ზეზვა ზანგურაშვილი – ბერლინის ეკონომიკის და სამართლის სკოლის პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრანტი
მინიმალური ხელფასის იდეა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საკამათო საკითხია პოლიტიკურ ეკონომიკაში. დავა მინიმალური ხელფასის შესახებ, ყოველთვის დიდ ვნებათაღელვასთან არის დაკავშირებული, როგორც აკადემიურ, ისე პოლიტიკურ სივრცეში. საკითხთან დაკავშირებულ მწვავე პოლიტიკურ დისკუსიებს, უმეტესწილად იდეოლოგიური ტენდენციები ახასიათებს, ხოლო, რაც შეეხება არგუმენტირებულ დაპირისპირებას, იგი ძირითადად ეკონომიკურ ჭრილში განიხილება ხოლმე. ისინი, ვინც მინიმალური ხელფასის გაზრდას ითხოვენ, ფიქრობენ, რომ ყველაზე დაბალშემოსავლიან მშრომელთა ცხოვრების დონეს გააუმჯობესებენ. ხოლო ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან მინიმალური ხელფასის ზრდას, ფიქრობენ, რომ სამუშაო ადგილებს იცავენ, რადგან მათი აზრით, მაღალი მინიმალური ხელფასი უარყოფითად მოქმედებს ბიზნეს გარემოზე.
ზემოთხსენებული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ, ვინაიდან მინიმალური ხელფასის გავლენები შედარებით უფრო ფართო სპექტრზე ვრცელდება ვიდრე დასაქმება და შემოსავლებია, საჭირო ხდება მისი ანალიზი სხვა ეკონომიკური ინდიკატორების გათვალისწინებით. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია მისი განხილვა არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ სოციალურ ჭრილში. საკითხზე ასეთი მიდგომა, სრული სურათის დანახვის შესაძლებლობას მოგვცემს, რაც მინიმალური ხელფასის მნიშვნელობის უკეთ შეფასებაში დაგვეხმარება.
რაც შეეხება კონკრეტულად ზემოთხსენებულ დისკუსიას, ორივე მხარე გარკვეულწილად მართალია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს დაპირისპირება, მხოლოდ სრულყოფილად კონკურენტული ბაზრის პირობებშია რელევანტური. ხოლო, თუ რამდენად კონკურენტულია ბაზარი რეალობაში, და კონკრეტულად საქართველოში, ამას ქვემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ. მანამდე კი უნდა უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ქვეყანაში არ არის ძლიერი პროფ-კავშირები, რომლებიც მშრომელთა უფლებებს დაიცავენ, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმება მინიმალურ ხელფასზე.
დღეს საქართველოში არც ძლიერი პროფ-კავშირებია და არც მინიმალური ხელფასი. როგორც ვხედავთ, დომინანტური ნეოლიბერალური პოლიტიკის გამო, საქართველოს მთავრობამ, მინიმალური ხელფასის საკითხი ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყვიტა და დამსაქმებლის კეთილ ნებას მიანდო დასაქმებულის ბედი. ბიზნეს კლიმატზე ზრუნვა გახლავთ სწორედ ის მიზეზი, რომლითაც ამართლებენ მინიმალური ხელფასის არ არსებობას საქართველოში, მაგრამ არასდროს იბადება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად გამართლებულია ისეთი ბიზნესის არსებობა ქვეყნანაში, რომელსაც არ შესწევს უნარი, რომ დასაქმებული ცხოვრებისთვის საჭირო მინიმუმით უზრუნველყოს.
წინამდებარე სტატიაში სწორედ მინიმალური ხელფასის აუცილებლობაზე ვისაუბრებ და დაგანახებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში მისი დანერგვა, როგორც ეკონომიკური, ისევე სოციალური ასპექტის გათვალისწინებით.
- სოციალური ასპექტი
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) მიხედვით, მინიმალური ხელფასის მთავარი მიზანი მშრომელის დაცვაა დაბალი და არასამართლიანი ანაზღაურებისგან. იგი უზრუნველყოფს საარსებო მინიმუმს დასაქმებულთათვის.
