რა შედეგებს მოიტანს მცირე მეწარმეებისთვის დაწესებული შეღავათები

500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მცირე საწარმოებს 5%-ის ნაცვლად 1%-იანი ბრუნვის გადასახადი ექნებათ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცირე მეწარმეებისთვის დაწესდება დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი: 5-ჯერ შემცირდება ბრუნვის გადასახადი, რომელიც 5%-ის ნაცვლად 1% იქნება. გარდა ამისა, შეიცვლება საწარმოს ზომის განსაზღვრის კრიტერიუმიც. დღეს თუ მცირე მეწარმედ ითვლება წელიწადში 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, შეღავათიანი რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მცირე საწარმოდ ჩაითვლება 500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო.

მთავრობამ მცირე ბიზნესისთვის ბრუნვის გადასახადის შემცირების პარალელურად სხვა ცვლილებებიც დააანონსა. ხელისუფლების წარმოდგენილი საგადასახადო ინიციატივები, სავარაუდოდ, 120 ათას მცირე მეწარმეს შეეხება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ინიციატივის მიზანია “ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას, რათა მთლიან ეკონომიკაში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი”. ამის პარალელურად იგეგმება “დამატებითი ბუღალტერიის წარმოების ვალდებულებისა” და საავანსო გადასახადების გაუქმება. ერთ-ერთი ინიციატივა შეეხება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გათავისუფლება დამატებული ღირებულების გადასახადისგან. ხელისუფლება გეგმავს მანქანების რეექსპორტის ხელშეწყობას. გარდა ამისა, საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმის ვადა 2023 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს.

საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო წარმოების განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად 2016 წელს გამოაცხადა, როცა დაამტკიცა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია, რომლის მიზანია: ა) 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით; ბ) 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა 15%-ით; გ) 2020 წლისთვის მწარმოებლურობის ზრდა 7%-ით.

საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს მცირე და საშუალო საწარმოებზე მთლიანი ბრუნვის მხოლოდ 9-9 პროცენტი მოდიოდა (ვითარება დიდად არ შეცვლილა 2017 წლის პირველ სამ კვარტალშიც). არადა, საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ საგადასახადო ტვირთის შემცირება რადიკალურად შეცვლის ვითარებას.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება მართლაც მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობაში დაკავებული ადამიანებისთვის, მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 15 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ეკონომისტები დადებითად აფასებენ მთავრობის ახალ ინიციატივებს, განსაკუთრებული პოზიტიური გამოხმაურება მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებამ გამოიწვია. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საგადასახადო შეღავათები მცირე ბიზნესის სექტორის განვითრებისთვის არაა საკმარისი.

„ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის წარმატება გადის საშუალო და მცირე ბიზნესზე. აშშ-ში, რომელიც მსოფლიოს გიგანტი კომპანიების სამშობლოა, ეკონომიკის ნახევარზე მეტს მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის. არ მინდა არანაირად დავაკნინო მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უფრო საფუძვლიანი ცვლილებები ჭირდება“, – აცხადებს ეკონომისტი ვაჟა ბერიძე.

ვაჟა ბერიძის პოზიციით, ფინანსებზე წვდომა და კვალიფიციური სამუშაო ძალა, ეს არის ის ფუნდამენტური პრობლემები, რომელთა მოუგვარებლად ეკონომიკის განვითარებაზე არც უნდა ვიოცნებოთ.

„ფინანსებზე წვდომა და კვალიფიციური სამუშაო ძალა, ეს არის ის ფუნდამენტური პრობლემები, რომელთა მოუგვარებლად ეკონომიკის განვითარებაზე არც უნდა ვიოცნებოთ… ქვეყანაში ბანკების გარდა პრაქტიკულად, არ არსებობს ფინანსების გადამანაწილებელი სტრუქტურა, ამ მიმართულებით ყველაზე მეტი სიმწვავე გვაქვს, თუმცა გამოსწორების მცდელობა ყველაზე ნაკლები. ზოგადად, მიმაჩნია, რომ გადასახადების საკითხს გადაჭარბებულად ვაფასებთ. მხოლოდ დაბალი გადასახადები და მარტივი კოდექსი არ არის ეკონომიკური წარმატების გასაღები, ვინც ასე ფიქრობს, ის აკნინებს ეკონომიკას, როგორც მეცნიერებას. გადასახადები მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ სხვა კომპონენტებთან ერთობლიობაში. მერწმუნეთ, სულ რომ გავანულოთ ყველა გადასახადი და არ მივხედოთ ფინანსებზე წვდომის პრობლემას და განათლებას, ეკონომიკური მდგომარეობა დიდად არ შეიცვლება. თუ ადამიანს არ აქვს ბიზნესის კეთების უნარები და არ აქვს ფულზე წვდომა, გადასახადის შემცირება მისთვის რა შეღავათია“, – განაცხადა  ბერიძემ.

დადებითად აფასებს მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას სოსო არჩვაძეც. ეკონომისტის თქმით, მთავრობის ინიციატივა აუცილებლად გაზრდის სამეწარმეო აქტიურობას, რაც, ადრე თუ გვიან, გამოიწვევს მეტი დამატებული ღირებულებისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ყოველივე ამას კი მოჰყვება მეტი გადასახადის აკუმულირება ბიუჯეტში, თუმცა სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ უფრო ეფექტიანი იქნებოდა გადასახადების დიფერენცირება დარგების მიხედვით და შეღავათების დაწესება იმ ბიზნესისთვის, რომელიც აგრო-სასურსათო პროდუქციის გადამუშავებით არის დაკავებული.

მცირე მეწარმეობის განვითარებაზე აკეთებს აქცენტს ახალი ბიზნესობმუდსმენიც. „განსაკუთრებული მნიშვნელობა, ვფიქრობ, რომ უნდა გავამახვილო მცირე ბიზნესის გაერთიანებებზე, რადგან იქაც საკმაოდ ბევრი ბიზნეს სუბიექტია თავმოყრილი, სადაც ბუნებრივია, თავს იყრის ყველა ის პრობლემატიკა, თუ ყველა ის საკითხი, რომელიც შეიძლება შემდეგ დამისამართებული იქნას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან“, – აღნიშნავს ირაკლი ლექვინაძე.

მცირე ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის შემცირებას ეკონომისტების სრული უმრავლესობა დადებითად აფასებს. თუმცა რამდენად იქნება ეს საკმარისი ამ სფერო წარმატებული განვითარებისთვის ეს სხვა საკითხია. თუ გავითვალისწინებთ იმ პრობლემებს რასაც საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეები წლების განმავლობაში ხვდებიან, საგადასახადო ტვირთი ტოპ სამეულშიც ვერ მოხვდება. ყველაზე მეტად დღეს მცირე ბიზნესს ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა, ეკონომიკური განათლება და კონკურენციის დაბალი დონე აფერხებს. თუ მთავრობამ ამ პრობლემების მოგვარებაზეც არ იზრუნა მხოლოდ საგადასახადო შეღავათებით ფონს ვერ გავალთ და კიდევ წლები მოგვიწევს მსხვილ მეწარმეებს შორის გადანაწილებულ ეკონომიკაში ცხოვრება. რაც შედეგად უთანასწორობის ზრდას და ეკონომიკური სარგებლის არათანაბარ გადანაწილებას იწვევს.