ბრიტანეთში ჩატარებულმა არჩევნებმა თანამედროვე დასავლეთში ახალი იდეოლოგიური რეკონსტრუქციის პროცესი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს როგორც დემოკრატიის, ასევე ლიბერალური გლობალიზმის კრიზისი ჩვენს ეპოქაში. თუმცა, ბრიტანეთის არჩევნები არ ცვლის გლობალური წესრიგის შინაარს, ის მხოლოდ ხელს უწყობს იდეოლოგიური განახლების პროცესს არსებული წესრიგის შიგნით და მისი გამოყენებით.
რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ბრიტანეთის არჩევნებიდან? თუკი ამ არჩევნების კულტურულ და პოლიტიკურ ლოგიკას დავაკვირდებით, ჩვენ ამით შეგვიძლია დავაკვირდეთ იმ საყოველთაო ტენდენციასა თუ პრაქტიკას, რაც ჩვენს ეპოქაში ჩამოყალიბდა. კერძოდ, ბრიტანეთის არჩევნებმა, სადაც კონსერვატორები ისტორიულ გამარჯვებას ზეიმობენ, კიდევ ერთხელ დაგვანახა, ის რომ თანამედროვე ადამიანს, არესბული ლიბერალური გლობალიზმის ეპოქაში, ხიბლავს ნაციონალურ-კულტურული თემებით მანიპულირება და ის რომ ადამიანთა უმრავლესობა ნეოლიბერალური კაპიტალიზმის პირობებში არ ერთიანდებიან სოციალური ან ეკონომიკური საკითხების გარშემო, რაც ცხადია თავისი მხრივ ეგოისტური და დრამატული პროცესია, თუმცა ეს ფაქტია. საქმე იმაშია, რომ კონსერვატორების გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ისეთი იდეოლოგიურ-კულტურული ფენომენით მანიპულაციამ როგორიც ბრექსიტია.
კულტურული გამორჩეულობის ინტსრუმენტალიზაცია
როგორც ავსტრიელი ისტორიკოსი ფილიპ თერი აღნიშნავს, ბრექსიტმა აჩვენა ის, რომ ნაციონალიზმის ძველი აჩრდილი ევროპაში ბრუნდება. ამ გაგებით, ბრექსიტი არ არის მხოლოდ ევროკავშირიდან გასვლის ტექნიკური გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ბრიტანული ნაციონალიზმის მანიფესტაცია და მისი უადგილობა კონტინენტური ევროპის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბრიტანული ნაციონალიზმი როგორც ბრიტანული იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის პათოლოგიური ნარცისიზმი კვლავ ძლიერია, და ძლიერია ისეთ კულტურებთან მიმართებაშიც კი როგორიც კონტინენტური ევროპული კულტურებია. შეიძლება თქვას, რომ სწორედ ეს ერთგვარი პათოლოგიური ნარცისიზმი აღმოჩნდა კონსერვატორების ტრიუმფის უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორი.
საჭიროა ცოტა მეტად განვმარტოთ ბრექსიტის ერთგვარი იდეოლოგიური ჰაბიტუსი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვისმენთ ბევრ ლეგიტიმურ თუ არალეგიტიმურ, მორალურ თუ ამორალურ ინტელექტუალურ სპეკულაციებს ბრექსიტის ეკონომიკურ და პრაგმატული მნიშვნელობის შესახებ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ბრექსიტი როგორც სოციალური და კულტურული პროცესი წარმოადგენს ბრიტანელების მიერ საკუთარი იდენტობის, როგორც გრანდიოზული სოციალური და კულტურული ფენომენის წარმოჩენის მცდელობას, სხვა საზოგადოებების კულტურულ მიუღებლობას და ბრიტანეთისა და ბრიტანელობის გამორჩეულობის ხაზგასმას. სწორედ ამ გაგებით არის ბრექსიტი ბრიტანული იმპერიული სოციალური აზროვნების მემკვიდრე და შესაბამისად ამ ნაცისისტული აზროვნების რეფლექსია.
თუმცა, რასაკვირველია, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბრიტანული იმპერიული მეხსიერების ამგვარი რეკონსტრუქცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული ლიბერალური გლობალიზმითა და ლიბერალური კლასის მიერ შექმნილი ყალბი წარმოდგენებით ჩვენი ცხოვრებისა და სამყაროს შესახებ. მაგრამ ამ პროცესის ირონია და ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ლიბერალური გლობალიზმი არ დაწყებულა პერიფერიაში, ის დაიწყო ცენტრში ანუ დასავლეთში, მათ შორის ბრიტანეთშიც და ახლა ბრიტანეთი ცდილობს მის მიერ შექმნილ პროცესს დაუპირისპირდეს, იმ პროცესს რომლითაც პერიფერიამ იზარალა და არა ცენტრმა. უფრო მეტიც, დასავლეთის ლიბერალური და ლიბერალურ-კონსერვატიული ძალები პერიფერიაზე სოციალურ კონტროლს სწორედ მათ კულტურულ სივრცეში აღმოცენებული გლობალისტური ინსტრუმენტებიც ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ.
ეგოიზმის ორი ფორმა კაპიტალისტურ საზოგადოებაში
რუსი ფილოსოფოსი ნიკოლაი ბერდიაევი ამტკიცებდა, რომ ნაციონალიზმი პაგანური წარმოშვების იყო და თვლიდა, რომ ნაციონალიზმს არა აქვს ინტერესი ადამიანში და მისი მიზანია ერთი კულტურის გაბატონება სხვა კულტურაზე. თუმცა, უნდა ვიცოდეთ ის, რომ ბერდიაევს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო პატრიოტიზმის მიმართ. ბერდიაევი ნაციონალიზმს ბრალს სდებდა პიროვნების და ზოგადად საზოგადოების დეჰუმანიზაციაში. ამავდროულად, ეთანხმება რა რუს მისტიკოს ფილოსოფოსს ვლადიმირ სოლოვიოვს, ბერდიაევი მიიჩნევს, რომ ეროვნული ეგოიზმი ისეთივე შეუთავსებელია მაგალითად ქრისტიანულ მრწამსთან, როგორც პიროვნული ეგოიზმი.
ბრიტანელებში სწორედ ეროვნული ეგოიზმის გამოხატულებად იქცა ბრექსიტი და ამ იდეის თუ პროცესის მანიპულაციით შეძლო ბორის ჯონსონმა გამარჯვების მოპოვება. ამ კონტექსტში, ნაციონალიზმი წარმოჩინდა როგორც იდეოლოგიური კატეგორია, რომელიც ბორის ჯონსონის საარჩევნო და პოლიტიკური მოქმედების დღის წესრიგის პრინციპული კომპონენტი გახდა. თავის მხრივ, კავშირი ნაციონალიზმსა და იდეოლოგიას შორის ასევე გასაგები და ნაცნობია. როგორც ბრიტანელი სოციალური თეორეტიკოსი და ნაციონალიზმის მკვლევარი მაიკლ ბილიგი ირწმუნება, ნაციონალიზმი არ არის მხოლოდ იდენტობის ფორმა, არამედ მეტწილად ეს არის აზროვნების საშუალება ან იდეოლოგიური ცნობიერება. ამ გაგებით, სწორედ ეს იდეოლოგიური ცნობიერება იქნა გამოყენებული ჯონსონისა და კონსერვატიული პარტიის მიერ ლეიბორისტულ პარტიასთან დაპირისპირების სტრატეგიად. ამ კონტექტსში, შეიძლება ითქვას, რომ მემარჯვენე იდენტიციარიზმი (კონკრეტული ეთნიკური თუ ნაციონალური ჯგუფის პოლიტიკური ინტერესების დაცვა), რომელსაც იტალიელი ისტორიკოსი ენცო ტრავერსო განსაზღვრავს როგორც ახალ იდეოლოგიას პოსტიდეოლოგიურ ეპოქაში, მნიშვნელოვანი რიტორიკულ-იდეოლოგიური ინსტრუმენტი აღმოჩდა გამარჯვების მოსაპოვებლად.
ამასთანავე, ჯონსონის სტრატეგია ერთგვარი გამოძახილი იყო მე-20 საუკუნის ბრიტანელი კონსერვატორი პოლიტიკის თეორეტიკოსის მაიკლ ოუკშოთის შეხედულებების, რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა რაციონალურობისა და მიზნების მიღწევის მემარცხენე პოლიტიკას. ჯერემი კორბინის ეგალიტარიანული დისკურსი კი წარუმატებელი იდეოლოგიური სტრატეგია აღმოჩნდა და არც დაბალი სოციალური ფენების სენტიმენტალიზაციამ უშველა. საქმე იმაშია, რომ ადამიანებს არ სურთ საყოველთაო ბედნიერებაზე საუბარი, ეს მათ ან უტოპიად მიაჩინათ ან ასეთ დისკურსს საკუთარი ეგოისტური პერსპექტივიდან უყურებენ. ამიტომ, მათთვის ჯონსონის ხედვა უთანასწორობისა და სიხარბის აუცილებლობის თაობაზე უფრო მისაღები აღმოჩნდა, რადგან კონსერვატორული არგუმენტი იმის თაობაზე, რომ თანასწორობა შეუძლებელია, კაპიტალისტური ადამიანის ეგოისტურ ვნებას აკმაყოფილებს და თანხვედრაშია მასში არსებულ ყალბ ცნობიერებასთან საკუთარი თავის „გამორჩეულობის“ შესახებ, რომელიც იმაზე კარგად უნდა ცხოვრობდეს ვიდრე სხვა. ჯონსონმა ორ რამეზე გააკეთა აქცენტი: ეროვნულ და პიროვნულ ეგოიზმზე.
ლიბერალური გონის პრიმატი
არის თუ არა ბრიტანეთში კონსერვატორების გამარჯვება ლიბერალურ წესრიგზე ტრიუმფი? ალბათ არა, რადგან ლიბერალურ წესრიგზე ტრიუმფი ნიშნავს უპირველეს ყოვლისა ლიბერალური და უკვე ნეოლიბერალური გლობალური წესრიგის მიერ შექმნილი სოციალური წარმოდგენებისა და იდეოლოგიურ გარემოს დეკონსტრუქციას ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ეკონომიკური თანასწორობა, სოციალური სამართლიანობა, ინდივიდის ეკონომიკური თავისუფლება და ასე შემდეგ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლიბერალური წესრიგის მოშლა შეუძლებელია ნეოლიბერალური გონის განდევნის გარეშე, როგორც ეკონომიკური ასევე პოლიტიკურ ცხოვრებიდან. ეს კი ნამდვილად არ წარმოადგენს ბორის ჯონსონის კონსერვატიული პარტიის პოლიტიკური და ეკონომიკურ პროგრამის ცენტრალურ ამოცანას.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია ისიც რომ ლიბერალური პოლიტიკური და კულტურული სტრუქტურები, როგორც ბრიტანეთში ასევე თითქმის მთელს მსოფლიოში კონსოლიდირდა ჯერემი კორბინის და მის ლიდერობის ქვეშ მყოფი ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ კონსერვატიული პარტია მათ მიმართ ვალშია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როდესაც დღის წესრიგში დგება მემარცხენე ალტერანტივის გაძლიერება, ლიბერალური მედიისა და კულტურული სტრუქტურებისთვის სულაც არ აღმოჩნდა დისჰარმონიული ბორის ჯონსონის კონსერვატორული აზროვნება.
თუმცა, უნდა აღინიშნოს მემარცხენე მოძრაობებისა და პოლიტიკის პასუხისმგებლობაც ამ პროცესში. უფრო კონკრეტულად, ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ ლეიბორისტების მარცხი, მემარცხენე კულტურის გლობალური მარცხისა და ზოგადად საყოველთაო მემარცხენე მელანქოლიის ფონზე ბუნებრივია არც ისე მოულოდნელი იყო. თავის მხრივ, თანამედროვე მემარცხენეობის კრიზისს განაპირობებს მისი იდეოლოგიური შეკავშირება ლიბერალიზმთან, რამაც ხელი შეუწყო მზარდ სოციალურ და პოლიტიკურ დისტანციას მასებთან, რის შედეგადაც მემარცხენეებმა დასავლეთში დაკარგეს ერთგულ იდეოლოგიურ ამომრჩეველთა მხარდაჭერა. გარდა ამისა, ბრიტანეთის არჩევნებმა დაგვანახა, რომ პოლიტიკა აღარ კეთდება დიდ ემანსიპატორულ იდეებზე ორიენტირებით. პოლიტიკის ქარიზმატიზაცია კი როგორც ვხედავთ კვლავ უწყვეტ ტრადიციად რჩება.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.