ისტორიის დასაცავად - ერიკ ჰობსბაუმი

თარგმანის ავტორი: თორნიკე ჩივაძე, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა მკვლევარი

 

 

 

მოდაშია გამოთქმა : „ჩემი სიმართლეც ისევე საფუძვლიანია, როგორც თქვენითუმცა ეს სიმართლე არაა

 “აქამდე ფილოსოფოსები მხოლოდ სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ სამყაროს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი გარდაქმნილ იქნას“. მარქსისტული ისტორია მარქსის ამ ცნობილი თეზისის ორი ნაწილის პარალელურად განვითარდა. ინტელექტუალების უმრავლესობა, ისტორიკოსების ჩათვლით, რომლებიც 1880-იანი წლების შემდგომ მარქსისტები გახდნენ, ამ გზას იმიტომ დაადგა, რომ სურდათ სოციალისტების და მშრომელთა მოძრაობებთან გაერთიანებულებს სამყარო შეეცვალათ. ასეთი განწყობა ძლიერი იყო 1970-იან წლებამდე, როდესაც მარქსიზმის წინააღმდეგ მასიური იდეოლოგიური და პოლიტიკური რეაქცია დაიწყო. ამ რეაქციის მთავარი შედეგი იყო იმ რწმენის განადგურება, რომლის მიხედვითაც ისტორიულ ანალიზს შეეძლო დახმარებოდა გარკვეული საზოგადოებრივი  წყობის წარმატებას და ეწინასწარმეტყველა მისი გამარჯვება.

და საერთოდ რას ნიშნავს ეს „სამყაროს განმარტება“? აქ საქმე გვაქვს ორმაგ მოძრაობასთან. ერთის მხრივ, კითხვის ამგვარად დასმა წინააღმდეგობაში მოვიდა პოზიტივისტურ რწმენასთან, რომლის მიხედვითაც რეალობის ობიექტური სტრუქტურა თავისთავად ცხადია – საჭიროა მხოლოდ მეცნიერული მეთოდოლოგიის მასზე მორგება. ამავდროულად, ეს იყო მოძრაობა ისტორიის სოციალურ მეცნიერებებთან დასაახლოებლად და მისი იმ ყოვლისმომცველი დისციპლინის ნაწილად ქცევა, რომელიც შეძლებდა ადამიანთა საზოგადოებების გარდაქმნების ახსნას. ისტორიას უნდა დაესვა დიდი კითხვა – „რატომ“?

მარქსიზმმა ხელი ორივე მოძრაობას შეუწყო, თუმცა მას შემდგომში არასწორად დაესხნენ თავს ბრმა ობიექტივიზმის ბრალდებით. უნდა ითქვას, რომ იდეები  ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების ცენტრალურობის შესახებ მხოლოდ მარქსისტული არ ყოფილა; ეს იყო ძირითადი ტენდენცია ისტორიოგრაფიაში, რომელმაც პიკს 1950-1960-იან წლებში მიაღწია.

მარქსისტი ისტორიკოსების ისტორიულ ინტერესს წარმოადგენდა არა ცალკე აღებული ბაზისი (ეკონომიკური ინფრასტრუქტურა), არამედ კავშირი ბაზისსა და ზედნაშენს შორის. ამ სახის სოციო-ეკონომიკური მიმდინარეობა მარქსიზმზე უფრო ფართო იყო. ისტორიის ეს მოდერნიზატორები, რომლებმაც ბრიტანეთის ისტორიული მეცნიერების მოდერნიზაცია საკუთარ თავზე აიღეს, სვამდნენ ერთსა და იმავე კითხვებს და საკუთარ თავს ერთსა და იმავე ინტელექტუალურ ბრძოლაში ხედავდნენ, იმის მიუხედავად თუ საიდან მოდიოდა  მათი ინსპირაცია – საზოგადოებრივი გეოგრაფიიდან, ვებერიანული სოციოლოგიიდან თუ მარქსიზმიდან.

მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად, ისინი თავს ერთმანეთს მოკავშირეებად განიხილავდნენ, როდესაც საქმე ისტორიოგრაფიულ კონსერვატიზმთან დაპირისპირებას ეხებოდა. პროგრესის ფრონტი მეორე მსოფლიო ომიდან 70-იან წლებამდე გაიშალა. ამას მოჰყვა რაოდენობრივი კვლევებიდან თვისობრივ კვლევებზე, მაკროისტორიიდან მიკროისტორიაზე, სტრუქტურულიდან ნარატიულ ანალიზზე და სოციალურიდან კულტურულ ანალიზზე გადასვლა.

ამ პერიოდიდან მოდერნიზატორული კოალიცია თავდაცვით პოზიციაზე გადავიდა. და მაინც, ის რისი მიცემაც დღეს მარქსიზმს ისტორიოგრაფიისთვის შეუძლია, ისე აშკარაა როგორც არასდროს. ისტორიას სჭირდება დაცვა იმათგან, ვინც ამტკიცებს, რომ მას არ აქვს სამყაროს შეცნობის უნარი. ისტორიას სჭირდება დაცვა იმიტომ, რომ ახალმა სამეცნიერო განვითარებამ შეცვალა ისტორიოგრაფიის დღის წესრიგი.

მეთოდოლოგიურ ნაწილში მოვლენების განვითარების ნეგატიური ასპექტი ისაა, რომ წარმოიშვა ბარიერები იმას შორის თუ რა მოხდა ისტორიაში და ჩვენს შესაძლებლობაში, დავაკვირდეთ და გავიგოთ ის. უარყოფილია, რომ  სადღაც არსებობს რაიმე ტიპის ობიექტური სინამდვილე, რომელიც დამკვირვებლის მიერ არაა კონსტრუირებული, სხვადასხვა და ცვალებადი განზრახვებით. სახეზეა მტკიცება, რომ ჩვენ ვერასდროს გავაღწევთ ენის/ენობრივი შეზღუდულობის მიღმა.

მესამე ინტენაციონალის მონუმენტი – ვლადიმირ ტატლინი

ამავდროულად, ნაკლებად თეორიულად მოაზროვნე ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ წარსული მიზეზშედეგობრივი კავშირების დასადგენად ზედმეტად პირობითია, რამდენადაც ისტორიაში განვითარების ვარიანტები უსასრულოა. ამ მიდგომის მიხედვით, ისტორიაში შეიძლებოდა პრაქტიკულად ყველაფერი მომხდარიყო ან არ მომხდარიყო. ეს ფარულად/იმპლიციტურად ნებისმიერი მეცნიერების საწინააღმდეგო არგუმენტია. აღარ ვსაუბრობ წარსულში დაბრუნების ტრივიალურ მცდელობებზე: მცდელობებზე რომ ისტორიის მსვლელობა მიეწეროს  მაღალი პოლიტიკური ან სამხედრო მოღვაწეების გადაწყვეტილებებს, ან ყოვლისშემძლე იდეებს და „ღირებულებებს“.  აღარ ვსაუბრობ მცდელობაზე, რომ ისტორიული შემეცნება წარსულისადმი ემოციური კავშირების ძიებამდე იქნას დაყვანილი.

დღეს, პირველი პოლიტიკური საფრთხე ისტორიოგრაფიისთვის „ანტი-უნივერსალიზმია“, ან მიდგომა, რომლის მიხედვითაც – „მტკიცებულების მიუხედავად ჩემი სიმართლეც ისეთივე საფუძვლიანია, როგორც შენი“. ეს ვლინდება სხვადასხვა ფორმის იდენტობის ჯგუფების ისტორიაში, რომლისთვისაც ცენტრალური საკითხი ის კი არაა თუ რა მოხდა, არამედ ის თუ როგორ შეეხო ეს კონკრეტული ჯგუფის წევრებს. ამ ტიპის ისტორიისთვის  მნიშვნელოვანია არა რაციონალური ახსნა, არამედ ”მნიშვნელობა”, არა ის, რაც მოხდა, არამედ რას გრძნობენ ამის შესახებ კოლექტიური ჯგუფის წევრები, რომლებიც საკუთარ თავს სხვებისგან რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული, გენდერული ან ცხოვრების წესის მიხედვით, გამოყოფენ.

ბოლო 30 წელი ემოციებით გაჟღენთილი ისტორიული ფალსიფიკაციებისა და მითების მასიური გამოგონების ოქროს ხანა იყო. ზოგიერთი მათგანი საზოგადოებრივად საშიშია: ვგულისხმობ „ინდოეთის სახალხო პარტიის“ ინდოეთს, ბერლუსკონის იტალიას, აღარაფერს ვამბობ ზოგჯერ რელიგიური ფუნდამენტალიზმით გამაგრებულ ან ზოგჯერ მის  გარეშე წარმოქმნილ ახალ ნაციონალისტურ განწყობებზე.

ეს დასაბამს აძლევს უსაგნო დებატებს ნაციონალისტურ, ფემინისტურ, ჰომოსექსუალურ, შავკანიანებსა და სხვა შიდა ჯგუფებს შორის; თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამან წაახალისა ახალი, კულტურის კვლევების საინტერესო ისტორიული მიმართულება, რომელსაც ისტორიულ მეცნიერებებში „memory boom“-ს უწოდებენ.

დროა ისინი, ვისაც ისტორია ესმის როგორც კაცობრიობის ტრანსფორმაციული მსვლელობის რაციონალური კვლევა, კვლავ გაერთიანდნენ მათ წინააღმდეგ, ვინც ისტორიას პოლიტიკური მიზნებისთვის ამახინჯებს. დროა რელატივისტებისა და პოსტმოდერნისტების წინააღმდეგ გაერთიანების, რომლებიც საერთოდ უარყოფენ ასეთი კვლევის შესაძლებლობას. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთნი მათგანი  თავს მარცხენა ფლანგზე მოიაზრებს, ამან შესაძლოა პოლიტიკურ პოლუსებზე ისტორიკოსების მოულოდნელი გადანაცვლება გამოიწვიოს.

მარქსისტული მიდგომა „გონის ფრონტის“ რეკონსტრუქციისთვის აუცილებელი კომპონენტია. მაშინ როდესაც პოსტმოდერნისტებმა უარყვეს ისტორიის დახმარებით შემეცნების შესაძლებლობა, საბუნებისმეტყველო  მეცნიერებებში განვითარებულმა მოვლენებმა კაცობრიობის ევოლუციური ისტორია დააბრუნა მყარად დღის წესრიგში.

პირველ რიგში, დნმ-ს ანალიზმა დაადგინა სახეობების გავრცელების უფრო ზუსტი ქრონოლოგია თავდაპირველი აფრიკული წარმოშობიდან მთელს მსოფლიოში, წერილობითი წყაროების გამოჩენამდე. ამით დადგინდა კაცობრიობის ისტორიის საოცარი ხანმოკლეობა და აღმოიფხვრა ნეო-დარვინისტული სოციალური ბიოლოგიის რედუქციონისტული გადაწყვეტა.

ბოლო 10 000 წლის განმავლობაში ადამიანის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, რომ აღარაფერი ვთქვათ ბოლო ათი თაობის ცვლილებებზე, ძალიან დიდია, იმისთვის რომ გენის ევოლუცია მხოლოდ  დარვინისეული მექანიზმებით აიხსნას. ეს გულისხმობს კულტურული და არა გენეტიკური მექანიზმებით შეძენილი მახასიათებლების დაჩქარებულ ათვისებას.

მოკლედ, რომ ვთქვათ დნმ-ს რევოლუცია მოითხოვს სპეციფიკურ, ისტორიულ მეთოდს რომელიც შეისწავლის ადამიანის სახეობის ევოლუციას. ეს ასევე გვაწვდის რაციონალურ ჩარჩოს მსოფლიო ისტორიისთვის. ამ გაგებით ისტორია წარმოადგენს  ჰომო საპიენსის ბიოლოგიური განვითარების გაგრძელებას, სხვა საშუალებებით.

მეორეც, ახალი ევოლუციური ბიოლოგია გამორიცხავს განსხვავებას ისტორიასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შორის და გვერდს უვლის ყალბ დებატებს – არის თუ არა ისტორია მეცნიერება.

მესამე, ეს გვაბრუნებს ადამიანის ევოლუციის ძირითადი მიდგომისკენ, რომელიც მოიცავს ჩვენი სახეობებისა და გარემოს ურთიერთქმედების გზების შესწავლას და ჩვენს მიერ გარემოზე მზარდი კონტროლის საკითხს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ კითხვები, რომლებიც მარქსმა დასვა. „წარმოების წესი“, რომელიც ეფუძნება საწარმოო ტექნოლოგიებში, საზოგადოებრივ ორგანიზებაში, კომუნიკაციებში და ასევე სამხედრო ძალაში არსებულ ძირითად ინოვაციებს, წარმოადგენდა ადამიანური ევოლუციის ცენტრალურ ელემენტს.  მარქსი აცნობიერებდა, რომ ეს ინოვაციები არ წარმოიქმნებოდა და არ წარმოიქმნება თავისთავად. წარმოებითი ურთიერთობები არ არის განცალკევებადი მატერიალური და კულტურული ძალებისგან. ისინი წარმოადგენენ კაცთა და ქალთა ქმედებებს  მოცემულ ისტორიულ კონტექსტში. ეს ისტორიული კონტექსტი არ არის მათ მიერ შექმნილი, არ არის მათ ქმედებებზე და მათ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული, თუმცა არც ვაკუუმშია.

ამასთან, ისტორიის ახალმა პერსპექტივებმა ასევე უნდა დაგვაბრუნოს წარსულის შემსწავლელი ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა ბოლომდე ჯერაც გაუცნობიერებელი მიზნისკენ: „ტოტალური ისტორიისკენ”. ეს არის არა „ყველაფრის ისტორია“, არამედ ისტორია, როგორც განუყოფელი ქსელი, რომელშიც ყველა ადამიანური მოქმედება ურთიერთკავშირშია. ეს მიზანი მხოლოდ მარქსისტებს არ ამოძრავებთ, მაგრამ მათ ის გამოარჩევთ, რომ ყველაზე ჯიუტად მიისწრაფვიან ამ მიზნისკენ.

ერიკ ჰობსბაუმი (1976)

ისტორიის ურთიერთკავშირში გაგების პერსპექტივისთვის არანაკლებ პრობლემურია საკითხი, რომელიც საკვანძოა ჰომო საპიენსის ისტორიული ევოლუციის გაგებისთვის. ეს არის კონფლიქტი იმ ძალებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ ჰომო საპიენსის ტრანსფორმაციას ნეოლითიდან „ატომურ კაცობრიობამდე“ და იმ ძალებს შორის, რომელთა მიზანიც ადამიანის საზოგადოებრივი გარემოს სტაბილურობის და უცვლელი კვლავწარმოების შენარჩუნება იყო. როგორც წესი, თითქმის მთელი ისტორიის განმავლობაში ცვლილებათა ჩამხშობი ძალები ეფექტურად ანეიტრალებდნენ ახალ შესაძლებლობებს.

დღეს ძალთა ბალანსი აშკარად ერთ მხარესაა გადახრილი. წონასწორობის დარღვევა იმდენად დიდია, რომ ადამიანთა სოციალურ და პოლიტიკურ ინსტიტუციებს მისი გაკონტროლება სავარაუდოდ აღარ შეუძლიათ. მარქსისტ ისტორიკოსებს, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა ეფიქრათ XX საუკუნის კოლექტიური პროექტების გაუთვალისწინებელ, დაუგეგმავ და არასასურველ შედეგებზე, როგორც მინიმუმ იმაში მაინც შეუძლიათ დაგვეხმარონ, რომ გავიგოთ, ეს როგორ მოხდა.

.

ერიკ ჰობსბაუმი – ცნობილი ბრიტანელი სოციალური თეორეტიკოსი;  ინდუსტრიული კაპიტალიზმის, სოციალიზმისა და ნაციონალიზმის ისტორიკოსი.  ჰობსბაუმი იკვლევდა ინდუსტრიული კაპიტალიზმის, სოციალიზმისა და ნაციონალიზმის საკითხებს. მის ყველაზე პოპულარულ ნაშრომებს წარმოადგენს ტრილოგია, რომელსაც თავად უწოდებს “გრძელ მე-19 საუკუნეს” – (1. რევოლუციის ხანა: ევროპა 1789-1848 წლებში; 2. კაპიტალის ხანა: 1848-1875 წწ.; 3. იმპერიის ხანა: 1875-1914 წწ.).  ასევე, მისი ძალიან ცნობილი წიგნია “უკიდურესობების ხანა” მოკლე მეოცე საუკუნეზე და დარედაქტირებული თავი, რომელშიც შემოიტანა გავლენიანი იდეა „გამოგონებული ტრადიციების“ შესახებ (1983 წ).  წერილი პირველად გამოქვეყნდა „Le Monde diplomatique-ში, ხოლო ჩვენ მიერ ითარგმნა გამომცემლობა „Guardian”-ის ვებ-საიტიდან.

წყარო: https://www.theguardian.com/books/2005/jan/15/news.comment

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი