„აფხაზეთის" ეკონომიკა

ავტორი: თორნიკე ჩივაძე, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა მკვლევარი

2011-2019 წლებში აფხაზეთის არ აღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკა საშუალოდ 5.6%-ით იზრდებოდა. თუმცა, თუ დავაკვირდებით ზრდას წლების მიხედვით, ნათელი გახდება, რომ ეს ზრდა არასტაბილურია, რადგან ზრდის ტემპები მუდმივ რყევას განიცდის. ეს მიგვითითებს პირდაპირ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდას არ გააჩნია მყარი სტრუქტურული საფუძვლები და დამოკიდებულია ცალკეულ და არასტაბილურ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე.

 

 

მთლიან შიდა პროდუქტთან ერთად მნიშვნელოვანია დამატებული ღირებულების სტრუქტურული ანალიზი, რამდენადაც ეკონომიკური ზრდა და განვითარება თვისობრივად განსხვავებული ცნებებია. როდესაც მშპ იზრდება მაგრამ სახეზე არ არის ეკონომიკის სტრუქტურული ტრანსფორმაცია – ანუ ინვესტიციების და სამუშაო ძალის გადადინება დაბალი მწარმოებლურობის და დაბალი ტექნოლოგიური სექტორიდან საშუალო და მაღალ ტექნოლოგიურ სექტორებში, მაშინ ეკონომიკური ზრდა ეკონომიკურ განვითარებას არ უთანაბრდება. 2018 წლისთვის მთლიანად რეგიონის სამრეწველო სექტორში დასაქმებულად აღრიცხულია 2006 ადამიანი.

 

 

დამატებული ღირებულების თითქმის 40% ზე მეტი ვაჭრობაზე მოდის ხოლო რეალური სექტორის წილი 14-15% ს შეადგენს.  სამრეწველო წარმოების მოცულობამ 2018 წელს შეადგინა 4,680,3 მილიონი რუბლი. რეგიონში არსებული სამრეწველო საწარმოების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ქალაქ სოხუმში. სამრეწველო წარმოების სფერო წარმოდგენილია ისეთი ინდუსტრიებით, როგორიცაა ხე-ტყის მასალის და ავეჯის წარმოება, თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოება, შავი და ფერადი ლითონების ჯართის დამუშავება, მოსაპირკეთებელი ფილების, ბლოკების, ბეტონის წარმოება; მოპოვებით სფეროში ინერტული მასალების, კირქვის და ნახშირის მოპოვება.

სოფლის მეურნეობის და მრეწველობის სექტორში არსებული უცვლელი სურათი მიგვითითებს,რომ ინდუსტრიული განვითარება შეჩერებულია, რაც გრძელვადიანი განვითარების მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორია.  შედარებით დინამიურია ვაჭრობის სფერო. თუმცა, ეს დინამიკა უფრო მეტად იმპორტის ზრდაზეა მიბმული ვიდრე ადგილობრივ მრეწველობაზე.

რაც შეეხება დასაქმებას, აქ სიტუაცია მეტად ტრაგიკულია. აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობამ 2016 წლისთვის 243,9 ათასი ადამიანი შეადგინა. ასეთი მცირე მოსახლეობის პირობებშიც კი ეკონომიკას არ შეუძლია მოსახლეობის მცირერიცხოვანი სამუშაო ძალის დასაქმება. ოფიციალური დასაქმება ბოლო ათწლეულების განმავლობაში შრომისუნარიანი მოსახლეობის 30%-ს არ ასცილებია და უმუშევრობა მუდმივად 70%-ის ფარგლებში მერყეობს. რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სრულყოფილი სურათი, რამდენადაც მშპ-თან მიმართებით აფხაზეთის რეგიონის ეკონომიკის 50-53% ჩრდილოვან ეკონომიკაზე მოდის. ამის მიუხედავად, უმუშევრობა მაინც მაღალი იქნება. აფხაზეთში სიღარიბის, უთანასწორობის, სოციალური დაცვის და სხვა ტიპის სტატისტიკური ანალიზი არ ქვეყნდება, თუმცა 2015 წელს დე-ფაქტო „პრეზიდენტთან არსებული სტრატეგიური კვლევების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 33,6% აცხადებს, რომ ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის.

 

 

შრომის ბაზრის ერთ-ერთი უმძიმესი გამოწვევა ისაა, რომ დღევანდელი მდგომარეობით,  ფორმალურად დასაქმებულთა რაოდენობას უკვე აღემატება პენსიონერთა რაოდენობა. არაფორმალური  დასაქმების გათვალისწინების შემთხვევაში, რა თქმა უნდა უმუშევრობა შემცირდება, მაგრამ არა რადიკალურად. არაოფიციალურ სექტორში დასაქმებულებს  გადასახადები ბიუჯეტში არ შეაქვთ, რაც მომავალში  დამოკიდებულების კოეფიციენტის, ანუ ერთ გადასახადის შემტან დასაქმებულზე „შესანახი“ პენისიონერის ფარდობის, მდგომარეობას გააუარესებს.

