ბრაზილიური გეოპოლიტიკური თავსატეხი

ავტორი: შოთა მგელაძე – საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

ადრეული გეოპოლიტიკური ნაშრომები გარკვეულწილად ეფუძნებოდა მნიშვნელოვანი ტერიტორიების ოკუპირებას, ან ოპონენტისადმი ხელის შეშლას მათი ჩაგდების მცდელობისას. საყურადღებოა ასევე გეოპოლიტიკის ფუნდამენტური კითხვა სახელმწიფოთა ტიპებზე და მათ უპირატესობებზე – ერთ-ერთი ასეთი დილემაა სახმელეთო სახელმწიფო სჯობს თუ საზღვაო? აღნიშნული საკითხი საფუძვლიანად განიხილა ბრიტანელმა გეოპოლიტიკოსმა ჰალფორდ მაკინდერმა. მისი ნაშრომები ისტორიის ციკლისეულ შესწავლას ეფუძნებოდა. საუბარია, რომ  თუ ადრე ხმელეთის სახელმწიფოები უპირატესობას ფლობდნენ საზღვაო სახელმწიფოებზე, დროთა განმავლობაში ბალანსი შეიცვალა უკანასკნელის სასარგებლოდ.  ამის ნათელი მაგალითი დიდი ბრიტანეთი გახლდათ, როდესაც მეცხრამეტე საუკუნეს ხშირად მკვლევრები „Pax-Britannica“-ს უწოდებდნენ. თუმცა მაკინდერის აზრით, ტრანსკონტინენტური რკინიგზის შექმნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სწორედ აღნიშნულმა ტექნოლოგიურმა ცვლილებამ  მისცა საშუალება სახელმწიფოებს მოეხდინათ ჯარის მობილიზაციის დროის შემცირება და ლოჯისტიკის სრულყოფა, რაც როგორც უკვე ვახსენე, სახმელეთო სახელმწიფოებისკენ ხრიდა თამასას. მიუხედავად იმისა, რომ მაკინდერის ანალიზი ბევრ უზუსტობას შეიცავდა, მან განიხილა საკვანძო საკითხი. საინტერესოა დავსვათ კითხვა, რა ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანას უწევს გააკეთოს არჩევანი – მიჰყვეს სახმელეთო სახელმწიფოს ცხოვრების სტრატეგიას, რომელიც ძირითადად სახმელეთო ექსპანსიას გულისხმობს, თუ საზღვაოს, რომელიც ფლოტში ინვესტირებისკენ იხრება. ვფიქრობ, ბრაზილიის მაგალითი ამ კუთხით საინტერესო უნდა იყოს, ვინაიდან რუკას თუ ჩავხედავთ, მივხვდებით, რომ ქვეყანას გააჩნია ორივე ტრაექტორიის პოტენციალი.

ასევე საგულისხმოა, თუ რამდენად რეალურია იგივე ბრაზილიის დიად სახელმწიფოთა კლუბში გაწევრიანების საკითხი. სტატიაში, პირველ რიგში, მოკლედ განვიხილავ ბრაზილიური გეოპოლიტიკური სკოლის ძირითად წარმომადგენლებს და მათ შორის განსხვავებებს. შემდეგ ნაწილში კი ვეცდები დასმულ კითხვებს ამომწურავი პასუხები გავცე.

 

ბრაზილიის გეოპოლიტიკური სკოლა

ბრაზილიის  გეოპოლიტიკური სკოლის წარმომადგენლებში ჩვენ შევხვდებით მარიო ტრავასოს , გოლბერი დო კოუტო ე სილვას, კარლოს დე მეირა მატოს და ტერეჟინა დე კასტროს. თითოეული მათგანი განსხვავებულ პრიზმაში აფასებდა ბრაზილიის გეოპოლიტიკურ მდგომარეობასა და პოტენციალს. მათზე დიდი გავლენა ევერადო ბაკჰეუსერმა და დელგადო დე დერვალიომ მოახდინეს. პირველი მათგანი გერმანული გეოპოლიტიკური სკოლის აპოლოგეტი გახლდათ. ის ეთანხმებოდა საზღვრების ელასტიურობის პრინციპს და შესაბამისად, სახელმწიფოს, როგორც ცოცხალი ორგანიზმის კონცეფციას.[1] რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაკჰეუსერი საინტერესო გეოპოლიტიკური ტრაექტორიის ავტორი იყო, რომელსაც ეწოდა – „marcha para oeste“ (დასავლეთისკენ მარში), რაც გაიგივდა რეგიონალურ ინტეგრაციასთან. რაც შეეხება კარვალიოს, ის იყენებდა თვისებრივი ანალიზის მეთოდებს. მისთვის მათემატიკური ფორმულა, რომელიც ადგენდა სახელმწიფო კონტინენტური გახლდათ, თუ საზღვაო, უბრალოდ ფუჭი იყო. კარვალიოს ანალიზის მიხედვით, ბრაზილია საზღვაო სახელმწიფო გახლდათ, თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ეს დებულება ბევრმა ბრაზილიელმა გეოპოლიტიკოსმა უარყო. ამავდროულად, კარვალიო ამახვილებდა ყურადღებას შეერთებული შტატების, როგორც უმნიშვნელოვანესი მოკავშირის როლზე, რაშიც სხვებთან საერთო ენას ნახულობდა.

