ატომური იარაღი და საერთაშორისო უსაფრთხოება

ავტორი: შოთა მგელაძე – საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი

 

 

ატომური იარაღის პროლიფერაციის საფრთხე საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. აღნიშნულ სტატიაში მოკლედ იქნება აღწერილი თემის პრაქტიკული და თეორიული ასპექტები. დასაწყისში ვეცდები, ერთმანეთთან დავაკავშირო ადამიანი, სახელმწიფო და უსაფრთხოების დილემა. დასკვნით ნაწილში კი კონსტრუქტივისტული არგუმენტით გაეცემა პასუხი კითხვას თუ რამდენად საშიშია ატომურ მსოფლიოში ცხოვრება.

ინდივიდი, სახელმწიფო და უსაფრთხოების დილემა

ადამიანები განვითარებისკენ არიან მიდრეკილნი. ამისთვის მათ პირველ რიგში უსაფრთხო და სტაბილური გარემო ესაჭიროებათ. სწორედ ეს სამი ფაქტორი ქმნის იმ მინიმუმ ბაზისს, სადაც ინდივიდის ქმედებები პროდუქტიულია.

სახელმწიფოებს ხშირად ანთროპოგენურ ნიშნებს მიაწერენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო შეიძლება დავახასიათოთ, როგორც მაგალითად ეგოისტი და ძალაუფლებისთვის მებრძოლი. თუ ამ მახასიათებლებს სახელმწიფოს მივაწერთ, მივალთ რეალიზმის სკოლის პირველ ფუნდამენტურ პრინციპამდე –  სახელმწიფოების უმთავრესი ამოცანა თვითგადარჩენაა[1]. ისინი ცდილობენ განვითარებას და სტაბილური სისტემის შექმნას. საბოლოოდ, მათი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი უსაფრთხოების საკითხებია.

დავუბრუნდეთ  ინდივიდს. ადამიანი უნიკალური არსებაა. ის თავისი კოგნიტური შესაძლებლობებიდან გამომდინარე პლანეტარულ იერარქიაში ყველაზე მაღლა დგას.  ადამიანმა მოიგონა უკვე ისეთი სისტემა, სადაც ურთიერთობები კომპლექსურად ლაგდება. როდესაც ეკონომიკური ძალები ამოქმედდნენ, შეიცვალა თამაშის წესებიც[2]. შეგვიძლია მოვიშველიოთ კონსტრუქტივისტების არგუმენტი – ფულს იმიტომ აქვს ასეთი მნიშვნელობა, რადგან ჩვენ მივანიჭეთ მას ის (Wendt, 1999).

რაც შეეხება სახელმწიფოს და მისი ისტორიული განვითარების გზას, იგი იყოფა ვესტფალიამდე და ვესტფალიის შემდეგ, როდესაც ჩნდება სუვერენულობის იდეა. ეს პრინციპი, მარტივად რომ ავხსნათ, გულისხმობდა ჩაურევლობას სხვის საქმეში.
როგორც ინდივიდი, ასევე სახელმწიფო იყო და არის ჩართული მუდმივი განვითარების პროცესში და ერთ დროს მათ მიაღწიეს  იმ კრიტიკულ ზღვარს, როდესაც ორივეს არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მეცნიერთა მტკიცებით 50 ატომურ იარაღს შეუძლია მოკლას 200 მილიონი ადამიანი.

რადგან ჩვენი გარკვეული უფლებები შევზღუდეთ იმისათვის, რომ სახელმწიფოში გვეცხოვრა, ლოგიკურია, უნდა ვიზრუნოთ ამ სისტემის გადარჩენისთვისაც. მართალია, სტრატეგიას ხელისუფლება ირჩევს, თუმცა ადამიანური რესურსის გარეშე მისი განხორციელება მხოლოდ ოცნებად შეიძლება დარჩეს. ასე რომ, ინდივიდი, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით შექმნა სახელმწიფო, თავისდაუნებურად ზრუნავს ამ წარმონაქმნის სიცოცხლისუნარიანობისთვის.

უსაფრთხოების დილემა და ატომური იარაღის ისტორია

რამდენად პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სახელმწიფოს მიერ გადარჩენაზე და უსაფრთხოებაზე ზრუნვა უსაფრთხოების დილემაში აისახა. უსაფრთხოების დილემის ფორმულირება ასეთია: თუ ერთი სახელმწიფო ავითარებს იარაღს, ის შესაბამისად საფრთხეს მიქმნის მე და  იძულებულს მხდის,  განვავითარო შეიარაღება. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ F35 არ იქნება შეერთებული შტატების ბოლო გამანადგურებელი და არც ჩინეთის J20.

ვარაუდობენ, რომ ასეთმა დილემამ გადააწყვეტინა ალბერტ აინშტაინს, შეტყობინება მიეწერა ფრანკლინ დელანო რუზველტისათვის, სადაც ის პრეზიდენტს გამანადგურებელი ბომბის შექმნის შესაძლებლობას აუწყებდა.

ატომური ენერგია, რომელიც ატომების გახლეჩით ან  შეერთებით მიიღება, კვლევის საგანი მეოცე საუკუნის დასაწყისში გახდა. პირველი გარღვევა სერ ერნესტ რუთერფორდმა 1911 წელს მოახდინა, როდესაც  აღმოაჩინა, რომ ატომური მასა მის ბირთვშია კონცენტრირებული და რომ თავად ბირთვი პოზიტიურად არის დამუხტული და გარშემორტყმულია ნეგატიური ელექტრონებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ დებულებამ ბიძგი მისცა ატომური სტრუქტურის კვლევას. საბოლოოდ კი, ნილს ბორმა აღწერა ატომის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც უარყოფითი ელექტრონები გარსში მდებარეობენ პოზიტიური ბირთვით, ხოლო თვითონ ბირთვი შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისაგან. საყურადღებოა, რომ პროტონების რაოდენობა ატომში განსაზღვრავს თუ რა ელემენტთან გვაქვს საქმე. ჩვენს შემთხვევაში კი უნდა დავინტერესდეთ არასტაბილური (რადიოაქტიური) იზოტოპებით (ერთი ატომური ნომრები, მაგრამ განსხვავებული ნეიტრონების რაოდენობა). მთელი თავსატეხის ამოხსნა შეგვიძლია აინშტაინის ფარდობითობის ფორმულით, სადაც E= mc2, ანუ შესაძლებელია მასა გადავაქციოთ ენერგიად.

თვითონ თეორიის პრაქტიკაში ასახვა, ანუ ბომბის შექმნა, მანჰეტენის პროექტს უკავშირდება. აღნიშნულზე უდიდესი გავლენა უკვე ნახსენებმა ალბერტ აინშტაინის წერილმა იქონია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო ატომური ჯაჭვის რეაქცია ურანიუმის მასის დიდი რაოდენობით, რაც ბომბის შექმნის წინაპირობა გახლდათ. რუზველტმა პროექტს მწვანე შუქი აუნთო. 1945 წლის 16 ივნისის, 05:30-ზე, მსოფლიო ისტორია კარდინალურად შეიცვალა (Wendt, 1999).

მას შემდეგ მსოფლიო განუწყვეტლივ საფრთხეში ცხოვრობს. გარკვეულ შემთხვევებს ისტორიკოსები ყველაზე საშიშ მომენტებად მიიჩნევენ, მაგალითად, როდესაც ხრუშჩოვმა ამერიკელების საპასუხოდ რაკეტების კუბაზე განთავსება გადაწყვიტა. მაშინ კონფლიქტის დეესკალაციაში ლიდერებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი. ასევე, ისტორიიდან აღსანიშნავი ფაქტია საბჭოთა რადარების მიერ ამერიკული ატომური ბომბის შეცდომით დაფიქსირება. პროტოკოლის მიხედვით სსრკ-ის საპასუხო დარტყმით უნდა შეეკავებინა აშშ, მაგრამ სტანისლავ პეტროვის დამსახურებით ინფორმაციამ  ზემდგომამდე ვერ მიაღწია. მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ,  უსაფრთხოების დილემამ რამხელა გავლენა იქონია  თავად სახელმწიფოს არსზე.  შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც რუკიდან ყველა სახელმწიფო გაქრება.