ხელფასების წილი მოსახლეობის ფულადი შემოსავლების სტრუქტურაში მხოლოდ ერთი მეხუთედია; ჩრდილოვანი ეკონომიკის სავარაუდო მოცულობა კი 16-17 მილიარდი რუბლია. აგალითად 2016 წლისთვის, დე-ფაქტო რესპუბლიკაში ოფიციალურ დასაქმებულს 9 ათასით აღემატებოდა პენსიონერთა რიცხვი.  2018 წლისთვის რუსეთის ფედერაციის მიერ 32 ათას ადამიანზე გაიცა პენსია, რაც დაახლოებით წლიურ 4 მილიარდ რუბლს შეადგენს. 2021 წელს ვარაუდობენ, რომ საპენსიო ფონდის შიდა შემოსავლები  მილიარდ 220 მილიონს შეადგენს, რაც პენსიონერთა მზარდი რაოდენობის საპენსიო გასაცემლების ნახევარიც კი არა არის[1]. მიუხედავად, იმისა რომ არ აღიარებულ აფხაზეთზე რუსეთის მიერ გაცემული კრედიტების და გრანტების წილი „აფხაზეთის“ მთლიან საბიუჯეტო შემოსულობებში მცირედება, ის მაინც დიდი რიცხვია და მიუთითებს სეპარატისტული რეგიონის რუსეთზე ძლიერ დამოკიდებულებას. საკუთარი ბიუჯეტის შემოსავლები საშუალოდ არ აღიარებული რესპუბლიკის თითო მოსახლეზე მხოლოდ 1600 რუბლია. ბოლო 3 წლის განმავლობაში, მოსახლეობის მთლიანი ფულადი ხარჯები ფულად შემოსავლებს 30 მილიარდი რუბლით აღემატებოდა (НИР, 2019).

 

 

რაც შეეხება სავაჭრო ბალანსს სიტუაცია აქ მეტად ტრაგიკულია. სავაჭრო დეფიციტი 2018 წლისთვის მშპ-ს 41,9%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ექსპორტის სტრუქტურას, ის მთლიანად დომინირებულია დაბალ-ტექნოლოგიური და პირველადი დამუშავების პროდუქციით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში განვითარების საშუალებას სპობს.

 

 

„აფხაზეთის ეკონომიკის“ რეალური სექტორის სისუსტე კარგად აისახება საექსპორტო კალათაში, რომელიც ძირითადად შედგება პირველადი დამუშავების, ჯართის და მოპოვებითი სექტორის საქონლისგან. რუსეთის ბაზრის გახსნასთან ერთად, არსებობს შესაძლებლობა, რომ სპეციალიზაცია გაიზარდოს ციტრუსის წარმოების მიმართულებით, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეკონომიკური სპეციალიზაცია საშიშია, რამდენადაც ისტორიულად მდიდარი ეკონომიკები არიან არა ვიწროდ სპეციალიზებულები არამედ დივერსიფიცირებული ეკონომიკები. ანუ ზრდის მთავარი გასაღები, როგორც დანი როდრიკი ამბობს არის დივერსიფიკაცია და არა შედარებით უპირატესობით ნაკარნახევი სპეციალიზაცია.

 

მსოფლიო ბანკის 2018 წლის ანგარიშის –  „ახალი საზოგადოებრივი კონტრაქტისკენ“ მიხედვით, საქართველო ყირგიზეთთან ერთად, ცენტრალური აზიის და ევროპის რეგიონში, შიდა რეგიონული და ქალაქსა და სოფლის ცხოვრების დონეების უთანასწორობის მხრივ, მოწინავე ადგილს იკავებს (Bussolo et al., 2018, p. 69).  საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, აფხაზეთისთვისაც დამახასიათებელია არათანაბარი განვითარება, რაც ითარგმნება სოფლად და ქალაქად ცხოვრების დონის უთანაბრობაში. მაგალითად, აფხაზი მკვლევრების გამოთვლის მიხედვით, არ აღიარებული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც მთლიანი აფხაზეთის ტერიტორიის 72% უჭირავს და სადაც რეგიონის მოსახლეობის 41,5% ცხოვრობს სამრეწველო და სხვა ტიპის პროდუქციის ბრუნვის, მოქმედი საწარმოების და ძირითად კაპიტალში ინვესტიციების მხოლოდ 16% მოდის.

 

დასკვნა:

დე-ფაქტო აფხაზეთის ეკონომიკა იმყოფება სტაგნაციაში, რასაც ბევრი მიზეზები აქვს. მათ შორის მნიშვნელოვანია ინსტიტიტუციური გაუმართაობა და პოსტ-საბჭოთა მტაცებლური ელიტების ფორმირება, ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია და ა.შ. ოფიციალური თბილისის პოლიტიკა მიმართულია ეკონომიკური იზოლაციის და პასიურობისკენ, რაც უფრო და უფრო აძლიერებს აფხაზეთის დამოკიდებულებას რუსეთზე, რომელიც, თავის მხრივ, არანაირ როლს არ თამაშობს რეგიონის განვითარებაში. სამომავლოდ, ოფიციალური თბილისის პოლიტიკა სიღრმისეული დებატების საგანად უნდა იქცეს, რამდენადაც ის არათუ ვერ ასრულებს ინტეგრაციის ფუნქციას, არამედ პირიქით, აღრმავებს უფსკრულს ქართველ და აფხაზ ხალხს შორის.

 

[1] https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20201216/1031474467/Itogi-goda-i-plany-kak-fondy-Abkhazii-rasporyadyatsya-novymi-byudzhetami-.html

 

 

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.  

დატოვე კომენტარი