ვინაიდან, საარსებო მინიმუმზე ხელმისაწვდომობა ადამიანის სოციალური უფლებაა (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლი) ნათელია, რომ მინიმალური ხელფასის იდეა, პირველრიგში სოციალური ბუნებისაა და არა ეკონომიკური. შესაბამისად, ის პირველრიგში სოციალურ ჭრილში უნდა განიხილებოდეს და არა ეკონომიკური. სოციალური ხასიათისაა ასევე მისი ისტორიული პირველსახე: სამთავრობო რეგულაციის გარეშე არ არსებობდა არავითარი ძალა, რომელიც დაიცავდა მშრომელებს ექსპლუატაციისგან, თუ ქვეყანაში არ არსებობდა ძლიერი პროფ-კავშირები. სწორედ ამ მიზეზით დაწესდა მინიმალური ხელფასი თავდაპირველად ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში.
სამწუხაროდ, საქართველოში გაბატონებული ლიბერალური იდეოლოგიის გამო, ადამიანის სოციალური უფლებები, ხშირად, კონკრეტული სამთავრობო თუ არასამთავრობო პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, განვითარების ხელის შემშლელ ფაქტორებადაც კი არის წარმოდგენილი. ამის საპირისპიროდ, თვითრეგულირებადი ბაზრის იდეა გახლავთ განვითარების გასაღები, რაც პირდაპირ მოითხოვს საზოგადოების ინსტიტუციონალურ დანაწევრებას: ეკონომიკის გამოცალკევებას სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტებისგან. შედეგად, მხოლოდ ბაზარი გვევლინება, როგორც ოპტიმალური ხელფასის განმსაზღვრელი ინსტიტუტი, სადაც ყოველგვარი სამთავრობო ჩარევა საფრთხეს წარმოადგენს. ქართული პოლიტიკის მიხედვით, არაფერი უნდა განსაზღვრავდეს შემოსავლებს, გარდა საბაზრო გაყიდვებისა.
მოვლენების ასეთი განვითარება, არამხოლოდ მიუღებელია, არამედ ფუნდამენტურად არასწორია, რადგან ბაზარი მხოლოდ აქსესუარია სოციო-ეკონომიკური სისტემისა და არა მისი მთავარი განმსაზღვრელი. შრომის საბაზრო წესებზე მორგება, მისი გაიგივება საქონელთან და მისი განხილვა მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების თეორეტიკულ ჩარჩოში, როგორც ამას დღეს გვასწავლიან საქართველოში ეკონომიკის სახელმძღვანელოები, უდიდესი შეცდომაა, რადგან დეფინიციით, შრომა და საქონელი სრულიად სხვადასხვა შინაარსის ცნებებია. შრომა არ არის საქონელი! სამომხმარებლო საქონელი, ბაზარზე გასატანად და გასაყიდად იწარმოება. შრომის წარმოებას კი სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვს. შრომა თითოეული ინდივიდის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მისი როლი არსებითია პიროვნების ღირსებისა და კეთილდღეობისათვის და ინდივიდის, როგორც ადამიანის ჩამოყალიბებისათვის. შეუძლებელია შრომის ადამიანისგან გამოცალკევება, შენახვა ან გადაზიდვა. შესაბამისად, როდესაც შრომას საბაზრო მექანიზმში განვიხილავთ, ამით ადამიანის სუბორდინაციას, ანუ ჩვენი ბუნების, ფიზიკურობის, ფსიქიკურობის და მორალური მხარის დაქვემდებარებას ვახდენთ საბაზრო წესებზე, რაც პირდაპირი მნიშვნელობით ადამიანის გასაქონლებას გულისხმობს.
ასოცირების ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, მხარეებმა ვალდებულებად აიღეს ისეთი ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა, რომელიც მდგრადი და ინკლუზიური განვითარების პრინციპების, და საერთაშორისო მეთოდოლოგიური მიდგომების შესაბამისობაშია. ეს გულისხმობს, სწორედ შსო-ს სტანდარტებზე დაფუძნებულ ღირსეული შრომითი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას (AA მუხლი 227). ასოცირების ხელშეკრულება ეკონომიკურ განვითარებას, შრომითი უფლებების მაღალი სტანდარტების დანერგვასთან შესაბამისობაში განიხილავს მხოლოდ და მხარეებს აკისრებს ვალდებულებას, რომ შსო-ს სტანდარტებთან შესაბამისი შრომითი პოლიტიკა შეიმუშავოს (AA მუხლი 229). სამწუხაროდ, საქართველოში არასდროს მომხრადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 131-ე კონვენციის რატიფიცირება მინიმალური ანაზღაურების შესახებ, რაც ქვეყნის პოლიტიკურ მიმართულებასთან არ მოდის თანხვედრაში.
სწორედ ასოცირების ხელშეკრულებით, შრომის ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების დარღვევა სამუშაო ადგილზე დაუშვებელია ნებისმიერი ეკონომიკური უპირატესობის მისაღწევად. ეს გულისხმობს შრომის ისეთი უფლებების გარანტირებას, რომლებიც არ შეიძლება შეილახოს ბიზნესის ინტერესების გატარების პროცესში, იქნება ეს შრომის ფასის, ღირებულების თუ სხვა სახის ხარჯების შემცირება. უფრო მეტიც, ასოცირების შეთანხმება პირდაპირ განსაზღვრავს, რომ მიუღებელია ინვესტიციების წახალისება, შრომითი კანონმდებლობით გატარებული დაცვის დონის შემცირებისა, თუ შრომის კანონმდებლობისაგან თავის არიდების გზით. (AA მუხლი 235) საქართველოში კი მინიმალური ხელფასის არ არსებობა, სიამაყით არის გაწერილი საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ვებ-საიტზე, რათა უცხოელი ინვესტორების გული მოვიგოთ იაფი მუშახელის შეთავაზებით.
გაბატონებული მიდგომა, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასის დაწესება ინვესტიციებს შეუშლის ხელს, არ შეესაბამება რეალობას. პირიქით, რეგულაციების არ არსებობა, მათ შორის მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, იწვევს არასტაბილურობის შეგრძნებას, რაც აფრთხობს ინვესტორს. რამდენიმე კომპანიამ საქართველოში ინვესტირებაზე უარის წორედ იმის გამო განაცხადეს, რომ არ არსებობდა კონკრეტული რეგულაციები, რომლებიც ქაოტურობას აღმოფხვრის და სტაბილურიბის განცდას შექმნიდა. ამის დასტურია „ადიდასის“, „ნაიკის“, „ნიუ ბალანსის“ და „პუმას“ კომპანიების ხელმძღვანელების ოფიციალური წერილი საქართველოს მთავრობისადმი, რომლითაც მათ 2015 წელს მოითხოვეს ჩვენი ქვეყნის სამკერვალო სექტორში მინიმალური ხელფასის გაზრდა, რათა კონტრაქტორ ფირმებს აღარ მიეცეთ ტექსტილის სფეროში დასაქმებული პირების ექსპლუატაციის შესაძლებლობა.
„დეკომოდიფიკაცია“, ანუ ადამიანის დაცვა გასაქონლებისგან, სწორედ ის მიზანია, რასაც ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფო ემსახურება. სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას მოქალაქე საბაზრო მექანიზმისგან, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანი არ უნდა იყოს დამოკიდებული ბაზარზე იმისთვის, რომ გადარჩეს. საარსებო მინიმუმზე ხელმისაწვდომობა, ადამიანის უფლებაა. მინიმალური ხელფასი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი პოლიტიკური იარაღია, რომელიც ამ უფლების მოსაპოვებლად უნდა გამოვიყენოთ.
- ეკონომიკური ასპექტი
შესავალში უკვე ვახსენეთ დაპირისპირებული მხარეების შესახებ: ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ მინიმალური ხელფასი საზიანოა დასაქმებისთვის და ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ მინიმალურ ხელფასს დაბალშემოსავლიანი დასაქმებულების შემოსავლების და მაშასადამე ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში, მასიური პროტესტის გამო, მინიმალური ხელფასი საათში $9.47-დან $15-მდე გაიზარდა, ეს დაპირისპირებული მხარეები შეეცადნენ ემპირიულად დაესაბუთებინათ საკუთარი ხედვები სიეტლის მაგალითზე დაკვირვებით.