ატომური ბომბები და საერთაშორისო წესრიგი

საკითხის მეორე მხარეა, თუ რა მოუტანეს ატომურმა ბომბებმა საერთაშორისო უსაფრთხოებას. მართალია, პარადოქსულია, რომ მსგავს იარაღს  მშვიდობის სიმბოლო, მტრედი, მიახატო, თუმცა ფაქტი ჯიუტია: სამყაროს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მსგავსი კონფლიქტი არ უნახავს.

როგორც ჯორჯ შულცმა აღნიშნა: „პროლიფერაცია წარმოშობს პროლიფერაციას“, ანუ ჩვენ უნდა ვიმყოფებოდეთ შეუქცევად პროცესში. საქმე ისევ უსაფრთხოების დილემასთან გვაქვს.

დაშვება, რომ პროლიფერაცია წარმოშობს პროლიფერაციას, პრაქტიკაშიც გამართლდა. შეგვიძლია გამოვყოთ 1974 წელს ინდოეთის მიერ ატომური ბომბის შექმნა ჩინეთის შემდეგ. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ინდოეთს ბომბი მიწაზე არ გამოუცდია. ინდოეთმა ამით, ერთის მხრივ, საფრთხის შემთხვევაში შექმნა შემაკავებელი იარაღი, მეორეს მხრივ კი, სიმბოლურად სამყაროს შესთავაზა ალტერნატივა მშვიდობის ბომბის სახით, რადგან მან არ გამოსცადა ის მიწაზე.

თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოებმა თავად თქვეს უარი ატომურ იარაღზე. მაგალითად, სამხრეთ აფრიკასაც გააჩნდა ბომბები, მაგრამ ყველა მათგანი 1991 წელს გაანადგურა. საყურადღებოა უკრაინის შემთხვევაც. როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიაზე დიდი ატომური არსენალი დარჩა, უკრაინელები 1996 ამ იარაღზე შეთანხმების საფუძველზე უარი თქვეს (Sagan, 1996).

თეორიული ასპექტი

არსებობს ორი აზროვნების სკოლა პროლიფერაციის შესახებ – ეს არის ოპტიმისტური და პესიმისტური. ოპტიმისტური სკოლის მიხედვით, ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ატომური ბომბები გამოჩნდნენ ასპარეზზე. მოქმედებს სიფრთხილის ლოგიკა- სახელმწიფოებს, როგორც რაციონალურ აქტორებს, რომლებიც პოტენციური მოგება-წაგების კალკულაციას აწარმოებენ, აღარ უღირთ კონფლიქტი, ვინაიდან დანაკარგები ეჭვგარეშეა, რომ მოგებას გადააჭარბებს. ერთ-ერთი კლასიკური მაგალითი ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტია, სადაც მხარეები არ კვეთენ წითელ ხაზებს. მეორე კი ჩინეთ-საბჭოთა კავშირის სასაზღვრო კონფლიქტი, რომელიც ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზარდა. საინტერესოა ასევე არაბული ლიგის ქმედებები ისრაელის წინააღმდეგ, რადგან მას არაოფიციალურად ატომური იარაღი გააჩნია. (Sagan, 1996)

პესიმისტური სკოლის მიხედვით, ატომური ბომბების არსებობა და მათი გავრცელება ძალიან დიდ რისკებს ქმნის. უპირველეს ყოვლისა, ისინი შესაძლოა გამოიყენონ ირაციონალურად, ანუ შესაძლებელია, სახელმწიფომ არ გაითვალისწინოს პოტენციური დანაკარგი. აღნიშნული სკოლა ასევე პოლიტიკური რეჟიმების კლასიფიკაციას ახდენს. რისკი უფრო მაღალია ავტორიტარული რეჟიმების შემთხვევაში, რადგან მათ შესაძლოა ვერ გააკონტროლონ  უსაფრთხოება და იარაღი ტერორისტებს ჩაუგდონ ხელში. ასევე, გასათვალისწინებელია პოტენციური მოწინააღმდეგის ქმედება, რაც შესაძლოა ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდოს. (Öncel, 2019)

არსებული სიტუაცია

დღეს, საერთაშორისო უსაფრთხოების ყურადღება ატომური იარაღის საკითხის მხრივ ირანისა და ჩრდილოეთ კორეისკენ არის მიმართული. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტრამპის მაქსიმალური ზეწოლის კამპანია ჩავარდა და ამას მრავალი ახსნა მოეძებნება. ჩრდილოეთ კორეის ქეისის შემთხვევაში, სამხრეთ კორეა შეერთებული შტატების გარეშე ცდილობს ეფექტური შემაკავებელი სტრატეგიების შემუშავებას (Ian Bowers, Henrik Stalhane Hiim, 2021). ასევე საყურადღებოა, ინდოეთის ახალი დოქტრინაც, რომელიც პირობას, რომ არ აპირებს პირველმა გამოიყენოს ატომური ბომბი, ბუნდოვანს ხდის (Christopher Clary, Vipin Narang, 2019).

