საქართველო მსოფლიო ბანკის „ბიზნესის მზაობის“ რეიტნგში მე-3 ადგილზეა
ბოლო წლებში საქართველოში ეკონომიური წარმატება სხვადასხვა საეთაშორისო რეიტინგებით ფასდება, რითაც ამ ქვეყნის ხელისუფალნი ხშირად ამაყობენ. როგორც წესი საქართველოს მაღალი პოზიციები უკავია ბიზნესის დაწყების სიმარტივის, ეკონომიური თავისუფლებისა და გადასახადების სიმცირის კუთხით. თუმცა სოციოლოგიური გამოკითხვებით ქვეყნის მოსახლეობის მთავარ პრობლემებად კვლავ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები რჩება. შედეგად მოსახლეობასში ხშირად ჩნდება კითხვა, რომ საქართველოს წარმატებული პოზიცია ამა თუ იმ საერთაშორისო რეიგინგში რატომ არ კონვერტირდება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ვიღებთ სიტუაციას, როცა მთავრობები ეკონომიის წარმატებაზე საუბრობენ, ხოლო მოსახლეობა კვლავ სოციალურ პრობლემებს უჩივის და უეთესი ცხოვრების ძიების იმედით ემიგრაციაში მიდის.
2024 წლის ოქტომბერში მსოფლიო ბანკმა ბიზნესის მზაობის ანგარიშის (B-READY) პირველი გამოცემა გამოაქვეყნა, რომელიც ბიზნესის წარმოების (Doing Business) ანგარიშს ანაცვლებს. მასში 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სამეწარმეო გარემო 1200 ინდიკატორის მიხედვით არის შეფასებული. საქართველო მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის „ბიზნესის მზაობის“ (B-READY) ლიდერებს შორისაა და სინგაპურსა და ესტონეთს შორის, რეიტინგის სამეულში შედის.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო კარგი შედეგებით გამოირჩევა რეგულაციების ხარისხის, საჯარო სერვისების სიძლიერისა და სისტემის საერთო ეფექტიანობის თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკს ანალოგიური შეფასება აქვს ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა რუანდა, კოლუმბია, ვიეტნამი და ნეპალი.
ანგარიშში ინდიკატორების მიხედვით ქვეყნები სამი ძირითადი მიმართულებით ფასდება: მარეგულირებელი ჩარჩო, საჯარო სერვისები და ოპერაციულ ეფექტიანობა. საქართველოს 100 შესაძლო ქულიდან 78 აქვს მარეგულირებელი ჩარჩოს ნაწილში, რითაც მე-3 ადგილს იკავებს უნგრეთის და პორტუგალიის შემდეგ. საქართველოს ოპერაციული ეფექტიანობა 85 ქულითაა შეფასებული, რაც მეორე უმაღლესი ქულაა სინგაპურის შემდეგ, ხოლო საჯარო სერვისები 63 ქულით შეფასდა, რითაც საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა ქვეყნების ჩამონათვალში.
მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველომ უმაღლესი ქულა შრომის, ბიზნესის მდებარეობისა და დავების გადაწყვეტის ინდიკატორებში მიიღო, ვინაიდან, ამ სფეროებში ახორციელებს კარგ პრაქტიკას შრომითი დავების და მიწის დავების გადაჭრის მექანიზმებში და სთავაზობს არსებით სამართლებრივი გარანტიები მედიაციაში. ამასთან, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა აქვს საბაზრო კონკურენციის, საგადასახადო და კომუნალური მომსახურების კუთხით.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბიზნესის მზაობის ანგარიშის დაფარვა კიდევ უფრო გაიზრდება მომავალ გამოცემაში, რომელიც 3 წელიწადში გამოქვეყნდება – 2026 წლისთვის ანგარიში 180 ქვეყანას მოიცავს, რითაც უზრუნველყოფს მონაცემთა გლობალურ შესადარისობას.
მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ ბიზნესის მზაობის ანგარიში, რომლის წინამორბედია ბიზნესის წარმოების – Doing Business ანგარიში, ქვეყნების სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შეფასების მიმართ შედარებით უფრო დაბალანსებულ და გამჭვირვალე მიდგომას იყენებს. ეს მიდგომა ექსპერტთა რეკომენდაციების საფუძველზე მსოფლიო ბანკის ჯგუფში და მის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა, მთავრობების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური მკვლევარების ჩართულობით.
რაც შეეხება ანგარიშის მიგნებებს, წელს შეფასებული თითქმის 50-ვე ქვეყანა უკეთეს შედეგებს აჩვენებს მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვის მხრივ ვიდრე საწარმოების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო საჯარო სერვისების მიწოდების მხრივ. რეგულაციების შესრულების მიმართულებით არსებული ხარვეზები კომპანიებს, დასაქმებულებსა და მთლიანად საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას ჯანსაღი ბიზნესგარემოსგან მიიღოს სრული სარგებლი.
“დემოგრაფიის, ვალისა და კონფლიქტების გამო შენელებული ეკონომიკური ზრდის პირობებში პროგრესი მხოლოდ კერძო საწარმოების გამჭრიახობის მეშვეობით იქნება მიღწეული. ეს დამოკიდებულია შესაბამის პირობებზე – საინვესტიციო გარემოზე, რომელიც ხელს უწყობს ე.წ. ეკონომიკურ სასწაულებს, რასაც მეწარმეები ახდენენ, როცა მათ თუნდაც მცირე შესაძლებლობა ეძლევათ. ასეთი სასწაულები დღეს განსაკუთრებით საჭიროა. ანგარიში ბიზნესის მზაობის შესახებ მთავრობებს აწვდის მათთვის აუცილებელ სააზროვნო ინფორმაციას ბიზნესისთვის იმგვარი პირობების შესაქმნელად, რომლებიც ამ უკანასკნელთ მისცემს აქციონერების, მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის კეთილდღეობის შექმნის საშუალებას, პლანეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ინდერმით ჯილმა.
როგორც მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, მსოფლიოს მასშტაბით კერძო სექტორი ეკონომიკური ზრდის მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს, მაგრამ მას შესაფერისი გარემო სჭირდება. ბიზნესის მზაობის ანგარიში აფასებს არა მარტო რეგულირების ტვირთს, რომელიც ფირმებს აკისრიათ ბაზარზე შესვლის, ინოვაციებისა და ოპერაციების გაფართოების მიმართულებით (მაგალითად, თუ რა დრო სჭირდება ბიზნესის დაწყებას), არამედ ასევე რეგულაციების ხარისხს.
“მდიდარი ქვეყნები უფრო მეტად გამოირჩევიან ბიზნესმზაობით, თუმცა აუცილებელი არ არის ქვეყანა მდიდარი იყოს იმისათვის, რომ კარგი სამეწარმეო გარემო ჰქონდეს. ჩვენი ანალიზი მიუთითებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ასევე შეუძლიათ ბიზნესის ხელშემწყობი ძლიერი გარემოს შექმნა. მაგალითად, რუანდა, საქართველო, კოლუმბია, ვიეტნამი და ნეპალი კარგი შედეგებით გამოირჩევიან რეგულაციების ხარისხის, საჯარო სერვისების სიძლიერისა და სისტემის საერთო ეფექტიანობის თვალსაზრისით,” – განაცხადა მსოფლიო ბანკის ინდიკატორების ჯგუფის დირექტორმა ნორმან ლოაიზამ.
შეგახსენებთ, 2021 წელს, მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის ინდექსში არსებული გადაცდომების გამო, მისი წარმოება შეწყვიტა. “მსოფლიო ბანკმა” ბიზნესის კეთების რეიტინგის წარმოება 2021 წელს, მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2018 და 2020 წლების ანგარიშებში დარღვევები წამოიჭრა ეთიკურ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც დაკავშირებულია ბანკის ყოფილ თანამშრომლებთან და გამგეობის წარმომადგენლებთან. “მსოფლიო ბანკი” ბიზნესის კეთების რეიტინგს 2003 წლიდან აქვეყნებდა.
2019 წელს საქართველო რეიტინგში მე-6 ადგილზე იყო, 2020 წელს კი 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა. 2020 წელს საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა ბიზნესის დახურვის სიმარტივეში ჰქონდა, ყველაზე მაღალი კი ბიზნესის დაწყების სიმარტივეში.
Doing Business ერთ-ერთი ინდექსია, რომლითაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები თავს ხშირად იწონებდნენ. ბიზნესის მზაობის ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ანგარიშის ერთ-ერთ მიმართულებაში (მარეგულირებელი ჩარჩო) საქართველოს მე-3 პოზიციაზე ყოფნას საერთაშორისო აღიარებად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ეს ინვესტიციებს წაახალისებს.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, „ბიზნესისთვის მზაობის“ შესახებ მსოფლიო ბანკის განახლებული რეიტინგი საქართველოს პროგრესის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
„საქართველოს მუდმივად ჰქონდა პროგრესი ამ მიმართულებით, ბოლო შეფასებით, მეშვიდე ადგილზე იყო, თუმცა რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად, ახალი რეიტინგის მიხედვით საქართველო მესამე ადგილზეა. ეს მართლაც ძალიან ძლიერი მესიჯია როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისთვის, რომ საქართველოში მოხდეს მეტი ინვესტიცია, საქართველოში არის ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ეს წაახალისებს მეტ ინვესტორს, რომ საქართველოში ხარისხიანი ინვესტიციების შემოტანის გადაწყვეტილება მიიღონ. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პოლიტიკას, რომელიც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული და მოვიზიდავთ მეტ უცხოურ ინვესტიციას ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ხშირად ამა თუ იმ რეიტინგში წარმატებული პოზიცია გადაჭარბებულად ფასდება ჩინოვნიების მიერ. შედეგად საზოგადოების გაუცხოება იზდება მსგავსი საერთაშორისო რეიტინგების მიმართ. 10-15 წლის წინ ბიზნესის დაწყების რეიტინგში მაღალი პოზიციის დაკავება მოსახლეობისთვის წარმატებასთან ასოცირდებობდა დღეს უკვე დიდ მოვლენად აღარ აღიქმება. ის რომ ქვეყანაში ბიზნესის დარეგისტრირება ან დახურვა მარტივად ხდება პირდაპირ არ კონვერტირდება საზოგადოების კეთილდღეობაში. შედეგად მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკვე 15 წელია წარმატებულ პოზიციას იკავებს ე.წ. „დუინგ ბიზნესში“ ან უკვე „ბიზნესის მზაობის“ რეიტინგებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონე საშუალო ევროპულს თითქმის ორჯერ კვლავ ჩამორჩება.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას