შაშვების მდელო (სერბ.) ან მსხლების მიწა (ალბ.), იგივე კოსოვო 17 თებერვალს ათი წლის გახდა. ევროპის ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო წარმონაქმნი გაეროს მხოლოდ 112 წევრ ქვეყანას ჰყავს აღიარებული, მათ შორის არ შედის უშიშროების საბჭოს მუდმივი ორი წევრი (რუსეთი და ჩინეთი) და ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა (ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი და რუმინეთი).
კოსოვოს პარლამენტის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დეკადის გასვლის შემდეგ, კოსოვო არასრულყოფილი საერთაშორისო აღიარების გარდა მთელ რიგ სხვა გამოწვევებს აწყდება. კოსოვო ევროპის კონტინენტზე მოლდოვის შემდეგ ყველაზე ღარიბ ქვეყნად რჩება. უმუშევრობის დონე ოფიციალურად 30%-ია, ხოლო ახალგაზრდებში 50%, მაშინ, როცა კოსოვო ერთ-ერთი ყველაზე ახლაგაზრდა ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის 70% 35 წლამდე ასაკისაა (საშუალო ასაკი 29 წელი).
კოსოვოს ეკონომიკა დიდწილადაა დამოკიდებული ემიგრირებულ კოსოვართა ფულად გადმორიცხვებზე. ემიგრატთა რიცხვი კოსოვართა 30%-ზე მეტს შეადგენს. მათი დიდი ნაწილი გერმანიასა და შვეიცარიაში ცხოვრობს და მუშაობს. საერთაშორისო გადმორიცხვების მშპ-სთან შეფარდებით კოსოვო მსოფლიოს პირველ 10 ქვეყანაში შედის. 2015 წლის მონაცემებით, საერთაშორისო გადმორიცხვების წილი მშპ-ში 13%-ს შეადგენდა.
კოსოვოს მთავარი შიდა პოლიტიკური გამოწვევა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მიტროვიცა რჩება, რომელიც ძირითადად სერბული უმცირესობითაა დასახლებული. მიტროვიცას მოსახლეობა დღემდე არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას და ქალაქზე მის სუვერენიტეტს, ჯერ კიდევ იყენებს სერბულ დინარსა და კირილიცას დამწერლობას. ეს არის ადგილი, სადაც ხშირად ხდება ინციდენტები სერბებსა და ალბანელ კოსოვარებს შორის. მიტროვიცაში არსებობს ალტერნატიული ინსტიტუტები – სკოლები, საავდამყოფოები, სასამართლოები, რომლებსაც ოფიციალური ბელგრადი აფინანსებს და საკუთარ მმართველობას არაფორმალურად ავრცელებს ამ ტერიტორიაზე. ბოლო პერიოდში ბელგრადიდან გაისმის შეთავაზებები, რომ კოსოვოს ტერიტორია გადაიხედოს და მისი საზღვრები შეიცვალოს, მაგრამ ოფიციალურ პრიშტინასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოება ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს.
კოსოვარებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის ყველაზე გამოკვეთილი ევროპული მისწრაფებები გააჩნიათ, მაგრამ რეალობა საწინააღმდეგოა – კოსოვოს ყველაზე ნაკლები შანსი აქვს ევროპული გაერთიანების წევრად გახდომისა. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის ბრიუსელის შეთანხმებამ ბელგრადსა და პრიშტინას შორის კოსოვოს უფლება დაუტოვა სერბული წინააღმდეგობის გარეშე გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, კოსოვოს თვითონ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანის არაღიარება მის ევროინტეგრაციის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. პრიშტინას ორგანიზაციის წევრობაზე აპლიკაციაც ჯერ არ შეუტანია და შესაბამისად, არც გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ფლობს.
სერბეთი კოსოვოს დამოუკიდებლობა დღემდე არ აღიარებს, რადგან თვლის, რომ ეს ტერიტორია სერბეთის ‘იერუსალიმია’, სადაც რამდენიმე ისტორიული სერბული ქრისტიანული მონასტერია. ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1389 წელს სერბეთის მეფე ლაზარმა ოსმალეთის იმპერიის სულთანი მურადი დაამარცხა, საიდანაც ‘სერბული ცივილიზაციის’ ათვლა იწყება.
