უკრაინა და (დეზ)ინტეგრაციის პროცესში მყოფი “კაპიტალის იმპერია” (ნაწილი I)

 

ავტორი – იულია იურჩენკო, დიდი ბრიტანეთის გრინვიჩის უნივერსიტეტის, პოლიტიკური ეკონომიკის დეპარტამენტის მკვლევარი. ავტორი წიგნისა “უკრაინა და კაპიტალის იმპერია: მარკეტიზაციიდან შეიარაღებულ კონფლიქტამდე” (Pluto Press, London 2018)

სტატია თარგმნა: ნინო ხელაიამ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საბჭოთა კავშირის დაშლა კაპიტალისტური იმპერიის ყველაზე დიდი გაფართოების დასაწყისი გახდა. ამ მოვლენამ ამერიკული წინამძღოლობით წარმართული “კაპიტალიზმისა და არჩევნების” დღის წესრიგის ბოლო მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგის ეპოქაც ჩაასვენა. ყოფილი საბჭოთა სივრცე – და განსაკუთრებით უკრაინა – მდებარეობს განახლებული გეოპოლიტიკური მეტოქეების და “კაპიტალის იმპერიის” კონფლიქტში მყოფი აქტორების გადაკვეთაზე. ამას თან ახლავს უკრაინის შიგნით მიმდინარე კონკურენცია და მუდმივად ცვალებადი სივრცითი და სოციალური საზღვრები. უკრაინა გაგლეჯილია უთანასწორობებით, ეკონომიკური კრიზისით, მტაცებლური ადგილობრივი თუ უცხოური კაპიტალით, სხვადასხვა ფორმის კონფლიქტებით, განახლებული გეოპოლიტიკური ბრძოლით რუსეთსა და “ახალ-ძველ” დასავლეთს შორის (Yurchenko, 2018). იმპერი(ებ)ისა და იმპერიალიზმების საკითხს ვერ დავიყვანთ სახელმწიფოთა საზღვრებამდე და მათთან ასოცირებულ სავარაუდო ინტერესებამდე. იმპერიებს გეოპლიტიკური განზომილება აქვთ და სწორედ ამ ასპექტში მოხდა უკრაინის მსხვერპლად შეწირვა კაპიტალის იმპერიის უმოწყალო გაფართოებისათვის იქ, სადაც რუსული და დასავლური კაპიტალისტური გეოპოლიტიკური იმპერიალიზმები ერთმანეთს შეეჯახა (Ischenko & Yurchenko, 2019). 

