რობერტს პირველად 2016 წელს შევხვდი თბილისში, როცა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოწვევით საქართველოს ესტუმრა. ის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ინდუსტრიული პოლიტიკის დარგში. მას ეკუთვნის ნაშრომი ტაივანის ეკონომიკური სასწაულის შესახებ. არიან ადამიანები, რომელთა გვერდით ყოფნა, თუნდაც სულ მცირე ხნითაც კი, ძალზედ ბევრს გძენთ. რობერტი ჩამოვიდა საკუთარი გიტარით, მომიყვა რომ საღამოს როცა მარტო რჩება, უკრავს ხოლმე. არის კარგი მოცურავე და იტაცებს სპორტი. თან ჰქონდა რამდენიმე წიგნი და ამობეჭდილი სტატია, რომელზეც გამუდმებით მუშაობდა. მას შეუძლია თანაბარი ინტერესით გესაუბროს, ცენტრალური ბანკის პოლიტიკის თუ რომელიმე ქარხნის მიერ გამოშვებული დეტალის შესახებ. ასკეტური ცხოვრების წესი და სამყაროს მიმართ ცხოველი ინტერესი – აი ეს არის, ორი უმნიშვნელოვანესი თვისება მეცნიერისა. რამდენიმე დღის წინ გადავაწყდი მის სტატიას მსოფლიოს ახალი გეოპოლიტიკური მოწყობის შესახებ, კერძოდ, BRICS-ის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ. წინამდებარე ესეი, აჯამებს ვეიდის სტატიას და მხოლოდ, დასკვნით ნაწილშია პირადი მოსაზრებები წარმოდგენილი.
სტატიის ავტორი: რობერტ ვეიდი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის პროფესორი
საუკუნეების განმავლობაში ჩრდილო ატლანტიკური ჯგუფის ქვეყნებს აქვთ დომინანტური როლი მსოფლიოში. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ისიც არის რომ პერიფერიული ქვეყნები ერთმანეთთან ნაკლებად თანამშრომლობენ. ამის ბოლოდროინდელი გამოხატულება ევროზონის კრიზისი იყო, როცა ევროკავშირის პერიფერიულმა ქვეყნებმა, ისეთი, როგორიცაა, ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი, ვერ მოახერხეს ერთმანეთთან თანამშრომლობა და ცალ-ცალკე ცდილობდნენ მოლაპარაკებას ჩრდილო-დასავლურ ევროპულ ქვეყნებთან და ასევე, იმ ინსტიტუტებთან, სადაც დომინირებენ ეს ქვეყნები (ევროკომისია და ევროპის ცენტრალური ბანკი).
ცნობილი თურქი ეკონომისტის იილმაზ აკიუზის შეფასებით, თუ ავიღებთ G20-ის განვითარებად ქვეყნებს, ისინი საკუთარი რესურსების საშუალოდ 2.3%-ს გადასცემდნენ ამავე ორგანიზაციის მდიდარ ქვეყნებს (აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, იაპონიას და გერმანიას) 2000-2016 წლებში. ვეიდის აზრით, ამის მთავარი მიზეზი ის არის რომ განვითარებადი ქვეყნები იღებენ დაბალ უკუგებას მათ საერთაშორისო აქტივებზე. კერძოდ, ისეთი როგორიცაა, რეზერვები, დეპოზიტები, პორტფელური და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მეორე მხრივ, ისინი იხდიან უფრო მეტს (მაგალითად, ვალის სახით) ვალდებულებების დასაფარად. მეორე გამოხატულება და საბუთი იმისა, რომ განვითარებად ქვეყნები არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, არის ის რომ ისინი ზარალს განიცდიან (კაპიტალზე დანაკარგის სახით) საკუთარ საგარეო აქტივებზე და ვალდებულებებზე ფასების და გაცვლითი კურსის მერყეობის გამო. ამგვარი მოცემულობა, რბილად რომ ვთქვათ, სრულებით არ აშფოთებს განვითარებულ ქვეყნებს და მეტიც, ისინი ცდილობენ, ამ სტატუს-კვოს შენარჩუნებას. დღეს სახეზეა, საერთაშორისო ურთიერთობების ცვლილება, ძალთა ახალი გადანაწილება, რადგან ჩინეთ-რუსეთის ალიანსის პერსპექტივიდან დასავლეთი დასუსტდა და მსოფლიო აღარ უნდა იყოს მორგებული მხოლოდ რამდენიმე მცირე ძლიერი სახელმწიფოს ინტერესებს.
განვითარებად ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მაგალითია BRICS, სადაც შედის ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა. ისინი თანამშრომლობენ და ატარებენ პერიოდულ შეხვედრებს, რომლებშიც მონაწილეობენ სახელმწიფოს მეთაურები, ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის დირექტორები. ამასთან, ისინი გამოდიან ერთი ბლოკის სახით, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი. მათი მთავარი ამოცანაა, ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხებში ჩრდილოეთის ქვეყნებთან მეტოქოეობა, როომელიც უკავშირდება ვაჭრობის წესებს და სხვა პოლიტეკონომიურ საკითხებს.
მთავარ კითხვას, რომელიც ვეიდი სტატიაში სვამს შემდეგია: ახერხებენ თუ არა BRICS-ის ქვეყნები თანამშრომლობას და აღწევენ თუ არა რაიმე შედეგს გლობალური პოლიტეკონომიური საკითხების გადაწყვეტის მხრივ?
BRICS-ის აკრონიმი პირველად გხვდება Goldman Sachs–ს მაშინდელი მთავარი ეკონომისტის ჯიმ ონილის სტატიაში, რომელიც 2001 წელს გამოქვეყნდა. მაშინ ჯერ კიდევ სამხრეთ აფრიკა არ იყო ამ კლუბის წევრი. 1990-იანებსა და 2000-იანი წლების პირველ ნახევარში ამ ქვეყნების მიმართ დასავლელი ინვესტორების ინტერესი ძლიერი იყო. მიზეზი მარტივი ასახსნელია: მზარდი საშუალო კლასი, დაბალი ვალის დონე და სწრაფად მზარდი მოსახლეობა. მაშინ როცა 2000-იანებში დასავლეთში საპროცენტო განაკვეთები უპრეცენდენტოდ დაბალი იყო, განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის BRICS-ის კლუბის წევრებში, ინვესტიციების ბუმი იყო.
ორი რამ რაც აერთიანებდა ამ კლუბის წევრებს, იყო ის რომ ა)აუცილებელია სახელმწიფოს მეტი მონაწილეობა განვითარების პროცესში – იმაზე მეტი, ვიდრე ამის საშუალებას „ვაშინგტონის კონსენსუსი“ იძლევა. ბ) მეორე, საერთაშორისო პლატფორმებზე ახალი წესების შემოღება, რომელიც მოემსახურება განვითარებადი ქვეყნების ინტერესებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, განვითარებული ქვეყნები ხელს უშლიან ამგვარი წესების ჩამოყალიბებას. პირველ ეტაპზე, BRICS-ის ქვეყნების ძალისხმევა მიმართული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმირებაზე. ამ მიმართულებით BRICS-ის ქვეყნებმა მოახერხეს გარკვეულ წარმატებას: კერძოდ, ინიციატივის „New Arrangements to Borrow“ ფარგლებში ამ ჯგუფს სავალუტო ფონდის სესხების გაცემასთან მიმართებაში ვეტოს უფლება მიენიჭა. ამასთან, BRICS-ის ქვეყნების მეცადინეობით, შეიცვალა სავალუტო ფონდის დამოკიდებულება კაპიტალის კონტროლის მიმართ, კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია კაპიტალის კონტროლთან მიმართებაში უფრო რბილი გახდა. ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ განვითარებად ქვეყნები ხშირად ხდებოდნენ კაპიტალის სწრაფი გადინების მსხვერპლი კრიზისულ ვითარებაში, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნიდა მათ გაცვლით კურსს და ლიკვიდობის პრობლემას წარმოშობდა ამ ქვეყნების მიერ საერთაშორისო ვალდებულებების მომსახურების მხრივ.
საინტერესოა, რომ 2022 წლის მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ხმების 58 პროცენტს ფლობს განვითარებული სახელმწიფოები, მაშინ როცა განვითარებად სახელმწიფოებს ხმების (მიუხედავად მოსახლეობის დიდი რაოდენობისა), მხოლოდ 42 პროცენტი აქვს. საგულისხმოა ის ფაქტი რომ, შეერთებულ შტატებს, ხმების 16.5 პროცენტი აქვს, ევროკავშირს 25.5. BRICS ქვეყნების ხმების პროცენტული წილი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება: ბრაზილია 2.7 პროცენტი, ჩინეთი 6.4, რუსეთსა და ინდოეთს კი 2.7 პროცენტი თითოეულს. გამოდის რომ ევროკავშირის ქვეყნების ხმების წილი თითქმის 4-ჯერ აღემატება მხოლოდ ჩინეთისას, მაშინ როცა ჩინეთის მოსახლეობა ევროკავშირის მოსახლეობას დაახლოებით სამჯერ აღემატება და მთლიანი შიდა პროდუქტის (PPP) მაჩვენებლითაც ჩინეთის ეკონომიკა 6 ტრილიონით მეტია ევროკავშირისაზე.
BRICS-ის ქვეყნებმა შექმნეს ორი ძირითადი ინსტრუმენტი თანამშროლობისთვის: პირველი ეს არის, CRA (Contingent Reserve Arrangement – შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც გაუთვალისწინებელი სესხების სარეზერვო ინსტრუმენტი). CRA მიზანია დაეხმაროს BRICS-ის ქვეყნებს ლიკვიდობის პრობლემის მოგვარებაში. კერძოდ, როცა კრიზისულ ვითარებაში ქვეყნებს პრობლემები ექმნებათ საგარეო ვალდებულების დაფარვის მხრივ, CRA-ის საშუალებით ამ ქვეყნებს მიეცემათ მოკლევადიანი სესხები. NDB (the New Development Bank) ეს არის მეორე ინსტრუმენტი, რომელიც შეიქმნა BRICS-ის ქვეყნების მიერ. ის გასცემს გრძელვადიან სესხებს მდგრად ინფრასტრუქტურაზე და განახლებადი ენერგიების წყაროებზე. ფაქტიურად იგი ითავსებს იგივე ფუნქციას, რასაც წესით უნდა აკეთებდეს მსოფლიო ბანკი: გრძელვადიანი დაფინანსების მიწოდება ქვეყნებისთვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას. ფაქტიურად ეს ორი ორგანიზაცია ანალოგია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკისა, რომელთაგან პირველი ორიენტირებულია მოკლევადიან სესხებზე ქვეყნების ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად, ხოლო მეორე, გრძელვადიან განვითარებაზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რაზეც მუშაობენ BRICS-ის ქვეყნები, ეს არის ერთიანი გადახდის და სავალუტო რეზერვების სისტემა. ეს იქნება საშუალება, რომ ამ ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა და ასევე, სხვა სახელმწიფოებმა, რომელთაც სურვილი იქნებათ მონაწილეობა მიიღონ ამ ინიციატივაში, გვერდი აუარონ სანქციებს, რომელიც მათზე შეიძლება დაწესდეს აშშ-ს მიერ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ინიციატივაზე მუშაობა ჯერ ჩანასახოვან დონეზეა და ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ აკადემიურ წრეებში მუშავდება, აღნიშნავს ვეიდი.
BRICS-ის ქვეყნების მთავარი პრობლემა, რაზეც ანალიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას და ვეიდს მათი მოსაზრებები არაერთხელ მოჰყავს საილუსტრაციოდ, ეს ამ ორგანიზაციის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ეკლეკტურობაა. მასში შემავალ ქვეყნებს აქვთ განსხვავებული და ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტური ინტერესები. მაგალითად, ინდოეთსა და ჩინეთს შორის დაპირისპირება (მათ შორის ტერიტორიულ საკითხზე), მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციული პროცესების გაღრმავებისთვის. ამას ისიც ემატება, რომ მთავრობების ცვლა, ხშირად იწვევს წევრი ქვეყნების ენთუზიაზმის კლებას ან მატებას ამ ორგანიზაციის მიმართ. 2021 წლის სტატიაში ონილი (BRICS-ის აკრონომის ავტორი) ამბობს, რომ BRICS-ის ქვეყნებმა იმედები გაუცრუეს. მისი აზრით ამ ქვეყნებმა ვერ მოახერხეს საკუთარი ინტერესების კოორდინირება და ვერც G20 ქვეყნებში მოახერხეს საყოველთაო სიკეთის ადვოკატირება.
ვეიდი ნაწილობრივ ეთანხმება სკეპტიკოსებს იმაში რომ BRICS-ს საკმაოდ ნელა ვითარდება. მაგრამ, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს BRICS-ის ინტეგრაციული პროექტის აქსელერაციას. პირველში, რიგში ეს არის ჩინეთის მზარდი ამბიციები. ვეიდი აღნიშნავს, რომ ჩინეთს აღარ აქვს ილუზია, რომ აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებს. შესაბამისად, ჩინეთი შეეცდება ჩრდილო-ატლანტიკური ჰეგემონიის შეზღუდვას ყველა მის ხელთ არსებული პლატფორმით, მათ შორის BRICS-ითაც. ამ ფაქტორის გაგრძელებაა, BRICS-ის ქვეყნების მზარდი როლი გლობალურ ეკონომიკაში. დღეს ამ ქვეყნებს აღარ სურთ იყვნენ დასავლური დომინაციის ქვეშ: სხვა ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, ამ ფაქტორის საილუსტრაციოდ ჩინეთისა და ინდოეთის მაგალითიც კმარა. ამ ორი გიგანტის როლი, ჯერ-ჯერობით საკმაოდ მოკრძალებულია მათ მადასთან და შესაძლებლობებთან შედარებით, განსაკუთრებით, თუ პროცესებს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შევაფასებთ. და ბოლოს, მთავარი პრობლემა მაინც დასავლეთის შინაგანი სისუსტიდან მოდის. 1990-იანების ჰუბრისი და თვით-ტკბობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ნელ-ნელა შესაძლოა ნემეზისად იქცეს. სოციალისტური ბანაკის დასუსტებამ და ნგრევამ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ხელი შეუწყო დასავლეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეკადანსს. გაიზარდა უთანასწორობა და საშუალო კლასი შემცირდა. ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის დასუსტება, მეტწილად სწორედ ამ სისუსტეების იგნორირებამ შეიძლება გამოიწვიოს.
მოგვწონს თუ არ მოგვწონს დასავლეთი, აქ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვათ, რომელსაც თავად ვეიდი არ სვამს. არის კი ალტერნატივა ჩვენთვის, როგორც განვითარებადი სახელმწიფოსთვის, BRICS-ი და მასში შემავალი ქვეყნების განვითარების ტრაექტორია? ვგონებ, არა. ამას, მეორე კითხვაც მოჰყვება: შედის თუ არა ჩვენს ინტერესში კონფლიქტური მხარეების არსებობა გლობალურ დონეზე: ამაზე პასუხი ალბათ დადებითია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენ დასავლეთის ორბიტაზე დავრჩებით, ამან შესაძლოა მოგვცეს საშუალება უფრო მეტი რესურსი მივიღოთ დასავლეთისგან ეკონომიკური განვითარებისთვის, რადგან გლობალური კონკურენცია გააჩენს ამის საჭიროებას. თუმცა, ეს პროცესი იქნება დანის პირზე გავლის მსგავსი მოგზაურობა, რადგან ყოველთვის შეიძლება დიდმა იმპერიებმა ჩვენი ტერიტორია გამოიყენონ კონფრონტაციისთვის. ჟანრის ლოგიკა არ იცვლება: მთავარი კვლავ ისეთი კაპიტნის ყოლაა, რომელიც გრძნობს ზურგის ქარს და შეუძლია „ისტორიის სწორ მხარეს“ დგომა. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის ისტორია კი დგას არა მორალურ კანონებზე, არამედ ცივ პრაგმატიზმზე.
იმედია გაგიჩნდათ ვეიდის სტატიის წაკითხვის სურვილი, მისი წაკითხვის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტს შეიტყობთ.
სტატიის ორიგინალური ვერსია გამოქვეყნდა Globalpolicyjournal.com-ზე
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას