საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 20%-იანი საშემოსავლო არაპროპორციულად მაღალია დაბალშემოსავლიანთათვის
სავალუტო ფონდის არაერთი მოწოდების მიუხედავად საგადასახადო პოლიტიკის გადახედვა არ ხდება
ეპოქის ყველაზე ტიტულიანი და ცნობილი კალათბურთელის ლებრონ ჯეიმსის ხელფასი 2018 წელს 33 მილიონი დოლარი იყო, საიდანაც 14 მლნ. (11,9 მლნ. ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 2,1 მლნ. ქალაქისა და შტატის ბიუჯეტში) წავიდა გადასახადების სახით
საქართველოში ყველა დასაქმებული მოქალაქე ხელფასის 20%-ის სახით საშემოსავლო გადასახადს იხდის – საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, არსებული საგადასახადო სისტემა დაბალშემოსავლიანი და მოწყვლადი მოსახლეობისთვის არაპროპორციულად მაღალ საგადასახადო ტვირთს წარმოადგენს.
21 სექტემბერს გამოქვეყნებულ 84-გვერდიან ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, IMF-ი საუბრობს დამატებითი ფისკალური სივრცის შექმნის შესაძლებლობაზე შემოსავლების მობილიზების გზით და მოკლედ მიმოიხილავს საქართველოს საგადასახადო სისტემას, რომელსაც ახასიათებს როგორც „მარტივს“. კერძოდ, სავალუტო ფონდი წერს, რომ საქართველოში მოქმედი „ბრტყელი“ საგადასახადო სისტემა და დაბალი საგადასახადო ტვირთი, რომელიც ბიზნესისთვის მეგობრულად ხასიათდება, ამავე დროს არის „ძალიან ხისტი, რეგრესული და ხარვეზიანი“.
იქვე ნახსენებია საქართველოს „ეკონომიკური თავისუფლების აქტი“, რომელიც, მართალია, ითვალისწინებს საგადასახადო განაკვეთების დროებით ცვლილებას, – მაქსიმუმ სამი წლით, – თუმცა ხელს უშლის ყოველგვარი ახალი სახელმწიფო გადასახადის შემოღებას ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდას (აქციზის გარდა) რეფერენდუმის ჩატარების გარეშე. სავალუტო ფონდის შეფასებით, „ეს რიგიდულობა ხელს უშლის უმაღლესი საგადასახადო განაკვეთების გაზრდის გზით შემოსავლების მობილიზებას, რაც დღევანდელ სისტემას უფრო პროგრესულს გახდიდა“, – აღნიშნულია IMF-ის ანგარიშში.
IMF-ის მიმოხილვაში არაა საუბარი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამის შესაცვლელად, თუმცა ფონდი უკვე წლებია საქართველოს მთავრობას პროგრესული (დიფერენცირებული) საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრისკენ მიანიშნებს. ამასთან ე.წ. თავისუფლების აქტის წინააღმდეგ არაერთხელ გაუკეთებია კრიტიკული შეფასება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2009 წლიდან 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს. ეს ნიშნავს იმას, რომ განურჩევლად შემოსავლის რაოდენობისა, 200 ლარი იქნება თუ 20 000, ყველა ერთნაირად იბეგრება.
“ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლამდე დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის საშემოსავლო გადასახადის რეფორმირებას და მის ნაწილობრივ საფეხურებრივ სისტემად გარდაქმნას აანონსებდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფინანსთა სამინისტრომ ე.წ. “დაუბეგრავი მინიმუმის” პროგრამა წარადგინა, რომელიც მოქალაქეებს, რომელთა მიერ წლის განმავლობაში მიღებული დარიცხული ხელფასიც 6000 ლარზე ნაკლები იყო, 360 ლარამდე საშემოსავლო გადასახადის დაბრუნებას ჰპირდებოდა. დაუბეგრავი მინიმუმი სულ ორჯერ – 2014 და 2015 წლებში გაიცა და მისი გაცემის საფუძველი 2013 და 2014 წლებში გაცემული ხელფასები იყო. 2016 წლიდან კი მმართველმა პარტიამ საკუთარი საარჩევნო დაპირება “დაივიწყა” და პროგრამა შეაჩერა.
ბოლოს ხელისუფლებამ საშემოსავლო გადასახადის მოდიფიკაცია 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო განახორციელა და ისიც დროებით. კერძოდ, 2020 წელს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში დაწესდა საგადასახადო შეღავათები იმ დასაქმებულებზე, რომლებსაც პანდემიის პირობებში სამსახური/ხელფასი შეუნარჩუნდათ. უფრო ზუსტად, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით იყვნენ დასაქმებულები და აღნიშნულ პერიოდში მათი ხელფასი არ აღემატებოდა თვეში 1500 ლარს. თუმცა ეს შეღავათი არა მოქალაქეებისთვის, არამედ ბიზნესებისთვის იყო გათვალისწინებული. აღნიშნული პროგრამა 2021 წლის 1 ივნისს დასრულდა და მის ფარგლებში კერძო სექტორში დაახლოებით 500 მილიონი ლარი დარჩა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქართული საგადასახადო სისტემის კრიტიკულ შეფასებას, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია” გამოეხმაურა. BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ კონკრეტული ჯგუფებისთვის საშემოსავლო გადასახადის შემცირების იდეა მათთვის მისაღებია, მაგრამ არა ახალი გადასახადების ხარჯზე.
“აქ ორი პრობლემაა: ვიღაცებს არ გაუჩნდეთ სურვილი, რომ დაბალი ანაზღაურება აჩვენონ და მეორე, როცა ბიუჯეტს რაღაც თანხები აკლდება, შემდეგ იწყებენ ფიქრს, საიდან უნდა შეივსოს ეს დანაკლისი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, არ გახდეს დამატებითი წნეხი ბიზნესისთვის”,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი ბიზნესი წინა ხაზზეა ვინც საქართველოში პროგრესული საგადასახადო სისტემის დამკვიდრებას ეწინააღმდეგება. თუმცა საგადასახადო შეღავათებს, რომელსაც მოსახლეობის ღარიბი ფენის დაბეგვრის ხარჯზე იღებენ ყოველთვის ხელგაშლილები ხვდებიან. ასე მაგალითად, 2018 წელს გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით რეინვესტირებულ თანხებზე მოგების გადასახადი გაუქმდა. ამ რეფორმამ ბიუჯეტის შემოსავლებში დანაკლისი გააჩნია, რაც მთავრობამ აქციზის გადასახადის გაზრდით დააბალანსა. მოგების გადასახადი პირდაპირი გადასახადია და მისი შემცირებით შეღავათი ბიზნესმა და შესაბამისად მოსახლეობის შეძლებულმა ფენამ მიიღო, ხოლო აქციზი არაპირდაპირი გადასახადია, რომელსაც პროდუქტის უშუალო მომხმარებელი იხდის. ანუ რეფორმის შედეგად მაღალ შემოსავლიან ფენას შეუმცირდა გადასახადი, ხოლო დაბალ შემოსავლიან ადამიანებს გაეზარდათ. მსოფლიო ბანკი გაოგნებული იყო რეფორმის არსით როცა ღარიბების ხარჯზე მდიდრებს მიეცათ საგადასახადო შეღავათები.
ქართულ მსხვილ ბიზნესს და პოლიტიკური პარტიების უმრავლესობას ყოველდღიურ საქმიანობაში პირზე აკერია ევროპა, დასავლეთი, ამერიკა და ა.შ. თუმცა როცა საქმე ეკონომიკურ წყობას ეხება რატომღაც ევროპული და დასავლური პრაქტიკა ყველას ავიწყდება და რუსულ-აზიურ კვალს ადგებიან. დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანაში პროგრესული საგადასახადო სისტემა მოქმედებს. აშშ იქნება, საფრანგეთი, იტალია, გერმანია თუ სხვა წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ერთადერთი მსხვილი სახელმწიფო რუსეთია, რომელიც ე.წ. „ბრტყელი“ (საქართველოში არსებულის მსგავსი) გადასახადებით მოქმედებს. მაგრამ რატომღაც ქართული „პროგრესული“ ელიტა კვლავ რეგრესული დაბეგვრას უჭერს მხარს და IMF-ის თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების დისკრიმინაციას ყველანაირად ცდილობს.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი საქართველოში დიფერენცირებული საშემოსავლო გადასახადის შემოღებას არ ემხრობა. ფინანსისტი ამბობს, რომ 20%-იანი გადასახადი შესაძლოა, მართლაც მძიმე ტვირთი იყოს ადამიანებისთვის, მაგრამ არ შეიძლება მაღალშემოსავლიანი ადამიანები “დავსაჯოთ”.
“რა თქმა უნდა, უნდა ვეცადოთ, რომ საგადასახადო წნეხი იყოს დაბალი, მაგრამ თუ ჩვენ შევდგებით იმ მოლიპულ გზაზე, რასაც ჰქვია შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული საგადასახადო კოეფიციენტები, ეს კარგს არაფერს მოიტანს. საკმაოდ ცუდ მოტივაციას შექმნის ეკონომიკის განვითარებისთვის. თუ საზოგადოების მდიდარ ნაწილს უფრო მეტი გადასახადი დავაკისრეთ, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტად დავბეგრეთ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ინვესტიციას ახორციელებენ და ბიზნესს ქმნიან. თუ ბიზნესის შექმნისთვის დავსაჯეთ ეს ხალხი, ეკონომიკური განვითარება და ზრდა არ გვექნება, რაც პრობლემას შეუქმნის დაბალშემოსავლიან ადამიანებსაც, რადგან ისინი სწორედ ასეთ კომპანიებში არიან დასაქმებული. მათთვისაც შემცირდება სამუშაო შესაძლებლობები – ჯამში, ყველანი უარესად ვიქნებით”, – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.
„პროგრესულთა“ ლოგიკით ყველა განვითარებულ ქვეყანაში პროგრესული გადასახადები მუშაობს და არ იღებენ მას, როგორც სასჯელად, მაგრამ თუ ეს საქართველოში მოხდა, თურმე მდიდრებს ინვესტირების სურვილს გაუქრობს. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი იყო დღევანდელი ეპოქის ყველაზე ტიტულიანი და ცნობილი კალათბურთელის ლებრონ ჯეიმსის ხელფასი. 2018 წელს ოფიციალურად 33 მილიონი დოლარი მიიღო ხელფასის სახით, თუმცა ამ 33-დან 14 მლნ. (11,9 მლნ. ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 2,1 მლნ. ქალაქისა და შტატის ბიუჯეტში წავიდა) გადასახადების სახით, ხოლო 3 მლნ. სხვა მოსაკრებლებს მოხმარდა და შედეგად ლებრონ ჯეიმსმა ხელზე მხოლოდ 16 მილიონი დოლარი მიიღო. ბოლო ოცწლეულის საუკეთესო კალათბურთელს აშშ-ს საგადასახადო სისტემა თითქმის ნახევარს ართმევს, ხოლო საქართველოში თუ 20%-იან საშემოსავლოს 25%-მდე გავზრდით, მაგალითად, 7 000 ლარზე მეტი ხელფასის მქონეთათვის, ეს წარმატებულის დასჯა რატომ გამოდის, გაუგებარია.
საინტერესოა, რომ პროგრესული დაბეგვრის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი უმუშევრობა და ისევ ღარიბ ფენაზე ზრუნვაა. მაშინ როცა ჩვენმა რეგრესულმა დაბეგვრის სისტემამ ვერანაირი ბიძგი მისცა უმუშევრობის შემცირებას. არამედ პირიქით, პირველ წლებში უმუშევრობის და უთანასწორობის ზრდაც გამოიწვია. დღეს კი რეალობა ასეთია, რომ რეგიონში ჩვენი „პროგრესული“ საგადასახადო სისტემის მიუხედავად, უმუშევრობის დონით ლიდერები ვართ. სავალუტო ფონდი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ქვეყანაში არსებულ მაღალ უმუშევრობის დონეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემიის შედეგად, ამ მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
2019 წლის მეოთხე კვარტლიდან 2021 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 62,000 ათასით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევარი გახდა 90,000 ადამიანი, ხოლო დაახლოებით 27,000 სამუშაო ძალას შეუერთდა. შედეგად, საქართველოში უმუშევრობა დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 22.1%-ს მიაღწია.
„საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და უმუშევრების თითქმის ნახევარი 34 წელზე უმცროსია. საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე რეგიონის მასშტაბით მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება,”- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში. პრაქტიკაში კარგად ჩანს, თუ ქართული საგადასახადო სისტემა რამდენად არის უმუშევრობის შემცირების მასტიმულირებელი.
ბოლოსკენ კი უნდა ითქვას რომ საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოწოდებისა თუ რეკომენდაციისა, ქართული ეკონომიკის მამები საგადასახადო სისტემის ცვლილებას კვლავ სირაქლემას პოზიციაში ყოფნას ამჯობინებენ გამომდინარე იქიდან, რომ მსხვილ ქართული ბიზნესს პარლამენტში ბევრი წევრი თუ გულშემატკივარი ჰყავს. დღევანდელი საგადასახადო განაკვეთები რეალურად რეგრესულია, ანუ მდიდარს ნაკლებს ახდევინებს, ხოლო ღარიბს მეტს, რაც ნონსენსია, თუმცა ფაქტია. თუ ხელისუფლება უახლოეს წლებში საგადასახადო რეფორმას არ გაატარებს, ბიუჯეტი ვერ გაუძლებს პოსტ პანდემიურ პერიოდს. შედეგად მრავალი პროგრამის გაუქმება ან/და კიდევ უფრო მეტი ვალის აღება მოხდება.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.