პოლონური კანონი: სიმართლისგან დამალვის მცდელობა

ფოტო გარეკანზე: Flickr.com

პოლონური კანონი

2018 წლის 1 თებერვალს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღემდე ერთი დღით ადრე და აუშვიცის გათავისუფლების 73 წლისთავს, პოლონეთის სენატმა შეიტანა შესწორება კანონში ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის შესახებ. შესწორების თანახმად, ადამიანს რომელიც საჯაროდ დაადანაშაულებს პოლონეთს ჰოლოკოსტის დანაშაულებებში, ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში, სამხედრო დანაშაულებებში თუ დანაშაულებებში კაცობრიობის წინაშე, შეიძლება სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. კანონპროექტი კრძალავს პოლონეთის ტერიტორიაზე არსებული საკონცენტრაციო ბანაკების აღსაწერად სიტყვათშეთანხმება „პოლონური სიკვდილის ბანაკის“ გამოყენებას. პოლონეთის საგარეო უწყება აქტიურად მოქმედებს ამ მიმართულებით და 2012 წელს მათ ამ ტერმინის გამოყენებისთვის პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც კი მოახდევინეს ბოდიში. 

ზოგიერთმა პოლონელმა ჟურნალისტმა მოითხოვა, რომ პოლონეთის მოქალაქეებს, რომლებიც სხვა აზრს იზიარებენ, ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთვათ. კანონპროექტის არსის თანახმად, ოკუპაციის დროს ყველა პოლონელი იდეალურად იქცეოდა და მათ შორის არ შეიძლება იყოს ანტისემიტი, ან ნაციზმის მომხრე. ფრანგული გამოცემა „პუენის“ აზრით კი, „რეალურად პოლონეთი, რომელსაც პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ მართავს, თავს მტრების გარემოცვაში გრძნობს და ცდილობს შექმნას საკანონმდებლო მავთულხლართი, რომელიც ისტორიული ჭეშმარიტების მიუხედავად, პოლონელებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულში ბრალდებებისგან გაათავისუფლებს“.

კანონპროექტმა ურთიერთობის დაძაბა ისრაელსა და პოლონეთს შორის. ტრანსპორტის მინისტრმა ისრაელ კაცმა მოითხოვა პოლონეთიდან ელჩის გამოწვევა. პოლონური კანონის საპირისპიროდ ქნესეთი მზადაა მიიღოს საკუთარი კანონი, რომელიც ხუთი წლით პატიმრობას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვინც ჰოლოკოსტის დროს ნაცისტების დამხმარეთა როლს უარყოფს. შეიძლება ითქვას, რომ დაიწყო „მეხსიერებათა კანონების“ ომი.

მემორიალმა იად ვა-შემმა (რომლის სიაშიც 6 700 პოლონელია) უფრო რბილი პოზიცია დაიკავა და აღიარა ტერმინ „პოლონური სიკვდილის ბანაკის“ არაკორექტულობა (როგორც ისრაელის სახელმწიფომ), თუმცა განაცხადა, რომ ეს კანონი „ისტორიულ სინამდვილეს აბუნდოვანებს“ და შეუძლებელს ხდის ჰოლოკოსტის დროს ებრაელთა და პოლონელთა ურთიერთობის სრულფასოვან კვლევას. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ხელმძღვანელმა ჰეზერ ნაუერტმა კი განაცხადა, რომ კანონმა შესაძლოა შელახოს „სიტყვის თავისუფლება და სამეცნიერო აზრის დამოუკიდებლობა“.

 

რა მოხდა სინამდვილეში?

მითი პოლონელების კეთილგანწყობაზე ებრაელების მიმართ დაანგრია 2000 წელს გამოქვეყნებულმა იან გროსის წიგნმა „მეზობლები“, სადაც აღწერილია 1941 წლის 10 ივლისის საშინელი ტრაგედია ქალაქ იადვანბეში. მაშინ სისხლიანი ჟლეტვის მსხვერპლი გახდა 1600 ებრაელი. მკვლელები იყვნენ არა გერმანელი ფაშისტები, არამედ ადგილობრივი პოლონელი მოსახლეობა. მეცნიერებმა ისტორიული მეხსიერების პოლონური ინსტიტუტიდან დაადასტურეს იმ დოკუმენტების სინამდვილე, რომელსაც ისტორიკოსი დაეყრდნო. გროსმა მოყვა კიდევ ოც მსგავს „პოგრომზე“ პოლონეთის აღმოსავლეთში. მან განაცხადა, რომ „პოლონელები სამართლიანად ამაყობენ წინააღმდეგობის მოძრაობით, თუმცა რეალურად ომის დროს მათ გერმანელზე მეტი ებრაელი მოკლეს“.

პოლონეთის პრეზიდენტმა კვაშნიევსკიმ ებრაულ საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. 1942 წლიდან მოყოლებული, გეტოდან გაქცეული 200 000-დან 250 000-მდე ებრაელის უმრავლესობა პოლონელმა გლეხებმა მოკლეს ან გერმანელებს გადასცეს. ამას ადასტურებს პოლონელი ისტორიკოსების კვლევები. ზოგიერთი ავტორი პოლონელი ებრაელების ბედს რუანდაში ტუტსის ბედსაც კი ადარებს (რომლებიც მეზობელი ხუტუს ტომის მსხვერპლი გახდა). 2006 წელს გროსმა გამოსცა ახალი წიგნი – „შიში. ანტისემიტიზმი პოლონეთში აუშვიცის შემდეგ“. წიგნში მოთხრობილია ისტორიები, რომლის გადატანაც საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნებულ ებრაელებს მოუწიათ. მათ შორის არის ისტორია კიელცეს „პოგრომზე“ 1946 წელს, როდესაც 37 ებრაელი მოკლეს. პოგრომის მიზეზად იქცა ჭორები რიტუალური მკვლელობის ჩასადენად ებრაელების მხრიდან პოლონელი ბიჭის გატაცების შესახებ.

პოლონეთის ნაციონალისტურმა პრესამ გროსის წიგნი „პოლონეთის წინააღმდეგ შეთქმულების ნაწილად“ მიიჩნია, ხოლო ეროვნული ისტორიის პოლონური ინსტიტუტის დირექტორმა ავტორს „ვამპირი“ უწოდა. მსგავსი რეაქცია იყო ლიტვაში რუტა ვანაიგატეს წიგნი „ჩვენების“ გამოსვლისას, რომელმაც ნათელი მოჰფინა უბრალო ლიტველების მასობრივ მოხალისეობრივ მონაწილეობას ებრაელების მკვლელობასა და ძარცვაში. გამომცემლობა აპირებდა წიგნის უტილიზებას, თუმცა მსოფლიო სკანდალის შემდეგ უკან დაიხია. წიგნის ირგვლივ შექმნილი ატმოსფეროს გამო ვანაგაიტეს მოუწია ლიტვის დატოვება და ისრაელში გადასახლება.

პოლონელების ჰოლოკოსტში მონაწილეობაზე ფილმების – 2013 წელს რეჟისორ პაველ პავლიკოვსკის „იდას“ (რომელმაც ოსკარი დაიმსახურა) და 2012 წელს ვლადისლავ პაშიკოვსკის „შედეგების“ გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი. პაშიკოვსკის ფილმის ჩვენებაზე კინოთეატრების ნაწილმა უარი თქვა, მთავარი როლის შემსრულებელს მუქარის წერილებს უგზავნიდნენ, ხოლო პოლონეთის კინოს ინსტიტუტმა პროდუსერ დარიუშ იაბლონსკის ანტიპოლონური ფილმის გადაღებისთვის აღებული თანხის დაბრუნება მოსთხოვა.

 

ფსიქოლოგიური და ისტორიული მიზეზები

პოლონეთის ხელისუფლების რეაქცია ფსიქოლოგიურ და ისტორიულ განმარტებას საჭიროებს. 1334 წელს პოლონეთის მეფე კაზიმირ დიდმა ებრაელები გერმანული სამართლის იურისდიქციიდან გამოიყვანა და სამეფო სასამართლოს იურისდიქციას დაუქვემდებარა. ებრაელები მეფის დაცვის ქვეშ იყვნენ, რის შედეგადაც პოლონეთი რამდენიმე საუკუნე „ებრაელთა სამოთხედ“ ითვლებოდა. ყველაფერი დასრულდა XVI საუკუნეში, როდესაც პოლონეთში გამოჩენილმა იეზუიტებმა დაიწყეს კონტრრეფორმატორული საქმიანობა და გააღვივეს ანტისემიტური განწყობები. პოლონეთში გამოჩნდა ლიტერატურა, რომელშიც ებრაელებს „სოციალურ პარაზიტებად“ და „უცხოეთის აგენტებად“ მოიხსენიებდნენ. 1764 წელს გაუქმდა ებრაული საზოგადოებების ავტონომია. XX საუკუნეში პოლონეთი საბოლოოდ გადაიქცა ანტისემიტურ სახელმწიფოდ. გროსი თავის წიგნში ხშირად ახსენებს ფრაზას, რომელიც ომისშემდგომ პოლონეთში ისმოდა: „ჰიტლერს პოლონეთის ებრაელებისგან გათავისუფლებისთვის ძეგლი უნდა დავუდგათ“.

ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში ადამიანური არაცნობიერის უმაღლეს დონეს შეადგენს დაფარული, პიროვნებისთვის მიუღებელი სურვილები – მისი ჩრდილი. პიროვნული კონფლიქტის გადაჭრის ერთ-ერთი საშუალებაა საკუთარი ჩრდილის გარემომცველ ადამიანებზე და სამყაროზე პროექცია. მაგალითად, პალესტინელების წინააღმდეგ ისრაელის ქმედებების გასამართლება არის ჰოლოკოსტში მონაწილეობის კოლექტიური დანაშაულის შესუსტების მცდელობა. პოლონეთში ნათლად მუშაობს მექანიზმი, რომელიც ბოროტებას სხვას მიაწერს. ჟურნალისტი ანა ბიკონტი წერდა, რომ იედვანბეს მოქალაქეები დიდი ხანი იყვნენ დარწმუნებული, რომ ებრაელებმა თავად მოაწყვეს სისხლიანი გარჩევა გესტაპოს დავალებით.

დღეს პოლონეთში სულ ხუთი ათასამდე ებრაელია. მათ შორის ბევრი ბიზნესმენი და ინტელექტუალია, რაც ნაციონალისტების მხრიდან ძლიერ აგრესიას იწვევს. პარალელურად პოლონეთში ბოლო წლებში გაიზარდა ინტერესი ებრაელთა ისტორიის და კულტურის მიმართ. ებრაეული თემა კვლავ იქცა „დაპირისპირების ველად“ ლიბერალებს და ნაციონალისტებს შორის. თუ პოლონეთის ევროპაში ინტეგრაციის დროს ნაციონალისტებს ფრთხილად მოქმედება უწევდათ (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობდნენ არ გაეღიზიანებიათ ევროკავშირის „ძველი“ წევრები), დღეს, ევროსკეპტიციზმის ზრდის პირობებში, მათთვის ბევრი შეზღუდვა მოიხსნა. ნაციონალიზმის ზრდა შეინიშნება ბევრ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში. ამასთან ნაციონალიზმი მჭიდროდაა დაკავშირებული ანტისემიტიზმთან, რაც ისტორიულ და მენტალურ ხასიათს ატარებს. ახალი კანონი მომზადებულია პოლონური ანტისემიტიზმის წარსულის და საკუთარი პრობლემების გარე სამყაროზე გადატანის ისტორიული ტრადიციით.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას

დატოვე კომენტარი