კიტა მეგრელიძე - ინდივიდუალური აზროვნების საზოგადოებრივი ხასიათი

 

ჟურნალი 42°პარალელი განაგრძობს მკითხველს გააცნოს საბჭოთა საქართველოს მეცნიერული და ინტელექტუალური წარსული. ამჯერად მკითხველი კიტა მეგრელიძის სამეცნიერო შემოქმედებას გაეცნობა.

ფილოსოფოსი და სოციალური თეორეტიკოსი, პროფესორი კონსტანტინე (კიტა) მეგრელიძე საბჭოთა საქართველოს მარქსისტ მეცნიერთა პირველ თაობას (ომამდე აღმოცენებული) მიეკუთვნება. მეგრელიძე 1900 წელს დაიბადა სოფელ ხრიალეთში (ოზურგეთის მაზრა). 1923 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მიემგზავრება გერმანიაში, სადაც სწავლობს ფრაიბურგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში (ფრაიბურგში მასთან ერთად ასევე სწავლობდა კოტე ბაქრაძე. „კოტე ჩემო, ივნისში თუ ჩამოხვალ ლენინგრადში, ფრაიბურგის მიდამოებს გაგახსენებ“ წერს მეგრელიძე ბაქრაძეს 1937 წლის მარტში). საქართველოში ბრუნდება 1920-იანი წლების მიწურულს. 1930-იან წლებში კიტა მეგრელიძე სამეცნიერო საქმიანობას ეწევა თბილისში (მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი, ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია) და ლენინგრადში (ენისა და აზროვნების ინსტიტუტი). საქართველოში ასევე ჩართული იყო პარტიულ საქმიანობაში, საგანმანათლებლო მიმართულებით. გარდაიცვალა გადასახლებაში, 1944 წლის შემოდგომას. რეაბილიტირებულ იქნა 1958 წელს.

პროფესორი კიტა მეგრელიძე ავტორია წიგნის (მონოგრაფიის), რომელიც შეგვიძლია თავისუფლად მივაკუთვნოდ საბჭოთა პერიოდის მარქსისტული სამეცნიერო ლიტერატურის კლასიკას. საქმე ეხება წიგნს სახელწოდებით აზრის სოციალური ფენომენოლოგია. ავტორმა მონოგრაფიაზე მუშაობა 1935 წელს დაასრულა, თუმცა წიგნი პირველად გამოიცა 1965 წელს (ანგია ბოჭორიშვილის რედაქტორობით), რუსულ ენაზე (მონოგრაფია რუსულ ენაზე შესრულდა), სახელწოდებით Основные проблемы социологии мышления. ქართულ ენაზე წიგნი გამოიცა 1990 წელს (ოთარ ჯიოევის რედაქტორობითა და ოთარ გრატიაშვილის თარგმანით). ახლახანს, 2022 წელს, წიგნი ასევე გამოიცა ინგლისურ ენაზე, Brill-ის მიერ, სახელწოდებით Fundamental Problems of the Sociology of Thinking (ქრეიგ ბრენდისტის რედაქტორობითა და ჯეფ სკინერის თარგმანით).

კიტა მეგრელიძის ნაშრომის ძირითად მიზანს წარმოადგენს გამოარკვიოს აზროვნებისა და ადამიანის სოციალური ბუნების საზრისი. მეგრელიძე საკუთარ თავს უწოდებდა „მსოფლხმედველობით მარქსისტს“ და ნაშრომიც მდიდარია მარქსისტული თეორიული და მეთოდოლოგიური მუშაობით. პროფესორი ოთარ ჯიოევი წერს, რომ წიგნის პირველი გამოქვეყნებისთანავე მას დიდი ინტერესით შეხვდა საბჭოთა სამეცნიერო საზოგადოება. 1967 წლის ზამთარში, Правда-ში გამოქვეყნებულ რეცენზიაში საბჭოთა მეცნიერები უმაღლეს შეფასებას აძლევენ ნაშრომს და მეგრელიძეს ახასიათებენ, როგორც „ბრწყინვალედ განათლებული მარქსისტი, დიდი ერუდიციის ადამიანი“.

ჟურნალი 42°პარალელი გთავაზობთ ამონარიდს კიტა მეგრელიძის წიგნიდან: აზრის სოციალური ფენომენოლოგია (1990), გვ. 348-352.

 

***

 

ინდივიდუალური აზროვნების საზოგადოებრივი ხასიათი

 

აქამდე ჩვენ განვიხილავდით აზრების წარმოშობის პრობლემას გაცნობიერების ინდივიდუალური აქტის თვალსაზრისით ცნებისა და გაგების საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ცნობიერება სამყაროში არსებობს არა იზოლირებული ერთეული ცნობიერების სახით, არამედ სხვა ცნობიერ არსებათა გარემოცვაში. ადამიანისათვის აუცილებელ ყველა ნივთს შორის, ამბობდა მარქსი, მისთვის ყველაზე აუცილებელია სხვა ადამიანი, მოთხოვნილება სხვა ადამიანისადმი.

ადრე ვამბობდით, რომ ადამიანების მიერ წარმოებული კულტურული ფასეულობანი იქცევა ინდივიდთა საზოგადოებრივი კავშირ-ურთიერთობების საგნობრივ შუამავლებად, მაგრამ ადამიანი ქმნის არა მარტო მატერიალური კულტურის სამყაროს, ამავე გზით „ადამიანი აწარმოებს აგრეთვე ადამიანსაც, აწარმოებს თავის თავს და სხვა ადამიანს“[1], და არა მარტო დაბადების პირდაპირი აზრით, არამედ სოციალური წარმოქმნის აზრითაც, მუდმივი კვლავწარმოქმნის, “გაადამიანების” აზრითაც. ადამიანს ქმნის ადამიანი, კულტურა, ისტორია. სხვა ადამიანი, სხვა ადამიანები და საერთოდ რომ ვთქვათ, საზოგადოებაში თავისი მსგავსი ინდივიდის არსებობა ადამიანის არსებობის ამ სიტყვის საკუთრივი აზრით, აგრეთვე ადამიანური მოქმედების წესისა და ადამიანის აზრის წესის აუცილებელი პირობაა[2]. ამდენადვე აზროვნებაც აუცილებლად უნდა გამომჟღავნდეს არა მარტო როგორც ინდივიდუალური აქტი, არამედ აგრეთვე როგორც საზოგადოებრივი მოლენაც. ამ ამოცანის გაშუქება იქნება მთელი ჩვენი შემდგომი კვლევის საგანი.

თუმცა გაცნობიერება ყოველთვის რომელიმე ცალკეული სუბიექტის ინდივიდუალური აქტია (სხვანაირად მას ვერც წარმოვიდგენთ, რადგანაც აზროვნების პროცესი არ შეიძლება მიმდინარეობდეს სადმე გარკვეული ნერვულ-ტვინისეული სისტემის გარეშე; გაცნობიერება, ჯოგური რეფლექსებისაგან განსხვავებით, ინდივიდუალური ორიენტაციის მაჩვენებელია), მაგრამ ადამიანის აზრები მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური პროდუქტები რომ იყოს, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანთა ურთიერთგაგება და ურთიერთობა.

ამრიგად, ცნების პრობლემას სულაც არ ამოწურავს ინდივიდუალური აზროვნების ანალიზი. საკითხი გაცილებთ ფართოდ დაისმის: რატომ აზროვნებს ცალკეული ცნობიერება ასე თუ ისე? რითაა განპირობებული ინდივიდთა აზროვნება? როგორ ყალიბდება ისტორიულად გარკვეული ცნებები, როგორ იქმნება და საზოგადოებრივად მკვიდრდება გარკვეული იდეები?

19-ში ვთქვით, რომ მას შემდეგ, რაც დაირღვა ბუნებრივ გარემოსთან ორგანიზმის შემაერთებელი ბუნებრივი კავშირი, ცნობიერებამ იკისრა გარემოსთან სუბიექტის კავშირ-ურთიერთობისა და ორიენტირების ამოცანა. ესე იგი დაისაკუთრა ფუნქციები, რომლებიც მანამდე ინსტინქტურად – ავტომატურად და ცნობიერების გარეშე სრულდებოდა. ამრიგად, სუბიექტის ურთიერთობა ნივთიერ გარემოსთან და სხვა ადამიანებთან განზრახული ურთიერთობებისა და მიზანმიმართულ მოქმედებათა ფორმას იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობიერება გვევლინება საშუალო ტერმინად, გამაშუალებელ რგოლად გარემო ვითარებასა და სუბიექტის ორიენტაციის საბოლოო აქტს შორის, ობიექტურ სიტუაციასა და სუბიექტს შორის. გარკვეულ სიტუაციასთან შეხვედრა ახლა უშუალოდ პირდაპირ მოქმედებას კი აღარ იწვევს, არამედ სუბიექტს აყენებს პრობლემის წინაშე: წინასწარ გაითვალისწინოს მოქმედება დაბოლოების, ესე იგი სასურველი შედეგის, მიზნის თვალსაზრისით. მაშასადამე, გაიაზროს სიტუაცია, გადაწყვიტოს იგი.

სუბიექტის შინაგანი რეფლექსიის ეს პროცესი (ე.ი. აზროვნება) გამაშუალებელ რგოლად ჩაირთვება მოქმედების ობიექტსა და სუბიექტს შორის. რა თქმა უნდა, ეს რეფლექსია სუბიექტს ეკუთვნის, იგი მიმდინარეობს სუბიექტის ნერვულ-ტვინისეულ აპარატში და სუბიექტის ნაგებია; მაგრამ მას მხედველობაში აქვს ობიექტი, იაზრებს ობიექტს და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრულია მისი თავისებურებებით.

გონებრივი რეფლექსიის აქტი არის ურთიერთდაუფლების ორმხრივი აქტი: ობიექტის მიერ სუბიექტის დაუფლებისა, და პირიქით – აზროვნების აქტში სუბიექტის მიერ ობიექტის დაუფლებისა, რითაც იგი პოულობს ობიექტის წიაღისა და მისი დაძლევის გზას. ამ აქტში ობიექტიც ერთგვარად ეუფლება სუბიექტს, მის ცნობიერებას. სუბიექტი დასაქმებულია ამ ობიექტით, მის ცნობიერებას „აკვიატებული აქვს“ გარკვეული საგნობრივი შინაარსი. ჩვენ ვამბობთ – აზროვნების აქტის დროს ცნობიერება თვით ამოცანის ობიექტურ საზრისში, თვით ობიექტის მნიშვნელობაშია ჩაღრმავებული და ვინაიდან გაცნობიერების ყოველი აქტი გარკვეული შინაარსის ა’ხროვნებაა, ამიტომ გაცნობიერება შეკრულია ობიექტის კანონებით, განსაზღვრულია თვით სინამდვილის ობიექტური საზრისით, ესე იგი ცნობიერების საგნობრივი შინაარსით. უკანასკნელ შემთხვევაში საქმე გვაქვს საგნობრივ, რეალურ, შინაარსობრივ აზროვნებასთან.

მაგრამ აზრობრივი რეფლექსია მარტო ობიექტსა და სუბიექტს შორის შუამავალი როდია, იგი ამავე დროს სუბიექტებს შორის კავშირისა და განზრახულ ურთიერთობათა საშუალებაა, ინდივიდებს შორის ურთიერთობის შუამავალია. ესეც ცნობიერების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას შეადგენს. ცნობიერება ურთიერთობის ამ ფუნქციას ვერ შეასრულებდა, მას საფუძვლად რომ არ ედოს ინდივიდების საერთო უნარი – გაიცნობიერონ გარკვეული სოციალური წრე. ყოველგვარი ურთიერთგაგება და ყოველგვარი ურთიერთობა გულისხმობს გაგების რაღაც საერთო ბაზის არსებობას. ამ საერთო საფუძველს შეადგენს ის მატერიალური და საზოგადოებრივი პირობები, რომლებიც განსაზღვრავენ გარკვეული საზოგადოების ინდივიდთა ინტერესებს და მათ აზროვნებას (იხ. §§ 100, 105).

საზოგადოებრივი პრაქტიკის ფაქტები თვითონ ხშირად ისე ყალიბდება, რომ ადამიანებს გარკვეული მიზნები, ამოცანები ესახებათ, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ გარკვეული წესით შეიძლება. როცა საზოგადოებაში განსაზღვრული პრობლემები მწიფდება (ეს კი ხშირად ადამიანთა უნებურად და განუზრახველად ხდება), ისინი სულ უფრო ხშირად ეხება ბევრის ინტერესებს და მრავალი ინდივიდის საფიქრალი ხდება. თუ „ამრიგად სინამდვილე, თვითონ ისწრაფვის აზრისაკენ” რასაც ვერ შეამჩნევს ერთი, შეამჩნევს მეორე, რაც გამოეპარება ერთს, ჩასწვდება მეორე, მესამე ან მეათე. საკმარისია, რომ თუნდაც ერთი სათანადოდ მომზადებული ცნობიერება შეხვდეს განსაზღვრულ სიტუაციას, განსაზღვრულ ამოცანას და გააზრებაც მოხდება, წარმოიშობა გარკვეული აზრი, იდეა ან ცნება.

მაშასადამე, საკითხი ეხება ობიექტურ სოციალურ-ნივთიერ პირობებს, რომლებიც სხვადასხვანაირად აყალიბებენ ადამიანის აზროვნებას მისი განვითარების სსვადასხვა სტადიაზე, ინდივიდუალური გადახრების მიუხედავად.

ინდივიდების აზროვნებას განსაზღვრავენ აზროვნების გაბატონებული სოციალური ჩვევები. ამრიგად, ჩვენ ვაყენებთ დებულებას, რომელსაც განვავითარებთ 87-ე, მე-100 პარაგრაფებში, რომ აზრები ინდივიდუალურ თავის ქალაში იმიტომ ხვდებიან, რომ წარმოადგენენ გარკვეული ეპოქისა და გარკვეული საზოგადოების აზრებს.

ცალკეული პიროვნება აზროვნებს საზოგადოებრივად ჩამოყალიბებული ცნებებითა და წარმოდგენებით. ინდივიდის აზროვნება ინდივიდუალური შემოქმედების შედეგი კი არ არის, არამედ ისტორიის პროდუქტია – ეს საზოგადოებრივი აზრებია.

ბევრს აშინებდა ეს თვალსაზრისი და კითხულობდნენ, სად არის ფსიქიკური სუბსტრატი? სად არიან ისინი – საზოგადოებრივი აზრები? საზოგადოებას არ გააჩნია ნერვულ-ცერებრული სისტემები, მას არა აქვს რაღაც ერთიანი თავი!

მით უკეთესი, თუ თითოეული ინდივიდუალური თავი საზოგადოებრივი აზრის ორგანოა, საზოგადოებრივი თავია. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულს თავი საკუთარ მხრებზე დააქვს, იგი მაინც სავსეა არა მის მიერვე შექმნილი აზრებით, არამედ საზოგადოებრივი იდეებით, როგორც ინდივიდუალური ცნობიერების საერთო ორიენტაციის აზრით, ისე აზრთა და ობიექტთა წყობის, ესე იგი ცნობიერების შინაარსის მხრივ.

