21-ე საუკუნის ინდულგენციები ქართველ მსხვილ ბიზნესმენებს

წარწერა სურათზე – “indulgentia plenaria quotidiana perpetua pro vivis et defunctis” – ეს არის სრული ინდულგენცია, ყოველდღიური და სამუდამო, ცოცხალთა და მკვდართათვის.

* „ინდულგენცია არის ცოდვილთა გათავისუფლება სასჯელისაგან წმინდათა ზეჯეროვანი დამსახურებების ხარჯზე მათი ცოდვების დაფარვით… თავდაპირველად ინდულგენცია ეძლეოდათ ჯვაროსნულ ლაშქრობების მონაწილეებს, ხოლო შემდეგ იმ პირებს, რომელთაც ეკლესიის წინაშე რაიმე დამსახურება ჰქონდათ. შემდგომში ინდულგენციები ფულზე იყიდებოდა და პაპების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. ინდულგენციები იყიდებოდა, როგორც უკვე ჩადენილი, ასევე მომავალში ჩასადენი ცოდვების გამოსასყიდად. ასე მაგალითად: ადამიანს შეეძლო წინასწარ გადაეხადა თანხა, ხოლო შემდეგ ჩაედინა ცოდვები, რასაც ეს თანხა ეყოფოდა“.

იანვრის დასაწყისი სკანდალური აღმოჩნდა ქართული საბანკო სექტორისთვის. პროკურატურამ „თიბისი“-დან გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო. საქმე უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც არავინ დაუკავებიათ და ბრალიც არავის მიმართ წარუდგენიათ, “თიბისისთან” დაკავშირებულ გამოძიებას დიდი გამოხმაურება მოყვა. საქმის საწყის ეტაპზე, პროცესები განვითარებული სამყაროსგან განსხვავებით არაორდინალურად მიმდინარეობს. ხელისუფლება და ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ არ გამოირჩევა, არასამთავრობოები და ბიზნეს გაერთიანებები ყოველგვარი სასამართლოს გარეშე ინდულგენციას აძლევენ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მათ მიმართ საქმის წამოწყებასაც კი რუსულ ინტერესებს უკავშირებენ და საქართველოში საინვესტიციო გარემოს დაზიანებაზე საუბრობენ. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით.

„თიბისის“ საქმე

საქართველოს პროკურატურის ცნობით, “თიბისი” ბანკის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ფული, როგორც ფიზიკურმა პირებმა იმ კომპანიისგან ისესხეს, რომელსაც 17 მილიონი აშშ დოლარის სესხი თავადთიბისი” ბანკმა მისცა: “2008 წლის აპრილში და მაისში, შპს სამგორი თრეიდმა და შპს სამგორი M-მა, “თიბისი” ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაცთიბისი” ბანკმა საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს“, — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, 2008 წლის ბოლოს, “თიბისი” ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას, საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან.

საგულისხმოა, რომ შპს სამგორი თრეიდსა და შპს სამგორი M-ი სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს სამგორი თრეიდისა და შპს სამგორი M-ის ვალი“, — აცხადებენ პროკურატურაში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, “თიბისი” ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს. 2018 წლის 2 აგვისტოს, დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით მიმდინარეობს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების არასაზოგადოებრივი პოზიცია

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე არ გამორიცხავს, რომ “თიბისი” ბანკის წინააღმდეგ მიმდინარე საგამოძიებო პროცესი ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდეს. ურუშაძის თქმით, ,,თიბისი ბანკსა და მამუკა ხაზარაძეზე სახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი თავდასხმა გარკვეულ კითხვებს აჩენს, სწორედ “თიბისი” ბანკია ,,ანაკლიის კონსორციუმის“ დამფუძნებელი, რომელიც საქართველოსათვის უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს. ანაკლიის პორტი არის საუკუნის მშენებლობა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის ამაღლება უნდა უზრუნველყოს,“ – განაცხადა ურუშაძემ. მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან: „ჩვენ პირდაპირ კონკურენციაში შევდივართ რუსეთთან იმ ტვირთებთან მიმართებაში, რომელიც შუა აზიიდან და ჩინეთიდან მომავალში იმოძრავებს. საქართველოს სახელმწიფო კი, გამოდის და პირდაპირ ბრძოლას უცხადებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც ამ პროექტს ახორციელებს. ეს პირდაპირ დარტყმას აყენებს პროექტის მდგრადობას და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ინვესტორებზე.

ცნობისათვის, ანაკლიის პორტის მშენებლობა ამ ხელისუფლებამ გადასცა ხაზარაძეს და მის კომპანიას. ამის გარდა, ხელისუფლებამ ხალხისგან საბიუჯეტო თანხებით გამოისყიდა მიწები; ბიუჯეტის სახსრებით ფინანსდება სატრანსპორტო (მათ შორის სარკინიგზო) ინფრასტრუქტურაც. ასე მაგალითად, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის, 11 მლნ ლარია გათვალისწინებული. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება სახელმწიფოს 262 მლნ ლარი უჯდება.

მარტივად რომ ავხსნათ, ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის გასაკეთებლად, ანაკლიის პროექტს დახმარება გაუწია, როგორც ქონების ისე საბიუჯეტო სახსრების გადაცემის თვალსაზრისით. მთელ მცირე და საშუალო ბიზნესს დამოუკიდებელი საქართველოს 30 წლიანი ისტორიის მანძილზე არ მიუღია ბიუჯეტიდან იმდენი დახმარება, რასაც ეს ერთი პროექტი იღებს.

„ჰაბ ჯორჯიას“ მსგავსი შეფასებები მრავლად მოვისმინეთ ბოლო კვირის მანძილზე. საქართველოს ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ასლანიშვილი: “2008 წლის აგვისტოში ბანკ “რესპუბლიკის” კომერციული დირექტორი გახლდით. ზედმიწევნით კარგად მახსოვს, საქართველოს ეკონომიკამ და საბანკო სისტემამ ბეწვის ხიდზე როგორ გაიარეს. ორი რამ იყო მაშინ მთავარი: ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საბანკო სისტემის გადარჩენა. მახსოვს ის ყოველწუთიერი შეხვედრები, გაუთავებელი ზარები, დაპანიკებული მეანაბრეები… იმ დროს ყველას კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ერთი თუ წაიქცეოდა, ყველანი წავიქცეოდით და ვეღარასდროს დავდგებოდით ფეხზე! ბანკების ლიკვიდურობის მართვა საათობრივად, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოტანა კი სპეცრეისებით ხდებოდა, რათა პანიკა ჩამქრალიყო. არც ერთი საათით შეფერხება არ ყოფილა არც ფილიალში, არც ბანკომატებში. ეს ყველაფერი ერთად შევძელით. ფასდაუდებელი იყო მაშინდელი ეროვნული ბანკისა და მისი მენეჯმენტის კოორდინაცია, კომუნიკაცია. დღეს კი რას ვხედავთ? ძალით გვინდა დავაზიანოთ ის, რაც ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ვებრძვით იმას, რასაც უნდა ვუფრთხილდებოდეთ! ვიმეორებ: ერთი თუ წაიქცა, ყველა მიჰყვება დომინოს პრინციპით!

ამ განცხადებებში იკითხება, რომ თურმე საქმის აღძვრა დააზარალებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ბიზნესმენები ქვეყნიდან გაიქცევიან. ანუ მათი ლოგიკით, ქვეყანაში არ შეიძლება სამართალი ზოგჯერ მსხვილი ბიზნესმენების წინააღმდეგი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო გამოცდილება სავსეა მსხვილი ბანკირების დაკავების ქეისებით, მათ პატიმრობას ინვესტორების დაფრთხობა არ გამოუწვევია. პირიქით, ინვესტორები ისეთი ქვეყნიდან გარბიან სადაც შერჩევითი სამართალია და ზოგიერთ მსხვილ ბიზნესმენები მიუხედავად დანაშაულისა ხელშეუხებელნი არიან.

ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია აღნიშნავს:მაგალითად, აშშ-ში ძალიან ხშირად ხდება საბანკო დაწესებულებების დაჯარიმება საკმაოდ დიდი თანხებით. მაგალითად, ბოლო წლების განმავლობაში იყო იპოთეკურ კრედიტებთან და ვალუტის გაცვლითი კურსის მანიპულაციებთან დაკავშირებული თემები, როდესაც მარეგულირებელმა ორგანომ მილიარდობით აშშ დოლარით დააჯარიმა წამყვანი ამერიკული ბანკები. ამ ბანკების უმაღლესი თანამდებობის პირები კი, იმიტომაც გადაურჩნენ სისხლის სამართლებრივ დევნას, რომ მათ მჭიდროდ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ამერიკელ სამართალდამცავებს აღნიშნულ გადაცდომებზე. … არასოდეს შემხვედრია რაიმე სტატია ან მინახავს სატელევიზიო გადაცემა, რომლებშიც ეს ფაქტები ვინმეს შეეფასებინა, როგორც ამერიკულ საბანკო სისტემაზე დარტყმად. პირიქით, როდესაც ხდებოდა ჯარიმის ამოღება, ამ თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ იმ პირებს გადაეცემოდა, ვინც ზიანი განიცადეს ბანკების არასწორი მოქმედებების გამო. ასევე, ასეთი ფაქტების გამო არავითარი ზიანი არც აშშ-ს და არც ამერიკულ საბანკო სისტემას არ მიდგომია. ზოგადად, სახელმწიფოს აქვს უფლება და ასევე, ვალდებულება, რომ მოსთხოვოს კანონის დაცვა როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებს და მათ შორის, ბანკებსაც. არავინ დგას კანონზე მაღლა აშშ-ში, მათ შორის, არც ბანკები.

საერთაშორისო პრაქტიკა

თუ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, როგორც ბანკირების, ისე მსხვილი ბიზნესმენების პასუხისგებაში მიცემის უამრავ ფაქტს შევხვდებით. თუმცა, ამის მსგავს სიტუაციას ამ ქვეყნებში არავინ აპროტესტებს იმ მიზეზით, რომ ბიზნესი იზღუდება ან ინვესტორები არ შევლენ. აი, რამოდენიმე კონკრეტული მაგალითი:

  1. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროს, ისლანდიური ნაციონალიზებული ბანკი Kaupthing-ის ოთხი ყოფილი ხელმძღვანელი გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს. ბოლო წლებში, ისლანდიაში სხვადასხვა დანაშაულების გამო 26 წამყვანი ბანკირი დააკავეს, პატიმრობა ჯამში 74 წლიან პერიოდს მოიცავს.
  2. ჩინეთში შემნახველი ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს. კორუფციისთვის გასამართლებული ბანკირი ციხეში გარდაიცვალა. 62 წლის ტაო ლიმინი ქვეყანაში სიდიდით მეხუთე ბანკს მართავდა. ტაო ლიმინი 2012 წელს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიისგან 1,5 მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
  3. აშშ-ის მთავრობამ უმსხვილეს მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ის ორ ყოფილ ბანკირსა და მალაიზიელ ფინანსისტს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა. ძალოვანი უწყებების ინფორმაციით ბანკირებმა მალაიზიური განვითარების ფონდიდან მილიარდობით დოლარი მოიპარეს.
  4. Anglo Irish Bank-ის ყოფილი ხელმძღვანელი დააკავეს. შონ ფითსპატრიკი დუბლინში თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. ამას გარდა, Anglo Irish Bank-ის ორი ყოფილი აღმსარულებელი დირექტორიც დაკავებულია მათ 16 ბრალდების გამო 5-5 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. საქმე ეხება 2008 წლის მოვლენებს. აღსანიშნავია, რომ ბანკირების დაკავება 2014 წელს მოხდა, ანუ 6 წლის წინ ჩადენილ ქმედებაზე. რომ ბანკირები კლიენტების შეცდომაში შეყვანას ახდენდნენ. ქვეყნის პროკურატურის განცხადებით, ბანკის ანგარიშებში მონაცემები იმაზე უკეთ იყო წარმოჩენილი, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო.
  5. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უოლ-სთრითის ისტორიაში ყველაზე დიდი აფიორის ავტორი ბერნარდ (ბერნი) მედოფი. გამომძიებლების მტკიცებით, მისი ფინანსური პირამიდის ანგარიშებზე 170-მა მილიარდმა დოლარმა გაიარა. ამჟამად ის სამუდამო პატიმრობაშია და ასაკის მიუხედავად, (ის 80 წლისაა), 2009 წლის ივნისში სასამართლომ მედოფს 150 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1960-70-იან წლებში მედოფის კომპანია ფინანსურ სექტორში ნოვაციების დანერგვის მხრივ პიონერი იყო. მისი ინოვაციები გახდა მაღალტექნოლოგიური ბირჟის NASDAQ-ის საფუძველი. მედოფის გავლენა ამ სავაჭრო სისტემაზე  იმდენად დიდი იყო, რომ ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ზედიზედ 3-ჯერ აირჩიეს. ბერნარდ მედოფი იყო ცნობილი არა მარტო უოლ-სთრითზე, ის იხდიდა ასობით ათას დოლარს პოლიტიკოსების საარჩევნო კამპანიების დაფინანსებაზე, მეგობრობდა ჩინოვნიკებთან და ბიზნესმენებთან. ამერიკის უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორები და უმდიდრესი ადამიანები მშვიდად აბანდებდნენ მედოფის ფონდში მილიონობით დოლარს – ის სანდოობის ეტალონადაც კი ითვლებოდა. ინვესტორებს შორის იყო ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი – ტელეწამყვანი ლარი კინგი, L’Oreal-ის პრეზიდენტი ლილიან ბეტანკური, მსახიობი ჯონ მალკოვიჩი, საფეხბურთო კლუბ Philadelphia Eagles-ის მფლობელი ნორმან ბრამანი.

 

დასკვნის მაგიერ

სამწუხაროდ, ტენდენციურია ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც შედეგად გვაძლევს იმას, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ ნდობა მცირდება. გარკვეულწილად გასაგებია ბიზნესმენთა ფედერაციის და საბანკო ასოციაციის პოზიცია, როდესაც ისინი საკუთარ წევრს ლობირებენ, თუმცა გაუგებარია დამოუკიდებელი ექსპერტების თუ სამოქალაქო ორგანიზაციების მსგავსი განცხადებები. ერთის მხრივ, როდესაც ქვეყანაში უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელების სახელები ფიგურირებს გამოძიების პროცესში აუცილებელია, რომ ძალოვან სტუქტურებს მეტი კონტაქტი ჰქონდეთ საზოგადოებასთან. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა აუხსნას მოქალაქეებს, რომ მათ ანაბრებს საფრთხე არ ემუქრება და რომ როგორც არ უნდა დასრულდეს პროცესი, თვითონ ბანკის გაკოტრებას ან სისტემის ჩამოშლას არ გამოიწვევს. მეორეს მხრივ, არასამთავრობო, თუ სხვა სახის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, რათა მოსახლეობას კითხვები არ დარჩეს გამოძიებასთან დაკავშირებით და ამასთან დამნაშავეების დასჯა რათა სხვა ბიზნესმენებს არ გაუჩნდეთ უსამართლობის და ორმაგი სტანდარტების შეგრძნება.

თუ ვინმეს  ამ ქვეყანაში შეუძლია მამუკა ხაზარაძის სიმართლის დამტკიცება, ეს პირველ რიგში თავად მამუკა ხაზარაძე იქნება. არც სასამართლოს და არც მისი გვერდის ავლით ხაზარაძეზე უკეთ ამ საქმეს ვერავინ მოაგვარებს. ამ დროს კი  უსაფუძვლო ბრალდებები, მათ შორის, მუდმივად რუსეთის ინტერესებზე საუბარი და სხვა, გაუგებარია. იმედი ვიქონიოთ, რომ ძალოვანი სტრუქტურები ნათელს მოფენენ ამ საქმეს, და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა ისე, რომ არც საზოგადოებას და არც ბიზნესს უსამართლობის განცდა არ დარჩეს.

ზემოაღნიშნული მასალის პათოსი ის არაა, რომ უნდა მოხდეს მამუკა ხაზარაძის ან და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრება. პირიქით, როგორც არაერთხელ აღინიშნა აუცილებელია მიმდინარე გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვა, რათა საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. სტატიის შექმნის მიზეზი გახლავთ საზოგადოებაში შექმნილი არაჯანსაღი ატმოსფერო, როდესაც ზოგიერთი არასამთავრობოსა თუ ექსპერტის მიერ ფაქტობრივად კითხვების დასმასაც კი აიკრძალა მსხვილი ბიზნესმენების მიმართ. სწორედ ესეთი მიდგომები აზიანებს ჩვენს საინვესტიციო გარემოს, როდესაც ჩნდება ხელშეუხებელთა კლასი და მოსახლეობაში უსამართლობის განცდა იზრდება.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

სურათი: flickr.com

დატოვე კომენტარი