2017 წელს ბანკების მოგება ახალ რეკორდზე გავიდა

ფოტო გარეკანზე: worldpropertyjournal.com

ბანკების წმინდა მოგებამ 870 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 191 მლნ ლარით (28%-ით) მეტია

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ (მოგების გადასახადის შემდეგ მოგება) 870 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 191 მლნ ლარით (28%-ით) მეტია. 2016 წელს ბანკების წმინდა მოგება 679 მლნ ლარი იყო. კონკრეტულად 2017 წლის ბოლო თვეში – დეკემბერში, ბანკების მოგებამ 153 მლნ ლარი შეადგინა. 2016 წლის დეკემბერში ბანკებმა 113 მლნ ლარის მოგება ნახეს. 2017 წელს მოგების გადასახადის სახით ბანკებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 91 მლნ ლარი გადაიხადეს.

დღეის მდგომარეობით ბაზარზე სულ 16 ბანკია, 15 მოგებაზეა და მთლიანი მოგება 870.3 მლნ ლარს შეადგენს. ერთადერთი ბანკი, რომელმაც გასული წელი მოგებით ვერ დაასრულა სილქროუდ ბანკია, 2017 წლის მდგომარეობით მისმა ზარალმა 495 555 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ყველაზე მომგებიან ბანკებს, ლიდერობას უკვე წლებია არავის უთმობს „საქართველოს ბანკი, რომელსაც „თიბისი“ მოსდევს. ორი მსხვილი ბანკის მოგებამ 667 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ მთელი სექტორის მოგების 76%, ¾ ორ ბანკზე მოდის.

2017 წელს ბანკების ჯამურმა შემოსავალმა 3.58 მილიარდი ლარი შეადგინა, რომლის 77% საპროცენტო შემოსავლებზე (2,76 მლრდ. ლ), ხოლო 23% არასაპროცენტო შემოსავლებზე (821 მლნ. ლ) მოდის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ბანკებმა 368 მილიონი ლარის შემოსავალი საკომისიოებიდან მიიღეს, 202 მლნ. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან, ხოლო 77 მილიონი ლარი ჯარიმებიდან და საურავებიდან.

გასულ წელს ბანკების მიერ დეპოზიტების მომსახურებაზე გაწეული საპროცენტო ხარჯი 668,5 მილიონი ლარი იყო, ხოლო სესხებიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 2,76 მილიარდი ლარი, თითქმის 5-ჯერ მეტი ვიდრე მოზიდული ფინანსური რესურსის (ანაბრების) მომსახურება დაუჯდათ.

 

P. S. საინტერესო ფაქტები ქართული საბანკო სექტორის შესახებ

2001-2013 წლებში კომერციული ბაკების 13 წლიანი ჯამური წმინდა მოგება 1,119 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2014-17 წლებში საქართველოს ბანკების ჯამური წმინდა მოგება 2,561 მილიარდი ლარია. ანუ, ბოლო 4 წელიწადში საბანკო სფეროს მოგება 2-ჯერ აღემატება 13 წლის მანძილზე მიღებულ მაჩვენებელს.

საინტერესოა, რომ თუ 2013-2017 წლებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს ბანკების მოგების ზრდას შევადარებთ (პროცენტულად, წინა წელთან შედარებით) აღმოჩნდება, რომ ბანკების წლიური მოგების ზრდის ტემპი მინიმუმ 6-ჯერ აღემატება ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.

საბანკო სფეროს მომგებიანობა ორი მაჩვენებლით განისაზღვრება ესენია:  ROA (მომგებიანობა აქტივებზე) და ROE (მომგებიანობა კაპიტალზე). ორივე მათგანის მიხედვით ქართული ბანკები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით წამყვან ადგილებს იყავებენ.

საქართველოს საბანკო სექტორი მომგებიანობით მსოფლიო ათეულშია. უფრო კონკრეტულად საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით ქართული კომერციული ბანკები მომგებიანობის სიდიდით მსოფლიოში 9 ადგილზე არიან აფრიკის,  აზიის და ლათინური ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების მხარდამხარ.

* 2012 წელს მომგებიანობა კაპიტალზე ROE იყო 7.9%, 2017 წლის დასაწყისისთვის ROE არის 27.6%. გაიზარდა 3.5-ჯერ.

* 2012 წლის ბოლოს მომგებიანობა აქტივებზე ROA იყო 1.3%, 2017 წლის დასაწყისისთვის ROA არის 3.8%. გაიზარდა 2.8-ჯერ.