ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დასაცავად

კობა გვენეტაძე – „დეტალურად გაეცანით ახალ წესებს, რათა გაუთვალისწინებელი პრობლემები თავიდან აირიდოთ“

 

2017 წლის 1 ივნისიდან საფინანსო სექტორის მომხმარებლებისთვის ახალი წესები ამოქმედდა. აღნიშნული რეგულაციების გათვალისწინებით მომხმარებელს საშუალება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ხელშეკრულების ნიმუში ხელმოწერამდე; თავდებმა და/ან სოლიდარულმა მოვალემ მიიღოს საკრედიტო ხელშეკრულების ასლი; უფასოდ მიიღოს ინფორმაცია ერთ-ერთი დისტანციური არხით; გარკვეულ შემთხვევებში წინსწრებით უფასოდ დაფაროს სესხი და სხვა მრავალი წესი, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მომხმარებლების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ძალაში შესულ ცვლილებებზე მომხმარებელს მოუწოდებს, რაც შეიძლება დეტალურად გაეცნონ ახალ წესებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ახალი წესების დეტალურად გაცნობა მომხმარებელს თავიდან აარიდებს პრობლემებს.

“ჩემი თხოვნა და რჩევაა, რომ დეტალურად გაეცნოთ ახალ წესებს, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი პრობლემები და უკეთ იცოდეთ თქვენი უფლებები: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3500606. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ თუკი ფინანსურ ორგანიზაციასთან პრობლემა შეგექმნათ, შეგიძლიათ თქვენი პრეტენზია დააფიქსიროთ ზეპირად, წერილობით ან ელექტრონულად. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – 2 406 406 ან მოგვწეროთ [email protected]”,- აღნიშნავს კობა გვენეტაძე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კრედიტებზე განისაზღვრა პროცენტის და დარიცხული საკომისიოების ზედა ზღვარი. უფრო კონკრეტულად კი, ახალი რეგულაციების თანახად, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, ხოლო თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

საყურადღებოა, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხია, რაც საბანკო სფეროში ბოლო წლების მაძილზე დგას. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით (წინსწრებით დაფავის საკომისიო 2%-ზე მეტი არ უნდა იყოს, ბანკები ვალდებული არიან ხელშეკრულების პირველ ფურცელზე დაუწერონ კლიენტებს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და სხვა), ბანკის კლიენტთა შორის კვლავ მაღალია უკმაყოფილება.

საფინანსო ორგანიზაციებისთვის დაწესებული ახალი წესების ძლიერი და სუსტი მხარეები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად 2017 წლის 1 ივნისიდან ფინანსურ ორგანიზაციებს (ბანკი და ფინანსური ინსტიტუტი) ეკრძალებათ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა პროდუქტის რეკლამირებისას. ბანკები ვალდებულნი იქნებიან კლიენტებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ მათი პროდუქტების შესახებ. მიწოდებული/მიუწოდებელი ან/და არასრულად მიწოდებული ინფორმაცია მომხმარებელს არ უნდა უბიძგებდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.

ამასთან, ახალი რეგულაციებით ბანკები ვალდებულნი იქნებიან მომხმარებელს ნათლად გააცნონ ის რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს კრედიტის უცხოური ვალუტით ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით აღებისას. ასევე, კლიენტებს უნდა გააცნობ მოსალოდნელი შედეგები, რაც შეიძლება მოყვეს სესხის გადაუხდელობას.

„ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც მომხმარებელს შემოსავლები კრედიტის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში აქვს. ასევე, უცხოური ვალუტით დეპოზიტის განთავსების შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი პირობების მქონე პროდუქტზე ეროვნულ ვალუტაში.

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია კრედიტზე გადასახდელი თანხის ზრდის რისკზე, როცა კრედიტი გაიცემა ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთებით (გარდა ინფლაციის ინდექსზე მიბმული კრედიტისა)“, – ამონარიდი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №151/04-დან.

საყურადღებოა, რომ ბანკი კრედიტის უცხოური ვალუტით ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით გაცემისას ვალდებული იქნება ხელშეკრულების თავსართში გააკეთოს შემდეგი სახის ჩანაწერი, ფორმულირებით: „უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“. აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს “. ანალოგიური ტექსტი იქნება ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთით გაცემულ კრედიტის შემთვევაში. ბანკი ასევე ვალდებული იქნება საკრედიტო ხელშეკრულების თავსართში მიუთითოს არამხოლოდ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, არამედ უცხოური ვალუტით გაცემული საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც. ასევე იქნება, უცხოური ვალუტით გაცემული ინდექსირებულ განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო ლარში გაცემული ინდექსირებული განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით წლის განმავლობაში ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

ახალი რეგულაციებით ბანკის კლიენტებს საშუალება ექნებათ ხელშეკრულების ნიმუშები თან წაიღონ. დღემდე კომერციული ბანკების მომხმარებლებს ამის საშალებას არ აძლევდნენ და ხელშეკრულების გაცნობა მხოლოდ ადგილზე იყო შესაძლებელი მისი ხელმოწერამდე.

1 ივნისიდან ბანკები ვალდებულნი იქნებიან კლიენტების მიერ გამოუყენებელ და ხშირ შემთვევაში დავიყწებულ საბანკო პროდუქტებზე შეწყვიტოს საკომისიოს დარცხვა. მაგალითად, როგორც ხდებოდა საბანკო ანგარიშების შემთვევაში. „ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მოახდინოს არააქტიურ საფინანსო პროდუქტზე შესაბამისი საკომისიოს დარიცხვის შეწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული პროდუქტის გარდა მომხმარებელი სარგებლობს სხვა აქტიური არასაკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტებითაც“, – ამონარიდი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №151/04-დან.

ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი ბანკის კლიენტებისთვის სესხების წინსწრებით დაფარვის საკომისიოებია. ასე, მაგალითად თუ კლიენტი კრედიტით სარგებლობს ერთ ბანკში და გარკვეული პერიოდის შემდგომ მეორე ბანკს ბაზარზე გამოაქვს იგივე სახის პროდუქტი ბევრად იაფად იმისათვის, რომ ეს სესხი მეორე საკრედიტო ინსტიტუტში გადაიტანოს, არსებული კრედიტი უნდა გადაფაროს. წინსწრებით დაფარვის მაღალი საკომისიოების გამო სესხის პორტირება ხშირად აზრს კარგავს, რადგან ბანკები წინსწრებით დაფარვაზე ძირი თანხის 2%-ს ითხოვენ, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, გამომდინარე იქიდან, რომ იშვიათად ხდება ქართულ საბანკო ბაზარზე, რომ ერთი ბანკის კრედიტის წლიური პროცენტი მნიშნელოვნად დაბალი იყოს მისი კონკურენტის ანალოგიურ პროდუქტის საპროცენტო განაკვეთზე. შესაბამისად, წინსწრებით დაფარვის საკომისიოები აფერხებენ ბაზარზე კონკურენციას. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც იპოთეკური სესხები არიღეს 10 წლის წინ, როდესაც კრედიტები ბევრად უფრო ძვირი იყო ვიდრე დღეს, იძულებული არიან სესხის პორტირებისას დამატებითი ხარჯები გაწიონ კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიოებზე. უბრალო სამართლიანობის პრინციპიდანაც რომ ამოვიდეთ, როდესაც ბანკი კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვას სთხოვს კლიენტს დარჩენილი ძირი თანხის სრულ შეტანას სთხოვს, ხოლო როდესაც მომხმარებელს უნდა ვალდებულების ვადაზე ადრე დაფარვა 2%-ის საკომისიოში გადახდა უწევს. ახალი რეგულაციები ამ საკითხსაც შეეხო, თუმცა მცირედით. ბანკებს კვლავ ექნებათ წინსწრებით დაფარვის საკომისოს მოთხოვნის უფლება, თუმცა თუ კრედიტის დაფარვამდე დარჩენილია 2 წელზე ნაკლები, მაშინ პირგასამტეხლოს პროცენტი იკლებს. ასე მაგალითად,

„ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მის მიერ გაცემული კრედიტის რეფინანსირების ან მომხმარებლის საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში მომხმარებელს, გარდა ნარჩენი ძირის დაფარვისა, მომხმარებელს დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო და/ან პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს, თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისათვის ხელშეკრულების დარჩენილი ვადის გათვალისწინებით, შემდეგი ოდენობით:

ა)  თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;

ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;

გ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს, თუ:

ა) ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი;

ბ) კრედიტის რეფინანსირება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება იმავე ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი კრედიტით;

გ) კრედიტის წინსწრებით დაფარვა ხდება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნით;

დ) კრედიტის წინსწრებით დაფარვა ან რეფინანსირება ხდება ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებზე მომხმარებლის მხრიდან დაუთანხმებლობის მიზეზით“, – ამონარიდი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №151/04-დან.

 აქვე აღსანიშავია, რომ კრედიტის წინსწრებით ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, როდესაც ძირი თანხის 20% იფარება, არანაკლებ 500 ლარისა ბანკი ვალდებულია კლიენტს შეუმციროს ყოველთვიური შენატანი, ან კრედიტის სრულიად დაფარვის ვადა. მომხმარებლის მიერ სესხის რეფინანსირების მოთხოვნაზე ბანკი ვალდებულია იმ დღესვე მოახდინოს რეაგირება, ან შეწყვიტოს კრედიტზე პროცენტების დარიცხვა, სანამ ალტერნატივას შესთავაზებს კლიენტს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რასაც სებ-ის პრეზიდენტის ახალი ბრძანება ეხება ესაა ბანკების მიერ კლიენტების პირადი ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემის შეძღუდვა.

კობა გვენეტაძის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანების თანახმად, დაუშვებელია მომხმარებლებთან ურთიერთობისას, მათ შორის, მომხმარებლების მხრიდან ფინანსური ორგანიზაციის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას მომხმარებლის პირდაპირი და/ან ირიბი გზით იძულების მიზნით არასწორი ინფორმაციის მიწოდება  და შეცდომაში შეყვანა, მომხმარებლის რეპუტაციის შემლახავი ქმედებების განხორციელება, მათ შორის მესამე პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების გამოყენებისას.

აღსანიშნავია, რომ თუ ფინანსური ორგანიზაცია არ ასრულებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს  ან  პირდაპირ ან არაპირდაპირ გვერდის უვლის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების და პრინციპების შესრულებას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

რაც შეეხება ახალი რეგულაციების ნაკლოვანებებს სამწუხაროა, რომ ახალი ბრძანებით გათვალისიწნებული რეგულაციების შეუსრულებლობა არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი. გაუგებარია, თუ კრედიტორმა კლიენტს სებ-ის ნორმების დარღვევით მისცა სესხი და შემდეგ მისი მოქმედების პერიოდში კვლავ არ იცავდა ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ წესებს, რატომ უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა ასეთი ტიპის კრედიტი.

„ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას და/ან ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ მომხმარებლისთვის არ ხორციელდება ინფორმაციის ამ წესის მიხედვით მიწოდება, არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი“, – ამონარიდი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №151/04-დან.

ამასთან საყურადღებოა, რომ ბანკებს კვლავ ექნებათ საშუალება უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეიტანონ ნებისმიერი სახის ცვლილება კლიენტის თანხმობის გარეშე. თუ აქამდე ბანკი ამ ცვლილებების შესახებ განცხადს საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებდა, ახალი ნორმებით იგი ვალდებული იქნება მომხმარებელს განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ერთი თვით ადრე აცნობოს. რაც გარკვეულ დროს მისცემს კლიენტს, რათა მოახდინოს მისი პროდუქტის სხვა კონკურენტ ბანკში პორტირება თუ ეს შესაძლებელი იქნება.

„იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად მოსალოდნელია ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის და/ან ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ წესის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდებიან წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმებაზე, ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს უნდა აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ფორმით ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე. ამ პუნქტის მიზნებისათვის მხოლოდ საჯარო სივრცეში განთავსებული განცხადება ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ არ ჩაითვლება მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდებად“, – ამონარიდი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №151/04-დან.

 

დასკვნის მაგიერ

ბოლოსკენ უნდა აღინიშნოს, რომ დადებითად უნდა შეფასდეს ეროვნული ბანკის სურვილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით დამატებითი რეგულაციების დაწესება ფინანსური ორგანიზაციებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ კვლავ რჩება კლეინტებისთვის პრობლემატური მიმართულებები, როგორიცაა ბანკის მიერ კრედიტის ვადაზე ადრე დაბრუნების მოთხოვნა და საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ნებისმიერი მუხლის ცვლილება მისი გადაწყვეტილებით, რაც რისკის ქვეშ აყენებს მომხმარებელთა ფინანსურ სტაბილურობას.

ამასთან, საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში აქტიურად ხდება აპელირება მოსახლეობის ფინანსურ გაუნათლებლობაზე. თითქოს ქართველებს წარმოდგენა არ ჰქონდეთ საკრედიტო პროდუქტებზე, ხოლო ფინელები და შვედები ზეპირად ითვლიდნენ წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს. რა თქმა უნდა საქართველოში ფინანსური განათლება დაბალ დონეზეა, თუმცა საკრედიტო ინსტიტუტებსა და კლიენტებს შორის არსებული პრობლემების მთლად მოსახლეობაზე გადაბრალება არასწორია. მიუხედავად იმისა, ადამიანი არის თუ არა ფინანსურად განათლებული ეს დიდ უპირატებოსაბას არ აძლევს მას ქართულ ფინანსური ინსტიტუტებთან ურთიერთობისას. რადგან საბანკო ბაზარზე კონკურენცია ძალიან დაბალია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების უკვე წლებია აღნიშნავენ და მომხმარებელი ხშირად არჩევანის გარეშეა. უმეტეს შემთხვევაში კლიენტს უწევს არჩევანის გაკეთება ან აიღოს კრედიტი კაბალური პირობებით, მიუხედავად იმისა, რომ იცის თუ რა ცუდ ხელშეკრულებაზე აწერს ხელს ან საერთოდ არ აიღოს. შედეგად, მოსახლეობა კრედიტებს იღებს მიმდინარე ფინანსური პრობლემების დასაფარად და იძულებულია საკრედიტო ინსტიტუეტების მიერ შემოთავაზებულ კაბალურ პირობებს ბრმად დათანხმდეს. თუმდაც ხელშეკრულების ბოლომდე წაკითხვის და კლიენტისთვის მიუღებელი მუხლების აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უშანსოდაა იქ რამე ცვლილება შეიტანოს.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.