როგორც გლობალური, ისე ეროვნული ეკონომიკები უფრო და უფრო მეტად განიცდიან ტრანსნაციონალიზებადი პროცესების, საზოგადოებებისა და ინსტიტუტების გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენი ანალიტიკური ინსტრუმენტები და მეთოდოლოგიები უნდა ასახავდნენ და ეთავსებოდნენ ამ ონტოლოგიურ ცვლილებებს. ტრანსნაციონალური ისტორიული მატერიალიზმი, როგორც კვლევის მეთოდი, ანუ “ისტორიული მატერიალიზმის მეთოდის გამოყენება ტრანსნაციონალური სოციალური ურთიერთობების შესასწავლად,” ამის შესაძლებლობას იძლევა (Overbeck, 2002). ეს იტალიელი კომუნისტის ანტონიო გრამშის დიალექტიკური სამეცნიერო მეთოდია, რომელიც შემდგომში განავრცეს ნეოგრამშიანელმა მეცნიერებმა (რობერტ კოქსმა, შტეფან გილმა, ანდრეას ბილერმა, ადამ მორტონმა და სხვებმა). ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, რომ სოციალური ძალების როლი და ჩამოყალიბების პროცესი ისტორიულ ჭრილში გავიგოთ. უკრაინის შესასწავლად, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით სასარგებლოა იმის ასახსნელად, თუ როგორ მოხდა პრივატიზაციის პროცესის საშუალებით (ანუ, კაპიტალის პრიმიტიული აკუმულაციით), ოლიგარქიული ჯგუფებისა და ფინანსური ინდუსტრიული ჯგუფების ჩამოყალიბება (ანუ კაპიტალის კონცენტრაცია); ან კიდევ, როგორ მოხდა, რომ სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ერთი და იგივე საწარმოებიდან, მხოლოდ მცირე ჯგუფი ჩამოყალიბდა ოლიგარქებად, ხოლო დანარჩენები მშრომელებად, უმუშევრებად, ან სულაც ქონება ჩამორთმეულებად იქცნენ? როგორ და რატომ მოხდა, რომ ქვეყანაში აღმოცენდნენ ისეთი ახალი პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, რომლებიც წარმოადგენდნენ კონკრეტულ ოლიგარქებს, ან მჭიდრო კავშირები ჰქონდათ მათთან, და რომლებიც საგარეო პოლიტიკის განსხვავებულ მიმართულებებს  (მაგალითად გლობალური დასავლეთი აღმოსავლეთის წინააღმდეგ) უჭერდნენ მხარს? შერჩეული მეთოდი, “პასიური რევოლუციის” კონცეფციის შემოტანით, საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ ასევე ის, თუ რა მეთოდებით მოხდა საჯარო ცნობიერების ისე გარდაქმნა, რომ საზოგადოებას თანხმობით მიეღო კონკრეტული ახალი რეჟიმი, ახალი რეფორმები და მისი განმახორციელებელი პირები. “პასიური რევოლუცია” შეიძლება გავიგოთ, როგორც სოციალური წესრიგის თანდადანობითი და შეთანხმებული გარდაქმნა იმ სუბიექტის თუ სოციალური ჯგუფების ინტერესების გაუთვალისწინებლად, ვისზეც ეს ახალი წესრიგი აუცილებლად აისახება. ეს ნაწილობრივ მიიღწევა იმგვარი ტრანსფორმაციის პროცესით (transformismo), სადაც პოლიტიკური ძალები მიუხედავად მათი განსხვავებებისა, სტრატეგიულად ქმნიან ალიანსებს მანამ, სანამ ეს განსხვავებები არ შთაინთქმება თავდაპირველი დომინანტური ჯგუფის ინტერესების მიერ. ვესტერნიზაცია, მთელი თავისი გამოვლინებებით – რაც გულისხმობს მარკეტიზაციას, კულტურულ ასიმილაციას, და ა.შ. – სწორედ პასიური რევოლუციისა და ტრანსფორმაციის პროცესია. ამ პროცესში, მმართველი ბლოკი ხშირად მოქმედებს, როგორც მარკეტიზაციის რეფორმების მსურველი, პასუხისმგებელი განმახორციელებელი, და ბენეფიციარი; მასებიც “ტრანსფორმირდებიან” ცნობიერების დონეზე, რაც იმისთვის არის საჭირო, რომ მათ ეს რეფორმები თავიანთთვის სასარგებლო რეფორმებად აღიქვან მაშინ, როდესაც რეალობაში ეს მათვის წამგებიანია და როდესაც ხალხს სოციალური სარგებელი წართმეული აქვს – და ეს თავადაც უწყიან. 

უკრაინის პრეზიდენტები

 

ბაზრის ფეტიშიზაცია, რაც გულისხმობს მარკეტიზაციის რეფორმის ერთადერთ გამოსავლად აღქმას, ის მითია, რომელზეც ნეოლიბერალური მმართველობის სისტემა დგას. საერთაშორისო ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუტები თუ ლობირების ჯგუფები/ასოციაციები ამ პროცესს უფრო აღრმავებენ და ამ ტიპის მმართველობის განმახორციელებელ აქტორებად გვევლინებიან. მათი დახმარებით, რუსეთმაც და უკრაინამაც კაპიტალისტური ტრანსფორმაცია გაიარეს, თუმცა განსხვავებული თავისებურებებით; პირველმა ეს “შოკური თერაპიის” საშუალებით განვლო, რათა გამხდრიყო სახელმწიფოს მიერ მართული პატერნალისტური ოლიგარქია, მეორე კი – ნეოლიბერალურ კლეპტოკრატიად ჩამოყალიბდა. უმთავრესი განსხვავებები ამ ორს შორის მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც ქვეყნების ინსტიტუციური ხერხემლის, სახელმწიფოს ხელახალი ჩამოყალიბება ხდებოდა. 

სახელმწიფოს ინსტიტუტი კაპიტალის იმპერიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სახელმწიფო ეს ის სივრცეა, სადაც სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების, მოძრაობებისა, და ბლოკების ინტერესების ურთიერთშეჯერება ხდება, წესები და საზღვრები ხელახლა ყალიბდება,  ზოგიერთის ინტერესები სხვებზე უფრო მაღლა დგება ზოგიერთებისათვის სარგებლობის მოტანის მიზნით და ზოგის ექსპლუატაციის ხარჯზე. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა და კლასებს განსხვავებული და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები აქვთ და შედეგად, სახელმწიფო ამ წინააღმდეგობებს განასახიერებს. მაშინ, როდესაც საბაზრო ლიბერალიზაციის დოქტრინის მხარდამჭერები კერძო ეკონომიკური სფეროდან სახელმწიფოს განდევნას მოითხოვენ, სახელმწიფო ფაქტობრივად ის უმთავრესი ინსტიტუტია, რომლის გარეშეც კაპიტალი და კაპიტალიზმი ვერ იარსებებს. თუმცა, მის ნეოლიბერალურ ფაზაში, ახალი ტიპის ტრანსნაციონალურ კაპიტალისტურ იმპერიალიზმს სპეციფიური ტიპის სახელმწიფო სჭირდება – ისეთი, რომელიც დაიტევს დაგროვებისათვის საჭირო, მაგრამ ცვალებად მექანიზმებს და ასევე კაპიტალისტურ კლასობრივ სტრუქტურას გლობალურად; თითოეულ სახელმწიფოში არსებობენ კლასები და მათი ნაწილები, რომლებიც ისეთი პოლიტიკების უჭერენ მხარს, რომლებიც სრულად ეწინააღდეგებიან ამ სახელმწიფოში არსებული საზოგადოების, როგორც ერთი მთლიანობის ინტერესებს. ეს ცხადად ჩანს გლობალური მასშტაბით სხვადასხვა ადგილებსა  და ისტორიულ პერიოდებში. ჩემს სხვა ნაშრომებში, მე სწორედ იმ წინააღმდეგობის გაგებას ვცდილობ, რომლებიც სახელმწიფოს ინსტიტუტშია განსხეულებული: მოვიაზრებ რა კაპიტალს, როგორც ძალას, რომელიც ჩამოყალიბებულია სახელმწიფოს მიერ, მაგრამ თავადაც აყალიბებს სახელმწიფოსა და საზოგადოებას და ამასთანავე, წარმოადგენს ავტონომიურ ძალას. ერი-სახელმწიფოები, ამ გაგებით წარსულის ცნებები და ერთეულები არიან, ახალი ერთეული კი არის სახელმწიფო-საზოგადოება-კაპიტალის კომპლექტი (იხ. Yurchenko, 2018; Powell & Yurchenko, 2020). ამ ანალიტიკური პერსპექტივის გამოყენებით, უკრაინული სახელმწიფოს სუვერენული ფუნქციონირება შეუძლებელია იმ პირობებში, სადაც (ტრანსნაციონალური) კაპიტალის ინტერესები პირველ ადგილზეა, ან მაშინ, როდესაც სახელმწიფო დონეზე გადაწყვეტილების მიღების ავტონომიაზე უარია ნათქვამი დასავლეთსა თუ რუსეთზე კომპლექსური ეკონომიკური დამოკიდებულებების (გეოპოლიტიკური კომპონენტებით) სასარგებლოდ; როდესაც ეს მოცემულობა კანონითაა უზრუნველყოფილი და ხორციელდება სოციალურად ორიენტირებული რეფორმებისა და ინვესტიციების ხარჯზე. 

კაპიტალიზმი უკრაინული ელფერით

უკრაინის შესვლა გლობალურ კაპიტალისტურ ეკონომიკაში ნიშნავდა გეგმიური ეკონომიკისა და საბჭოთა სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი კეთილდღეობის ფუნქციების წარსულში დატოვებას. ირონიულია, რომ სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის დაგეგმარება სახელმწიფოს მიერ ბაზრების დაგეგმარებაში გაიცვალა. ეს გაცვლა დაეფუძნა მითოლოგიურ იდეას, რომ “ბაზარზე გადასვლა” ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ისე უნდა მოხდარიყო, როგორც ეს დაიგეგმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  (EBRD) მოდელებით. თუმცა, ეკონომიკურ მოდელებს არ შეუძლიათ იმ ნიუანსების გაგება, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კომპლექსურობას ახასიათებს, ვინაიდან (სოციო-)ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ასევე არსებობს მათი პოლიტიკური ფორმები  – ინსტიტუციური, იდეოლოგიური, კულტურული და ა.შ. – და ეს ნიშნავს უამრავ “გაუთვალისწინებელ შედეგს” და ამ ეკონომიკური მოდელების განხორციელებისათვის ხელის შეშლას. მეორეც, ეკონომიკური მოდელირება ვარაუდობს, რომ უნდა არსებობდეს ტრანზიცია ნეოლიბერალურ საბაზრო ეკონომიკაზე ისე, რომ ამ არჩევანისათვის არგუმენტების გამოთქმა სავალდებულო სულაც არ არის. მართლაც, ბაზრის (არასწორი) დაგეგმვა და სახელმწიფოს შესუსტება სწორედ ის მთავარი ფაქტორები იყო, რომელმაც ის გამანადგურებელი სოციო-ეკონომიკური შედეგები გამოიღო, რომელსაც ახლაც ვუყურებთ. 

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, უკრაინის ახლადაღმოცენებული მმართველი კლასი იყენებდა (გლობალურ კაპიტალისტურ სისტემაში) დაგროვების ძალიან მრავალფეროვან, უკვე არსებულ თუ ახალ-ახალ მექანიზმებს. ამგვარი მექანიზმები ლეგალურიც იყო და არალეგალურიც (მაგალითად, შემოსავლების ოფშორებში გადატანა, ადგილობრივი კაპიტალის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად გასაღება, გადასახადების თავიდან არიდება, კერძო წარმოების (არა)პირდაპირი სუბსიდირება/ხარჯების სოციალიზაცია და ა.შ.). მათი მიღება კი დაჩქარებული წესით ხდებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (IMF) და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რჩევების საფუძველზე და და სწორედ ამ მექანიზმებმა აწარმოეს ნეოლიბერალური კლეპტოკრატია. სელექციური ლიბერალიზაციისა და პროტექციონიზმისკენ მიმართული ადგილობრივი და საგარეო ეკონომიკური პოლიტიკებით, რომელიც ოლიგარქიულ კაპიტალს წყალობდა, და მოგების ოფშორებში გადატანისა და ინსტიტუციონალიზებული აპროპრიაციის მიზნით შემქნილი აკუმულაციის ვირტუალური სივრცეებით, ეკონომიკაში “შავი ხვრელები” განზრახ შეიქმნა (Yurchenko, 2012). ნეოლიბერალური კლეპტოკრატიის რეჟიმი ვითარდებოდა (სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური) ძალაუფლებისათვის ბრძოლის გარდაუვალი შიდა ბრძოლების ფონზე. დომინანტ და მის მოწინააღმდეგე ბლოკებს შორის კონსოლიდირებული სტრატეგიის მიღწევის უუნარობამ შექმნა უკრაინის პოსტ-საბჭოთა ისტორია, რომელიც საგარეო ჩარევის ელემენტების მქონე შეიარაღებულ კონფლიქტში, ოკუპაციასა და სეპარატიზმში გადაიზარდა. ამ სტატიის წერის პროცესში, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გრძელდება. 

მითები გადარჩენის შესახებ სისტემური ჩავარდნის კონტექსტში 

პოსტსაბჭოთა მარკეტიზაცია და გეოპოლიტიკური თამაშები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ კოსმოპოლიტური და ეგალიტარული საზოგადოების შესაძლო შექმასთან. სწორედ ამიტომ, განსხვავებული, მაგრამ გადამწყვეტი მითები იქნა გამოყენებული საზოგადოების წარმოსახვის ჩამოსაყალიბებლად. მაშინ, როდესაც ტრანსნაციონალური კაპიტალის იმპერია ფართოვდებოდა ისეთ ინსტიტუტებთან ერთად, როგორებიც არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და მსოფლიო ბანკი (World Bank), სისტემის ტრანსფორმირებისათვის უკრაინაშიც და რუსეთშიც (თუმცა განსხვავებული შედეგებით) ინერგებოდა ნეოლიბერალური რეფორმები, რომლებიც სოციო-ეკონომიკურ განვითარებასთან შეუთავსებელი იყო და ამდენად, ძირს უთხრიდა ნებისმიერ კარგ განზრახვას, აუარესებდა როგორც ლეგალურ ისე არალეგალურ, არსებულ და ცვალებად ეკონომიკურ აქტივობას. ამ რეფორმებს განხვავებული საყრდენი სჭირდებოდათ, ისეთი, რომელიც შედგენილი იქნებოდა მითებისაგან და რომელიც წარმატებით მოახდენდა საზოგადოების კონსოლიდაციას: ეს უნდა ყოფილიყო მითები ტრანზიციის, დემოკრატიის, “ორი უკრაინისა” და “სხვის” (“the other”) არსებობის შესახებ (Yurchenko, 2018:10-22 et passim).

3 პრეზიდენტის ბირთვული შეთანხმება. მოსკოვი, 1994.  მარცხნიდა მარჯვნივ: ბილ კლინტონი, ბორის იელცინი, ლეონიდ კრავჩუკი

მითი ტრანზიციის (ან მისი აუცილებლობის) შესახებ შესაძლოა შეჯამდეს როგორც იდეა, რომ IMF-ის, მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის მოდელებზე დაფუძნებული “ბაზარზე ტრანზიცია” აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში; და გარდა ფუკუიამას მრავალგზის დაძრახული “ისტორიის დასასრულის” თეზისისა, რომლის მიხედვითაც კაპიტალიზმმა გაიმარჯვა და კომუნიზმი დამარცხდა, და რომ ამგვარად ისტორია დამთავრდა საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შედეგად, არანაირი ახსნა არ მოჰყოლია იმას, თუ რატომ იქნა ტრანზიცია მიჩნეული აქსიომად. 

მითი დემოკრატიის შესახებ საბაზრო ორიენტაციის ვითომ “არჩევის” ფასადის შენარჩუნებას უწყობს ხელს. რეპრეზენტატიული პოლიტიკის საშუალებით ეს მითი ასევე ეხმარება დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების შენარჩუნებას.  დემოკრატიული მმართველობის შესაძლებლობა ისეთ პოლიტიკურ სისტემაში, სადაც კერძო ინტერესები საჯარო ინტერესებზე წინ დგას, ერთ-ერთი ყველაზე ეშმაკურად მოფიქრებული, მაგრამ გამძლე მითია, რომელიც საშუალებას იძლევა გადაარჩინოს და განავრცოს ავტორიტარული ნეოლიბერალიზმი უკრაინაში თუ სხვაგან. ნაცვლად ფუნქციონირებადი რეპრეზენტატიული დემოკრატიისა – ანუ ნაცვლად “გამჭვირვალე არჩევნების” სისტემისა – უკრაინაში უფრო მეტად განმტკიცდა ნეოლიბერალური კლეპტოკრატიის რეჟიმი, რომელშიც ამომრჩევლებს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ძალაუფლებაც წართმეული აქვთ, და სადაც პოლიტიკური დისკურსი დაცლილია იდეოლოგიისგან. ამ საკითხს ქვემოთ ისევ დავუბრუნდები. 

მითი “ორი უკრაინის” – ანუ აღმოსავლეთისა და დასავლეთის, რუსულად და უკრაინულად მოსაუბრის შესახებ – წარმოიქმნა ისეთ საზოგადოებაში, რომელიც განსხვავებული და არაჰეგემონურია – ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში; “ამ საზოგადოების ჰეტეროგენულობა ისტორიული ნორმაა და არა ისტორიული გამონაკლისი” (Menon & Rumer, 2015: 1 et passim). 2004 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია, სადაც იანუკოვიჩი იუშჩენკოს წინააღმდეგ იბრძოდა არჩევნების მოსაგებად, გადამწყვეტი მომენტი გახდა, როდესაც უკრაინის პოლიტიკურ დისკურსში, საზღვრები ამ ორ (პოლიტტექნოლოგების მიერ ნაწარმოებ) სივრცეს შორის მკაფიოდ იქნა გავლებული: რიაბჩუკის 1992 წლის დეკლარაცია ორი უკრაინის არსებობის შესახებ (Riabchuk, 2001) მატერიალიზებულ წინასწარმეტყველებად იქცა. 

მითი “სხვის” (“the other”) შესახებ ყველაზე ახალი და ასევე ყველაზე დამანგრეველი და დესტრუქციული მითია ქვეყნის სოციალური ქსოვილისა და ეროვნული კოლექტიური ცნობიერებისათვის. უკრაინა ახლა მიმწყვდეულია ისეთ პოზიციაში, სადაც მან საკუთარი თავი რუსეთის, როგორც “სხვის” წინააღმდეგ უნდა განსაზღვროს და ეს უნდა მოხდეს ამ ავადსახსენებელი “დეკომუნიზაციის კანონების” მიხედვით. ეს “სხვად” გარდაქმნა, ხდება არა მხოლოდ საზოგადოების “სეპარატისტებად”/რუსეთის თანამგრძნობელებად და “პატრიოტებად” დაყოფით, არამედ ასევე ინდივიდუალულ დონეზე, საკუთარი კულტურული, ისტორიული, ლინგვისტური და რელიგიური იდენტობის უარყოფით. 

 

 

წინამდებარე სტატია პირველად გამოქვეყნდა 2021 წლის სექტემბერში გამოცემულ კრებულში: “აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ეკონომიკა “ტრანზიციაში” ყოფნის 30 წლის თავზე”  (Palgrave macmillan, 2021)

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.