სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების მოტივით ფინანსთა მინისტრი საფინანსო სექტორის რეფორმირებას განაგრძობს
საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორში ახალი, სამართლიანი წესები მკვიდრდება, სადაც მომხმარებელთა უფლებები დაცულია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ბახტაძის თქმით, რეფორმა ეკონომიკის დაკრედიტების ახალი, ხარისხობროვი სტანდარტების დაწესებას ითვალისწინებს და მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერასა და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას ემსახურება.
როგორ ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჭარბვალიანობაა, რომლის ეფექტიანი კონტროლის გარეშე, სიღარიბის დამარცხება შეუძლებელია. ასევე, მისი შეფასებით, ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორია. რეფორმის ფარგლებში რამდენიმე სიახლე წესდება:
- თანხის გადაუხდელობის გამო, მხოლოდ არსებული გირავნობის საგნის დაყადაღება მოხდება და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე;
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საკრედიტო კომპანიას შეუძლია კლიენტს ის ქონებაც ჩამოართვას, რომელიც საერთოდ არაა ამ კონკრეტული სესხის გაცემასთან კავშირში. შესაბამისად კრედიტორები დაინტერესებული არიან, რომ მომხმარებელმა სესხი ვერ გადაიხადოს, რადგან ასეთ შემთხვევაში უფრო მეტ შემოსავალს მიიღებენ, ვიდრე იმ პირობებში, როცა კლიენტი პირნათელი გადამხდელია.
- იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების – ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება;
ამის პარალელურად, დაგეგმილია ლიზინგის შესახებ კანონის მოწესრიგებაც, რათა ავტოლომბარდიდან ლიზინგზე არ მოხდეს გადართვა რეგულაციის გვერდის ავლის გამო.
- სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ამჟამად 100%-ს შეადგენს, 50%-მდე მცირდება;
მკითხველს შევახსენებთ, რომ სესხის წლიურ საპროცენტო განაკვეთზე ზედა ზღვარი 2017 წლის 15 იანვრიდან დაწესდა 100%-ის ოდენობით. ახალი ცვლილებებით ხდება მისი განახევრება. თუ გავითვალისიწნებთ იმ ფაქტს, რომ ძალიან მაღალი პროცენტები, როგორც წესი მოკლევადიან სესხებზე ფიქსირდება ან/და არასაბანკო დაწესებულებებში გაცემულ კრედიტებზე.
- ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისთვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად, არ გადააჭარბებს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას;
- წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე და განისაზღვრება წლიური 98.55%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150%-ისა. ზღვარის დაწესებით აღნიშნული ხარჯების ლიმიტი მცირდება 51.45%-ით;
- მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს (ე.წ. ლომბარდებს) მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც აღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი.
ამასთან, 2019 წლის 1 იანვრიდან, ეროვნული ბანკის რეგულირებასა და ზედამხედველობას დაექვემდებარება სესხის გამცემი სუბიექტი, კერძოდ, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება. ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, რეგისტრაციას ეროვნული ბანკი განახორციელებს, ხოლო სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელის განაკვეთი 10 000 ლარი იქნება.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოხსენებული საქმიანობა.
აღსანიშნავია, რომ ახალი წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით. ასევე, რეფორმის ფარგლებში შემოდის ვალდებულება, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რადგან მინისტრის თქმით, ადგილი აქვს ე.წ. შავ საკომისიოებს.
იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთის შეძენა ან უძრავ-მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა ნაღდი ანგარიშსწორებით მოხდება, სამართალდამრღვევი პირი პირველ ჯერზე გაფრთხილდება, ხოლო სამართალდარღვევის საფუძვლის 30 კალენდარულ დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, უკვე 10 000 ლარით დაჯარიმდება. ასევე განმეორებითი 10 ათას ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული იმ შემთხვევაშიც თუ დაჯარიმებიდან 30 დღის ვადაში სამართალდარღვევის საფუძველი კვლავ არ იქნება აღმოფხვრილი.
„დღეს, ვხედავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც ჭარბვალიანობის გამო შეექმნათ პრობლემები, ამოვარდნენ აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. დღეს, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის თითქმის 30 პროცენტი ე.წ. შავ სიაშია მოხვედრილი. ეს პრაქტიკულად, დაკარგული რესურსია ეკონომიკური განვითარებისათვის. ჭარბვალიანობა ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამის შედეგებს უკვე ვხედავთ – დაახლოებით 630 ათას ადამიანს მოკლებული აქვს შესაძლებლობა, გახდეს აქტიური სამუშაო ძალა. შემცირებული განკარგვადი შემოსავალი, ბუნებრივია, ამცირებს ეკონომიკურ აქტიურობას, ხდება დანაზოგების შემცირება. ხშირ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დაკრედიტების ისეთ მოდელებთან, რომელიც არანაირ დამატებულ ღირებულებას არ ქმნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით, საუბარია მაღალ პროცენტიან სამომხმარებლო სესხებზე, რომლის უკან არ დგას მსესხებლის შემოსავალი“,- აღნიშნავს ფინანსთა მინისტრმა.
საინტერესოა, რომ ფინანსთა მინისტრის ინიციატივებიდან უმეტესობა ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირებას ეხება, რაც კანონით და სტრუქტურულად ეროვნული ბანკის პრეროგატივაა. ბახტაძეს ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის მითითების მიცემის უფლებაც არ აქვს, თუმცა საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ კრიტიკით და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად დღეს წინა პლანზე სწორედ ფინანსთა მინისტრი დგას. ბოლო წლებში საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ გაზრდილი კრიტიკის მიუხედავად, ეროვნულ ბანკს არაფერი გაუკეთებია ამ უკმაყოფილების მიზეზების გასარკვევად და მომხმარებელთა უფლებების რეალურად დასაცავად. საზოგადოებას ხშირად უჩნდება კითხვა სებ-ი მომხმარებელთა უფლებების დაცვას საერთოდ მიიჩნევს თუ არა მის ერთ-ერთ მოვალეობად თუ მხოლოდ ბანკების ლობირებით არის დაკავებული.
„ფინანსთა მინისტრის, ინიციატივებს მივესალმები, რადგანაც ისინი მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში დამყარდეს ფინანსური წესრიგი. ეს ინიციატივები წესით უნდა მოდიოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელებიდან, რადგანაც ის, რასაც ფინანსთა მინისტრი გვთავაზობს, აწესრიგებს საკრედიტო სფეროს. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი აშკარად გამოხატული პასიურობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კობა გვენეტაძის პროფესიულ მომზადებაში ეჭვის შეტანა ძნელია, სახეზეა მისი და მისი გუნდის პასიურობა, რის გამოც ეროვნული ბანკი პრაქტიკულად ”უძრაობის” რეჟიმშია გადასული და მის გასაკეთებელ საქმეს ფინანსთა სამინისტრო იღებს თავის თავზე. მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს. ეროვნული ბანკის საქმიანობა კი ცალკე არის ყურადღება მისაქცევი….. რჩება განცდა, ეროვნული ბანკი კი არ არეგულირებს საბანკო სფეროს, არამედ ეს უკანასკნელი, უფრო ზუსტად კი რამდენიმე მსხვილი ბანკი, განუსაზღვრავს ეროვნულ ბანკს თამაშის წესებს. ასეთი უსუსური ეროვნული ბანკი დამოუკიდებელ საქართველოს ჯერ არ ჰყოლია და ეს საგანგაშოა. ქვეყანაში ძლიერდება ანტისაბანკო განწყობა, რაც ნამდვილად საზიანოა ქვეყნისთვის, მისი ისედაც სუსტი ეკონომიკისთვის. ამიტომ ეროვნული ბანკის გააქტიურება აუცილებელია, ეს კი უწინარეს ყოვლისა პარლამენტმა უნდა მოსთხოვოს“, – აღნიშნავს პროფესორი, საქართველოთ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავა.