"იაფი ფული" და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება: განვითარების ბანკის საჭიროება

ფოტო გარეკანზე, წყარო:  flickr.com 

 

“მთავრობის მიზანი იმის ოდნავ უკეთესად ან უარესად კეთება კი არ უნდა იყოს, რასაც ინდივიდები უკვე აკეთებენ, არამედ იმის გაკეთება, რაც ამჟამად საერთოდ არ კეთდება”.

ჯონ მეინარდ კეინზი 

ეკონომიკური აზრის ისტორია, კლასიკური ლიბერალიზმიდან მოყოლებული, გვასწავლის რომ ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლი აქვს კერძო ინიციატივას. ეს მართლაც ასეა, თუმცა მხოლოდ ინდივიდუალური ინიციატივა არასოდეს ქცეულა ბედნიერი საზოგადოებების ჩამოყალიბების წინაპირობად. არცერთი ქვეყანა არ განვითარებულა მსოფლიოში, მიზანზე ორიენტირებული მთავრობების აქტიური და მასშტაბური ძალისხმევის გარეშე. წინამდებარე სტატია, განვითარების პოლიტიკის მხოლოდ ერთ ასპექტს შეეხება: ეს არის იაფი და გრძელვადიანი ფული, რომლის მიმწოდებელიც ბევრ ქვეყანაში განვითარების ბანკებია. ქართული კონტექსტიდან გამომდინარე, სტატიაში გაანალიზებული იქნება, საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პერსპექტივებიც, რაზეც შესაძლოა მომავალში დაეფუძნოს სახელმწიფო (საჯარო) განვითარების ბანკის შექმნის იდეა.

ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, იაფი და ამავე დროს ე.წ. “გრძელვადიანი ფული”. კომერციული ბანკები კონსერვატიულები არიან და სესხების გაცემის დროს ნაკლებ რისკს სწევენ. ამას ემატება ისიც, რომ ისინი მოკლევადიან მოგებას ესწრაფვიან და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ ფულს ვერ სთავაზობენ ადგილობრივ მეწარმეებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომერციულ ბანკებს აქვთ საკუთარი სეგმენტი ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.

მხოლოდ კომერციულ ბანკებს რომ მივანდოთ ფულის მიწოდება, “კაპიტალის განვითარების” (ცნობილი ეკონომისტის ჰაიმან მინსკის ტერმინი) პერსპექტივა მეტისმეტად შემცირდება. რა არის “კაპიტალის განვითარება”? მინსკი ამ ტერმინში გულისხმობს ე.წ. Brute Capital (შენობები, მანქანა-დანადგარები), ტექნოლოგიები, ადამიანების უნარები (ექსპერტიზა) და საჯარო/სახელმწიფო ინფრასტრუქტურა. ანუ ქვეყანაში კაპიტალისტური წარმოების წესის ეფექტიანი მართვისთვის, ბუნებრივ წინაპირობად გვევლინება ზემოთ ჩამოთვლილი შინაგანი (ენდოგენური) ფაქტორები. საქართველოში ამგვარი წინაპირობები ფაქტიურად არ არსებობს. დეფიციტურია ფინანსები, რომლითაც შევიძენდით წარმოებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებს, ინოვაციური ეკოსისტემა საქართველოს არ გააჩნია, უნივერსიტეტები არ ქმნიან სათანადო მასშტაბის ცოდნას, კვალიფიკაციის დონე და უნარები არ არსებობს და საჯარო მომსახურება, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვისაა საჭირო – არაეფექტიანია.

იმისთვის, რომ ქვეყნებმა გადალახონ განვითარების წინაშე მდგარი დაბრკოლებები და შექმნან ჯანსაღი საზოგადოებები, ისინი სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, აფუძნებენ განვითარების ბანკს. მარიანა მაცუკატო და კაეტანო პენნა გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომელსაც ემსახურება განვითარების ბანკები, მათ შორის: ანტი-ციკლური ზომები, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, მისიაზე ორიენტირებული ფინანსების მიწოდება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. სტატიაში შევჩერდები მხოლოდ მისიაზე ორიენტირებულ და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებულ მიზნებზე. თუმცა, განმარტებისთვის დავძენ, რომ განვითარების ბანკების ანტი-ციკლური მოქმედებები, მიმართულია კაპიტალიზმის ციკლების (ან ე.წ. ბიზნეს ციკლების) მიერ გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე კომპანიებისთვის იაფი ფულის მიწოდებით. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მართლაც, განვითარების ბანკები, აფინანსებენ სახელმწიფო მნიშვნელობების მაგისტრალების, პორტებისა და მსხვილი ენერგეტიკული პროექტების მშენებლობას.

 

“იაფი ფული”

რა ღირს საქართველოში ფული? ზოგადად რა არის ფული ფასი?  ფულის ფასი ეს არის საპროცენტო განაკვეთი, რასაც გვახდევინებენ ბანკები სესხის აღების დროს (არსებობს ფულის ფასის სხვა განმარტებაც). წარმოების პროცესში, ფირმის წარმატებას (მომგებიანობას) განსაზღვრავს მეტწილად ორი რამ: პირველი – ეს არის დანახარჯები და მეორე – მოთხოვნა წარმოებულ პროდუქციაზე. სწორედ პირველ კომპონენტში შედის ფულზე გაწეული დანახარჯები. რაც უფრო მეტ ფულს  იხდის ფირმა საბანკო სესხის პროცენტში (ფულის ფასი), მით უფრო მაღალია მისი დანახარჯები, მაშასადამე მოგება მცირდება.

დიაგრამა 1: საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთები კომერციული ბანკების სესხებზე, წყარო: ეროვნული ბანკი 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში საპროცენტო განაკვეთი შეადგენს საშუალოდ დაახლოებით 15%-ს წლიურად. უხეში დათვლებით, გამოდის, რომ ყოველ ნასესხებ 100 ლარზე, ფირმებმა თუ ფიზიკურმა პირებმა უკან უნდა დააბრუნონ, 15 ლარით მეტი წლიურად. ფირმების მომგებიანობა, რაც ნიშნავს 1 ლარის (დოლარის) ინვესტირებაზე მიღებულ სარგებელს ხარჯების გასტუმრების შემდეგ, საქართველოში ნაკლებ სავარაუდოა, რომ პროცენტულად უტოლდებოდეს საპროცენტო განაკვეთში გადახდილ ფულს. გამოდის, რომ ქართული ფირმებისთვის ფულის ფასი საკმაოდ მაღალია. ამას მოწმობს მრავალი კვლევა, მათ შორის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, რომელიც ამბობს, რომ ქართული ბიზნესისთვის ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობა იყენებს რამოდენიმე ინსტრუმენტს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარებისთვის, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე არსებულ “აწარმოე საქართველოს” პროგრამას და საქართველოს საპარტნიორო ფონდს. სწორედ ეს უკანასკნელი შეიძლება მივიჩნიოთ განვითარების ბანკის ჩანასახოვან ფორმად, რომელიც ითავსებს ამგვარი ბანკების გარკვეულ ფუნქციებს. საპარტნიორო ფონდი, აქტიურად აფინანსებდა ქვეყანაში პრიოტეტულ დარგებად გამოცხადებულ პროგრამებს, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ტურიზმის მიმართულებით. თუმცა, წარმოების განვითარებას და ინოვაციებს ფონდის საქმიანობაში მინიმალური როლი აქვს.

საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე საუბარი დაიწყო 2014 წლიდან. საქართველოს მთავრობამ გერმანიის განვითარების ბანკს (KFW) სთხოვა დახმარება საპარტნიორო ფონდის რეფორმირებისათვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობა საუბრობდა საპარტნიორო ფონდის რეფორმირებაზე, რომლის მიხედვითაც საპარტნიორო ფონდს მეტი აქცენტი უნდა გაეკეთებინა მაღალ რისკიან ეკონომიკურ სექტორებზე (სადაც კერძო ფინანსურ ინსტიტუტებს აქვთ ნაკლები ინტერესი). თუმცა, საპარტნიორო ფონდის რეფორმა ჯერ-ჯერობით არ განხორციელებულა და განვითარების ბანკის შექმნაზე საუბარი აღარ გრძელდება.

თუ გადავხედავთ, საპარტნიორო ფონდის საქმიანობას, აღმოვაჩენთ, რომ ეს ინსტიტუტი მეტწილად ორიენტირებულია კომეციულად მომგებიან პროექტებზე. ის მხედველობაში ნაკლებად იღებს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: დასაქმების პოტენციალი, ინოვაციურობა, პოზიტიური გვერდითი ეფექტები (possitive externality) და განვრცობადი ეფექტის (technological spillovers) პოტენციალი. შესაბამისად გამოდის, რომ საპარტნიორო ფონდი ისეთ სექტორებშია ჩართული, სადაც ფინანსური კაპიტალის მოზიდვის შანსები ისედაც მაღალია. ქვემოთ დიაგრამაზე მოცემულია საპარტნიორო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების სექტორული განაწილება პროექტების ღირებულების მიხედვით. როგორც დიაგრამიდან ჩანს, საპარტნიორო ფონდი ყველაზე მეტად აქტიურია ენერგეტიკისა და უძრავი ქონების მიმართულებით. უძრავი ქონების მიმართულება თავის მხრივ მეტწილად მოიცავს სასტუმროების მშენებლობას.

 

დიაგრამა 2: საპარტნიორო ფონდის პროექტების სექტორული განაწილება, დიაგრამა მომზადებულია საპარტიორო ფონდის ვებ-გვერდზე განთავსებული პროექტების ანალიზზე დაყრდნობით. 

 

დიაგრამა 3: აღებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდიდან. 

 

KFW-ის კვლევაც (რომელიც საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე ჩატარდა, კვლევის სათაურია: Georgian Promotional Institution – Feasibility Study) ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპარტნიორო ფონდის აქტივობები ნაკლებად არის მიმართული შედარებით რისკიანი პროექტების დაფინანსებაზე და მეტწილად აქცენტი კეთდება ისეთ პროექტებზე, რომელთა განხორციელებისთვისაც ფინანსების მოზიდვა საერთაშორისო ბაზრებიდან შედარებით ადვილია:

“… საპარტნიორო ფონდმა საკუთარი პორფელის 80%-ზე მეტის ინვესტირება გააკეთა ისეთ ენერგეტიკულ პროექტებში, რომელთათვისაც საერთაშორისო ინვესტორების მოძებნა შესაძლებელია იქნებოდა. პატარა პროექტებისთვის, 200, 000 – 5 მილიონ აშშ დოლარამდე, ასევე ნაკლები უკუგების, თუმცა მაღალი “განვრცობადი ეფექტის” მქონე პროექტებისთვის, სააქციო კაპიტალი კვლავ შეზღუდულია.”

განვითარების ბანკები, ზოგადად ზემოთ აღვნიშნე, მეტწილად აქცენტს აკეთებენ ისეთ აქტივობებზე, რომლებიც შედარებით ახალია  ადგილობრივი ეკონომიკებისთვის და გააჩნიათ სტრატეგიული მნიშვნელობა. ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია  KFW-ს სტიმულირების პროგრამის კომპონენტები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ გერმანიის განვითარების ბანკი არა მხოლოდ ასწორებს საბაზრო ჩავარდნებს, ახალი საწარმოებისთვის და ახალი ეკონომიკური აქტივობებისთვის ფინანსების მიწოდების მეშვეობით, არამედ თავად ქმნის ახალ ბაზრებს  და სექტორებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია, გერმანიაში  ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგეტიკის  გრანდიოზული ზრდა, რაშიც წამყვან როლს  KFW თამაშობს.

