იამაიკიდან Groko-მდე

24 სექტემბრის გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების შედეგი გერმანიის მთავრობაში ე.წ. „იამაიკის კოალიციის“ მოსვლას მოასწავებდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. გამარჯვებულ ქრისტიან დემოკრატიულ პარტიასა (CDU) და მის სავარაუდო პარტნიორებთან, თავისუფალ დემოკრატიულ (FDP) და მწვანეთა (Greens) პარტიასთან სახელისუფლებო კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზი ერთდროულად რამდენიმე საკითხი აღმოჩნდა.

პირველი საკითხი გერმანიის მიგრაციული პოლიტიკა იყო. CDU-მ და FDP-მ კონსესუსს მიაღწიეს და იმიგრანტთა წლიურ ლიმიტად 200 000 ადამიანეზე შეთანხმდნენ. მაგრამ აქ მწვანეთა პარტიამ ლტოლვილთა ოჯახების დაშლის საწინააღმდეგოდ მათ წევრთა გერმანიაში ცხოვრების უფლების მიცემა მოითხოვა. ამგვარი გადაწყვეტილება მიგრანტთა ნაკადს გერმანიაში წლიურად საშუალოდ 70 000 ადამიანით გაზრდიდა. მწვანეთა პარტიის ამ მოთხოვნაზე FDP გარკვეული პირობებით თანხმდებოდა, მაგრამ CDU უარზე იყო.

უთანხმოების მეორე საკითხი გარემოს დაცვა აღმოჩნდა. პარიზის კლიმატის 2020 წლის მიზნის მისაღწევად და კარბონის დიოქსიდის გამოყოფის შესამცირებლად მწვანეთა პარტია 20 ქვანახშირიზე მომუშავე ელექტროსადგურის დახურვას მოითხოვდა. ამ მოთხოვნაზე არცერთი პარტნიორი პარტია არ დათანხმდა, რადგან ეს გადაწყვეტილება სახიფათოდ და ეკონომიკურად წამგებიანად მიიჩნიეს. ამასთანავე, მწვანეთა პარტიის სურდა 2030 წლის შემდგომ გერმანიაში შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილები აღარ დაერეგისტრირებინათ.

მესამე საკითხი ევროკავშირი და ევროზონის მომავალი იყო. თავისუფალი დემოკრატები კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ გერმანიას ფინანსური დახმარებების (bail out) გაცემა შეეწყვიტა, რომ ევროგაერთიანებაში საბერძნეთის კრიზისის მაგვარი მდგომარეობები თავიდან აერიდებინათ. ასევე, პარტია უარყოფდა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივას ევროზონის საერთო ბიუჯეტისა და პარლამენტის შექმნაზე. სამაგიეროდ, ამ ინიციატივას პოზიტიურად აფასებდა მწვანეთა პარტია და გამოკვეთილად ევროინტეგრაციულ პოლიტიკას უჭერდა მხარს.

პარტიები არაერთსულოვნები იყვნენ მეოთხე საკითხშიც – სოლიდარული გადასახადის ე.წ. Soli-ის არსებობაში. Soli გერმანიის რეუნიფიკაციის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის ინფრასტრუქტურული და სხვა ტიპის განვითარებისთვის დამატებით გადასახადებს აწესებდა. FDP ამ გადასახადების 2019 წლისთვის სრულად, CDU თანდათანობით გაუქმებას მოითხოვდა, ხოლო მწვანეთა პარტია მისი შენარჩუნების მომხრე იყო.

19 ნოემბერს თავისუფალი დემოკრატების ლიდერი კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ოფიციალურად ჩაიშალა, მხარეებს შორის ვერც ნდობა ჩამოყალიბდა და ვერც საერთო იდეური ბაზისი შეიქმნა. ლინდნერის თქმით, „სჯობს საერთოდ არ მართო, ვიდრე მართო ცუდად.“

 

Groko და სოციალ-დემოკრატიული პარტიის გასაჭირი

„იამაკის კოალიციის“ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდგომ გერმანია სამთავრობო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ქვეყნის მეორე დიდმა, სოციალ დემოკრატიულმა პარტიამ (SDP) მმართველ პარტია CDU-სთან ე.წ. „დიდი კოალიციის“ (Große Koalition) შექმნა დიდი ხნით ადრე გამორიცხა.

მაგრამ ამ დროს საქმეში ქვეყნის პრეზიდენტი სოცდემოკრატიული პარტიიდან ვალტერ შტაინმაიერი ჩაერთო და მისი მოვალეობა შეასრულა. ქვეყნის პოლიტიკური არასტაბილურობის თავიდან ასარიდებლად, მან სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა და საკუთარ პარტიას ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ და „დიდი კოალიციის“ კიდევ ერთხელ შექმნისკენ მოუწოდა.

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ 12 წელი გაატარა ქრისტიან-დემოკრატებთან დიდ კოალიციაში. ამ ხნის განმავლობაში ქვეყანამ ეკონომიკურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, როგორც შიდა და ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ კოალიციაში ყოფნა თავად პარტიას ძვირად უჯდება. თუკი ბერლინის კედლის დანგრევიდან მოყოლებული 2005 წლის ჩათვლით, SPD-ის საშუალო მაჩვენებელი ბუნდესტაგის არჩევნებში ხმათა 36-37% იყო და უმეტეს შემთხვევაში მმართველ პარტიას წარმოადგენდა, მისი CDU-სთან თანამშრომლობის შემდეგ პარტიის სახალახო მხარდაჭერა საშუალოდ მხოლოდ 23% გახდა. ეს თითქმის 35%-იანი ვარდნაა. პარტიისთვის ამ ნეგატიური ტენდენციის ნათელი დადასტურება იყო გასული წლის არჩვენებიც, სადაც მან ხმათა ისტორიული მინიმუმი, მხოლოდ 20.5% აიღო.

მას შემდეგ რაც SPD-ის 21 იანვრის ყრილობამ ხმათა 56%-ით დიდი კოალიციის შესაქმენელად CDU-სთან მოლაპარაკებები დაწყებას მხარი დაუჭირა, პარტიის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა. RTL-ის გამოკითხვით, SPD-ს მხარდაჭერა იანვრის მდგომარეობით მხოლოდ 17%-ია.

დღევანდელი სიტუაცია ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია მემარცხენე იდენტობის კრიზისს განიცდის, რასაც არაერთი ფაქტორი განაპირობებს. 12 წელი სამთავრობო კოალიციაში ყოფნა და შესაბამისად, პარტიის წევრების მიერ მინისტრის პორტფელების ფლობა გერმანელ ამომრჩეველში სულ უფრო აქრობდა ზღვარს კოალიციის ორი პარტიის იდეოლოგიას შორის. ამდენი ხნის სამთავრობო თანამშრომლობის შემდგომ ამომრჩევლისთვის რთული ხდებოდა SPD-ს რეალურ ოპოზიციურ პარტიად აღქმა, რომლის როგორც იდეოლოგიური განსხვავებულობა, ასევე ოპოზიციური კრიტიკის უნარიც საკმაოდ გაუფერულდა.

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამომრჩევლის ნდობის მოპოვების საკითხი. ამ კუთხით, პარტიის მემარცხენე იდენტობის დისკრედიტაცია მოახდინა თავად SPD-ის ქცევამ 2013 წლის ბუნდესტაგის არჩვენების შემდგომ – მაშინ, როცა შესაძლებელი იყო მემარცხენე-ცენტრისტული სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება მწვანეთა და მემარცხენე (Die Linke) პარტიებთან, SPD-ის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ მემარჯვენე-ცენტრისტ ქრისტიან-დემოკრატებთან კვლავ დიდ კოალიციაში ყოფნა ამჯობინა.

SPD-ის ამგვარ მდგომარეობს ხელი შეუწყო ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის და მისი ხელმძღვანელის ანგელა მერკელის პოლიტიკებმაც. ბოლო რამდენიმეწლიანმა საბიუჯეტო ნამატმა გერმანიის მმართველ პარტიას საშუალება მისცა სახელმწიფო ხარჯები გაეზარდა და მეტი დაეხარჯა სოციალურ პროგრამებზე. ამასთანავე, მერკელის მიგრანტებთან მიმართებაში ღია კარის პოლიტიკაც ცალსახად მემარცხენე იდეებით იყო ნაკარნახევი და სოციალ-დემოკრატების მიმართ ნეიტრალური ამომრჩველის მხარდაჭერას აზრს უკარგავდა.

