ეროვნული ბანკი ინფლაციაზე პასუხისმგებლობას იხსნის.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკას პანდემიასთან ერთად ინფლაციასთანაც უწევს ბრძოლა. ზოგიერთ პროდუქტზე ფასების ზრდამ 100%-საც კი გადააჭარბა. ინფლაცია ფაქტობრივად გაორმაგდა გაზაფხულზე და მიზნობრივ მაჩვენებელს ბოლო ორი თვეა ორჯერ აღემატება. 2021 წლის აპრილში წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 7.2 პროცენტი შეადგინა, ინფლაციის თვიურმა მაჩვენებელმა კი – 0,9%. მარტის თვესთან შედარებით ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა შემდეგ პროდუქტებზე: სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (4.2%); ფეხსაცმელი (9.9 %), ტანსაცმელი (1.9%) გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (4.2%), ყურძენი (5.3%), ზეთი და ცხიმი (4.2%), თევზეული (3.6%) და სხვა. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 5.4 პროცენტით.
რაც შეეხება წინა წლის აპრილთან შედარებით ფასების ზრდას, ფასები მომატებულია პროდუქციის ყველა ჯგუფზე, კავშირგაბმულობის გარდა. ფასების ზრდა განსაკუთრებით შეინიშნა შემდეგ ჯგუფებზე: პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (17.8%); ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8.1%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.0%), ასევე წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%). ფასები ასევე გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (21.4%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (12.1%) ქვეჯგუფებზეც. განსხვავებით პანდემიისგან, რომელიც 2020 წლის გაზაფხულიდან მწვავე პრობლემათა ხუთეულში იკავებს ადგილს, ინფლაცია ჯერ კიდევ 2019 წლიდან ათხელებდა მოსახლეობის ჯიბეს.
მაღალ ინფლაციაზე პასუხისმგებლობას იხსნის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ისევე როგორც უკვე წლებია ამას აკეთებს ლარის კურსთან მიმართებით. სებ-ის ხელმძღვანელობა თითს პანდემიისკენ იშვერს და ფასების საერთო დონის ზრდას სწორედ კორონა ვირუსს აბრალებს. “მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ თუ რაოდენ უპრეცედენტო შოკთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, ის ფაქტორები, რომლებიც დღეს ინფლაციაზე მოქმედებენ, არ არის ის ფაქტორები, რომლებზეც გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეროვნულ ბანკს. სხვა მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ მაგალითად, არის გვალვა და მოსავალი არ მოვიდა, დიდი ალბათობით, ამ მოსავალზე ფასები გაიზრდება. მაგრამ ამ შემთხვევაში, რეგულატორს არცერთ ქვეყანაში არ ექნება არანაირი ბერკეტი, ამაზე გავლენა მოახდინოს. ამიტომ ის ფაქტორები, რაც ინფლაციაზე მოქმედებს, არის ეროვნული ბანკის მანდატს გარეთ. შეუძლებელია მათი კონტროლი. მიუხედავად ამისა, ყველა ბერკეტს ვიყენებთ, რათა ინფლაციის დინამიკა შეესაბამებოდეს ეროვნული ბანკის მანდატს”, – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.
თუ წლიური ინფლაციის მაჩვენებელს თავს გადავავლებთ, აღმოჩნდება, რომ საქართველოში ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ზაფხულში დაიწყო და სექტემბერში სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელს (3%) ორჯერ გადააჭარბა და შედეგად 6,4% შეადგინა. ამ პერიოდისთვის კორონავირუსის არსებობის შესახებ იმ ქვეყანაშიც კი არ იცოდნენ, სადაც პირველად დაფიქსირდა. შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იმდენი მოახერხა, რომ კორონაკრიზისს უკვე მაღალი ინფლაციით შევხვდით. აი რას აცხადებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2019 წელის ნოემბერში გაზრდილი ინფლაციის შესახებ. „ჩვენი პროგნოზი დღესდღეობით ასეთია, რომ დაახლოებით წელს შენარჩუნდება იმ დონეზე რაც ახლა გვაქვს, 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას და წლის ბოლოს მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს“, – განაცხადა გვენეტაძემ. 2019 წლის სექტემბრიდან მოყოლებული წლიური ინფლაცია მხოლოდ ორი თვე იყო მიზნობრივ 3%-ზე ნაკლები, კერძოდ, ამ ზამთარში, როდესაც სახელმწიფო კომუნალური გადასახადების ასუბსიდირებდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ის ფაქტორები, რაც ინფლაციაზე მოქმედებს, ეროვნული ბანკის მანდატს გარეთაა და შეუძლებელია მათი კონტროლი. ინფლაცია ქვეყნის ეკონომიკის შიდა პრობლემაა და სწორედ ამიტომაა მასზე პასუხისმგებელი ცენტრალური ბანკი.
ფასების საერთო დონის ზრდას კონკრეტული პროდუქტის გაძვირება არ ახდენს. ფულის საერთო მასის ცვლილების გარეშე ერთი კონკრეტული პროდუქტის გაძვირება მეორეს გაიაფებას იწვევს. სხვა თანაბარ პირობებში, კრიზისისას, როდესაც ეკონომიკა იკლებს, მოთხოვნა შემცირებულია. სახელმწიფოებს როგორც წესი დეფლაციასთან უწევთ ბრძოლა. მაგალითად 2008-09 წლების კრიზისის დროს, როდესაც ცენტრალური ბანკებს ნული ან ნულთან მიახლოებული საპროცენტო განაკვეთებით გასცემდნენ თანხებს. საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა შემცირდა და მოსახლეობის შემოსავლები იკლებს, ამის პარალელურად ფასები იზრდება. ამასთან სწრაფად მზარდი ინფლაციის ფონზე ეროვნულმა ბანკმა 9,5%-მდე გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც, ერთის მხრივ, პირდაპირ უძვირებს 120 ათასზე მეტ კრედიტორს სესხს, რომელთა პროცენტიც მიბმულია რეფინანსირების განაკვეთის მაჩვენებელზე.
მეორეს მხრივ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უძვირებს სესხებს კომერციულ ბანკებს, რაც, თავის მხრივ, კომერციული კრედიტების გაძვირებას, ეკონომიკის დაკრედიტების შემცირებას და შედეგად მშპ-ს ზრდის ტემპის შემცირებას იწვევს. შედეგად დღეს ეკონომიკა პანდემიის პარალელურად ინფლაციისგან გამოწვეული უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია შემცირებას 2022 წლიდან დაიწყებს. თუ აქამდე გაკეთებულ პროგნოზებს დავეყრდნობით, ერთადერთი რამის დასკვნა შეიძლება, რომ მათი პროგნოზები ხშირად არ მართლდება. ასე რომ მაღალი ინფლაცია კიდევ რამდენი წელი გაგრძელდება ძნელი სათქმელია. რაც მთავარია ახლა ყველა ეკონომიკურ პრობლემაზე საპასუხოდ ახალი მიზეზი გაჩნდა, რომელსაც კორონა ვირუსი ჰქვია. მერე რა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ბევრი პრობლემა პანდემიამდეც მწვავედ იდგა, დღეს სახელმწიფო ჩინოვნიკები თამამად იშვერენ ხელს კორონასკენ. უკვე არც ის გაგვიკვირდება თუ საქართველოს “ეკონომიკის მამები” 2008 წლის ფინანსურ კრიზისს 2020 წელს დაწყებულ კორონას დააბრალებენ.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.