მოლოდინების ხაფანგი: ვაშინგტონის ახალი პოლიტიკა სირიაში

ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულების ცვლილება ასადის რეჟიმისადმი

სირიის კონფლიქტთან და ბაშარ ასადის რეჟიმთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიციების შერბილების კურსი მალე დასრულდა. 4 აპრილს, Reuters-მა სირიელ ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სირიის ავიაციამ განახორციელა თავდასხმა ქიმიური იარაღის გამოყენებით იდლიბის პროვინციაზე, რამაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია. ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა საჯაროდ გაამკაცრა თავისი პოზიცია ასადთან მიმართებაში და გასცა ბრძანება სარაკეტო დარტყმა მიეყენებინათ სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაბაზა შაირათზე, საიდანაც სავარაუდოდ აფრინდნენ შემტევი თვითმფრინავები.

რუსეთმა აშშ-ს ქმედება მიიჩნია აგრესიად და გამოვიდა უსაფრთხო ფრენების უზრუნველყოფისა და ინციდენტების პრევენციის შესახებ მემორანდუმიდან. ორ ქვეყანას შორის ეს ერთადერთ ხელშეკრულებას წარმოადგენდა სირიის კონფლიქტის ფორმატში.

ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი სკეპტიკურად უყურებდა სხვა ქვეყნის საქმეებში ჩარევას და ნათლად აცხადებდა, რომ აშშ-ს პრიორიტეტი უნდა იყოს ტერორიზმთან ბრძოლა და არა პოლიტიკური რეჟიმების შეცვლა. 30 მარტს სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ასადის ბედი უნდა გადაწყვიტოს სირიელმა ხალხმა. მსგავსი პოზიცია გულისხმობდა ასადის მონაწილეობას ახალ საპრეზიდენტო არჩევნებშიც, რის წინააღმდეგაც გამოდის სირიის ოპოზიცია. იმავე დღეს აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლების შეცვლა არ წარმოადგენს აშშ-ს პრიორიტეტს. მისი სიტყვებით, დიპლომატები მუშაობენ იმ მიმართულებებზე, რომელსაც შეუძლია ადამიანთა ცხოვრების რეალური გაუმჯობესება. ჰეილის და ტილერსონის განცხადებები გააკრიტიკეს როგორც დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა გაეროში, ასევე სენატორმა ჯონ მაკეინმა. თავის მხრივ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ალექსანდრ პუშკოვმა განცხადებებს „ობამას ჩავარდნილ პოლიტიკაზე უარის თქმა უწოდა“.

თუმცა ნიკი ჰეილიმ მაკეინის კრიტიკის შემდეგ შეცვალა თავისი პოზიცია, დისტანცირდა ტილერსონისგან და ასადი სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადა. 3 აპრილს მან განაცხადა, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს ასადის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. იდლიბის თავდასხმის შემდეგ კი ტილერსონის ხედვამ ყოველგვარი აქტუალობა დაკარგა. აშშ-მ სწრაფად უარყო რუსეთის პოზიცია, რომ სირიის არმიამ დარტყმა მიაყენა საწყობს, სადაც ინახებოდა ქიმიური იარაღით სავსე ფუგასები. ტრამპმა განაცხადა, რომ იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღით მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებამ შეცვალა მისი პოზიცია ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ბაშარ ასადთან დაკავშირებით. ამავდროულად მან დაადანაშაულა ობამა ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში სუსტი პოზიციების დაკავებაში.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ვეტოს დაადებდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც მიზნად ისახავდა ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სირიის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებას, აშშ-მ მიაყენა სარაკეტო დარტყმა სირიის ავიაბაზას.

ჯერჯერობით უცნობია, შემოიფარგლება თუ არა აშშ ერთჯერადი სამხედრო აქციით. ნიკი ჰეილი არ გამორიცხავს საჰაერო დარტყმების გაგრძელებას. ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ ემზადება ბაშარ ასადის თანამდებობიდან გადასაყენებლად და ქმნის საერთაშორისო კოალიციას ამ საკითხის მოსაგვარებლად. თუმცა გარკვეული განსხვავებები მათ პოზიციებს შორის მაინც არსებობს. ჰეილი ასადის გადაყენებას და ისლამური სახელმწიფოს დამარცხებას ერთ დონეზე აყენებს, მაშინ როდესაც ტილერსონისთვის უფრო პრიორიტეტულია ISIS-ის დამარცხება. ტილერსონმა ასევე გაიმეორა ფორმულირება, რომ „ბაშარ ასადის ბედი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“. ჰეილის პოზიციასთან ახლოს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ჰერბერტ მაკმასტერის პოზიცია.