 

KFW ოთხი კომპონენტი სესხის მოცულობა (ევროებში)
1. კორპორატიული დაფინანსება კერძოდ, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 40 მილიარდი
2. ენერგო- ეფექტური მშენებლობა და რეაბილიტაცია 8.5 მილიარდი
3. ინოვაციები და ენერგო-ეფექტური საწარმოები 1 მილიარდი
4. ინფრასტრუქტურა 3 მილიარდი
სულ 52.5 მილიარდი
ცხრილი 1: KFW-ის სტიმულირების პროგრამის 4 კომპონენტი, ცხრილი აღებულია კვლევიდან: The Rise of Mission-Oriented State Investment Banks: The Cases of Germany’s KfW and Brazil’s BNDES

 

ახალი განვითარების ბანკის ძირითადი კონტურები

ქართულ ეკონომიკას სასიცოცხლოდ სჭირდება განვითარების ბანკი, რომელიც ერთი მხრივ ხელს შეუწყობს საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას და ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას. პირველი, დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში მეტისმეტად გამოუყენებელია ადამიანური რესურსები, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ჰყავს უმუშევართა არმია. სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო, მაღალია მიგრაციაც. ამ რეალობიდან გამომდინარე, აუცილებელია სტრატეგიგიური ინვესტიციების გაკეთება იმ დარგებში, რომლებიც ქმნიან კარგად ანაზღაურებად და სტაბილურ სამუშაო ადგილებს.

გამოდის, რომ ქართულ სახელმწიფოს მოუწევს ფართო მასშტაბიანი რე-ინდუსტრიალიზაციის ჩატარება, რისი “ფინანსური მკლავიც” უნდა გახდეს განვითარების ბანკი. ბუნებრივია, უმჯობესი იქნება თუ განვითარების ბანკი დაფუძნდება უკვე არსებული უწყების ბაზაზე. ამის საუკეთესო ვარიანტია, საპარტნიორო ფონდი, რომელსაც უკვე აქვს გამოცდილება მსხვილი საინვესტიციო პროექტების მართვის მხრივ. ამის შესახებ საუბარია, KFW-ს ანგარიშში, რომელიც საქართველოში განვითარების ბანკის შექმნის პერსპექტივებს ეძღვნება.

ეკონომიკური განვითარებისთვის, არსებითია რომ განვითარების ბანკი ორიენტირებული იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებაზე, მათ შორის სტარტაპების დაფინანსებით (რომლებსაც აქვთ კომერციული ბანკებისგან სესხის მიღების შესაძლებლობა). მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს გადამამუშავებელ მრეწველობაზე, რომელიც ქმნის სტაბილურ და მაღალ-ანაზღაურებად სამუშაოებს. განვითარების ბანკის საქმიანობაში უნდა შედიოდეს ისეთი პროექტების წახალისება, რომლებიც ემსახურებიან ტექნოლოგიების ტრანსფერს და მათ ადაპტაციას ადგილობრივ ეკონომიკაში.

და ბოლოს,  განვითარების ბანკის დაარსების შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს იმ მმართველობითი პრინციპების დანერგვა, რაც გვხვდება საპარტნიორო ფონდში. კერძოდ, უნდა მოხდეს სამეთვალყურეო საბჭოს დივერსიფიცირება და მასში წარმოდგენილი უნდა იყვნენ არამხოლოდ მსხვილი ბანკების წარმომადგენლები, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მცირე მეწარმეებიც. ამასთან, გაჩნდეს პარლამენტთან ანგარიშვალდებულების პრინციპი, რომლის ფარგლებშიც განვითარების ბანკის დირექტორი წარმოადგენს ყოველწლიურ მოხსენებას უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. ანგარიშვალდებულების ზრდა მნიშვნელოვანია სოციალური ლეგიტიმაციისთვის, რაც ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს ნებისმიერი რეფორმის, პოლიტიკის თუ საჯარო უწყების წარმატებისთვის.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.