ვიქტორ ყიფიანი – იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგურის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი. ვიქტორ ყიფიანი აღიარებულია, როგორც საქართველოში ერთ–ერთი წამყვანი კერძო სამართლის იურიდიული პრაქტიკოსი ყველა ძირითად საერთაშორისო ცნობარებისა თუ პუბლიკაციების მიხედვით, მათ შორის IFLR, Chambers Global, Chambers Europe, Who’s Who Legal და The Legal 500–ის მიერ. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ასევე ფლობს დოქტორის ხარისხს ვაშინგტონის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან, სამართლის მაგისტრის ხარისხს ექსეტერის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი).
საწყისი დათქმები
აქვს თუ არა საქართველოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკა? რა არის მისი ძირითადი თეორიული თუ იდეოლოგიური ბაზისი? როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ფორმაციის განვითარება მსოფლიო ეკონომიკური ურთიერთობების სწრაფი ტრანსფორმაციის ფონზე? ამ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად ხშირად მოვიშველიებთ სხვადასხვა სამთავრობო პროგრამებისა თუ გამოსვლების ტექსტებს ან ამონარიდებს. ასევე, ზოგჯერ მცდელობაა იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები ამა თუ იმ თეორიულ სწავლებას თუ იდეოლოგიას მივუსადაგოთ და ისე ვიპოვოთ დაგროვილ გამოწვევებზე სწორი რეაგირების მექანიზმები. ბუნებრივია, ყოველი ასეთი მცდელობა ანალიზისათვის საინტერესოა. მაგრამ, აუცილებლად აღსანიშნია ის საკვანძო გარემოება, რომ თანამედროვე ეკონიმიკური მოდელები, – ცალკეული გამონაკლისების გარდა, – იშვიათად თუ ესადაგებიან უკვე კარგად ნაცნობ ეკონომიკურ დოგმებს, ხოლო კიდევ უფრო ხშირად ამგვარი დოგმების სახეცვლილ პროდუქტს წარმოადგენენ. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ წამოჭრილ საკითხებზე პასუხების გაცემა სწორედ რომ მიმდინარე ტენდენციებისა და რეალიების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. აქვე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ სტატიაში საუბრის საზომად მხოლოდ თავისუფალი სამყაროს ქვეყნების ეკონომიკური პრინციპებია მიღებული, ვინაიდან, სწორედ ეს პრინციპებია ჩვენი ქვეყნისათვის საინტერესო მისი არჩევანის განსაზღვრისას.
ტრადიციული დიქოტომია
ძირითადი თეორიული მოდელების სიმრავლის მიუხედავად, მათი კლასიფიცირება ორ დიდ ჯგუფადაა შესაძლებელი: ერთია ის ჯგუფი, რომელიც ეკონომიკურ ურთიერთობებში სახელმწიფოს დომინანტ როლს ანიჭებს უპირატესობას და მიჩნეულია, რომ სამეურნეო აგენტებს შორის საჯარო ინსტიტუტების მარეგულირებელი ფუნქცია უფრო მეტი ხარისხითაა გამოსაკვეთი, ხოლო, მეორეა ის ჯგუფი, რომელიც უპირატესობას პრაქტიკულად შეუზღუდავ საბაზრო ურთიერთობებს ანიჭებს და თვლის, რომ ბაზარმა მეტწილად თვითონ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, უნდა დაარეგულიროს არსებული ურთიერთობები. საინტერესოა, რომ მიუხედავად ამ ორ დიდ ჯგუფს შორის პრინციპული განსხვავებისა, მათ, ამავდროულად, ერთი რამ აერთიანებს: ორივე მიზნად აცხადებს თავისუფალი საზოგადოების პირობებში მოქალაქის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის სრულად რეალიზებისათვის შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ საერთო მიზანში დაახლოვების, რომ ამ ორ ჯგუფს შორის პრინციპული სხვაობა თანდათანობით იშლება და მათ ერთგვარი შერეული, სინერგიაზე აღმოცენებული მოდელები ანაცვლებენ, როგორც ეკონომიკური ცხოვრების ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა. არსებობს შეხედულება, რომ ასეთი სინერგიის პირობებშია შესაძლებელი, თანამედროვე სახელმწიფომ ყველაზე უკეთ განახორციელოს საჯარო სერვისები და უზრუნველყოს სოციალური სტაბილურობა. ამ პროცესში ხელისუფლება თანაბრად მოახერხებს იმასაც, რომ არ დაირღვეს ფაქიზი წონასწორობა გამოხატვისათვის აუცილებელ ინდივიდუალიზმსა და ეფექტიანი მართვისათვის საჭირო უმრავლესობას შორის; რომ უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელი კანონის უზენაესობა, წარმომადგენლობითი დემოკრატია და საბაზრო ურთიერთობებში შეჯიბრობითობა.
