საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში - გამოუყენებელი პოტენციალი და მომავლის პერსპექტივები

საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტების დაწყებიდან უკვე 25 წელზე მეტი გავიდა და ეს საკმარისზე მეტი დროა, რათა ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ელიტამ გაიაზროს და შეაფასოს, თუ რა და რატომ მოხდა, სადამდე მივედით და საჭიროა თუ არა მიღწეულის გადაფასება, პოლიტიკის გადახედვა –  არსებული შედეგი არის თუ არა მისაღები და საჭიროა თუ არა რაიმეს შეცვლა.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებში (და არა კონფლიქტში) ჩართულმა ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია თავის მიზანს. რუსეთის ამოცანა  იყო მკაფიო – დაებრუნებინა საქართველო თავის ორბიტაზე, მაგრამ მოხდა პირიქით – რუსეთის მოქმედებებმა, კონფლიქტებში მხარედ წარმოჩენამ, ოკუპაციამ და დამოუკიდებლობების აღიარებებმა კიდევ უფრო მეტად მოახდინა საქართველოს განრიდება რუსეთის ორბიტიდან, უფრო მკაფიოდ გამოიხატა საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინსტიტუტების მიმართ მისწრაფებები. საქართველოს რუსეთისკენ მიხედვაც არ სურს, არც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზეა საუბარი და არც არანაირ დაბრუნებაზე იმ რეგიონალურ გაერთიანებებში, რომლებშიც რუსეთია წამყვანი სახელმწიფო. ანუ – რუსეთმა ვერანაირად ვერ მოახერხა, მიეღწია თავისი ამოცანისთვის – ჰქონდეს სამხრეთ კავკასიაში მისთვის აუცილებელი კონტროლი, მით უმეტეს, რომ საქართველო არის რეგიონში ტერიტორიულად დომინანტი სახელმწიფო: სწორედ აქ გადის კასპიიდან წამოსული  ყველა ენერგეტიკული პროექტი; მალე მწყობრში ჩადგება თბილისი-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთი; აქ მდებარეობს აღმოსავლეთ შავი ზღვის პორტები. ანუ საქართველო არის კავკასიის კარიბჭე და რუსეთი მას ვერ აკონტროლებს.

მიზნებს ვერ მიაღწიეს აფხაზურმა და ოსურმა საზოგადოებებმაც. საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარებით, მათ ვერ მიაღწიეს სანუკვარ დამოუკიდებლობას და, რაც მთავარია, 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ ისინი ხედავენ, რომ აფხაზური და ოსური საზოგადოებების პერსპექტივები შეიძლება სწორედ რუსეთის მხრიდან მათი მორიგი ანექსია იყოს, თუ მათ სხვა გამოსავალზე არ დაიწყეს ფიქრი. სირიის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობების აღიარების მიუხედავად, ყველა ხვდება, რომ ეს მხოლოდ თამაშია და რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არავითარ შემთხვევაში შორს არ გაუშვებს და არ მისცემს შანსს, იყვნენ რეალურად  დამოუკიდებლები. აშკარად ჩანს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის პრიორიტეტებში არ იკვეთება სამხრეთ ოსეთის ანექსია, რაც აფხაზეთთან მიმართებაში აშკარად გამოკვეთილია.

საქართველომაც, მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, ვერ მიაღწია მიზანს – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამასთან, ვფიქრობ, ამ მიზნის თანაბარმნიშვნელოვანი მიზანი უნდა იყოს  გადააზრება და გადაფასება, თუ როგორ სახელმწიფოში ვაპირებთ ცხოვრებას აფხაზ და ოს ხალხებთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტერიტორიული მთლიანობა კონსტიტუციაშიც არის გაწერილი და საერთაშორისო სამართალიც ცალსახად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ხოლო თანაცხოვრების ფორმები, რომლებიც მომავალზე იქნება ორიენტირებული, მხოლოდ ქართულ სახელმწიფოზე და ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული.  

ამ ფონზე, როცა მიზანს ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია, მოვედით დღევანდელ დღემდე. ამ ხნის განმავლობაში, რუსეთის იმპერიამ განიცადა, როგორც საბჭოთა პერიოდის კრახი, ისე, 2007 წლიდან მოყოლებული, ნეოიმპერიული მოდერნიზაცია. ქართული სახელმწიფო ვერ გაუმკლავდა ვერც მომაკვდავი საბჭოთა იმპერიის აგონიის დამანგრეველ ძალას  და ვერც თავიდან აიცილა ნეოიმპერიული რუსეთის აღორძინების ტურბულენტობა. პირველ შემთხვევაში გვქონდა შეიარაღებული დაპირისპირება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, მეორე შემთხვევაში კი, 2008 წლის საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომი, რასაც მოჰყვა ოკუპაცია, შემდეგ დამოუკიდებლობების აღიარებების მცირე პარადი და არსებითად სხვა რეალობა. ეს ახალი რეალობა, ისევე როგორც მიუღწეველი მიზნები, თანაბრად ანგარიშგასაწევი ფაქტორი გახდა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ კონფლიქტებში ჩართული ყველა დანარჩენი მხარისთვის. 

უნდა ითქვას, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ ზოგადად ცალსახად და მკაფიოდ აკრიტიკებს “ნაციონალური მოძრაობის” განვლილ პოლიტიკას, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მოგვარების მიმართულებით, პრაქტიკულად შეუცვლელად მიჰყვება “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ ნარატივს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა.

თანაცხოვრების ფორმები, რომლებიც მომავალზე იქნება ორიენტირებული, მხოლოდ ქართულ სახელმწიფოზე და ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული.”

რას ეყრდნობა საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა, რომელიც სინამდვილეში კარგად დავიწყებული ძველი პოლიტიკის გაგრძელებაა? ეს არის პოზიცია, რომ საქართველო არის რუსეთის მსხვერპლი, რუსეთი არის აგრესორი, ოკუპანტი და მან აღიარა საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობა. ამ პოზიციას მნიშვნელოვნად ამყარებს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკაც. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოლოდინია, რომ მთელი მსოფლიოა ვალდებული, შეეწინააღმდეგოს რუსეთს და დაიცვას საქართველოს ინტერესები. 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხედვები ამ ნარატივს ვერ გასცდა, ეს კი მნიშვნელოვნად ამუხრუჭებს კონფლიქტების მოგვარების პროცესს, ვინაიდან, ჩემი რწმენით, კონფლიქტების მოგვარება, პირველ რიგში, სახელმწიფოს საქმეა და მხოლოდ მეორე რიგშია მნიშვნელოვანი ამ საქმის საერთაშორისო მხარდაჭერა.   

სწორედ ამ დღეებში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მორიგი რეზოლუცია დევნილების დაბრუნების საკითხზე. ევროპარლამენტმაც, 2008 წლის ომის ათი წლისთავზე მიიღო უპრეცედენტოდ მკაცრი რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა კმაყოფილია საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი პრინციპული მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, არ შეიძლება, ეს რეზოლუციები დადებითად არ შეფასდეს, მაგრამ რა იმალება ამის უკან? ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღებამდე ორი დღით ადრე, ევროპარლამენტის სესიაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა: “ყველა ჩვენი ქმედება ამ ორ რეგიონში სრულად კოორდინირებული და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ და სრულად შეესაბამება საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას. ჩვენი პოლიტიკა არაღიარების და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჩართულობის პოლიტიკაა, რაც ზუსტად შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიდგომას”. ეს მოსასმენად სასიამოვნო განცხადებაა, მაგრამ არსებითად არაფერს ნიშნავს.  ეს დაახლოებით ჰგავს ქართული მხატვრული ფილმის „ცისფერი მთების“ გმირების მიერ “გამყრელიძის დასკვნის” გარშემო კამათს. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგია არის ევროკავშირისა და დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა, ხოლო ევროკავშირი გვპასუხობს, რომ საქართველოს მიერ ჩართულობის სტრატეგიას მიჰყვება. იკვრება მოჯადოებული წრე – ევროპა ელის, რომ ჩვენ რამეს გავაკეთებთ ჩართულობის მიმართულებით, ხოლო ჩვენ ველოდებით მათ აქტიურობას და ვთავაზობთ  “ნაციონალური მოძრაობის” დროს დამტკიცებულ “საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ”, რომელსაც არასდროს არც უმუშავია და დღემდე არც არანაირი ცვლილება არ განუცდია.

“ჩემი რწმენით, კონფლიქტების მოგვარება, პირველ რიგში, სახელმწიფოს საქმეა და მხოლოდ მეორე რიგშია მნიშვნელოვანი ამ საქმის საერთაშორისო მხარდაჭერა.”

ევროკავშირი, ისევე როგორც დასავლეთის მთელი რიგი ინსტიტუტები, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში უშუალოდ არიან ჩართულნი. ცხელ და მოუგვარებელ ფაზებში იმყოფებიან უკრაინისა და სირიის კონფლიქტები; ეჭვქვეშ დადგა ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების რეალიზაცია. ამ და სხვა საკითხებში ერთი-ორად ძლიერდება რუსეთის თანმიმდევრული და შემტევი პოლიტიკა, მაშინ, როცა დასავლეთის წამყვანი სახელმწიფო – აშშ ავლენს მერყეობას და ხშირად ახორციელებს არათანმიმდევრულ, ურთიერთგამომრიცხავ პოლიტიკას. ჩვენს რეგიონში ძლიერდება რუსეთ-თურქეთ-ირანის ღერძი. არსებულ რთულ ვითარებაში ევროკავშირი, ნატო და სხვა ინსტიტუტები დიდი მონდომებით ეჭიდებიან ნებისმიერ მეტ-ნაკლებად წარმატებულ პროექტს. შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები დასავლეთისთვის ნამდვილად ითვლება  ერთ-ერთი წარმატებულ პროექტად და ევროპას არ სურს, საქართველოს მიმართ ჰქონდეს კრიტიკული დამოკიდებულება ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტების მოგვარება, სადაც საქართველოს მთავრობა ცალსახად ვერ ფლობს სიტუაციას. თუმცა, ყველა კონფლიქტოლოგმა კარგად იცის, თუ რამდენად პრინციპული და მკაცრია ევროკავშირი იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც წევრები არიან ევროკავშირის, ან წევრობის კანდიდატები და თავიანთ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ მოუგვარებელი აქვთ კონფლიქტები. მაგალითებისთვის შორს წასვლა არაა საჭირო: კვიპროსი, სერბეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა და მრავალი სხვა.

“ძალიან საფრთხისშემცველია ისეთი კომფორტული გარემო, სადაც „ყველაფერი წესრიგშია“ და სადაც ჩვენი ბრალი არაფერი არის.”

პირადად ჩემში, აღწერილი გარემოება იწვევს შეშფოთებას – ამ მიმართულებით მსვლელობა ხომ არ მოადუნებს ჩვენს ყურადღებას და ხომ არ შევიქმენით კომფორტულ გარემოს, სადაც დროულად ვერ  ვიგრძნობთ საფრთხეების მოახლოებას? ყალიბდება განწყობა, რომ მთავარი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ როგორი ფორმით მოხდება აფხაზებთან და ოსებთან შერიგება, არამედ იმას, თუ რამდენ ხმას მოვიპოვებთ, მაგალითად, გაეროში. ეს განწყობა ძალიან შემაშფოთებელია, რადგან ასეთი რეზოლუციების მიღებაში უკვე 10 წელი გავიდა და არსებითად არაფერი შეცვლილა. დევნილები ამ რეზოლუციებით ვერ ბრუნდებიან სახლებში. მივაღწიეთ მხოლოდ იმას, რომ ყოველ წელს თითო სახელმწიფოთი მეტი აძლევს ხმას ჩვენს სასარგებლოდ გენერალურ ასამბლეაზე გატანილ რეზოლუციას. ასევე თითო-თითო ხმას მოიპოვებს თავისი პოზიციის სასარგებლოდ რუსეთიც. როდემდე შეიძლება ასეთი პოლიტიკა იყოს წარმატებული? თუ გავითვალისწინებთ, რომ, დაახლოებით, 60-მდე სახელმწიფო თავს იკავებს რეზოლუციის მიმართ თავისი პოზიციის დაფიქსირებისგან და კიდევ 40-50 სახელმწიფო საერთოდ არ მონაწილეობს კენჭისყრაში, არც თუ ისე ძნელია, გამოვთვალოთ, რამდენი წელი ვიქნებით ჩვენ და რუსეთი ბედნიერები ჩვენს სასარგებლოდ მოპოვებული ხმების თვლაში. თუ ყოველ წელს ორივე სახელმწიფო, მინიმუმ, თითო-თითო ხმის მოპოვებით დაკმაყოფილდება, სულ ცოტა, 50 წელი გარანტირებულად შეგვიძლია ვიყოთ “წარმატების” ტალღაზე მომართულები. ნუთუ, ეს არის წარმატება? ნუთუ, ეს არის ის, რითაც ხელისუფლებას შეუძლია, თავი მოიწონოს მოსახლეობის წინაშე?

ძალიან საფრთხისშემცველია ისეთი კომფორტული გარემო, სადაც „ყველაფერი წესრიგშია“ და სადაც ჩვენი ბრალი არაფერი არის. ყველაზე მეტად ვშიშობ, არ გაჩნდეს განცდა, რომ მაინც ვერ ვიბრუნებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, ვერ ვიბრუნებთ ამ ხალხებს, ამიტომ მათთან ლაპარაკს აზრი არა აქვს და მთელი პასუხისმგებლობა რუსეთზე გადავიტანოთ. ადრე თუ გვიან ეს პოლიტიკა კრიზისში შევა და დავიწყებთ იმ წერტილის ძებნას, საიდანაც შეუძლებელი გახდა პროცესების ჩვენს მიერ მართვა. დარწმუნებული ვარ, მაშინ ქართული საზოგადოება პრობლემების ძებნას  თავის თავში არ დაიწყებს, არამედ ვიტყვით, რომ დასავლეთმა ჩვენი მოლოდინები არ გაამართლა, ბოლომდე არ დაგვეხმარა. ისევ დავიწყებთ პრობლემების სხვებზე გადაბრალებას და რუსეთის აგრესიასთან ერთად დასავლეთის პასიურობას ვაქცევთ “განტევების ვაცად”. დღეს კი, ფაქტობრივად, მთელი ყურადღება გადატანილი გვაქვს დასავლეთზე, რომელსაც ჩვენთვის არ სცალია და ამიტომ იღებს ქართული ყურისთვის საამო რეზოლუციებს, რომელთა მარგი ქმედების შედეგის დანახვა შეუიარაღებელი თვალით პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი

 

გამოყენებული ფოტოები: flickr.com

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

 

დატოვე კომენტარი