2017 წლის არჩევნებში SPD-ის 71 გვერდიან მანიფესტში მკვეთრად მემარცხენე პოლიტიკები იყო ასახული: მდიდარ კლასზე გადასახადების გაზრდა, საბავშვო ბაღებზე გადასახადების გაუქმება, საჯარო სკოლების დაფინანსების გაზრდა, კვლევების დაფინანსება, უმუშევრობის დახმარების გახანგრძლივება და ა.შ. მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიისას პარტიის ლიდერი მარტინ შულცი მთავარ აქცენტებს საგარეო პოლიტიკაზე სვამდა – კონფრონტაცია დონალდ ტრამპის პოლიტიკებთან და ევროინტეგრაციის ხელშეწყობა. პირველ რიგში მისი ეს აქცენტები რადიკალურად არ განხვავდებოდა ქრისტიან-დემოკრატების ხედვებისგან და მეორე და მთავარი, მემარცხენე პარტიისთვის საგარეო პოლიტიკაზე აქცენტების გაკეთება ყოველთვის არაადეკვატური და წამგებიანია. გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური კურსის არქონით გამოირჩევა ევროპაში მემარცხენე ძალთა უმრავლესობა – ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია, ბერძნული „სირიზა“, ესპანური „პოდემოსი“, პორტუგალიური სოციალ-დემოკრატები და ა.შ.

2017 წლის არჩვენებში პარტიის ამ შედეგს თავად ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამაც შეუწყო ხელი. გერმანიაში ორი წამყვანი თემა იმიგრაცია და იდენტობის პოლიტიკები იყო, რაც SPD-ის და ზოგადად, მემარცხენე პარტიების წამყვან საკითხებს არ წარმოადგენენ. ამ საკითხების აქტუალურობით აიხსნება ულტრამემარჯვენე ძალის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) უპრეცედნეტოდ გაზრდილი მხარდაჭერა და პარტიის ისტორიაში პირველად ბუნდესტაგში მოხვედრა.

21 იანვრის SPD-ის პარტიულმა ყრილობამ ანგელა მერკელს იმედი ჩაუსახა, რომ მას უმცირესობის მთავრობით მმართველობა არ მოუწევს და მომავალში დიდი ალბათობით, პოლიტიკურ მარცხს თავიდან აირიდებს. მაგრამ ამ გზაზე მისი ერთ-ერთი პრობლემა ქრისტიან დემოკრატების შვილობილი ბავარიული ქრისტიან-სოციალუსტური ერთობაა (CSU), რომელიც დაჟინებით მოითხოვს მოგების გადასახადის დაწევას, თავშესაფრის მაძიებელთათვის დახმარების შემცირებას, თავდაცვითი ხარჯების გაზრდასა და მიგრაციის მკაცრ კონტროლს. CSU-ს ამგავრმა რადიკალურმა პოზიციამ შესაძლოა Groko-ს ჩამოყალიბების მცდელობა ჩაშალოს კიდეც.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის Groko-სგან „გადარჩენას“ მისი ახალგაზრდული ფრთა – Jusos ცდილობს, რომელიც თვლის, რომ ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად SPD-ს მმართველობა არ იქნება ავთენტური და შედეგიანი, რაც მათ პარტიას კიდევ უფრო დააზარალებს. ახალგაზრდული ფრთა ცდილობს პარტიის რეფორმაციის პროცესი წამოიწყოს და მას კორბინისეული რადიკალური მემარცხენე სახე შესძინოს. შემდგომ უკვე გამყარებული მემარცხენე იდენტობით უმცირესობის მთავრობით დასუსტებულ მერკელს და CDU-ს გრძელვადიან მომავალში სათანადო კონკურენცია გაუწიოს. მაგრამ თვითონ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ამ კუთხით ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. რადიკალური პოზიციის დაკავება მას შესაძლოა საკუთარი წევრების დაკარგვის ფასად დაუჯდეს. SPD-ის მხადამჭერები ორ დიდ ჯგუფად იყოფა: მუშათა კლასი და პროგრესივისტები. პარტიის ხელმძღვანელობას უწევს მათ შორის ოქროს შუალედის დაჭერა – თუკი პარტია ერთ-ერთი მათგანის პოლიტიკებს საკუთარ დღის წესრიგში წინ წამოწევს, მაშინ მეორეს დაკარგავს. პროგრესივისტებს ალტერნატივის სახით მწვანეთა პარტია ჰყავს, ხოლო იდენტობის პოლიტიკებით დაღლილ მუშათა კლასს Die Linke ან თავად AfD-ც კი.

ამ გზაზე არის კიდევ სხვა პრობლემებიც: კორბინისეული პერსონა გერმანულ პოლიტიკაში არ არსებობს; ბრიტანული მემარჯვენეობა გერმანულთან შედარებით ცენტრიდან მნიშვნელოვნადაა დაშორებული, რაც მისი საპირწონე მემარცხენე ძალის გაძლიერებას ხელს უწყობს. გერმანელ ქრისტიან-დემოკრატებს მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკები აქვთ ათვისებული, რაც რადიკალური მემარცხენე ძალის გაძლიერებისთვის ნოყიერ ნიადაგს არ ქმნის.

 

ფოტო გარეკანზე: rostock.studentsstudents.de

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.