მედია საშუალებებით ხშირად გვესმის – ბიუჯეტში საკმარისი თანხა არაა, მომდევნო წლის ბიუჯეტში პენსიების ზრდა არ იგეგმება, წელს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და სხვა. რა არის ბიუჯეტი, საიდან ივსება, უმეტესწილად რაში იხარჯება და რატომ არაა იქ არსებული თანხები საკმარისი მაღალი პენსიისა თუ სოციალური დახმარებებისთვის, შევეცდებით მარტივად აგიხსნათ.
ისტორიას, რომ გადავავლოთ თვალი, სიტყვა ბიუჯეტი ინგლისური სიტყვისგან budget მომდინარეობს, რაც ტომარას ნიშნავს. როდესაც ინგლისის პარლამენტში მთავრობა თემთა პალატას ფულს სთხოვდა, ხაზინის კანცლერი ხსნიდა პორტფელს (ტომარას), სადაც სახელმწიფო შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტი იდო. ისტორიას, რომ თავი დავანებოთ თანამედროვე გაგებით ბიუჯეტი კონკრეტული პერიოდისთვის (სახელმწიფო ბიუჯეტის შემთხვევაში ერთი წლის მანძილზე) შემოსავლებისა და ხარჯების ერთიანობას წარმოადგენს.
სახელმწიფო ბიუჯეტი განსაზღვრავს თუ სად და რა მიმართულებით, რამდენი ლარი უნდა დაიხარჯოს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს კანონის სახით. ცნობისათვის, 2018 წლის საქართველოს ბიუჯეტის შემოსულობები, ანუ გადასახადებიდან და სხვა წყაროებიდან დაგეგმილი შემოსავლების ერთობლიობა, 12,5 მილიარდ ლარამდეა. წელს მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისა და ბიზნესმენებისგან გადასახადების სახით 9,5 მილიარდი ლარის ამოღებას აპირებს, რაც მთელი ჩვენი ეკონომიკის 23,5%-ია. ანუ, ეკონომიკაში არსებული ყოველი 1 ლარიდან ბიუჯეტში 23 თეთრი მიედინება. დარჩენილი თანხები კი გრანტებით, შიდა თუ საგარეო სესხებით და სხვა წყაროებიდან აკუმულირდება.
მიმდინარე წელს ბიუჯეტში მთავრობა ყველაზე მეტი თანხების მიღებას დამატებითი ღირებულების გადასახადიდან გეგმავს – 4.4 მლრდ ლარი, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 3.16 მლრდ ლარით განსაზღვრა, აქციზიდან – 1.45 მლრდ-ს, მოგების გადასახადიდან – 630 მლნ-ს, იმპორტის გადასახადიდან – 60 მლნ-ს, „სხვა გადასახადებიდან“ კი 170 მლნ ლარის მიღება იგეგმება.
ახლა ვნახოთ უმეტესწილად რაში იხარჯება ჩვენი სახელმწიფო „ტომარაში“ მოგროვილი თანხა და რა სფეროებს ასახელებს 2018 წელს მთავრობა პრიორიტეტულად. ინფრასტრუქტურა, განათლება და ჯანდაცვა – სწორედ ეს მიმართულებები იქნება მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა სექტორების მიხედვით კი შემდეგნაირად ნაწილდება. ჯანდაცვა – 3,52 მილიარდი ლარი, ინფრასტრუქტურა – 1,81 მლრდ. ლარი, განათლება – 1,18 მლრდ. ლ; თავდაცვა – ; შსს – ; კულტურა – ; სპორტი – ; სოფლის მეურნეობა და ა.შ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მომავალ წელს 1.815 მლრდ ლარი აქვს გამოყოფილი. აქედან – 1.310 მლრდ ლარი საავტომობილო გზების მშენებლობას მოხმარდება, როგორიცაა საავტომობილო გზის ჩუმათელეთი–არგვეთას მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა და სხვა. 196 მლნ ლარი კი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დაიხარჯება, მაგალითად დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები პანკისის ხეობის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების საზღვრისპირა სოფლებში, რამაც წესით, გეგმის მიხედვით 20 ათასამდე ადამიანისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასმელი წყლის მიწოდების ხარისხი. აღსანიშნავია, რომ პროცენტულად 2018 წელს ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურაზე გასაწევი ხარჯები გაიზარდა, 2017 წელთან შედარებით 40%-ით მეტი ფინანსებია მიმართული.
რაც შეეხება, განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს 1.186 მლრდ ლარი ექნება ასათვისებელი, საიდანც ზოგადი განათლება 671 მლნ-ით ფინანსდება, სკოლები – 600 მლნ-ით, უმაღლესი განათლების პროგრამები – 133 მლნ-ით და საგანმანათლებლო ინფრასტუქტურის განვითარება კი 97 მლნ ლარით. თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტით არ იგეგმება მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდა. საუბარია მასწავლებლების ანაზღაურების სისტემის მოდერნიზაციაზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია.
ყველაზე დიდი ბიუჯეტი კი ტრადიციულად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს – 3.528 მლრდ ლარი, რაც 2018 წლის ბიუჯეტის ხარეჯების 28%-ზე მეტია. ანუ, ბიუჯეტში ჩვენი გადახდილი ყოველი 1 ლარიდან 28 თეთრი პენსიებსა, სოც დახმარებებზე, დაზღევასა და სხვა სოციალურ ხარჯებზე მიდის, მაგრამ პენსიისა თუ სოციალური დახმარების ოდენობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, როგორც ევროპაში, ისე დსთ-ს ქვეყნების მასშტაბით. მიმდინარე წელს პენისებისა და სოციალური დახმარებების ზრდა არ იგეგმება.