რაც შეეხებათ ზემოთმოყვანილ გეოპოლიტიკის ავტორებს, მათი იდეები განსხვავდებოდა. მაგალითად მაშინ, როდესაც ტრავასოს მთავარი არგუმენტი მოიცავდა ორი ანტაგონისტის კონცეფციას სამხრეთ ამერიკაში,[2] გოლბერი დო კოუტო ე სილვა, რომელიც ბრაზილიელ ჰაუსჰოფერადაა მიჩნეული,[3] ბრაზილიის როლს განიხილავდა ეროვნული, რეგიონალური და მსოფლიო პრიზმებიდან.  განსაკუთრებით საინტერესოა უკანასკნელი პასაჟი. როცა ცივი ომი მიმდინარეობდა, სილვა მსოფლიოს  დემოკრატიულ და ქრისტიანულ დასავლეთად და კომუნისტურ-მატერიალისტურ აღმოსავლეთად ჰყოფდა. ამით ის ბრაზილიას განსაკუთრებულ სტატუსს ანიჭებდა მსოფლიო წესრიგის ჭრილში. მისი აზრით, ამერიკასთან ალიანსი უმნიშვნელოვანესი გახლდათ დასავლეთის დაცვისთვის.

ამავდროულად, ყურადსაღებია კარლოს დე მეირა მატოსის მოსაზრებები. იყენებდა რა ქვეყნის კონტინენტურობის კოეფიციენტის დამადგენელ ფორმულას,[4] მან დაასკვნა, რომ ბრაზილია შერეული ტიპის სახელმწიფო გახლდათ , თუმცა კონტინენტურობა უფრო ჭარბობდა და ემხრობოდა რეგიონულ კოოპერაციას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მის ნაშრომებში ანტარქტიდაზე ყურადღების გამახვილება იყო. საერთო ჯამში, მატოსი ბრაზილიას ხედავდა როგორც დიად სახელმწიფოს, რომლისთვისაც საჭირო იყო ეკონომიკური და სოციალური განვითარება. ისიც, სხვების მსგავსად, ამოსავალ წერტილად ამერიკასთან მოკავშირეობას ხედავდა.

და ბოლოს, ტერეჟინა დე კასტრო, რომელმაც კონრეტულად წარმოადგინა დიადი სახელმწიფოს კრიტერიუმები[5] . კასტრო ემხრობოდა პან-ამერიკის იდეას. ის ყურადღებას ამახვილებდა ოკეანეების მნიშვნელობაზე. თვლიდა, რომ ბრაზილია უნდა დაინტერესებულიყო არამარტო ატლანტის, არამედ ინდოეთისა და წყნარი ოკეანებიით. ისიც, როგორც წინამორბედი გეოპოლიტიკოსი, იზიარებდა ანტარქტიდის გეოსტრატეგიული მნიშვნელობის იდეას ბრაზილიისთვის. მიაჩნდა, რომ  აღნიშნული ადგილით არგენიტინაც შეიძლება დაინტერესებულიყო, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ნეგატიურად აისახებოდა. უფრო მეტიც, კასტრო მიუთითებდა ტრინდადის და მარტინ ვაზის კუნძულებზე ბრაზილიის სამხედრო სანაოსნო ძალების განთავსებაზე და ყურადღებას ამახვილებდა საგარეო ინვესტიციების სამომავლო საფრთხეებზე, კერძოდ, ამაზონის ტერიტორიაზე[6].

 

ბრაზილიის პოტენციალი დიად სახელმწიფომდე

მას შემდეგ, რაც აღვწერეთ პრობლემის არსი, შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ ნაწილზე, რაც გულისხმობს პასუხის გაცემას – შეუძლია თუ არა ბრაზილიას გახდეს დიადი სახელმწიფო. კამათი იმის თაობაზე, ბრაზილია კონტინენტური სახელმწიფოა თუ საზღვაო, საკითხის ერთი მხარეა და მისი გადაწყვეტა ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე, საგარეო კურსსა და შიდა პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული. თუმცა, ჯერჯერობით ბრაზილიის შემთხვევაში ჰიბრიდულ ფენომენთან გვაქვს საქმე.  ასე რომ,  ცალსახად ერთი მიმართულების მტკიცება ამ ეტაპზე შეუძლებელია, ვინაიდან, როგორც უკვე ვახსენე, ქვეყანას ორივე მიმართულებით აქვს პოტენციალი. მაგრამ ერთია პოტენციალი და მეორე რეალობა, რომელშიც ქვეყანა დღეს იმყოფება.

ლათინური ამერიკის ეკონომიკურ ისტორიას თუ გადავხედავთ, შევხვდებით უამრავ კრიზისს, აღმავლობის პერიოდს, დაკარგულ დეკადასა და ა.შ. კონკრეტულად ბრაზილიის შემთხვევაში, პანდემიის გამო ქვეყანა არამარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ კოლაფსშია. პოპულისტი, ან ტრამპ 2.0 მესაია ბოლსონარო გამუდმებით სკანდალებში ეხვევა. ცალკე გამოსაყოფია მისი ბუნდოვანი საგარეო ვექტორის მიმართულებები, რომელსაც თანმიმდევრულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ბრაზილიას ნამდვილად აქვს შესაძლებლობა, რომ შეიქმნას პოლიტ-ეკონომიკური სტაბილური მდგომარეობა. რაც მთავარია, ქვეყნის მეხსიერებაში მსგავსი გამოცდილება უკვე არსებობს. რაც შეეხება სტატიაში დასმულ პრობლემას, ჩემი პასუხი იქნება, რომ მიუხედავად ჰიპოთეტიკური ეკონომიკური პოტენციალისა, ბრაზილია დიადი სახელმწიფო ვერ გახდება, მარტივი მიზეზის გამო. ის არ, ან ვერ შექმნის ატომურ ბომბებს, რაც წამყვანი ქვეყნისთვის აუცილებელი ელემენტია. შეგახსენებთ, რომ ბრაზილია ატომური იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყანაა და ასევე, შეერთებული შტატების მოკავშირე, უკანასკნელი კი არ დაუშვებს დასავლეთ ნახევარსფეროში შეიქმნას ე.წ ჩელენჯერი. ბრაზილიის დიად სახელმწიფომდე გზა სწორედ შეერთებულ შტატებზე გადის. არსებობს ვარაუდი, რომ მომავალი ხელისუფლება შეიძლება ამერიკას დაუპირისპირდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში  სახელმწიფო გადატრიალების უფრო მეტი შანსი არსებობს, რისი გამოცდილებაც ბრაზილიას მრავლად აქვს.

 

დასკვნა

სტატიაში მოკლედ აღვწერე პრობლემები, რომლებიც ბრაზილიის საკითხზე შეიძლება წამოიჭრას. პირველ შემთხვევაში, (კონტინენტური და საზღვაო სახელმწიფოს უპირატესობა) შევჯერდი რა ჰიბრიდულ მოდელზე, დავამატებდი, რომ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომელიც კონტინენტურის უფრო მეტ დომინაციას ეხმაურება. ბრაზილია უნდა ესწრაფვოდეს რეგიონულ კოოპერაციას, რაც მის ეკონომიკაზეც პოზიტიურად აისახება. ასევე, მისი უპირობო მოკავშირე შეერთებული შტატები უნდა იყოს, ვინაიდან ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისას ბრაზილიისთვის მეტად ხელსაყრელი  ამერიკასთან მოკავშირეობა იქნება, ვიდრე კონფრონტაცია. რაც შეეხება დისკუსიებს ანტარქტიდისა და ოკეანეების შესახებ, მსგავსი რამ ქვეყნისთვის მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ჯერჯერობით რეალურ ქმედებებზე  საუბარი ნაჩქარევია. და ბოლოს, შეუძლია თუ არა ბრაზილიას გაწევრიანდეს დიადი სახელმწიფოების კლუბში? არსებობს ოცნება, რომელიც ყოველთვის ოცნებად დარჩება.

[1] აღნიშნული კონცეპტის თანახმად სახელმწიფოს, როგორც ცოცხალ ორგანიზმს ჭირდებოდა სივრცე განვითარებისთვის, მოგვიანებით რასაც გერმანელები უწოდებდნენ lebenstrau,

[2] ეს გახლდათ ორი კონტინენტური მხარის დაპირისპირება : ატლანტის და წყნარი და მეორე  ამაზონის და პლატას აუზი და რომ ბრაზილიას აქცენტი ამაზონის აუზზე უნდა გაეკეთებინა.

[3] ის უარყოფდა გეოპოლიტიკის უნივერსალურ მიდგომას, და მას მხოლოდ ეროვნული თვალთახედვიდან განიხილავდა.

[4] გამოითვლებოდა სახმელეთო საზღვრების სანაპირო ზოლის  გაყოფით.

[5] აღნიშნული მოიცავდა შემდეგ დებულებებს: ქვეყანა უნდა ყოფილიყო 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე დიდი, ტერიტორიულად კონტინენტალური, პირდაპირი წვდომა ოკეანეზე, სტრატეგიული ბუნებრივი რესურსები, მოსახლეობა ას მილიონზე მეტი. დემოგრაფიული სიმჭიდროვის მაჩვენებლი მაღალი 10 მაცხოვრებელზე/კვადრატულ კილომეტრზე,ეროვნული ჰომოგენურობა.

[6] Morgado, Nuno. (2017). Towards the New World Order? A Geopolitical Study of Neo-Eurasianism and Meridionalism.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.