისათვის, როგორც წესი საბიუჯეტო პრიორიტეტს წარმოადგენს.
ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ის რამოდენიმე ქვეყანაში უმაღლესი განათლების დაფინანსების წყაროების გადანაწილება 2014 წლისათვის:
ქვეყანა | საჯარო დაფინანსება | კერძო დაფინანსება | შინამეურნეობების
დანახარჯი |
სხვა კერძო დანახარჯი |
არგენტინა | 86.0 | 14.0 | 14.0 | 0 |
ავსტრია | 94.4 | 5.6 | 2.9 | 2.6 |
ბელგია | 87.9 | 12.1 | 6.2 | 5.9 |
ჩეხეთი | 76.2 | 23.8 | 9.7 | 14.1 |
დანია | 94.7 | 5.3 | 0.0 | 5.3 |
ესტონეთი | 84.6 | 15.4 | 8.4 | 7.1 |
ფინეთი | 96.5 | 3.5 | 0.0 | 3.5 |
საფრანგეთი | 78.6 | 21.4 | 11.7 | 9.6 |
გერმანია | 85.8 | 14.2 | — | — |
სლოვენია | 85.8 | 14.2 | 11.8 | 2.4 |
ნორვეგია | 96.3 | 3.7 | 3.5 | 0.2 |
პოლონეთი | 81.5 | 18.5 | 16.3 | 2.2 |
წყარო: OECD
2009 წლისათვის, განათლების დაფინანსების წყაროების გადანაწილება საქართველოში ასე გამოიყურებოდა: 36% იყო საჯარო დაფინანსება, ხოლო 64%-ს წარმოადგენდა ინდივიდების/შინამეურნეობების მიერ გაწეული ხარჯები. სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლების დაფინანსება საქართველოში, ამგვარად ბევრად ჩამორჩებოდა იმავე წლის OECD-ს საშუალო მონაცემს – 68.4%-ს, და ასევე ევროკავშირის საშუალო – 77.3%-ს. დღეისათვის, საქართველოში ამგვარი ვითარებაა: მოცემულ მომენტში, საქართველოში არსებულ 75-მდე ავტორიზებულ საჯარო და კერძო უმაღლეს დაწესებულებებში 140 000-მდე სტუდენტი სწავლობს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტში, სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტების სახით, 2017 წელს გათვალისწინებული იყო 110,074 მლნ ლარი, ხოლო თითოეულ სტუდენტზე სწავლის სახელმწიფოს მიერ დაწესებული წლიური გადასახადი შეადგენს 2250 ლარს. სწავლის საფასურის ამ განაკვეთით, ყველა სტუდენტის უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის სახელმწიფოს, პირობითად დასჭირდებოდა 315 მლნ ლარი, თუმცა, სტუდენტთა სასწავლო გრანტისთვის გათვალისწინებული 110,074 ლარით, სახელმწიფო მთლიანობაში (სტუდენტთა მიერ მიღებული გრანტის პროცენტულობის პროპორციულად) აფინანსებს 48920 სტუდენტის სრული გადასახადის ოდენობას. ეს სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 35%-ია. რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების ხარჯების მხოლოდ 35%-ს აფინანსებს სახელმწიფო, ხოლო უმაღლესი განათლების ხარჯების დანარჩენი 65% (91 080 სტუდენტის წლიური სასწავლო თანხა) შეადგენს სტუდენტებისა თუ მათი ოჯახების მიერ ჯიბიდან გადახდილ ხარჯებს (ამაში, ცხადია არ მოიაზრება კერძო უნივერსიტეტებში დაწესებული 2250 ლარზე მაღალი გადასახადი). აქვე, სიღრმისეული კვლევის გარეშეც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სტუდენტთა იმ 65%-ს შორის, რომლებიც უმაღლეს განათლებას საკუთარი სახსრებით იფინანსებენ, უმრავლესობა არ წარმოადგენს ეკონომიკურად მდგრად სეგმენტს, ე.წ. საშუალო ფენას. მეტიც, 45 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან, რომელთა შორისაც სავარაუდოდ გრანტიანი სტუდენტებიც მოიაზრებიან, 15 000, ანუ სტუდენტთა მთლიანი რაოდენობის 10% სასწავლო პროცესის შეჩერების მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ უმაღლესი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის საკითხი საქართველოში უაღრესად პრობლემურია საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისათვის.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების სახელმწიფოს მიერ წარმოებული სტატისტიკა და ფაქტები, რომლებიც გვეუბნებიან, “რომ 2013 წლიდან სახელმწიფო დანახარჯი უმაღლეს განათლებაზე გაორმაგდა და 2017 წელს 137 მლნ ლარს შეადგენს,…რომ 2013 წლიდან 3-ჯერ გაიზარდა სოციალური პროგრამები მოწყვლადი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით და 2017 წელს შეადგინა 4.5 მლნ ლარი…რომ 2.5-ჯერ გაიზარდა სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტების მხარდაჭერას და შეადგინა 4.1 მლნ ლარი” არა მხოლოდ ციფრების ზრდის პოზიტიურ კონტექსტში წავიკითხოთ, არამედ ჩავსვათ იმ ფუნქციურ ჩარჩოში, რომელიც მოგვცემს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა როლი შეასრულეს გაზრდილმა ციფრებმა, რამდენად გაზარდეს ან შეამცირეს მათ უმაღლესი განათლების ჯიბიდან გაწეული ხარჯები, განსაკუთრებით სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფი ფენებისათვის და ამით, რამდენად გაზარდეს განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა. სასურველია, რომ ამგვარად ინტერპრეტირებულ სტატისტიკას ვიღებდეთ უშუალოდ განათლების სახელმწიფო პოლიტიკის შემქმნელებისგან, რაც ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, იქნებოდა იმ პრობლემების თვალსაჩინო და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული აღიარებაც, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებისათვის სტუდენტთა უმრავლესობას თავად უწევს ინდივიდუალური ზრუნვა, ხოლო სახელმწიფო ინვესტიცია უმაღლეს განათლებაში ძალიან მიზერულია.
ქვეყანაში უმაღლესი განათლების სახელმწიფო ინვესტიცია რომ დაბალია, ამას ამყარებს ის არგუმენტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში არ იზრდება უმაღლეს განათლებაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯი მშპ-სთან მიმართებაში: თუ ის 2017 წელს შეადგენდა 137 მლნ ლარს, რაც ქვეყნის მშპ-ს 0.36%-ს შეადგენს. ხოლო უმაღლეს განათლებასა და კვლევებზე ერთიანად, 2017 წლისათვის დაგეგმილი იყო 190 მლნ ლარი, რაც ქვეყნის მშპ-ს 0.5%-ს, ხოლო ბიუჯეტის ხარჯების 1.62%-ია. შედარებისთვის, 2012 წელს, უმაღლეს განათლებასა და კვლევაში გაწეული სახელმწიფო დანახარჯი მშპ-ს ასევე 0.5%-ს, ხოლო ბიუჯეტის 1.8%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დანახარჯები 2013 წლიდან რაოდენობრივად ორმაგად გაიზარდა, მთლიან შიდა პროდუქტში მისი წილი იგივე დარჩა, ხოლო მთლიან ბიუჯეტთან მიმართებაში დაიკლო კიდეც. ამდენად, უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსებისა მხრივ, ბოლო თითქმის ათწლეულის განმავლობაში პროგრესი თითქმის არ გვაქვს. ხოლო უმაღლესი განათლება ქვეყნისათვის პრიორიტეტს ჯერ-ჯერობით არ წარმოადგენს.
განვითარებული ქვეყნების სტატისტიკა 2010 წლისათვის ასე გამოიყურებოდა: ისინი უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსებისათვის საშუალოდ მშპ-ს 1.4%-ს და ბიუჯეტის 3.1%-ს ხარჯავდენ. თუმცა, მხოლოდ განვითარებული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი ვერ გამოდგება საქართველოსათვის სასურველ ციფრად, ვინაიდან უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაფინანსების პოლიტიკა ამ ქვეყნებში ეფუძნება ათწლეულების მანძილზე ინფრასტრუქტურული და ინსტიტუციური განვითარების ხანგრძლივ ტრადიციებს, რაშიც საქართველოს მნიშვნელოვანი ჩავარდნა და ჩამორჩენა აქვს. სწორედ ამგვარი ჩავარდნების გამო მნიშვნელოვანია რომ საქართველო არა მხოლოდ გაუთანაბრდეს განვითარებული ქვეყნის მაჩვენებელს, არამედ გაორმაგებული ძალისხმევა ჩაიდოს უმაღლესი განათლებისა და კვლევების განვითარებისათვის.
აქვე უნდა აღნიშნოს, რომ უმაღლესი განათლების დაფინანსების პრობლემის აღმოფხვრა არ შეიძლება მდგომარეობდეს სტუდენტური სესხების მასიურ განვითარებაში, გარდა იმისა რომ პრობლემის მოგვარების ამგავრი გზა ანაცვლებს სახელმწიფოს სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტს კაპიტალის აკუმულაციის პრიორიტეტით, ის უაღრესად ბუნდოვან მდგომარეობაში აყენებს სტუდენტს და აიძულებს მისი სწავლისშემდგომი მთავარი საზრუნავი მოგების მაქსიმიზაცია და ხარჯების დაფარვა გახდეს – რაც ყოვლად შეუსაბამოა უმაღლესი განათლების, როგორც საზოგადოებრივი სიკეთის უმთავრეს მიზნებსა და ფუნქციებთან. უმაღლესი განათლების პრობლემის აღმოფხვრისათვის ამოსავალი წერტილი მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ იგი გახდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ყველასთვის.
ფოტო გარეკანზე: www.witf.org
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას