ავტორი: შოთა მგელაძე – საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი
გეოპოლიტიკაში არსებობს დათქმა, რომლის მიხედვით თუ გსურთ გეოპოლიტიკური ანალიზის გამოყენება, პირველ რიგში ემოციებისგან უნდა განთავისუფლდეთ. სხვათაშორის ეს განთავისუფლება გულისხმობს პატრიოტული, სუბიექტური თუ ეგრეთწოდებული „wishful thinking-ისგან“ დაცლას. ეს აპრიორილი კანონი ვრცელდება მეცნიერებზე, აკადემიკოსებზე და მკვლევარებზეც. საერთოდ მე დავამატებდი უბრალო ინდივიდებზეც. თუ გსურთ ჭეშმარიტების და ობიექტური აზრის დასტური, ჩვენ უნდა გავშიშვლდეთ რეალობის წინაშე. ამ რეალობამ შესაძლოა საერთოდ ნაცარტუტად აქციოს ჩვენი ყოფითი არსებობა საზოგადოებრივ აზრში, თუმცა ეს ის მსხვერპლიც შესაძლოა იყოს რაც ჭეშმარიტად ობიექტური აზრი მოითხოვს. საზოგადოებრივ აზრზე კი შესანიშნავად იმსჯელა ნაპოლეონ ბონაპარტემ, როდესაც უკანასკნელი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებზე უარეს ინსტანციად აღიქვა.
დღევანდელი ჩვენი ანალიტიკური აზროვნება და ინფორმაციული ველი გაჟღენთილია სწორედ მსგავსი ზემოთ მოყვანილი სტერეოტიპული აზროვნებით. ერთი და მეორეზე უკეთესი მკვლევარები ემსახურებიან არა ობიექტურად აზრის დაფიქსირების პოზიციას, არამედ მათი ვიწრო პოლიტიკური, ეგოს თუ გაუცნობიერებელი მსჯელობის განსაკუთრებულ ტიპს, რაც ჩვეულებად იქცა ჩვენ საზოგადოებაში. რეალურად კი განსხვავებული მიდგომები ძალზედ სასარგებლო იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის. პირველ რიგში ფაქტების ობიექტურად გაანალიზების მცდელობა ჩვენ საშუალებას მოგვცემდა შანსს რეალობის უკეთ აღსაქმელად. ბოლოს და ბოლოს მკვლევარის, ჟურნალისტის თუ სხვა სუბიექტია მიზანიც ხომ მათ მიერ გაანალიზირებული რეალობის გადმოცემაა. შემდგომში არსებული მიდგომა გამოიწვევდა საზოგადოებაში სწორედ იმ დისკურსების შექმნას, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენ ქვეყანას. ამ პრობლემების კორიანთელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი მედიას მიუძღვის. გადახედეთ მათ რესპოდენტებს. სამწუხაროდ მედიას რეალობა კი არ აინტერესებს, არამედ იმ რეალობის შექმნა, რომელიც მას სურს. საილუსტრაციო მაგალითად შეგიძლიათ თქვენი ძვირფასი დრო დაუთმოთ ეგრეთწოდებულ კრიტიკულ ტელევიზიებს. დღევანდელი გეოპოლიტიკური დილემების გასაღებების პოვნას ავალებენ მსახიობებს, მუსიკოსებს, ვიწრო პოლიტიკური იტერესით (ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებულ) “ექსპერტებს” და ა.შ. ჩვენ ვიკვებებით არა იმ პროდუქტით, რომელიც ჩვენ გვჭირდება, არამედ რომელსაც წყვეტს ამა თუ იმ არხის გენერალური დირექტორი.
მე არ ვცდილობ რაიმე ფორმით გამოვიდე ამ ხელისუფლების ვექილი, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტაციაში მოიკოჭლებს ემპირიული ფაქტების არსებობა. რეალურად ოპონენტების მიერ გაცხადებული ფაქტები ყოველგვარ დასაბუთებას არის მოკლებული. მათ უკან არასდროს არ დგას რეალობის განცდის არსებობა, ან მათ მიერ შემოთავაზებულ ანალიზში შესაძლო სხვადასხვა სცენარის განვითარების მსჯელობა. ერთ-ერთ პოპულარულ სიტყვა მესიჯ-ბოქსი იქცა. საპირისპიროდ თუ შევხედავთ, რა არის ექსპერტების, კრიტიკულად განწყობილი მედიის და ოპოზიციის მესიჯბოქსი? ერთხმად აღაღადებული გამსჭვალიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო არ შეურთდა სანქციებს. მე პირადად არ მომისმენია არცერთი გამოჩენილი ექსპერტის ანალიზი, პოტენციურად იმ რისკების ანალიზი, რომლის მიხედვით, შეგვიძლია იმ რისკებზე ვისაუბროთ, რის წინაშეც შესაძლოა დადგეს ჩვენი ქვეყანა. სავალალოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი გამოჩენილი ეკონომისტებიც სასარგებლო დუმილს ამჯობინენენ. მე მესმის, რომ ყოველი დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიცავს განსაკუთრებულ რისკს, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფო, მოსახლეობა და მთავრობა და საბოლოოდ ამას ისტორია განსჯის. ასე იყო ერეკლე მეორის დროს, როდესაც რუსეთთან კავშირზე ფიქრობდა მეფე[1] და ასეა ყოველთვის, როდესაც სახელმწიფო ცდილობს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტრატეგიის არჩევას.
მავანი ამბობს რომ დღეს ახლა არის სწორედ ისტორიული შანსი იმ ევროპულ ცივილიზაციასთან დაკავშირების, რომლის კარი დიდი ხნით ჩაიკეტა ჩვენთვის 1453 წლის შემდეგ. თითქოს დღეს და ხვალ წყდება ჩვენი სახელმწიფოს არსებობის ისტორია და მსგავსი მომენტი აღარასდროს არ დადგება. მომენტშიც იგრძნობა მესიანისტური მიდგომა, რომ აი თუ იქს ორგანიზაციაში მიგვიღეს, ან იქს ადამიანი მოვა ხელისუფლებაში(ასე იყო ზვიად გამსახურდიას, ედვარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც) ჩვენი წარმატების ფორმულა მარტივად ამოხსნადი იქნება. სინამდვილეში საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გაერკვა თავის არსებულ ძალაში.
დღეს ყბადაღებულად იქცა ის ფრაზა, რომლის მიხედვითაც ჩვენ იმ მეფეს თუ მთავრობას ვიმსახურებთ, რომელიც გვყავს. სამწუხაროდ, ორტეგა ი გასეტის არ იყოს მოხდა მასების ამბოხი და დღეს ადამიანი მასა თვლის, რომ ის ყველაზე მეტად ჭკვიანია, მან ყველაფერი იცის და არ არსებიბს ის დაბრკოლებითი ზღუდე, რომელსაც ჭეშმარიტება ქვია. შეგიძლიათ თვითონ დარწმუნდეთ ამაში. იგივე ხერხს შეგვიძლია მივმართოთ, რამდენმა ადამიანმა იცის თუ უკეთ როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფომ. მასების ამბოხი სწორედ იმ ჯაჭვის გაწყვეტა იყო, რაც ადრე უმცირესობას ეკუთვნოდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს მსჯელობის სხვა საგანია.
ახლა კი რაც შეეხება სტატიის მთავარ სათქმელს თუ როგორ შეგვიძლია გავიგოთ საქართველოს სტრატეგია უკრაინა-რუსეთის ომში. ჩვენ ფსონი პრაგმატიზმზე დავდეთ. საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ეს არის დიპლომატიის გამოვლინების წერტილი სადაც, მოსახლეობა ( სხვათაშორის საამაყოდ უნდა ითქვას მათი წვლილი) პირველ ადგილზე დგას ჰუმანიტარული დახმარებით და მთავრობა რომელიც ირჩევს შუალედურ გზას. რატომღაც შეიქმნა განწყობა, რომ არსებობს მხოლოდ მოკავშირეობის ან ანტაგონიზმის დაუფარავი გზა. ეს უკანასკნელი არ არის გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში უაღრესად სამწუხარო მოვლენას რასაც ყველაფრის ორ ბანაკად პოლიტიზირება ხდება. არც ის გამიკვირდება, რომ ამ წერილის შემდეგ მეც ერთ-ერთ ბანაკში აღმოჩენილად ვიგრძნო თავი. საკითხის არსი დგას საერთაშორისო ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვან კანონზე: სახელმწიფოს მთავარი მისია არის გადარჩენა. ჩვენ ბერვრი ვერ ვიაზრებთ, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ადამიანივით თავის გაწირვა, ფუჭი ოცნებები და თვითმკვლელობა. ნებისმიერი ხელისუფლების მიზანი გახლავთ მსგავსი უკიდურესობების თავიდან არიდება. ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების პირველი და უმთავრესი შეცდომა გახლავთ შიდა გზავნილები[2], რომელიც ვრცელდება საზოგადოებაში. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხშირ შემთხვევაში ხდება გარკვეული განცხადებების განმარტება ხშირ შემთხვევაში ეს საშუალება ვერ აღწევს მიზანს. ხოლო მთავარ გამართლებად ჩვენი ხელისუფლების შეგვიძლია ის ფაქტი მივიჩნიოთ, რომლის მიხედვითაც, ის წარმოდგენილია უალტერნატივო პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ამომრჩეველს არ აძლევს საშუალებას (მთავარი დეტერმინანტი შიში და უნდობლობაა) შეცვალოს ხელისუფლება.
საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას და ამ შემთხვევაში დავეთანხმები ჩემ ლექტორს ბატონ ნუკრი შოშიაშვილს, რომელიც საუბრობს იმ ისტორიული შანსის გაჩენაზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას რუსეთის უკრაინისადმი აგრესიის ფონზე. დღევანდელობამდე ჩვენ უამრავ პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენდით საქართველოს გაერთიანებაზე, თუმცა რა მეთოდით ამაზე არავინ საუბრობდა. სამწუხაროდ, არგუმენტაციის გარეშე მსჯელობა იქცა პოლიტიკური მესიჯების ტრადიციული გასაღების ატრიბუტიკად. ჩვენი დიპლომატიის მიზანი ისტორიული მომენტების მაქსიმალურად გამოყენებაა. სწორედ ამ გზაგასაყარზე დგას საქართველო. ჩვენ უნდა განვითარდეთ, ჩვენი განვითარება გულისხმობს მომავალ თაობაში ინვესტიციას. დღეს კრიტიკა პირველ რიგში ჩვენი თავისკენ უნდა მივმართოთ, როდესაც წყალში ვყრით ილია ჭავჭავაძის ერთ-ერთ მთავარ მიზანს: წერა-კითხვის გაევრცელებას საზოგადოებაში. საუბედუროდ, დღეს საქართველო დღეს ბოლო რიგებშია წიგნიერების დონით. (ამაში უბრალო გამოკითხვების დაკვირვებისას დარწმუნდებით) ან რა აზრი აქვს თუ კითხვა და წერა გვესმის და გააზრების პრობლემა გვაქვს. ჩვენი გადარჩენა ჩვენი თავის ძლევაში მდგომარეობს. ქართველის უპირველესი მტერი ისევ ქართველია, რომელსაც მტერი ყოველთვის შესანიშნავად იყენებდა და იყენებს დღემდე.
ევროპამ დღევანდელ ევროპამდე უამრავი ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესი გაიარა და შესაბამისად ჩვენი მიზანიც თავისუფლების გამოცდილების დაგროვებაა. დღეს უკრაინა იბრძვის სწორედ იმ ღირებულებების შესანარჩუნებლად რასაც სუვერენულობა და ტერიტორიული ერთიანობის პრინციპი ჰქვია. ყველას კარგად გვესმის, რომ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები იბადება ჩვენ წინაშე. ზოგჯერ ზედმეტი ვაჟკაცობა სიჩლუნგის ნიშანია და ჩვენ ზუსტად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი შესაძლებლობები. მე მოხარული დავრჩები, თუ ემპირიული მონაცემების საფუძველზე ნებისმიერი დაამტკიცებს, რომ რადიკალური პოლიტიკა ჩვენ იმაზე მეტ სარგებელს მოგვიტანს, ვიდრე საქართველოს დღევანდელ მთავრობას აქვს არჩეული, აღნიშნული წერილის მთავარი გზავნილი სწორედაც ეს არის…
[1] როგორც ისტორიამ ცხადყო სავალალო აღმოჩნდა მეფის გადაწყვეტილება.
[2] ზოგიერთი მათგანი მართლაც რთულად ასახსნელია.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.