სანამ შედეგებს გაგაცნობდეთ, უნდა აღვნიშნო, რომ ზემოთ განხილული დაპირისპირებული ჯგუფები, ეკონომიკის იმ პოპულარულ თეორეტიკულ მოდელს ეყრდნობიან, რომელიც სრულყოფილად კონკურენტული ბაზრის დაშვებაზე დგას. კომპლექსურობით და გაურკვევლობით სავსე სამყაროში, რეალურად ყველაფერი ასე მარტივად და იდეალურად არ არის. რეალურად, ფირმები ოლოგოპოლიური და ოლოგოპსონიური კონკურენციის პირობებში მოქმედებენ. ყველასთვის ცხადია, რომ კაპიტალისტურ სისტემაში, არასრულყოფილი კონკურენცია ნორმაა და არა გამონაკლისი. ამის დასტურია ბერკლის უნივერსიტეტის კვლევის შედეგი სიეტლის შესახებ, რომელმაც აჩვენა, რომ მინიმალური ხელფასის ზრდამ, გაზარდა დასაქმებულების ხელფასი და არ გამოიწვია დასაქმების შემცირება, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა მეინსტრიმული ეკონომიკის მომხრეებისთვის. ცნობილი ამერიკული ჟურნალი The Nation, კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევას დაეყრდნო და გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „სიეტლის $15-იანი მინიმალური ხელფასი უარყოფითად არ მოქმედებს დასაქმებულებზე.“
საქმე იმაშია, რომ მინიმალურ ხელფასს აუცილებლად დადებითი გავლენა აქვს დასაქმებაზე იმ შემთხვევაში, როცა შრომის ბაზარი მონოპსონიურია. მონოპსონია ცნობილი ბრიტანელი ეკონომისტის, ჯოან რობინსონის ტერმინია, რომლითაც აღწერს შემთხვევას, სადაც დამქირავებელს არ ყავს ბევრი კონკურენტი და ვინაიდან დასაქმებულები სხვაგან ვერ გაიქცევიან, იგი ფლობს გარკვეულ საბაზრო ძალაუფლებას, რომ თავად განსაზღვროს ხელფასის რაოდენობა. სხვა კუთხით რომ განვმარტოთ, დასაქმებულს არ შეუძლია ხელფასის გაზრდის მოთხოვნა და იძულებულია დათანხმდეს შემთავაზებულ ხელფასს, რადგან მასზე მოთხოვნა არ არის და შესაბამისად, თავის რჩენის სხვა საშუალება არ გააჩნია.
მონოფსონიური შრომის ბაზრის კლასიკური თეორიული მაგალითია სამთო სამრეწველო ქალაქი, სადაც დამქირავებელს შეუძლია დაბალი ხელფასების დაწესება, რადგან არ ყავს კონკურენტები ამ სფეროში და იცის, რომ გეოგრაფიული, პროფესიული, თუ სხვა მიზეზების გამო, ვერ გაექცევიან დასაქმებულები. ამ თეორიულ მაგალითს თუ საქართველოს კონტექსტში განვიხილავთ, ყველას გაგვახსენდება დაბა კაზრეთის, ტყიბულის და ჭიათურის სამთო-მოპოვების სამუშაოები, სადაც უმძიმესი პირობების, რისკების, დაღუპვების და დასახიჩრების მიუხედავად, აგრძელებნ მუშაობას იქ დასაქმებულები. მათ უბრალოდ სხვა საშუალება არ გააჩნიათ გადასარჩენად, რადგან მიტოვებულნი არიან თავისუფალი ბაზრის „კეთილ ნებაზე.“
სხვა მონოპსონური ბაზრის შემთხვევებს ვაწყდებით რესტორნების, სწრაფის კვებისა და საკონსულტაციო მომსახურების სფეროებში, სადაც უკიდურესად დაბალი ხელფასის გამო მუშაობენ ახალგაზრდები, რადგან 20-34 წლამდე ახალგაზრდების თითქმის 50% დაუსაქმებელია და დამქირავებლებს არ აქვთ ერთმანეთში კონკურენციის პრობლემები, რადგან დასაქმებულებს ადვილად ჩაანაცვლებენ. სწორედ სწრაფის კვების ობიექტებზე ჩატარებულმა დეივიდ ქარდის და ალან კრუეგერის ცნობილმა კვლევამ გვიჩვენა, რომ მინიმალური ხელფასის ზრდამ ნიუ ჯერსიში და პენსილვანიაში არ გამოიწვია დასაქმების შემცირება. საქართველოში არსებული მონოპსონიების და ოლიგოპსონიების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მინიმალური ხელფასის გარკვეული რაოდენობა, არათუ შეამცირებს დასაქმებას ეკონომიკის გარკვეულ დარგებში, არამედ პირიქით – დადებითად იმოქმედებს მასზე.