აშშ-ს მხარი დაუჭირა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, რაც ადასტურებს ინფორმაციას მისი ვაშინგტონთან დაახლოების და რუსეთთან ურთიერთობების ხელახლა გაფუჭების შესახებ (თურქეთმა რუსეთთან „სავაჭრო ომი“ წამოიწყო აგრარულ სფეროში). აშშ-ს პოზიცია გაიზიარეს მისმა სხვა მოკავშირეებმაც ნატოში.

ტრამპმა სხვა ლიდერებთან ერთად განიხილა უსაფრთხოების ზონების შექმნის საკითხი სირიაში. Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს ადმინისტრაციის გეგმებშია სირიის საზღვრებში და მის გარეთ უსაფრთხოების ზონების შექმნა, სადაც სირიის დევნილი მოსახლეობა თავს შეაფარებს.

აშშ-რუსეთის ურთიერთობები

რაც შეეხება რუსეთს, აშშ სწავლობს ქიმიურ თავდასხმაში რუსეთის მონაწილეობის საკითხს. ამის შესახებ Associated Press-მა განაცხადა პენტაგონის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. სააგენტოს წყაროს ინფრომაციით, არსებობს ვერსია, რომ რუსეთმა ვერ შეძლო გაეკონტროლებინა სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება. თავდასხმის შემდეგ მომხდარი საავადმყოფოს დაბომბვა კი მათი აზრით წარმოადგენდა ქიმიური იარაღის გამოყენების კვალის დაფარვის მცდელობას.

შედეგად, აშშ აპირებს გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, როგორც ასადის რეჟიმის ძირითად პარტნიორზე. რუსეთის პოზიცია კი საჰაერო ბაზაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ნეგატიურ ხასიათს ატარებს. გამოსვლა ურთიერთსასარგებლო მემორანდუმიდან, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ექსცესების აღკვეთა, რუსეთის მხრიდან დემონსტაციული ნაბიჯია. ამავდროულად გაკეთდა განაცხადა სირიაში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების გაძლიერების შესახებ. სირიის სანაპიროებისკენ გაემართა ფრეგატი „Адмирал Григорович“.

ამავდროულად რუსეთს არ შეუძლია ბოლომდე გაწყვიტოს ურთიერთობა აშშ-სთან. მიმდინარე კვირაში მოსკოვს ვიზიტით ეწვევა ტილერსონი. ამასთან ტილერსონი ისაუბრებს არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ G7-ში მისი მოკავშირეების სახელითაც (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააუქმა ვიზიტი მოსკოვში სირიის კრიზისის გამო). დასავლეთი მოითხოვს რუსეთისგან ასადის გადადგომას და რუსული ჯარების გამოყვანას სირიიდან. ორივე გადაწყვეტილება რუსეთისთვის მიუღებელია. ორმხრივი ურთიერთობების დაძაბულობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ „Эха Москвы“-ს ინფორმაციით ტილერსონი პუტინს არ შეხვდება.

ამავდროულად რუსეთი განიცდის მოკავშირეების დეფიციტს. მის პოზიციას მხარს უჭერს ირანი. ჩინეთმა თავი შეიკავა პოზიციების დაფიქსირებისგან, რათა არ გამოეწვია კონფლიქტი ტრამპთან. რუსეთს სურდა არაოფიციალური მხარდაჭერის მიღება ისრაელისგან, რის გამოც პუტინმა დაურეკა 6 აპრილს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოულოდნელად დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა. თუმცა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა, რომ ქიმიური იარაღი იდლიბში ასადის „პირდაპირი ბრძანების“ თანახმად გამოიყენეს.

ტრამპის გუნდის დამოკიდებულების ცვლილება ბაშარ ასადის რეჟიმის მიმართ რუსეთს იმედებს აძლევდა, რომ გამონახავდა აშშ-სთან საერთო ენას სირიის კონფლიქტის ფორმატში. თუმცა იდლიბის მოვლენების შემდეგ აშშ-ს სუსტი და არაკოორდინირებული სიგნალები შესაძლო კომპრომისის შესახებ სწრაფად შეიცვალა. 7 აპრილს კი ტრამპმა გადადგა ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ვერ ბედავდა ობამა. პირველად სირიის კონფლიქტის დროს აშშ-მ დარტყმა მიაყენა ასადის ჯარებს. შესაბამისად, ერთ-ერთმა სავარაუდო „შეხების წერტილმა“ ორ ქვეყანას შორის დაკარგა აქტუალობა, ხოლო ორმხრივი ურთიერთობები აშშ-სა და რუსეთს შორის დაიძაბა.