აღსანიშნავია, რომ შერეული ეკონომიკური მოდელის ნაირსახეობამ არამარტო თეორიაში, არამედ პრაქტიკაშიც ჰპოვა ადგილი. მეტიც, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამ მოდელის სტატიკაში მუდმივი არსებობა და იგი მუდმივად მოდიფიცირებს შეცვლილი გარემოებების ადაპტაციის საპასუხოდ. ამგვარი ადაპტაციისა თუ მოდიფიცირებისას, აუცილებელი პირობაა თეორიული დოგმებისგან და იდეოლოგიური შეზღუდვებისგან განთავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შერეული მოდელი დაკარგავს მოქნილობას და ვერ შეასრულებს დაკისრებულ მისიას. მეტიც, – შერეულ მოდელში თანაბრად უნდა აისახოს როგორც “პრორეგულატორული” (სახელმწიფოს ზომიერი ჩარევის), ისე “პროსაბაზრო” (თავისუფალი ეკონომიკური არსებობის) საუკეთესო გამოცდილება. ამ მოდელის ხიბლი ისიცაა, რომ მან ყველაზე უკეთ შეიძლება შეუწყოს ხელი ძლიერი, ინოვაციური და დინამიური სახელმწიფოსა და ასევე ძლიერი, ინოვაციური და დინამიური ბაზარის თანაარსებობას. ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკის სწორი და თანაბარი განვითარებისათვის ამ ორი პრინციპის წარმატებული ურთიერთქმედება საზოგადოებრივად ჯანსაღ ინტერესს წარმოადგენს და ამ პრინციპების განცალკევება ან ჩანაცვლება დაუშვებელია.
მეტი კონკრეტიკა
ამ სტატიაში განხილული საკითხი მხოლოდ ეკონომიკური შინაარსის როდია და იგი ორგანულად უკავშირდება პოლიტიკურ-სამართლებრივ მოწყობასა და მდგრადობას. ისტორია და დღევანდელობა გვიჩვენებს, რომ ჩაკეტილი მოდელები განწირულია სიღარიბისა და უპერსპექტივობისათვის. ფაქტია ისიც, რომ ბოლო წლებში მომძლავრებულმა პოპულიზმმა კრიტიკულ რევიზიას დაუქვემდებარა განუსაზღვრელი საბაზრო ურთიერთობების ეფექტიანობა ფართო საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და თანაბარი განვითარების თვალსაზრისით. ხოლო, ბოლო რამდენიმე ათწლეულის დაუოკებელმა “კორპორატიულმა ეგომ განაპირობა ეკონომიკური საქმიანობის მატერიალური შედეგების არათანაბარი გადანაწილება, მდიდრებსა და ღარიბებს შორის ქონებრივი უფსკრულის ზრდა, საშუალო ფენის შეთხელება და, არსებითად, სახვალიო ეკონომიკურ-სოციალური გარანტიების მოშლა. ამავე პროცესის გამოძახილია მოქალაქეთა მხრიდან საჯარო ინსტიტუტებისადმი უნდობლობა, სახელმწიფოსგან მათი გაუცხოვება და მასთან ხშირად ღია კონფრონტაციაც კი. საჭირო გახდა თანამედროვე სახელმწიფოს როლის გადააზრება, ისევე როგორც ე.წ. ორთოდოქსული მოდელების (“პრორეგულატორული” და “პროსაბაზრო”) ავკარგიანობის უკეთ შეფასება ალტერნატივების ძიების მიზნით. ერთერთ ალტერნატივად შერეული ეკონომიკური მოდელის “კეთილდღეობის სახელწმიფოს” (welfare state) ვარიანტი სახელდება. ეს ვარიანტი განსაკუთრებით საყურადღებო გახდა ჩრდილოეთ ევროპაში მასზე დაკვირვების შედეგად (“ნორდიკული მოდელი”).