ზემოთ განხილული თეორიული პროგნოზის დამადასტურებელი კვლევის წარმოება საქართველოში შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვახდენეთ მინიმალური ხელფასის ნელი და თანმიმდევრული წესით იმპლემენტაციას. თავდაპირველად შესაძლებელია მინიმალური ხელფასის გაზრდა ნომინალური საშუალო ხელფასის 20%-მდე (მსოფლიოს ბანკის რეკომენდაციით), რაც დაახლოებით 188 ლარს შეადგენს. თუ გამოვაკლებთ საშემოსავლოს 20%-ს, მივიღებთ 150 ლარს – საშუალო პირის საარსებო მინიმუმს. შემდეგ კი, ის გაიზრდება 30%-მდე და შეადგენს 282 ლარს (დარიცხული), რის შედეგადაც ის იქნება ხანდაზმულობის პენსიაზე და საარსებო მინმუმზე ოდნავ მაღალი. რა თქმა უნდა, ეს არ არის საბოლოო მიზანი. როგორც უკვე აღვნიშნე, საჭიროა მოხდეს დაკვირვება მინიმალური ხელფასის გავლენებზე სხვადასხვა ეკონომიკურ ინდიკატორზე, მათ შორის დასაქმებაზე და შესაბამისად მოხდეს მისი კვლავ გაზრდა. მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ხელფასი არ წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას სიღარიბესთან საბრძოლველად, ერთ-ერთი უახელსი კვლევის მიხედვით (2019), მხოლოდ ზემოთ მოყვანილი რაოდენობის მინიმალური ხელფასის დაწესება 224-463 ოჯახს დააძლევინებს უკიდურეს სიღარიბეს საქართველოში.
გარდა დასაქმებისა და შემოსავლებისა, მინიმალურ ხელფასს, ასევე აქვს გავლენა სხვა მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფაქტორებსა და ინდიკატორებზე. მაგალითად, მინიმალური ხელფასი დადებითად მოქმედებს დასაქმებულების პროდუქტიულობაზე, მოტივაციაზე და ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც დადებითად აისახება შრომის ეფექტიანობაზე და მაშასადამე ბიზნესზე. პროდუქტიულობის გაუმჯობესება ასევე მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის. გაზრდილი მინიმალური ხელფასის გამო, დამსაქმებელი ეცდება უფრო ეფექტურად გამოიყენოს შრომითი რესურსები, რის შედეგადაც გაუმჯობესდება დასაქმებულ პირთა სტაბილური დასაქმება და შემცირდება მათი განთავისუფლების მაჩვენებლები, შეიქმნება არასრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილები, მეტი ყურადღება დაეთმობა დასაქმებულების უნარ-ჩვევების განვითარებას, გაუმჯობესდება შრომატევადი სამუშაო პროცესები და დაინერგება ზოგადად ეფექტიანობის გაზრდისაკენ მიმართული პოლიტიკა და ტექნოლოგიები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხელფასების სახით გაზრდილი შემოსავლები, ნიშნავს გაზრდილ მოთხოვნას. მოთხოვნა კი ეკონომიკური ზრდის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.
ყურადღება მისაქცევია ის ფაქტიც, რომ მინიმალური ხელფასი კარგი (თუმცა არა საუკეთესო) საშუალებაა ეკონომიკური უთანასწორბის შესამცირებლად, რაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. აქვე დავამატებ, რომ სწორედ ეკონომიკური უთანასწორობა გახლავთ მემარჯვენე პოპულისტური ჯგუფების ზრდის და პოპულარიზაციის მთავარი საფუძველი. მინიმალუხი ხელფასი ნაწილობრივ დაგვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაშიც.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.