ცნობიერების საგნობრივი შინაარსი სხვა არაფერია, თუ არა მისი სოციალური შინაარსი, ვინაიდან, ჯერ ერთი, გარკვეული ნივთები აზროვნების ობიექტებად იქცევიან, რამდენადაც მათ პრობლემად წამოწევს ისტორიული განვითარება. ხოლო, მეორეც, ადამიანის ცნობიერება ობიექტებს იმეცნებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ამ ნივთებში და მათი მეშვეობით იაზრებს და აგებს სავარაუდო ურთიერთობას სხვა ინდივიდებთან. იმ აზრების ჯამს, ადამიანს თავში რომ მოსდის საერთოდ, გამოაკელით სხვა სუბიექტებთან დაკავშირებული აზრები და ნახეთ, თუ რა დარჩება მისი ცნობიერების შინაარსიდან. მასში არაფერი აღარ დარჩება, ვინაიდან მასში არც ყოფილა სხვა შინაარსი. ცნობიერება ებრძვის ნივთიერ სინამდვილეს, რამდენადაც ამ ნივთებში იგი გულისხმობს სხვა ინდივიდებსა და მათთან ურთიერთობას.

გარდა ამისა, ამაოა სასოგადოებრივი აზრის სამყოფელის ძებნა რაღაც საოცარ საერთო თავში, როცა იგი გაბნეულია ყოველივე დიდსა თუ მცირეში, რასაც კი შეჰხებია ადამიანის საქმიანობა და რაშიც კაცობრიობა ნიადაგ აღბეჭდავდა თავის აზროვნებას, მისი საქმიანობის რა პროდუქტებშიც არ უნდა გამოიხატებოდეს ეს.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ აზროვნების თითოეული აქტი ყოველთვის გაგების ინდივიდუალური აქტია, ის, რასაც ინდივიდი იაზრებს, ესე იგი თვით პრობლემა, როგორც ასეთი, სოციალურ პროდუქტს წარმოადგენს. აზრის ინდივიდუალური აქტი დეტერმინებულია საზოგადოებრივი განეითარების პირობებითა და საფეხურით, რომელშიც ინდივიდი ჩამოყალიბდა, და, რაც მთავარია, რომელშიც მას აზროვნება და მოქმედება უხდება. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ აზრები, რომლებიც ინდივიდს აქვს, ის, თუ როგორ აზროვნებს იგი, რას იაზრებს, თვით დაუოკებელი ფანტაზიაც, – საზოგადოებრივი აზრებია, რომლებიც ისტორიულად ყალიბდებოდნენ და საზოგადოებაში მიმოიქცევიან ათასნაირი ფორმით და მრავალი სახით ვლინდებიან ყველაფერში, ყოფითი ნივთები იქნება ეს, ზნე-ჩვეულებები, გემოვნება, ენა, პრესა თუ სხვა.

 

[1] К. Маркс и Ф. Енгельс, Сочинения, т. III, 1930, с. 623

[2] „ადამიანი არის Zoon Politikon სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, არათუ საზოგადოებრივი ცხოველი, არამედ ამასთანავე ისეთი ცხოველი, რომელსაც მხოლოდ საზოგადოებაში შეუძლია განცალკევება. განცალკევებულ ინდივიდთა წარმოება საზოგადოების გარეშე, – იშვიათი შემთხვევა, რასაც შეიძლება ადგილი პქონდეს შემთხვევით უდაბნოში მოხვედრილი ცივილიზებული ადამიანისგან, რომელიც უკვე დინამიკურად ატარებს თავისთავში საზოგადოებრივ ძალებს, –  ისეთივე უაზრობაა, როგორც ენის განვითარება ერთად მცხოვრებ და ერთმანეთთან მოლაპარაკე ინდივიდთა გარეშე”. კ. მარქსი, პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის, გვ. 257.

 

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას