სახელმწიფო ხარჯების კლასიფიკაცია
სახელმწიფო ხარჯები მოიცავს ნებისმიერი სახის სახელმწიფო მოხმარებას, ინვესტიციებს და ტრანსფერებს. პირობითად, სახელმწიფო ხარჯები იყოფა ორ კომპონენტად: მოხმარება და ინვესტიციები. სახელმწიფო მოხმარებად ითვლება, მთავრობის მხრიდან შეძენილი საქონელი და მომსახურებები, რომლებიც განკუთვნილია საზოგადოებრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. სახელმწიფო ინვესტიციებად ითვლება, ისეთი საქონლისა და თუ სერვისების შესყიდვა, რომლებიც გამიზნულია მომავალში ხარჯების შემცირებაზე ან მომავალში დამატებით სარგებლის მიღებაზე. სახელმწიფო ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს დანახარჯები ინფრასტრუქტურაზე, კვლევაზე და განვითარებაზე, ასევე წარმოების განვითარებზე ორიენტირებული ხარჯები, რომლებიც ავტომატიზაციის ან ახალი შენობა-ნაგებობების აშენებისკენაა მიმართული.
არსებობს სხვა ტიპის კლასიფიკაციაც, კერძოდ სახელმწიფო დანახარჯებს ჰყოფენ შემდეგი სახით:
1.კეთილდღეობის ხარჯები (ტრანსფერული დანახარჯები): ეს არის იმგვარი დანახარჯები, რომლის სანაცვლოდ არ ხდება რაიმე სახის საქონლის ან სერვისის მიღება. ტრანსფერული დანახარჯების სახეებია: პენსიები, უმუშევრობის შემწეობა, სოციალური შემწეობები და სხვა ტიპის ხარჯები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია სოციალურ საკითხებთან. თუმცა არსებობს ისეთი ტრანსფერული დანახარჯებიც, რომლებიც არ უკავშირდება სოციალურ დაცვას, მაგალითად, საწარმოებზე გაცემული სუბსიდიებიც არის იმგვარი დანახარჯი, რომლის სანაცვლოდ სახელმწიფო არ იღებს არც მომსახურებას და არც საქონელს.
2. მიმდინარე ხარჯები (სახელმწიფო სერვისები): ამგვარ დანახარჯებში შედის სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებას. მაგალითად, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, თავდაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიწოდება, მიმდინარე ხარჯების მიმართულებას მიეკუთვნება. მიმდინარე ხარჯები მოიცავს როგორც საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებას, ასევე შუალედურ მოხმარებასაც. მაგალითად, მანქანის შეძენა, რომელიც ემსახურება საჯარო მოხელეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, შეიძლება ჩაითვალოს შუალედური მოხმარების საქონლად.
3. კაპიტალური დანახარჯები: ეს არის ძირითადად სახელმწიფო ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში და კაპიტალში, რომლებიც საჭიროა სახელმწიფო სერვისების მიწოდებისთვის. კაპიტალური ხარჯები მომავალში ამცირებს ხარჯებს ან ქმნის საჯარო სარგებელს. მაგალითად, თუ ჯანდაცვის სამინისტრო იყიდის ონკოლოგიური დაავადებების ადრეული აღმოჩენის აპარატურას, ეს ერთი მხრივ შეამცირებს სახელმწიფო დანახარჯებს, რადგან მოხდება დაავადებების ადრეული პრევენცია, მეორე მხრივ კი – გადაარჩენს უამრავ ადამიანს, მაშასადამე შექმნის საზოგადოებრივ სიკეთეს. ამიტომაც, ამგვარი დანახარჯები ითვლება სახელმწიფო ინვესტიციად. თუმცა, ისეთი დანახარჯები ჯანდაცვაში, როგორიცაა ექიმის ხელფასი, ჩაითვლება მიმდინარე ხარჯად.
სახელმწიფო ინვესტიციები
სახელმწიფო ინვესტიციები მიემართება ძირითადად ისეთი მიმართულებებით, სადაც ბიზნესი არ დებს ფულს და სადაც “საბაზრო ჩავარდნის” რისკი მაღალია. ორი ძირითადი საბაზრო ჩავარდნა, რომლისკენაც მიმართულია სახელმწიფო ინვესტიციები, ეს არის “ექსტერნალიები” და საჯარო სიკეთის მიწოდება. “ექსტერნალიები” გამოწვეულია ეკონომიკური აქტივობით, რომელიც ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობების ორ მხარეზე (მწარმოებელზე და მომხმარებელზე), არამედ მესამე მხარეზეც, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს ეკონომიკურ აქტივობაში. “ექსტერნალიები” არსებობს უარყოფითიც და დადებითიც. უარყოფითი “ექსტერნალიის” მაგალითია, გარემოს დაბინძურება. ხშირად კომპანიები არ დებენ ინვესტიციებს, რათა შეზღუდონ გარემოს დაბინძურება, რადგან მათთვის ეს დამატებით ხარჯს წარმოადგენს, რომელსაც არ მოაქვს პირდაპირი მოგება. ამის შედეგად ზარალდება მოსახლეობა. ამ პირობებში, სახელმწიფოები ხშირად ახორციელებენ პოლიტიკას, რომელიც ზღუდავს დაბინძურებას (მაგ. უწესებს “დაბინძურების” გადასახადს). გარდა ამისა, მთავრობამ შესაძლოა ჩადოს დამატებითი ინვესტიციები ტექნოლოგიების განვითარებასა და ინფრასტრუქტურაში, რომლებიც შეამცირებენ გარემოზე ეკონომიკური აქტივობების ნეგატიურ გავლენას.
სახელმწიფო ინვესტიციები, ასევე ეხება საჯარო სიკეთეებსაც. საჯარო სიკეთე არის “არაგამორიცხვადი” და “არა კონკურენტული”, რისი მიწოდებაც ბაზარს უჭირს. საჯარო სიკეთეების მაგალითებია: საჯარო პარკები, კანალიზაცია, თავდაცვა, გზები და ა.შ. მაგალითად, ბიზნესი არ ჩადებს ფულს საჯარო პარკების მშენებლობაში, რადგან მისგან პირდაპირი მოგების მიღების შესაძლებლობა ნაკლებია. შესაბისად, სახელმწიფო ახორციელებს ინვესტიციებს, მაგალითად, აშენებს პარკებს და აფინანსებს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას, რადგან ამით ხელს უწყობს ადამიანების ჯანმრთელობას და სოციალურ სტაბილურობას.
ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარებიდან მიღებული ცოდნა შეიძლება ჩაითვალოს საჯარო სიკეთედ. ბიზნესი ნაკლებად დებს ინვესტიციებს ამ მიმართულებით, რადგან პირდაპირი სარგებლის მიღების პერსპექტივა ბუნდოვანია, ამასთან ერთად, შექმნილი ცოდნით ისარგებლებს არა მხოლოდ უშუალოდ ინვესტორი, არამედ სხვა კონკურენტი ფირმებიც, რაც თავის მხრივ გამოიწვევს კერძო ხარჯების გაზრდას და მიღებული სიკეთეების სოციალიზაციას. ეს ბუნებრივია არ ჯდება მოგებაზე ორიენტირებული ფირმის ინტერესებში. შესაბამისად, აქ იკვეთება სახელმწიფოს როლი, რომელიც ინვესტირებას აკეთებს ცოდნის წარმოებაში. ეს თავისთავად ქმნის საჯარო სიკეთეს, რისი მოსარგებლეებიც არიან როგორც ინდივიდები, ასევე კერძო ბიზნესიც.
კიდევ ერთი საბაზრო ჩავარდნა, რომელზეც აქტიურად საუბრობენ თანამედროვე ეკონომისტები, არის ის, რომ რისკიან და ქვეყნის ეკონომიკისთვის ახალ აქტივობებში, ბიზნესი იჩენს ნაკლებ ინიციატივას და ფრთხილობს ინვესტიციების ჩადების კუთხით. ამიტომაც, მთავრობის ინვესტიციები მიმართულია რისკიანი ეკონომიკური პროექტების დაფინანსებაზე. მაგალითად, საქართველოში ამგვარ სექტორად შეიძლება განვიხილოთ ქარის ელექტრო სადგურები, რომლის მშენებლობა დააფინანსა საქართველოს ენეგეტიკის განვითარების ფონდმა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით. მანამდე კერძო ბიზნესს არ გამოუჩენია დიდი ინტერესი ამ სფეროს მიმართ, თუმცა მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯები ამ მიმართულებით, ბიზნესის მხრიდან გაჩნდა დაინტერესება სფეროში ინვესტირების მხრივ.
სახელმწიფო დანახარჯები ქვეყნების მიხედვით და სახელმწიფო ინვესტიციების წილი მთლიან ინვესტიციებში
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროკავშირში სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-ში შეადგენდა 47 %-ს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსრიდა 2009-2010 წელს, რაც უკავშირდებოდა სახელმწიფოს ანტი-ციკლურ პოლიტიკას და ასევე ავტომატურ ანტი-კრიზისულ მექანიზმებს, რომლებიც ამოქმედდა 2008 წლის “დიდი რეცესიის” და შემდგომში ევროზონის კრიზისის დასაძლევად. OECD-ის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 41.9%-ს აღწევს. ყველაზე მაღალი სახელმწიფო დანახარჯები მშპ-სთან მიმართებაში აქვთ, საბერძნეთს (61%), სლოვენიას (59.7%) და ფინეთს (57.8%), ყველაზე დაბალი კი მექსიკას (24.4%)
დიაგრამა 1 წყარო: tradingeconomics.com
ევროკავშირის სახელმწიფოებში, მთავრობის დანახარჯები განსხვავებულია კეთილდღეობის მოდელების მიხედვით. ცნობილი დანიელი მეცნიერი გოსტა ესპინგ-ანდერსენი გვთავაზობს კეთილდღეობის სამ მოდელს: ნორდიკული, კონსერვატიული და ლიბერალური. ნორდიკულ (ანუ იგივე სოციალ-დემორატიულ) მოდელში სახელმწიფო დანახარჯები მაღალია, რადგან სახელმწიფო წარმოადგენს საჯარო სერვისების უმთავრეს მიმწოდებელს.
დიაგრამა 2 წყარო: აღებულია წიგნიდან „სოციალური სახელმწიფო და სოციალ-დემოკრატია“, http://progressive.ge/library-pdf.php?ID=46
ნორდიკული მოდელი ხასიათდება მაღალი გადასახადებით და ამასთან ერთად, უნივერსალური და ხარისხიანი სახელმწიფო სერვისებით. ამ მოდელის ქვეყნებს მიეკუთვნებიან ნორვეგია, დანია, შვედეთი და ცენტრალური ევროპიდან სლოვენია. თუმცა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოდელი ერთგვარი “იდეალური ტიპია” და ყველა კრიტერიუმი ერთ მოდელში შეიძლება არ ჯდებოდეს.
დიაგრამა 3 წყარო: tradingeconomics.com
კონსერვატიული ანუ იგივე კორპორატისტული მოდელი ძირითადად დამყარებულია სოციალურ შენატანებზე. მაგალითად, თუ შვედეთში მოქმედებს საჯარო უნივერსალური დაზღვევა, გერმანიაში ფუნქციონირებს კერძო სავალდებულო სადაზღვევო სისტემა, რომელიც სოციალურ შენატანებს ემყარება. კორპორატივიზმის პირობებში, ინდივიდები იღებენ მათ მიერ გადახდილი შენატანების შესაბამასი ხარისხის სოციალურ მომსახურებას. კორპორატისტული მოდელი მოქმედებს ძირითადად კონტინენტურ ევროპაში, მაგალითად გერმანიაში და ჰოლანდიაში. თუმცა, კორპორატისტულ მოდელს ახასიათს სოციალური სერვისების სტრატიფიკაცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ სხვადასხვა ანაზღაურებისა და პროფესიების სოციალური სერვისები გასხვავდება ხარისხის მიხედვით. კორპორატისტულ მოდელში სახელმწიფო დანახარჯები დაბალია ნორდიკულ მოდელთან შედარებით, თუმცა აღემატება ლიბერალური კეთილდღეობის სახელმწიფოებში არსებულ დანახარჯებს.
დიაგრამა 4 წყარო: tradingeconomics.com
რაც შეეხება ლიბერალურ ანუ იგივე ანგლო-საქსონურ კეთილდღეობის მოდელს, გადასახადები არის დაბალი და სახელმწიფოს აქვს შეზღუდული ფუნქციები. შესაბამისად, მთავრობის დანახარჯებიც ზემოთ აღწერილ ორ მოდელთან შედარებით ნაკლებია. ლიბერალური კეთილდღეობის სისტემა მოქმედებს აშშ-ში, ასევე პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებშიც.
დიაგრამა 5 წყარო: tradingeconomics.com
განსხვავებით ევროკავშირის ქვეყნებისგან, საქართველოში სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-ში ბოლო 7 წელიწადში 31 პროცენტს შედგენს.
ნაერთი ბიუჯეტის წილი ნომინალურ მშპ-ში
წელი |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 |
ნაერთი ბიუჯ. მლნ ლარ. |
7021.1 |
7461.8 |
7994.2 |
7863.6 |
8813.3 |
9659.4 |
10522.1 |
მშპ. მლნ. ლარ. |
20743.4 |
24344 |
26167.3 |
26847.4 |
29150.5 |
31755.6 |
33921.6 |
% |
34 |
31 |
31 |
29 |
30 |
30 |
31 |
ცხრილი 1 ცხრილი შედგენილია ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით
საქართველოში მოქმედებს ფისკალური წესები, რომლებიც ეფუძნება “თავისუფლების აქტს”. ეს ფისკალური წესები მეტწილად განსაზღვრავენ საქართველოს მთავრობის ზომასა და სახელმწიფო დანახარჯების მოცულობას. მაგალითად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის მთლიანი მოცულობის შეფარდება მშპ-სთან არ უნდა იყოს 30%-ზე მეტი. ამასთან ერთად, შეზღუდვებია ბიუჯეტის დეფიციტთან, სახელმწიფო ვალთან და გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით, რაც ქვემოთ დიაგრამაზეა გამოსახული.
დიაგრამა 6 აღებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული 2017 წლის ბიუჯეტის გზამკვლევიდან
ამგვარი ფისკალური წესები აპრიორი გამორიცხავს “დიდი სახელმწიფოს” იდეას. მეტიც, ეს წესები არის ერთგვარი მექანიზმი, რომელიც აიძულებს მთავრობებს იმოქმედონ ლიბერალური ეკონომიკური მოდელის მიხედვით. 2012 წლის შემდგომ საქართველოს მთავრობას ჰქონდა მცდელობები აეღო უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დანერგვა შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ ნაბიჯად ამ მხრივ, რომელმაც უამრავი ადამიანი გადაარჩინა უკიდურეს გაღარიბებას და ზოგიერთ შემთხვევაში იხსნა სიკვდილისგანაც კი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ეკონომიკურ პოლიტიკასა და სოციალურ პოლიტიკას შორის არსებობს წინააღმდეგობა, როგორც მოსალოდნელი იყო საქართველოს მთავრობას მოუწია უკან დახევა საყოველთაო ჯანდაცვის უნივერსალურობის პრინციპთან დაკავშირებით. 2017 წლის მაისიდან, საქართველოს მთავრობამ დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის ახალი ტალღა, რომლის ფარგლებშიც ქართული ჯანდაცვის სისტემა უფრო მიზნობრივი გახდა. მთავრობის მთავარი არგუმენტი ბუნებრივია, იყო თანხების დაზოგვის საკითხი, რადგან სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე 2012 წლის შემდეგ ორნახევარჯერ გაიზარდა. ამას დაემატა ისიც, რომ ქვეყანამ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ეკონომიკური პოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ, კერძოდ, 2017 წლის მაისიდან ამოქმედდა ე.წ. ესტონური საგადასახადო მოდელი, რომლის ფარგლებშიც ფირმები თავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან მოგების რეინვესტირების შემთხვევაში. ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო გაზარდა ფისკალური საფრთხეები, იქედან გამომდინარე, რომ ბიუჯეტს დააკლდა მნიშნელოვანი ოდენობის შემოსავლები, რისი კომპენსირებაც საქართველოს მთავრობამ აქციზის გადასახადის მეშვეობით სცადა. ზემოთ აღწერილი ფისკალური წესებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მხოლოდ ეს ერთი ინსტრუმენტი ჰქონდა დარჩენილი დამატებითი საბიუჯეტო თანხების მობილიზაციისთვის. თუმცა არსებობს სხვა მექანიზმებიც, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ხარჯების შემცირებასთან. სწორედ ამ ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს გარკვეულ წილად საყოველთაო ჯანდაცვიდან მიზნობრივ ჯანდაცვაზე გადასვლა.
სახელმწიფო დანახარჯების სტრუქტურა
ქვემოთ აღწერილია, თუ როგორია მთავრობის დანახარჯების სტრუქტურა ევროპაში და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში. პირველ რიგში, ყურადღება იმსახურებს სახელმწიფო დანახარჯების სტრუქტურა მშპ-სთან მიმართებაში. როგორც დიაგრამიდან ჩანს, მშპ-სთან მიმართებაში ყველაზე დიდი დანახრჯები მოდის სოციალურ დაცვაზე. საქართველოში ეს დანახარჯი 7.1%-ს შეადგენს, ევროკავშირში სოციალურ დაცვაზე გაწეული ხარჯების საშუალო მაჩვენებელი 19.2%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანი განსხვავებაა ჯანმრთელობაზე გაწეულ ხარჯებშიც, საქართველოში ეს მაჩვებელი 2.9 %-ია, ევროკავშირში კი 7.2%-ს აღწევს.
დიაგრამა 7 შედგენილია ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2016 წ.
დიაგრამა 8 წყარო Eurostat
ასევე საინტერესოა დავინახოთ განსხვავება ბიუჯეტის ხარჯვის მიმართულებით. საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტის 7.7%-ს ხარჯავს თავდაცვაზე, ევროკავშირში საშუალო მაჩვენებელი 2.9%-ია. ევროკავშირში, საზოგადოებრივ წესრიგზე და უსაფრთხოებაზე დახარჯული თანხების ბიუჯეტის მაჩვენებელი 3.7%-ია, საქართველოში 10.7%-ი. გამოდის, რომ საქართველოში, თავდაცვაზე და საზოგადოებრივ წესრიგში დახარჯული თანხები რამდენჯერმე აღემატება ევროპულ საშუალო მაჩვენებელს. ევროკავშირი ორჯერ მეტს ხარჯავს გარემოს დაცვაზე და საბინაო-კომუნალური მეურნეობაზე, ვიდრე საქართველო. ჯანმრთელობის დაცვაზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯი საქართველოში 10.4%-ია, ევროკავშირის საშუალო კი – 15.2%-ი. ევროკავშირში მაღალია სოციალურ დაცვაზე გაწეული ხარჯებიც და ეს მაჩვენებელი 40.6%-ია, საქართველოში სოციალურ დაცვაზე ბიუჯეტის მხოლოდ 25.6%-ია. ევროკავშირში განათლებაზე გაწეული ხარჯი ბიუჯეტის 10.3%-ია, საქართველოში კი – 10.9%-ი. ბალტიისპირეთის ქვეყნებში განათლებაზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯები შემდეგი სახით გამოიყურება: ლიტვა (15.4%), ლატვია (16.2%) და ესტონეთი (15.1%).
დიაგრამა 9 მომზადებულია ფინანსთა სამინისტრო და Eurostat-ის მონაცემების მიხედვით, 2016 წ. |
არსებობს სახელმწიფო დანახარჯების ანალიზის სხვა პერსპექტივაც, რომელიც მოიცავს შემდეგი სახის ეკონომიკურ ტრანზაქციებს: მთლიანი კაპიტალის ფორმირება, სოციალური უზრუნველყოფა (მათ შორის ბენეფიტები და ტრანსფერები), სახელმწიფო ვალის პროცენტი და სუბსიდიები. სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები ევროპაში 45%-ია, საქართველოში 32.2 %-ია. შრომის ანაზღაურებაზე კი ევროკავშირში საბიუჯეტო დანახარჯები 5.5%-ით მეტია.
დიაგრამა 10 წყარო Eurostat და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2016 წ.
დიაგრამა 11 აღებულია theglobaleconomy-დან
საინტერესოა, კიდევ ერთი ინდექსი რომელიც გვიჩვენებს საბოლოო სახელმწიფო მოხმარების წილს მშპ-ში. ბოლო წლებში როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია აქცენტს აკეთებდა სახელმწიფო დანახარჯების შემცირებაზე. თუმცა, როგორც ზემოთ მოცემული ორი დაიგრამიდან ჩანს, არც ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯით და არც სხვა მაჩვენებლებით, საქართველოში სახელმწიფო დანახარჯები და მოხმარება არ არის დიდი. მეტიც, საქართველოში სახელმწიფო საბოლოო მოხმარება მშპ-სთან მიმართებაში 2015 წელს 16.5 პროცენტს შეადგენდა და როგორც დიაგრამიდან ჩანს, ჩამოუვარდება როგორც ჩვენი მეზობელი რუსეთის, ასევე პოსტ-საბჭოთა ესტონეთისა და ნორდიკული ფინეთისა და დანიის მაჩვენებლებს.
სახელმწიფო ინვესტიციები
როგორც სტატიის დასაწყისშია აღნიშნული, სახელმწიფო ინვესტიციებს მნიშვნელოვანი როლი უკავია ქვეყნის ეკონომიკურ განვითრებაში. კერძოდ, სახელმწიფო ინვესტიციები მიმართულია საჯარო ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი და ზოგჯერ რისკიანი პროექტების დაფინანსებისკენ, რომლებიც ხელს უწყობენ საყოველთაო კეთილღდეობას, სახელმწიფო ინვესტიცებს ასევე გააჩნიათ ანტი-ციკლური/ ანტი-კრიზისული ფუნქციაც.
საჯარო ინვესტიციების შეფარდება მშპ-სთან საქართველოში 2016 წელს 4%-ს აღწევს. კაპიტალური დანახარჯები ყველაზე დიდი იყო 2006-2007 წლებში და 10%-ს აჭარბებდა. 2008 წლის შემდგომ იწყება კლება და როგორც დიაგრამაზე ჩანს ყველაზე ნაკლები დანახარჯები მიმდინარე წელს არის ნავარაუდევი, თუმცა, შემდგომში, მასშტაბური ინფრასტრუქტული პროექტებიდან გამომდინარე იგეგმება სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა,.
დიაგრამა 12 აღებულია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული პრეზენტაციიდან
დიაგრამა 13 აღებულია ევროპის ცენტრალური ბანკის ანგარიშიდან
OECD-ის ქვეყნებში სახელმწიფო ინვესტიციების წილი მშპ-ში საშუალოდ 7-8%-ს შეადგენს. მაგალითად, 2013 სამხრეთ კორეაში ეს მონაცემი 17.2 პროცენტი იყო, ირლანდიაში კი – 4%-ი. ევროპის ცენტრალური ბანკის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის პერიოდში, სახელმწიფო ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, ვითარება ჰომოგენური არ ყოფილა და ზოგიერთ სახელმწიფოში, პირიქით, კაპიტალური დანახარჯების წილი გაიზარდა.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მშპ-ს ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სახელმწიფო ინვესტიციები. თუ მშპ-ს ზრდისა და კაპიტალური დანახარჯების მრუდს დავაკვირდებით, სჩანს, რომ არსებობს ერთგვარი კორელაცია ამ ორ ცვლადს შორის. სახელმწფიფო ინვესტიციების ზრდასთან ერთად, იზრდებოდა ეკონომიკა, ხოლო სახელმწიფო ინვესტიციების შემცირების პარალელურად მცირდებოდა ეკონომიკაც. ბუნებრივია, ეს პირდაპირ არ მიანიშნებს იმაზე რომ სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა არის ერთადერთი მიზეზი მშპ-ს ზრდისა და არსებობს სხვა ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, რომლებსაც პოზიტიური გავლენა აქვთ ეკონომიკურ ზრდასთან.
დასკვნა
არსებობს მითები, რომ საქართველოში სახელმწიფო დანახარჯები მაღალია, ბიუროკრატია დიდია და სახელმწიფოს მხრიდან ხდება თანხების გაფლანგვა. ამასთან ერთად, დომინირებს მოსაზრება, რომ სახელმწიფო ხარჯების შემცირებით ეკონომიკა ავტომატურად გაიზრდება, რადგან ამ შემთხვევაში, ბიზნესს დარჩება მეტი რესურსები კაპიტალის აკუმულაციისთვის. მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარებასა და სახელმწიფო დანახარჯების შემცირებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს. მეტიც, ევროკავშირში საშუალო სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-ში 16%-ით აჭარბებს საქართველოს მაჩვენებელს. შრომის ანაზღაურებაზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯები ევროკავშირში 5.5% მეტია საქართველოს მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, საბოლოო სახელმწიფო მოხმარების კუთხით, საქართველო ჩამორჩება როგორც მეზობელ რუსეთს, ასევე ესტონეთს და ბუნებრივია, მაღალგანვითარებულ ნორდიკულ ქვეყნებსაც, სადაც სახელმწიფო დანახარჯები მაღალია.
საგულისხმოა ისიც, რომ საქართველო ბიუჯეტიდან ბევრს ხარჯავს თავდაცვაზე და საზოგადოებრივ წესრიგზე, თუმცა, ნაკლებ ყურადღებას უთმობს ჯანდაცვას და სოციალურ დაცვას. ჯანდაცვაზე გაწეული საბიუჯეტო დანახარჯების წილი საქართველოში 10.4%-ია, ხოლო ევროკავშირის საშუალო მაჩვეებელი 15.2%-ი. ევროკავშირში მაღალია სოციალურ დაცვაზე გაწეული ხარჯებიც და ეს მაჩვენებელი 40.6%-ია, საქართველოში სოციალურ დაცვაზე ბიუჯეტის მხოლოდ 25.6%-ია. ეს მონაცემები აქტუალურია, საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის საყოველთაოობის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯების კონტექსტში. თუ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს შევადარებთ, საქართველო განათლებაში არ ხარჯავს მცირე თანხას, თუმცა, თუ შედარებას გავაკეთებთ ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ისინი საშუალოდ 5%-ით უფრო მეტს ხარჯავენ ამ მიმართულებით. მოშლილი განათლების სისტემისა და ამ სფეროს აქტიური კომოდიფიკაციის პირობებში, განათლების ხარჯების ზრდა საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში უნდა დადგეს. და ბოლოს, მონაცემებზე დაკვირვების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო ინვესტიციები დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოში ფიქსირდებოდა იმ წლებში, როცა სახელმწიფო ინვესტიციები იყო მაღალი. ევროპის ცენტრალური ბანკის რეკომენდაციების მიხედვითაც, სახელმწიფო ინვესტიციებს შეუძლიათ დადებითი როლი ითამაშონ საერთო მოთხოვნისა და ეკონომიკის ზრდაზე.
ფოტო გარეკანზე: www.flickr.com
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.