თავდასხმის სავარაუდო მიზეზები

გადაწყვეტილება თავდასხმის შესახებ იყო სპონტანური და წარმოადგენდა პასუხს საგარეო სტიმულზე, კერძოდ კი ქიმიურ თავდასხმაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს დიდი სტრატეგიის შემადგენელ ელემენტს. ტრამპს ჯერ არ დაუკომპლექტებია კადრებით ის პოზიციები, რომელიც პასუხისმგებელია ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით სტრატეგიის შემუშავებაზე. თავდასხმის მიზეზებად რამდენიმე ძირითადი მიმართულების გამოყოფა შეიძლება:

1) დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო „პროპუტინური პოლიტიკური კურსის“ იდეის გასაქარწყლებლად. მან დაამტკიცა, რომ გააჩნია უნარი მიიღოს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, გაზარდა საკუთარი პოპულარობა და გააჩუმა კრიტიკოსები. თავდასხმის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ტრამპისადმი ამერიკელების ნდობის ამაღლება. მან აჩვენა მკაფიო კონტრასტი ობამასთან, რომელმაც ვერ გაბედა სირიის დაბომბვა 2013 წლის სექტემბრის ქიმიური თავდასხმის შემდეგ.

2) აშშ-მ საკუთარ მოკავშირეებთან დაახლოების პოლიტიკის ფარგლებში ჩაატარა საჩვენებლი ოპერაცია მათ მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულების დასამტკიცებლად. საუდის არაბეთი არის აშშ-ს უმთავრესი მოკავშირე და ყველაზე დიდი ინვესტორი ამერიკულ ეკონომიკაში (ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი), ხოლო ბაშარ ასადი წარმოადგენს საუდის არაბეთის მთავარ მტერს. ასევე ასადის რეჟიმის წინააღმდეგ არიან განწყობილი თურქეთი და ისრაელი.

3) თავდასხმის მიზანს წარმოადგენდა მოსკოვის გაფრთხილება, რომ სირიის კონფლიქტის გადაწყვეტა აშშ-ს ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. კონფლიქტის დარეგულირების რუსულმა ინიციატივებმა, რომელსაც ირანმა და თურქეთმა დაუჭირა მხარი, აშშ უკანა პლანზე გადაწია. გარკვეულწილად სარაკეტო შეტევამ სირიის არმიის საჰაერო ბაზაზე გააძლიერა ტილერსონის პოზიციები მოსკოვში 11-12 აპრილს გასამართი მოლაპარაკებების წინ.

4) სავარაუდოდ თეთრ სახლსა და რესპუბლიკური პარტიის ისტებლიშმენტს შორის ადგილი აქვს ერთგვარ „დიდ გარიგებას“, რომლის მიხედვითაც პარტია არ შეეწინააღმდეგება ტრამპის პოლიტიკას საშინაო არენაზე, სამაგიეროდ კი საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ „რესპუბლიკური პარტიის მეინსტრიმული ტრადიციის“ მიმდევარი პოლიტიკოსები. ძირითადად საუბარი არის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსზე და თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისზე.

შედეგად ტრამპმა დროებით მოახერხა შიდა ოპოზიციის დამშვიდება და მიიღო ვაშინგტონელი „ქორების“ მხარდაჭერა. მოულოდნელად გადადგმული ნაბიჯით მან ასევე აჩვენა მოქნილობა საგარეო პოლიტიკაში. თუმცა მიუხედავად მოკლევადიანი წარმატებისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ტრამპის გადაწყვეტილებამ შეიძლება იგი მძიმე ვითარებაში ჩააყენოს. თავდასხმამ გაუჩინა აშშ-ს გააქტიურების იმედი სირიის ოპოზიციას და მის ძირითად სპონსორებს – თურქეთს, საუდის არაბეთს, ყატარს. აშშ-ს რეგიონული მოკავშირეები სავარაუდოდ მოელიან მსგავსი ტიპის აქტივობის გააქტიურებას. შესაბამისად ტრამპი შეიძლება აღმოჩნდეს ვითარებაში, როდესაც მას მოუწევს გაზრდილ მოლოდინებზე პასუხის გაცემა. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ინტერესში კი არ შედის ახლო აღმოსავლეთში მორიგ ხანგრძლივვადიან, გაურკვეველი პესპექტივების მქონე კონფლიქტში ჩაბმა. მსგავსი ტიპის კონფლიქტი მოითხოვს რეგიონში ამერიკული წარმომადგენლობის მნიშვნელოვნად გაზრდას, სერიოზულ საბიუჯეტო დანახარჯებს და იგი ნეგატიურად იქნება აღქმული ამერიკულ საზოგადოებაში.