ბანკებს გადახდისუუნარო კლიენტებზე სესხების გაცემა ეზღუდებათ
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და კომერციულ ბანკებში ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ხელშეწყობის მიზნებისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ცვლილებები შევიდა “კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებაში”. აღნიშნული ცვლილებებით იზღუდება მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა. კერძოდ, ასეთი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.
„ბოლო წლებში შინამეურნეობების დავალიანება მაღალი ტემპით იზრდება, და, რაც არანაკლებ საყურადღებოა, მზარდია იმ ფიზიკური პირების დაკრედიტება, რომელთაც შემოსავლებთან მიმართებაში ვალის მაღალი ტვირთი აქვთ. ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებში ხდება საცალო დაკრედიტების ბიზნეს მოდელის ისეთი ცვლილება, რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობს შემოსავლების წყაროს და ხდება რისკის მართვისათვის სხვა მახასიათებლებზე ყურადღების გამახვილება. აღნიშნული ხშირად საშულებას იძლევა მაღალი რისკი აისახოს ფასში, თუმცა მაღალი ფასი არ იწვევს მოწყვლადი ჯგუფებიდან მსგავს პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებას. აღნიშნული იწვევს მატერიალურ ხარვეზებს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის კუთხით. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში, სესხები გაიცემა ისე, რომ არ ხდება მსესხებლის შემოსავლებისა და გადამხდელუნარიანობის სათანადო შესწავლა. ამასთან, ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მსესხებლების დიდ ნაწილს არ უფიქსირდება დასაქმებით ან სხვა ფორმის წყაროდან მიღებული შემოსავალი, და ასეთი მსესხებლების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე აქვთ მიმდინარე ვადაგადაცილება არსებულ ვალდებულებებზე. ვალაუვალ მსესხებელს კი, როგორც წესი, ეზღუდება წვდომა საბანკო ანგარიშზე და პოტენციური სამართლებრივი აღსრულების შიშით, უმცირდება ფორმალური დასაქმების მოტივაცია, რაც პრობლემას წარმოადგენს მთლიანად ეკონომიკისთვის. ამასთან, უარესდება მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალური მდგომარეობა. 2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს შეეზღუდებათ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტად. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებს, უზრუნველყოფის ღირებულების ფარგლებში. ამასთან, მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-ს და სესხის გაცემისას, სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი (Loan to Value Ratio) არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი რეგულაციის გაცხადებამდე, საკრედიტო ორგანიზაციებსა და კლიენტებს შორის დავალიანების ზრდაზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა. მამუკა ბახტაძე ქვეყანაში ჭარბვალიანობას ძალიან სერიოზულ პრობლემად მიიჩნევს, მისი თქმით, ეს მიუღებელი მდგომარეობაა და რეგულაციებით უნდა გამოსწორდეს.
“ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალების ფიკუსირება ხდებოდა, რათა მოსახლეობას შემოსავლების დადასტურების გარეშე მიეღო სესხები. ეს ერთგვარ მოდად იქცა, შემდეგ ტრენდად და შედეგად მივიღეთ ჭარბვალიანობის სერიოზული პრობლემა, როცა მოსახლეობის მსხვილ ჯგუფებს უწევთ თავიანთი განკარგვადი შემოსავლის დიდი ნაწილის მიმართვა ვალდებულებების დასაფარად“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, აუცილებელია დაწესდეს ახალი თამაშის წესები, განისაზღვროს დოკუმენტი, კონკრეტული ზღვრების მითითებით, თუ განკარგვადი შემოსავლის რა პროცენტი შეიძლება იქნას მიმართული კრედიტის მომსახურებაზე. “მე ვიქნები ძალიან პრინციპული, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული კითხვები, მათ შორის მწვავე ხასიათისაც. გვაქვს კონსულტაციები, რომ ამ კითხვებს გაეცეს კონკრეტული პასუხები ისე, რომ ძალიან მოკლე ვადაში გადავდგათ ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ ერთი მხრივ უნდა შევამციროთ ჭარბვალიანობა და მეორე მხრივ გავაკეთოთ პრევენცია, რომ მომავალში ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარ დადგეს,“ – განაცხადა ბახტაძემ.
აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციით, მთლიანად არ იკრძალება შემოსავლის დაუდასტურებლად სესხის გაცემა, ბანკებს კვლავ შეეძლებათ საზედამხედველო კაპიტალის 25% მსგავსი ტიპის კრედიტებზე მიმართონ. თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ საბანკო სფეროს საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 5,2 მილიარდ ლარს შედგენს, გამოდის, რომ ბანკებს 1,3 მილიარდი ლარის ოდენობის სესხის გაცემა შეეძლებათ შემოსავლების დაუდასტურებელ კლიენტებზე. დღესათვის, ქართული ბანკების მიერ გაცემული სესხების ოდენობა 22 მილიარდი ლარია, საიდანაც 3,5 მლრდ. ლარი მოკლევადიანი, ხოლო 17,9 მლრდ. – გრძელვადიანი კრედიტია. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელუნარიანობის შეუსწავლელად უმეტესწილად მოკლევადიანი კრედიტები გაიცემა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებულია, ხოლო აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ძვირფასი ქვებითა და ლითონებით ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებს. შესაბამისად, ბანკებს 25%-იანი „ხვრელი“ მისცემს სრულ თავისუფლებას, რომ გასცენ მოკლევადიანი, მაღალპროცენტიანი კრედიტები შემოსავლების დადასტურების გარეშე. დღეის მონაცემებით, ბანკებს მთლიანი მოკლევადიანი კრედიტების დაახლოებით 37%-ის გაცემა შეეძლებათ ამ რეგულაციის გვერდის ავლით, შესაბამისად ეს ცვლილებები ბანკების ცხოვრებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ მოახდენს. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები 18 აპრილს გამოქვეყნდა, ხოლო ძალაში 7 მაისს უნდა შევიდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეროვნულ ბანკს კომერციული ბაკებისთვის ასეთი მცირე დრო მიეცა რეგულაციებზე მოსარგებად. ანუ, ბანკები უკვე აკმაყოფილებენ ამ ნორმას, შესაბამისად მათ ზედამხედველობის ახალი წესები პრობლემებს არ შეუქმნით.
ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა გზირიშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების შემდგომ, გარკვეულ მსხვილ ბანკებს უკვე მოუწევთ გადახედონ თავიანთ საკრედიტო პოლიტიკას.
“ბუნებრივია, შემოსავლების გარეშე გაცემული სესხების გარკვეული რაოდენობა ბანკებს აქვთ. ამ კუთხით ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვა, რომ ასეთი ტიპის სესხები არ უნდა იყოს საზედამხედველო კაპიტალის 25%-ზე მეტი. ამ მხრივ, ზოგიერთი დიდი კომერციული ბანკები ლიმიტთან ახლოს არიან და მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ დაკრედიტების პოლიტიკას”, – აცხადებს ლაშა გზირიშვილი.
მოკლედ რომ განვმარტოთ, ზემოთ აღნიშნული რეგულაცია არსებული მდგომარეობის გამოსწორებას ვერ უზრუნველყოფს, იგი შეზღუდავს მომავალში სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას. თუმცა, თუ იმ ფაქტზე ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ჭარბვალიანობა უკვე მაღალ ნიშნულზეა და იგი გამოსწორებას საჭიროებს, ამ პარიტეტის დატოვება გაუგებარია. რა აზრი აქვს ისეთი რეგულაციის დაწესებას, რომელიც არაფერს შეცვლის, უბრალოდ ბანკებს უბიძგებთ იგივე პოლიტიკის შენარჩუნებისკენ?! თუ მიზანი არსებული მდგომარეობის შენარჩუნება იყო, საერთოდ რომ არ დაეწესებინა ეროვნულ ბანკს აღნიშნული შეზღუდვა არაფერი შეიცვლებოდა, იქნებ მომავალში ბანკები არც აპირებდნენ იმ მიმართულებით საკრედიტო პოლიტიკის განვითარებას, რის პრევენციასაც სებ-ი ახდენს.
ერთის მხრივ კარგია, რომ ცენტრალური ბანკი აანალიზებს ქვეყანაში საკრედიტო სფეროში არსებულ მდგომარეობას, თუმცა რეგულაციები უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა საზოგადოების თვალის ასახვევად. გაუგებარია სებ-ის პოლიტიკა, თუ იგი მიიჩნევს, რომ კრედიტების გაცემა გადამხდელუუნარო მოქალაქეებზე ცუდი პრაქტიკაა, მაშინ რატომ ტოვებს საზედამხედველო კაპიტალის შესაბამის 25%-იანი „ხვრელს“?! სწორედ ასეთი ტიპის არაფრისმომცემი რეფორმების შედეგია ის, რომ ცენტრალური ბანკი არ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს და საბანკო სფეროზე საუბარს ფინანსთა მინისტრი წარმართავს, ხოლო სებ-ს სტატისტის როლშია. ბოლო წლებში ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმები საბანკო სფეროში არსებული მდგომარობის გამოსაწორებლად არაფრის მომტანი გამოდგა, რადგან მათი უმეტესობა იყო ზედაპირული და არ იყო პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული. შედეგად, საბანკო სფეროსა და მომხმარებელს შორის არსებული პრობლემები უფრო გამწვავდა. თუ ეს საკითხები არ გადაიჭრა, თუ დღეს მხოლოდ რამოდენიმე პოლიტიკოსი საუბრობს ამ პრობლემების აღმოფხვრის აუცილებლობაზე, 2-3 წელიწადში ყველა პოლიტიკური ძალის მთავარი თემა გახდება.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.