“კეთილდღეობის სახელმწიფო”
თავისუფალ ეკონომიკაზე საუბრისას, პირველივე რაც აზრად მოდის ესაა მცირე მთავრობა, რაციონალური საბიუჯეტო ხარჯი, თითქმის სრულად პრივატიზება და, ალბათ, მინიმალური გადასახადებიც. თუმცა, ფაქტობრივი მდგომარეობა ზოგან საპირისპირო შეიძლება იყოს. მაგალითად, სკანდინავიური ქვეყნები რეალურად მაღალი გადასახადებით გამოირჩევიან, დანიის ბიუჯეტს საგრძნობი ხარჯვის ტვირთი აქვს, ხოლო ნორვეგიაში მთელი რიგი სახელმწიფო აქტივების მესაკუთრეა სახელმწიფო. ამდენად, დაბალი გადასახადები როდი გამოდგება უტყუარ საზომად ქვეყანაში ეკონომიკის თავისუფლების შესაფასებლად, არამედ საკვანძო საკითხია, თუ რამდენად სრულფასოვნად ახერხებს მოქალაქე ეკონომიკური და სოციალური უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას. სხვა სიტყვებით, თუ რამდენად ინკლუზიურია ქვეყნის ეკონომიკური მოწყობა და რამდენად სამართლიანია იგი ეკონომიკური საქმიანობის ნაყოფის გადანაწილებისას. კეთილდღეობის ეკონომიკური მოდელიც სწორედ იმითაა ფასეული, რომ მისი მთავარი მახასიათებელი სოციალური სამართლიანობაა, რაც განაპირობებს იმას, რომ არ მოხდეს სახელმწიფოსგან ადამიანის გაუცხოვება, შრომითი რესურსი გამოყენებული იქნას სწორი დანიშნულებით, ხოლო ეროვნული პროდუქტის გადანაწილება იყოს სამართლიანი და დაბალანსებული. აქვე ხაზგასასმელია, რომ ეროვნული პროდუქტის გადანაწილებას, ბუნებრივია, უპირველესად მისი შექმნა სჭირდება. ეს კი შეუძლებელია საბაზრო ეკონომიკის პრინციპების მოხმობის გარეშე. საქმე ისიცაა, რომ სწორედ ამ პრინციპების გამოყენებით მიღწეული ეკონომიკური ზრდა თუ ჩაუყრის საფუძველს კეთილდღეობის მოდელისათვის დამახასიათებელ სოციალურ სამართლიანობასა და სტაბილურობას. ამდენად, ასეთ მოდელზე მსჯელობისას საყოველთაო შეთანხმების და ძალისხმევის ობიექტი უნდა გახდეს თავისუფალი ეკონომიკისათვის აუცილებელი ღირებულებების პრაქტიკული დამკვიდრება, რომელთა შორისაა: სამოქმედო ბაზარზე სუბიექტის დაუბრკოლებელი შეღწევა და ბაზრიდან გასვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ადამიანური რესურსების შეუზღუდავი ბრუნვა, სამუშაოს არჩევის უფლება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თავისუფლება, სამართლიანი კონკურენცია, ინვესტიციების თავისუფლება და მრავალი სხვა, რაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის – ისევე როგორც თავისუფალი საზოგადოების – საძირკველს ქმნის.
ასეთ კომპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფი სისტემის შესაქმნელად და თანმდევი საზოგადოებრივი შეთანხმების აღსასრულებად სახელმწიფოს როლი შეუცვლელია. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ მას აქვს ის აუცილებელი რესურსი, რომ თავსებადი გახადოს, თავისუფალი და საბაზრო ეკონომიკა სოციალური სამართლიანობისა და საზოგადოებრივი სოლიდარობის ერთიან საზღვრებში მოქცევა. ბუნებრივია, რომ უმთავრესად ამ როლის შესრულება კანონშემოქმედებით ხდება. ეს მხოლოდ სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ფუნქციაა, რაშიც მას ვერავინ სხვა ვერ ჩაანაცვლებს. ამ საქმეში ჩამნაცვლებლად ვერც “თვითრეგულირებადი” ბაზარი გამოდგება, ისევე როგორც ამ წესების დაცვის მედიატორისა და არბიტრის ფუნქციას ბაზარი სრულფასოვნად ვერ შეასრულებს. მიგვაჩნია, რომ საკმაოდ რისკიანია ასეთი წესების შემუშავება და დამკვიდრება მხოლოდ ე.წ. “თავისუფალ ცურვაში” მყოფ ეკონომიკას მივანდოთ; ასევე არასწორი იქნება დავიჯეროთ, რომ საბაზრო ურთიერთობების აგენტები დამოუკიდებლად მოახერხებენ თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობებისათვის აუცილებელი წინაპირობების უზრუნველყოფას. ამ სიტყვების დასტურად მსოფლიოში მიმდინარე არაერთი პროცესისა თუ მოვლენის დასახელებაა შესაძლებელი (განსაკუთრებით 2008 წლიდან მოყოლებულ პერიოდში).
ამდენად, კეთილდღეობის ეკონომიკური მოდელის ძირითადი მიზანიც კერძო და საჯარო ინტერესებს შორის სწორი ბალანსია, რაც ადექვატური ქცევის წესების დამკვიდრებით მიიღწევა. ცხადია, ამ შემთხევაში საუბარი არ არის ეკონომიკურ ცხოვრებაში უნაკლო ჰარმონიაზე, მაგრამ შესაძლებელია ყველაზე მეტი წინაპირობის მიღება ქვეყნის პოტენციალის ზრდისა, კომპანიების მოგების მატებისა, მოქალაქეთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და, ამით, ინკლუზიური და სამართლიანი გარემოს შექმნა. ამიტომაცაა, რომ წესების შემუშავების პროცესში ყველა მონაწილე უნდა აღიჭურვოს მაქსიმალური პასუხიმგებლობით, რამეთუ რეგულირების როლი დესტრუქციულად ინტერვენციული არ გახდეს. ასეთი შედეგის პრევენცია საკუთრივ სახელწიფო ხელისუფლების ფორმირებისა და გადაწყვეტილებათა მიღების წესებზეა დამოკიდებული. ამ გარემოების გათვალისწინებით, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დემოკრატიის ხარისხი და დემოკრატიული მმართველობა კეთილდღეობის ეკონომიკური მოდელის განუყოფელ და სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობაა. მის გარეშე, ეს მოდელი ვერ შედგება, რადგან სწორედ სრული დემოკრატიის შემთხვევაშია შესაძლებელი საბაზრო ეკონომიკასა და სოციალურ სამართლიანობას შორის იმანენტური კონფლიქტის მშვიდობიანი მართვა. ისევე როგორც დემოკრატიულობის ელემენტი სძენს კეთილდღეობის მოდელს ცვალებადი გარემოსადმი საჭირო ადაპტაციის უნარს. ასეთი უნარი განსაკუთრებულია ე. წ. “შემოქმედებითი რყევის” დროს ანუ მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ძველის და რეტროგრადულის დემონტაჟი და მისი ახლითა და პროგრესულით ჩანაცვლება (მაგალითად, სავაჭრო კონიუნქტურაში ძირეული ცვლილება ან ადამიანური რესურსის ავტომატიზებული ტექნოლოგიებით შეცვლა).
საინტერესოა, თუ რამდენად შესაძლებელია ქართული “კეთილდღეობაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკური მოდელის” ქართული ანალოგის შექმნა. ან გვჭირდება კი საერთოდ ასეთი მოდელი?
ქართული “შერეული” ეკონომიკური მოდელი?
ვფიქრობთ, საკითხზე მსჯელობისას რამდენიმე პრინციპის შეუვალობაა გასათვალისწინებელი:
პირველი – საბაზრო ეკონომიკა და დემოკრატიული მმართველობა ერთად მოიაზრება და ერთის არსებობა მეორეს გარეშე დაუშვებელია.
მეორე – დემოკრატიულ მმართველობას, ისევე როგორც საბაზრო ეკონომიკას, ქცევის წესების სათანადო ფორმატი სჭირდება; როგორც მავნეა “აბსოლუტური” საბაზრო ეკონომიკა , ასევე საზიანოა ანგარიშვალდებულებისგან თავისუფალი მმართველობა. სასურველია ისიც, რომ დემოკრატიის წესები იყოს გასაგები და გამოსაყენებლად იოლი. სხვაგვარად, მართვის მოდელი დამძიმდება და დემოკრატიისათვის აუცილებელი სისადავე და ღიაობა გაიფანტება. შედეგად კი დაიკარგება ის უპირატესობები, რომელთა ძალით “დემოკრატია ყველაზე უარესი ფორმაა მათ გარდა, რაც კი აქამდე უცდია კაცობრიობას”,
მესამე – ეკონომიკური ქცევის წესების გამარტივება პირდაპირი გაგებით არ ნიშნავს ხელაღებულ დერეგულაციას, ისევე როგორც რეგულაცია ავტომატურად არ წარმოშობს ეკონომიკაში სახელმწიფოს “ინტერვენციულ” ჩარევას. საკითხის ასე გამარტივება დაუშვებელია და საზიანო. პირიქით, სწრაფ და მართებულ განვითარებას გააზრებული რეგულირება სჭირდება. მისი ალტერნატივა კი ბაზრის უთანასწორო პირობები და, ზოგან კი, ქაოსია;
მეოთხე – მიგვაჩნია რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის “გაწერისას” აუცილებელია, თავიდან ავირიდოთ ზედმეტი,უსარგებლო დეტალიზაცია, და საორიენტაციოდ მხოლოდ პრინციპების დონეზე ვიხელმძღვანელოთ. ამ მიდგომის უპირატესობაა სწრაფად ცვალებად გარემოში გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა მოქნილობა და იდეოლოგიური “იზმებისგან” თავის დაღწევა რაც შეიძლება მეტი ხარისხის ინკლუზიურობისათვის.
შესაბამისად, პრინციპების იმპლემენტაცია კი, ბუნებრივია, საკანონმდებლო აქტების აღმასრულებელი გადაწყვეტილებების საქმეა. აქაც შევნიშნავთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა ე. წ. “რბილი სამართლის” (soft law) მოთხოვნების შესატყვისი უნდა იყოს; ანუ, მისი გამოყენება უნდა ამარტივებდეს ახალი სამრეწველო მიდგომების, სერვისებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებას ეკონომიკის მეტი კონკურენტუნარიანობისათვის.
ცხადია, “რბილი სამარათალი” რთული ფენომენია და იოლი როდია ყოველთვის უშეცდომოდ განისაზღვროს, თუ რომელი ნორმა პასუხობს მის მოთხოვნებს. თუმცა, ამ პროცესშიც აუცილებელია გვახსოვდეს:
პირველი – ქართული ბიზნესი ბუნებრივად უნდა იყოს დაინტერესებული განაწილების სწორი და სამართლიანი სისტემის დამკვიდრებაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის მორალური ავტორიტეტის ზრდას;
მეორე – უნდა წახალისდეს სამეწარმეო რისკის აღება და სამეწარმეო გაბედულება;
მესამე – დასანერგია მექანიზმები ერთი ბიზნესიდან მეორეზე ან ერთი ბიზნეს ციკლიდან მეორეზე გადაწყობის ხარჯის შესამცირებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების ხანაში;
მეოთხე – მოსაფიქრებელია ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ კონკრეტული სამუშაოს დაკარგვა ხანგრძლივ უმუშევრობად არ გადაიქცეს;
მეხუთე- სოციალური შეღავათების გაცემაზე ვალდებულება უნდა დაეკისროს სახელმწიფოს და არა კონკრეტულ დამსაქმებლს ან ბიზნეს სტრუქტურას;
მეექვსე – აუცილებელია, ინოვაციებისა და ინტელექტუალური საკუთრების ხელშემწყობი გარემოს უპირობობა;
მეშვიდე: კეთილდღეობის მოდელის უმთავრესი ამოცანაა არა ღარიბთა დახმარების პროგრამების სიმრავლე, არამედ განვითარებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზება. საგულისხმოა, რომ ახლად ამოქმედებულ კონსტიტუციაში იკვეთება საბაზრო ეკონომიკისა და სოციალური სახელმწიფოებრივი მოდელის სინერგია. კერძოდ, კონსტიტუციის პრეამბულაში დეკლარირებულია ისეთი “დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება”, რომელიც “ეკონომიკურ თავისუფლებაზე” და “სოციალურ და სამართლებრივ სახელმწიფოზეა” დამკვიდრებული. შემდგომ კონსტიტუცია უფრო განვრცობილად აკონკრეტებს, რომ “საქართველო არის სოციალური სახელმწიფო” (მუხლი 5.1) და რომ “სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე” (მუხლი 5.2). მეტიც, სოციალური სოლიდარობის პრინციპთან ერთად, კონსტიტუცია საგანგებოდ აღნიშნავს, რომ “ეკონომიკური თავისუფლება აღიარებულია და უზრუნველყოფილია” (მუხლი 6.1) და რომ “სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე” (მუხლი 6.2). ვფიქრობთ, რომ ციტირებული დებულებები უკვე კარგ საფუძველს ქმნიან კეთილდღეობის ეკონომიკური მოდელის ქართული ნაირსახეობის შემდგომი ფორმირებისათვის..
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში უკვე დანერგილია არაერთი ინიციატივა თუ პროგრამა, რაც საკონსტიტუციო ნორმებს საქმედ აქცევს. ასეთი მეტად კონკრეტული ინიციატივები სხვადასხვა მიმართულებებს უკავშირდება, მათ შორის: ჯანდაცვას, განათლებას, სოციალურ და საბანკო-საფინასო სფეროს, დამწყებ მეწარმეობას და ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ამის პარალელურად ქვეყანამ შეიმუშავა სოლიდური ბაზა ბიზნესისა და საინვესტიციო საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირებისა და ხელშეწყობისათვის, რაც არაერთგზის აღინიშნა საერთაშორისო შეფასებებში. ამ მეტად კონკრეტული ღონისძიებების მიუხედავად, ჯერ კიდევ აშკარაა მწვავე დეფიციტი სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ ხედვასა და მიდგომაში. მეტის მოლოდინია, ასევე, ბიზნესისგან, რომელიც, მიზეზთა გამო, თითქოსდა გაურბის გაბედულ და ამბიციურ ინიციატივებს. სურათს ამძაფრებს ისიც, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი განზე დგას მიმდინარე პროცესისგან და საკუთარ თავს არ გრძნობს მის მონაწილედ, გულშემატკივრად. შექმნილი ვითარება გვაფიქრებინებს, რომ ყველას ერთად გვესაჭიროება ის “შემოქმედებითი რყევა”, რაც გაარღვევს ერთობ მოჯადოვებულ წრეს, პოლიტიკურ კლასსა და ბიზნესს შორის დაამკვიდრებს რეალურ და არა მოჩვენებით პარტნიორობას, საზოგადოების მინიმუმ კრიტიკულ ნაწილს ქვეყანაში მიმდინარე პროცესის რეალურ თანამონაწილედ და ბენეფიციარად აქცევს და, შედეგად, წარმატებისათვის აუცილებელ ინკლუზიურობას მოიტანს. ეს ყოველივე თავისით არ ხდება და მას მხოლოდ რეალისტური და დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკის დასახვა უსწრებს წინ. რეალიზმი და ბალანსი კი სწორედ იმაში ვლინდება. რომ დაუშვებელია ასეთი პოლიტიკის გადახრა კონკრეტული პოლიტიკური თუ ბიზნეს ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ, არამედ იგი თანაბრად უნდა ითვალისწინებდეს ამ (ხშირად ურთიერთგამომრიცხავ) ინტერესთა სიმრავლეს.
გვესმის, რომ ჩვენს პირობებში თქმა უფრო იოლია, ვიდრე გაკეთება. ამოცანის მისაღწევად საჭიროა ნება, ძალისხმევა და კომპეტენცია, ამ დროს კი, სამივე რესურსში ძალიან გვიჭირს, რაც ცალკე საუბრის თემაა. წინამდებარე სტატიის მიზანი ამ ამოცანის მიღწევის ერთერთი შესაძლო ვარიანტისე – კეთილდღეობის შერეული ეკონომიკური მოდელის გამოყენების შესახებ საუბარია. ნებისმიერ შემთხვევაში, დროა ვიცოდეთ, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების რა გზას ვადგავართ , რას უნდა ველოდოთ მისგან და ეს მოლოდინი რას მოითხოვს ჩვენგან სანაცვლოდ. ამ კითხვებზე პასუხები დროულადაა გასაცემი. პასუხებზე მსჯელობა კი წარმატებული იქნება როგორც იდეალიზმის, ისე ხედვის რეალიზმისა და პრაგმატიზმის პირობით. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ შევქმნათ საკუთარი ე.წ. „დანიისაკენ სვლის (“Getting to Denmark”) წარმატებული ქართული მოდელი.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.