მომავალზე ორიენტირებისას ელიზა ჯეორჯი საინტერესო მოდელს გვთავაზობს (იხილეთ ცხრილი 1). ვინაიდან ჩვენ საერთაშორისო ტრანზიტულ პერიოდში უკვე ვიმყოფებით, აღნიშნული ცხრილის მიხედვით უნდა ველოდოთ, რომ 21-ე საუკუნეში, ინტენსიური მეტოქეობის პირობებში, ბირთვული სახელმწიფოების რაოდენობა გაიზრდება. ანტაგონიზმის ფესვები ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკვე არსებობს. არ უნდა დაგვავიწყდეს რევიზიონისტი რუსეთი, რომელიც აუცილებლად იქნება ჩინეთის გვერდით ამერიკის წინააღმდეგ (შენიშვნა: თუ რუსეთი არ გაწევრიანდა დემოკრატიულ ლიგაში). საინტერესოა, გახდება თუ არა 21-ე საუკუნე უფრო საშიში ვიდრე მეოცე საუკუნე იყო (Gheorghe, 2019).

წყარო;https://direct.mit.edu/isec/article/43/4/88/12226/Proliferation-and-the-Logic-of-the-Nuclear-Market

პასუხის გასაცემად კონსტრუქტივიზმის თეორიის ერთ-ერთ არგუმენტს მოვიშველიებ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სისტემა ანარქიულია და ძალა ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, სახელმწიფოებს ერთმანეთთან დაგროვებული პრაქტიკებისგან გარკვეული ცოდნა უყალიბდებათ. დღეს ჩამოყალიბებული ცოდნა კი მოიცავს ბირთვული იარაღის პოტენციური საფრთხის, მისი გავრცელებისა და ძალის შესახებ დაგროვილ გამოცდილებას. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ტერორისტების ხელში ასეთი იარაღის ჩავარდნა არცერთ სახელმწიფოს არ აწყობს, ვინაიდან არ არსებობს გარანტია, რომ ეს იარაღი მათ წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. მსგავსი ლოგიკა მოქმედებს, როდესაც საქმე სხვა სახელმწიფოებს ეხებათ. მაგალითად, ერთ დროს თუ წარმოუდგენელი გახლდათ ჩინეთ-საბჭოთა კავშირის მეტოქეობა, მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა. მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სისტემა გამოკვეთილად შეიძლება იქცეს მულტიპოლარულად, ბირთვული საფრთხე თეორიულ დონეზე მაინც იარსებებს.

Bibliography

Wendt, A. (1999). Social Theory of International Politics. Cambridge: Cambridge University Press.

Sagan, S. D. (1996). Why do states build nuclear weapons? Three models in search of a bomb. International Security, 54-86.

Öncel, R. (2019). open.metu.edu.tr. Retrieved from open.metu.edu.tr: https://open.metu.edu.tr/handle/11511/43703?fbclid=IwAR3UAKNPZApwJmksOWJNLqb26aOijCmCsyt2-xNJovJA3ykrTOHxBmM8sLE

Ian Bowers, Henrik Stalhane Hiim. (2021). Conventional Counterforce Dilemmas: South Korea’s Deterrence Strategy and Stability on the Korean Peninsula. International Security, 7-39.

Christopher Clary, Vipin Narang. (2019). India’s Counterforce Temptations. International Security , 7-52.

Gheorghe, E. (2019). Proliferation and the Logic of the Nuclear Market. International Security, 88-127.

[1] შენიშვნა: ამ წინადადების გამოყენება ხშირად მიწევს, ვინაიდან სწორედ აქედან ვიწყებ მსჯელობას

[2] იხილეთ Harari, Yuval N. Sapiens : a Brief History of Humankind.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.