პოლონეთის რესპუბლიკის ელჩის მარიუშ მაშკიევიჩის წერილი

აღნიშნული წერილით პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკევიჩი გამოეხმაურა საზოაგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსის რევაზ ქოიავას მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, პოლონური კანონი: სიმართლისგან დამალვის მცდელობა. 

 

დიდ იმედგაცრუებით და მწუხარებით, წავიკითხე ბატონი რევაზ ქოიავას  სტატია, პოლონური კანონი: სიმართლის განდამალვის მცდელობა“, რომელიც გამოქვეყნდა თქვენს ვებგვერდზე. მინდა მჯეროდეს, რომ ის უზუსტობები და დამახინჯებები, რომლებიც სტატიაშია ასახული არ იყო განპირობებული ავტორის ცუდი განზრახვით არამედ მისთვის სანდო წყაროების ხელმიუწვდომობით.  

როგორც პოლონეთის ელჩი საქართველოში, ვალდებული ვარ გავაპროტესტო სტატიის ავტორის მიერ პოლონეთის და პოლონელი ხალხის დადანაშაულება ჰოლოკოსტში თანამონაწილეობაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰოლოკოსტი იყო გერმანიის რაიხის სახელმწიფო პროექტი. მისი განხორციელება, კურსი, დრო, იარაღისა და დანაშაულის ადგილების შერჩევა იყო გერმანიის რაიხის სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებების შედეგი.  გერმანიის რაიხმა შესძლო პოლონეთის მიწაზე ჰოლოკოსტის მოწყობა მხოლოდ მას შემდეგ რაც მან დაარბია და გაანადგურა დამოუკიდებელი პოლონეთის რესპუბლიკა. პოლონეთი არ მიდიოდა რაიმე დათმობაზე, რომ დაეკმაყოფილებინა  ადოლფ ჰიტლერის მოთხოვნები. პოლონეთი პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც 1939 წელს გერმანიის რაიხის შეიარაღებულ თავდასხმას  წინააღმდეგობა გაუწია. მას თავს დაესხა ორი მეზობელი ქვეყანა –  გერმანია და სსრ კავშირი, რომელთა წინააღმდეგ სრულიად მარტოს უწევდა ბრძოლა. მოკავშირეების მიერ მიტოვებული ის განადგურებულ იქნა ორი ტოტალიტარული რეჟიმის – გერმანიისა და საბჭოთა კავშირის მიერ. გერმანიის რაიხი ეძებდა დანაშაულის თანამონაწილეებს ევროპელი ებრაელების წინააღმდეგ. ბევრმა ქვეყანამ ებრაელთა განადგურებაში  მონაწილეობა მიიღო. პოლონეთი არასოდეს დამორჩილებია  გერმანელ დამპყრობელს.  ბევრი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, პოლონეთს არასდროს უთანამშრომლია გერმანიასთან. არ შექმნილა არც ერთი მმართველობის ფორმა, რომელიც ითანამშრომლებდა გერმანელებთან, ასევე სამხედრო სტრუქტურა, რომელიც მესამე რაიხის მხარდამჭერი გახდებოდა.

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა უნდა დაიცვას ისტორიული ჭეშმარიტება. მთელი ქვეყნისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც ჩადენილ იქნა ერთეული სუბიექტების მიერ, ვინც თავისი სისუსტის, შიშის, საკუთარი ან თავისი ოჯახის სიცოცხლის გადარჩენის  ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ჩაიდინა  ღალატი და ოკუპანტთან ღია ან საიდუმლო თანამშრომლობაში იყო ჩართული, არის ისტორიული უსამართლობა. 

სტატიის ავტორის ისტორიული ფაქტების არცოდნაზე მეტყველებს ტექსტის დასაწყისი, სადაც მას შეცდომაში შეჰყავს მკითხველი  და  კანონში შესწორების შეტანის თარიღს (1 თებერვალს), ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო დღეს უკავშირებს. პოლონეთში ეს დღე  27 იანვარს ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში. თარიღი სიმბოლურია, რადგან ამ დღეს,  წითელი არმიის ჯარისკაცები უბრძოლველად შეიჭრნენ  გერმანელების მიერ სიჩქარეში მიტოვებულ  აუშვიჩ-ბირკენაუს საკონცენტრაციო  ბანაკში.

ეს ფაქტი შემდგომში გამოყენებულ იქნა საბჭოთა პროპაგანდის მიერ  ევროპაში  სტალინის იმიჯის  გასამყარებლად, როგორც ებრაელი ხალხის  დამცველის. მაგრამ სინამდვილეში  სტალინი იყო ის, ვინც ახორციელებდა კოორდინირებულ კამპანიას ებრაელების გასანადგურებლად, აწამებდა და სწირავდა მათ სასიკვდილოდ. სტალინის ბრძანებით, „ენკავედემ“  მიწასთან გაასწორა მთელი ებრაული ელიტა, მათ შორის ჰენრიკ ერლიხ და ვიქტორ ალტერი BUNDU-დან (ებრაული წარმოშობის პოლონელი სოციალისტების ორგანიზაცია), იმისათვის რომ მჭიდროდ თანამშრომლობდნენ პოლონეთის მთავრობასთან. სსრკ-ს ხელმძღვანელობა დგას კატინში ათასობით პოლონელი ოფიცრის და ინტელიგენციის სისხლიანი ჟლეტის უკან. მათ შორის იყო 1,100 ებრაელი, რომლებიც პოლონეთის ერთგულნი იყვნენ. ეს იყო ერთგულება, რომელიც მათ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.

სტატიაში ინფორმაციის  მხოლოდ ცალმხრივი რაკურსით მიწოდება უკიდურესად საზიანოა ისტორიული ჭეშმარიტებისთვის და ხელს უშლის ქართველ მკითხველს მართებულად გაიაზროს და შეაფასოს ის, თუ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული მაშინდელი მოვლენები. ავტორს თავის სტატიაში არ მოჰყავს ოკუპაციის დროს პოლონელი ხალხის მიერ ჩადენილი გმირობის მაგალითები, რითაც იგი მის პოზიციას  მიკერძოებულს და არაობიექტურს ხდის. გარდა ამისა იგი სტატიაშიარაფერს წერს იმ ათასობით პოლონელის შესახებ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახების უსაფრთხოების ფასად ეხმარებოდნენ ასობით ათასს ებრაელს რათა გადაერჩინათ მათი სიცოცხლე. ასევე აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს ის, რომ სხვა ოკუპირებულ ქვეყნებთან შედარებით, პოლონეთში ებრაელების დახმარებისათვის  პრაქტიკულად მთელი ოჯახი სიკვდილით ისჯებოდა, ხშირ შემთხვევაში  მეზობლებიც, ზოგჯერ კი მთელი სოფელიც პასუხს აგებდა ამ ქმედებისთვის.  ასეთ გმირებად გვევლინებიან, მაგალითისათვის, იან კარსკი ან ვიტოლდ პილეცკი, რომლებიც გერმანიის სიკვდილის ბანაკებსა და გეტოებში მომხდარი საშინელებების შესახებ  გარესამყაროს ინფორმაციას აწვდიდნენ. სწორედ მათი მოხსენებები ჰოლოკოსტის შესახებ მსოფლიოში პირველ წყაროდ გვევლინება, რომლებიც ლონდონსა და ვაშინგტონში იგზავნებოდა დასავლეთის პოლიტიკოსთა და ასევე საზოგადოების სინდისის გასაღვიძებლად.

სამწუხაროდ, დასავლეთის პოლიტიკურმა ელიტამ ამ ყველაფერს  გულგრილობით და უმწეობით უპასუხა. იგივე ბედი ეწია პოლონელების ჩანაფიქრს აეფეთქებინათ  გერმანელების მიერ აგებული სიკვდილის ბანკებისკენ მიმავალი რკინიგზის ლიანდაგები. ეს ფაქტები დასაბუთებულია და ინახება სხვადასხვა არქივებში. ვაშინგტონის ჰოლოკოსტის მუზეუმში ყველა მსურველს შეუძლია დარწმუნდეს, იმაში რომ სწორედ პოლონელებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი იყო, ვინც ეხმარებოდა ებრაელებს. იად ვაშემის ინსტიტუტმა “ერთა შორის მართალის” სტატუსი მიანიჭა დაახლოებით შვიდ ათასამდე პოლონელ გმირს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად ებრაელებს იფარავდნენ.

სტატიაში მოყვანილია არაერთი მცდარი და საზიანო ინფორმაცია, რომელიც პოლონელ ერს შეურაცყოფას აყენებს. სიმართლეს არ შეესაბამება ის, რაზეც ცინიკურად წერს რევაზ ქოიავა, რომ „ოკუპაციის დროს ყველა პოლონელი იდეალურად იქცეოდა და მათ შორის არ შეიძლება იყოს ანტისემიტი, ან ნაციზმის მომხრე“.ისიც სიცრუეა, თითქოს,  პოლონეთში დაწყებულია პოლიტიკური და საზოგადოებრივი დისკუსია იმის თაობაზე, რომ პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც სხვა აზრს იზიარებენ, ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთმევათ.

ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შესახებ მიღებული კანონის ამოცანაა, დაუსაბუთებელი და უსამართლო ბრალდებების წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც არის მაგალითად ის, რომ  პოლონელები თანამშრომლობდნენ გერმანელებთან ჰოლოკოსტის განხორციელებაში. ამიტომაც არ შეგვიძლია დავეთანხმოთ სიტყვათშეთანხმებას „პოლონური სიკვდილის ბანაკი“, რომელიც იმ ადამიანების ცნობიერებაში, ვისაც არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა ჰოლოკოსტის შესახებ, ნერგავს მცდარ მოსაზრებას, თითქოს პოლონელებს ბრალი მიუძღვით მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ ჩადენილ დანაშაულებში. სწორედ რომ პოლონელები, სერბებთან ერთად, ერთადერთნი იყვნენ ევროპაში, ვისაც არ გააჩნდათ არც მთავრობა და არც ადმინისტრაცია, რომელიც ნაცისტებთან ითანამშრომლებდა. უფრო მეტიც, პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფოს და დევნილობაში მყოფი მთავრობის განაჩენის თანახმად – გერმანელებთან თანამშრომლობა სიკვდილით ისჯებოდა. ჩვენ მიწისქვეშა არმია, მიწისქვეშა სახელმწიფოც გაგვაჩნდა და არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ინსტიტუციონალური თანხმობა იმ დანაშაულებების ჩადენაზე, რომლებსაც გერმანელები ებრაელების მიმართ ახორციელებდნენ, რომელთა უმრავლესობაც  – პოლონეთის ერთგული მოქალაქენი იყვნენ. ამ მიზნით, შეიქმნა მსოფლიოში ერთადერთი სპეციალიზებული ორგანიზაცია –  ებრაელთა დახმარების საბჭო, ე.წ. “ჟეგოტა“ – პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფოს კონსპირაციული ორგანო, რომლის დაუღალავი საქმიანობა საბოლოოდ იქნა აღიარებული და დაფასებული იად ვაშემის ინსტიტუტის მიერ. აქედან გამომდინარე, პოლონეთისთვის და პოლონელი ხალხისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ჰოლოკოსტისთვის არის ისტორიული ჭეშმარიტების გაყალბება.

დისკუსიები ცალკეული ქვეყნების მონაწილეობის შესახებ გერმანელების მიერ ებრაელთა ჰოლოკოსტში არც გუშინ დაწყებულა და არც დღეს. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ებრაული წარმოშობის დიდი ფილოსოფოსი ჰანა არენდტი თავის წიგნში „აიხმანი იერუსალიმში“ წერდა ებრაელთა თანამონაწილეობის შესახებ. თავის ნაშრომში მან აღწერა გეტოებში მომუშავე პოლიციელები და ადმინისტრაციული პერსონალი, რომლებიც გულმოდგინედ ასრულებდნენ თავისი გერმანელი უფროსების დავალებებს.  აღწერა ასევე ებრაელი ნაცისტებიც, რომლებიც არამხოლოდ თანამშრომლობდნენ მესამე რეიხთან არამედ ხელები უდანაშაულო ებრაელების სისხლში ჰქონდათ ამოსვრილი. სწორედ ამის დაწერის გამო შეელახა სახელი ავტორს მთელს ისრაელში. მსგავსი სიტუაციები აღწერილია რინგელბლუმის ცნობილ დღიურში, ვარშავის ერთ-ერთი გმირი ებრაელი, რომელმაც შთამომავლობისთვის მაშინდელი ვერაგული საქმეების დამამტკიცებელი სამხილები შემოინახა. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები ისრაელის მოქალაქეებს შორის ძლიერ ემოციებს იწვევს.

დაუშვებელია ისტორიის გაყალბება დაუზუსტებელი ციფრების მოყვანით, როგორც ეს სტატიაშია ასახული. დამტკიცებულია, რომ იადვაბნეში სისხლიანი ჟლეტის დროს ებრაული წარმოშობის 340 ადამიანი სასტიკად იყო მოკლული მეზობლების მიერ, საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის. ისტორიკოსები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ იმის დადგენას, თუ რა როლი ითამაშეს გერმანელმა ოკუპანტებმა ამ ტრაგედიაში. ანალოგიურად, არ არსებობს ბატონი რევაზ ქოიავას მიერ სტატიაში ნახსენები 200 -250 ათასი ებრაელის განადგურების ფაქტის ისტორიული წყარო, რომლებიც პოლონელმა გლეხებმა ან მოკლეს ან გერმანელებს გადასცეს. ეს ციფრები ჰოლოკოსტის კვლევის სპეციალისტებმა წარმოადგინეს, თუმცა სრულიად განსხვავებულ კონტექსტში. ეს იყო სავარაუდო მონაცემი, იმ ადამიანთა რიცხვის შესახებ ვინც მოახერხა გეტოებიდან ბანაკებში გაქცევა. დაახლოებით 100 ათასმა ებრაელმა თავი გადაირჩინა, დანარჩენები ოკუპანტებმა დააკავეს, ზოგი მათგანი დაიღუპა დაუძლურებისა და ავადმყოფობის შედეგად. ამ რიცხვთან მიმართებაში შეიძლება მხოლოდ ერთი დასკვნა გაკეთდეს, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი, პოლონელების მიერ გერმანიის ხელისუფლებას გადაეცა. თუმცა, უნდა გვახსოვდეს უკიდურესი სიტუაციები, როდესაც გვხვდებიან ვერაგი ან უბრალოდ სუსტი ადამიანები. ასეთი ტიპის ადამიანები არცერთ ერს არ აკლია. მთელი პოლონური ერის დადანაშაულება ცალკეული ინდივიდების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის არ იქნება მართებული. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პოლონეთის მიწისქვეშა სახელმწიფო სასტიკად სჯიდა ასეთ ადამიანებს ოკუპანტებთან თანამშრომლობისთვის ხოლო გერმანელებისთვის ებრაელების გადაცემისთვის ბევრი მათგანი სიკვდილით დაისაჯა.

პოლონეთის ცილისწამების და მისი ანტისემიტურ ქვეყნად დასახელების გარდა, ავტორმა თავი არ შეიწუხა, რომ მაგალითისთვის მოეყვანა  ბოლო წლებში  მსგავსი ქმედებები ან თუნდაც შეედარებინა ეს მაგალითები იმ ვითარებასთან, რომელიც არის სხვა დასავლურ ქვეყნებში ან იგივე რუსეთში, რაც პოლონეთში მხოლოდ ამ ფენომენის მარგინალურ ზღვარს აჩვენებდა. უფრო მეტიც, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი ებრაელთა ისტორიისა და კულტურისადმი, ასევე ამ საკითხთან მიმართებაში ზოგადი ცნობიერების ამაღლება. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენები და მასთან დაკავშირებული უპრეცედენტო იერიში პოლონეთზე არ ახდენს დადებით გავლენას ამ ტენდენციის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

დღეს, რუსეთი ყველა ჩვენგანს ემუქრება – საქართველოს, უკრაინას, ლიტვას და პოლონეთს –  ახორციელებს ჰიბრიდულ ინფორმაციულ ომს და ცდილობს წაგვაჩხუბოს ერთმანეთს ძველი დავებისა და ისტორიული ემოციების გამოყენებით. ჩვენ – ქართული გაზეთების მკითხველები და ტელევიზიის მაყურებლები – არ უნდა ავყვეთ ამ ტიპის მანიპულაციებს. უნდა შევისწავლოთ ფაქტები და სწორად დავუკავშიროთ ისინი ჩვენს გარშემო არსებულ რეალობას. მრავალი სამეცნიერო კვლევის შესწავლისას დადასტურდა, რომ ანტისემიტიზმი, მათ შორის ფსევდო-ავთენტური წიგნი „სიონის სწავლულ უხუცესთა პროტოკოლები“, უკვე მე – XIX საუკუნიდანიყო რუსეთის საიდუმლოპოლიციის„ოხრანის“, შემდეგ კი ენკავედეს და კგბ-ს იარაღი. მაგრამ მხოლოდ სიმართლეა საინტერესოა – როგორც დიდი პოლონელი მწერალი იუზეფმაცკიევიჩი იტყოდა. უნდა სიფრთხილით მოვეკიდოთ ასეთ მიდგომას ჟურნალისტიკაში, როდესაც ადგილი აქვს რეალობის მისადაგებას საკუთარი, წინასწარ განსაზღვრული მოსაზრებისადმი. ამით ჩვენი საერთო მტერი ისარგებლებს.

მარიუშ მაშკიევიჩი

პოლონეთის  ელჩი საქართველოში

 

ფოტო გარეკანზე: flickr.com