მიუხედავად, ასეთი სირთულეებისა კოსოვარები დამოუკიდებლობის მოპოვებას არ ნანობენ და საკუთარი მონაპოვარით ამაყობენ. მათი წინააღმდეგობა მხოლოდ 90-იანი წლების შუა პერიოდში არ დაწყებულა და მას უფრო ღრმა ფესვები გააჩნია. საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ კოსოვოს ომს იცნობს, მაგრამ არა მანამდე არსებულ ისტორიულ პერიპეტიებს.
უცნობი ჩუმი წინააღმდეგობა
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კოსოვოს ტერიტორიაზე არსებობდა კოსოვო-მეტოჰიას ავტონომიური რეგიონი, რომელსაც მეტწილად ფორმალური სახე ჰქონდა. რეგიონში ალბანელ კოსოვარებს შორის მზარდი ნაციონალიზმის დასაცხრობად ბროზ ტიტოს იუგოსლავიის 1974 წლის ახალმა კონსტიტუციამ ავტონომიურ ოლქს გაფართოებული უფლებები მიანიჭა, რომელიც საკუთარი ადმინისტრაციული ორგანოების, საპარლამენტო ასამბლეისა და სასამართლოს ქონის უფლებაში გამოიხატა. ამ კონსტიტუციით კოსოვოს იმდენივე უფლებები მიეცა, რამდენიც იუგოსლავაში შემავალ რესპუბლიკებს ჰქონდათ, მხოლოდ ერთი გამონაკლისით – კოსოვოს იუგოსლავიის დატოვება არ შეეძლო. კოსოვოს მიმართ ოფიციალური ბელგრადის ამგვარი შიში გამოწვეული იყო იმით, რომ მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული კოსოვოში ალბანეთთან ირედენტული განწყობები არსებობდა. ამ მოტივით ხშირი იყო ალბანელი კოსოვარების პოლიტიკური დევნაც.
ბელგრადის ამგვარმა პოლიტიკამ შედეგი მაინც ვერ გამოიღო. ნაციონალისტური განწყობები კოსოვოში მაინც იზრდებოდა და მისი ინტელექტუალური ცენტრი პრიშტინას უნივერსიტეტი იყო. დამოუკიდებელი რესპუბლიკის მოთხოვნით პირველი სერიოზული გამოსვლები 1981 წელს დაიწყო, რომელიც იუგოსლავიის ჯარებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. აქციის ორგანიზატორები ალბანეთის კომუნისტი ლიდერის ენვერ ჰოჯას მიმდევრები იყვნენ და მათ ენვერისტებს უწოდებდნენ. პროტესტის ჩახშობის შემდეგ ენვერისტების ლიდერები ემიგრაციაში, შვეიცარიასა და გერმანიაში წავიდნენ. მათ იქ ჩამოაყალიბეს კოსოვოს რესპუბლიკის სახალხო მოძრაობა (LPRK), რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობის მოპოვებას ძალისმიერი ხერხებით გეგმავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ალბანელ კოსოვართა უმეტესობას რესპუბლიკა სურდა, ისინი LPRK-ს მარგინალურ და ექსტრემისტულ დაჯგუფებად მიიჩნევდნენ და სერბეთთან სამხედრო დაპირისპირება არ სურდათ, თან იმ ფონზე, როდესაც კოსოვოს სერბეთი არ მართავდა. პროტესტმა კვლავ მაშინ გამოიღვიძა, როდესაც 1989 წელს სერბეთის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი გახდა. მილოშევიჩმა კოსოვოში მცხოვრები სერბების უსაფრთხოებითვის კოსოვოს ავტონომიის სტატუსი გაუუქმა. ამ პერიოდში მიმდინარე გამოსვლებში აქტივისტებს შორის პირველად გამოჩნდა 19 წლის, კოსოვოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი.
ამავე წელს, იუგოსლავიაში კომუნისტური პარტიის ერთპარტიული მმართველობა დასრულდა. კოსოვოს ხელისუფლებაში პარტია კოსოვოს დემოკრატიული ლიგა (LDK) და მისი ლიდერი იბრაჰიმ რუგოვა მოვიდა. რუგოვას პოლიტიკა ბელგრადთან კონფორნტაციის თავიდან არიდება და მშვიდობიანი სტატუს კვოს შენარჩუნება იყო. მაგრამ კოსოვოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატთა უმრავლესობამ 1990 წლის ოქტომბერში, ასამბლეის დათხოვნამდე სამი დღით ადრე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ კოსოვოს სტატუსის თაობაზე რეფერდნუმი უნდა ჩატარებულიყო. შემდგომ უკვე დაშლილმა ასამბლეამ თვითნებურად რეფერედნუმზე კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხის გატანას დაუჭირა მხარი. არალეგალური რეფერენდუმი 1991 წლის სექტემბერში ჩატარდა, სადაც კოსოვოს მოსახლეობის 87%-მა მიიღო მონაწილეობა და მათმა 99% დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა სლოვენიისა და ხორვატიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების მაგალითზე.
მაგრამ ამ რეფერენდუმისთვის ყურადღება საერთაშორისო საზოაგდოებას არ მიუქცევია. ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა მაშინ ცნო ალბანეთი იყო. კოსოვოს ლიდერი რუგოვა კოსოვარებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და შემდგომ უკვე დამოუკიდებლბის სურვილის დასაცხრომად ხორვატიისა და ბოსნიის ომების დროს განვითარებული მოვლენები მაგალითად მოჰყავდა.
LPRK რუგოვას კომუნისტების აგენტად თვლიდა და დამოუკიდებლობისთვის კოსოვარებს სისხლის გაღებისკენ მოუწოდებდა, რის გამოც ორგანიზაცია კოსოვართა შორის ბოლომდე მარგინალურად რჩებოდა. 1993 წელს კოსოვოს დრენიცას რაიონში საიდუმლო შეხვედრა მოეწყო, სადაც LPRK ორად გაიყო: კოსოვოს გათავისუფლების ეროვნულ მოძრაობად (LKCK) და კოსოვოს სახალხო მოძრაობად (LPK). მოგვიანებით, LPK სახელს შეიცვლის და კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია (KLA) გახდება. სწორედ მისი ერთ-ერთი ლიდერი ჰაშიმ ტაჩი იქნება და კოსოვოს ომში მთავარ ძალად წამოჩინდება. ორგანიზაციებმა შეკრებაზე იუგოსლავიის პოლიციის წინააღმდეგ ძალადობრივი ხერხებით თავდასხმები დაგეგმეს.
1993-95 წელს KLA-ს თავდასხმების შედეგად რამდენიმე სერბი პოლიციელი მოკლეს. მაგრამ ორგანიზაცია მასშტაბურ ხასიათს ვერ იძენდა. მათი მთავარი პრობლემა შეიარაღების ნაკლებობდა იყო. სერბ პოლიციელებზე თავდასხმების საპასუხოდ 1997 წელს კოსოვოს სერბულმა პოლიციამ ორგანიზაციის სამი წევრი მოკლა. საპასუხოდ კი, KLA-მ იმ ალბანელ კოსოვარებზე დაიწყო დევნა, რომლებიც სერბებთან თანამშრომლობდნენ.
KLA ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა ბელგრადის მთავრობამ. იგივე სტატუსი იქნა აღნიშნული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1160-ში. მაგრამ ბევრ ევროპულ ქვეყანას ეს არ გაუკეთებია.
1995 წელს ბოსნიის ომის დასრულებისას დადებულმა დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულებამ კოსოვო იუგოსლავიის სერბეთის ერთ-ერთ პროვინციად ცნო, ხოლო ევროკავშირმა კოსოვო და მონტენეგრო სერბეთის ნაწილად აღიარა. ამ მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ალბანელ კოსოვარებში დამოუკიდებლობის სწრაფვის სურვილი.
KLA-ის უარაღობის პრობლემის მოგვარება ერთმა ფაქტმა განაპირობა. 90-იან წლებში ალბანეთში დიდი ფინანსური პირამიდა გასკდა, სადაც მოსახლეობის უმეტესობა იყო ჩაბმული. ალბანეთი მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა. არმია და პოლიცია პრეზიდენტს აღარ ემორჩილებოდა. სამხედრო საცავები გაიხსნა და იარაღი გაიფანტა. ამ მოვლენების შემდგომ კოსოვოში სულ უფრო მეტი ადამიანი ავტომატით შეიარაღდა.
უკვე 1998 წლის მარტში კოსოვოს ომი დაიწყება და თითქმის წელიწადნახევარს გასტანს. კონფლიქტი 13 000 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, საიდანაც 10 000 ეთნიკურად ალბანელი იქნება. საერთაშორისო საზოგადოება ნატოს მორიგ სამხრედო ჩარევას იხილავს ბალკანურ ომებში. ხოლო ომიდან 9 წლის შემდგომ ევროპის კონტინენტზე ახლა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს.
ფოტო გარეკანზე: stripes.com
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.