თბილისში შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო #1TVSPORT
თბილისში შერეულ საბრძოლო ხელოვნებებში მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრებას „თბილისი არენა“ მასპინძლობს.
მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე საქართველოს სახელით როგორც ახალგაზრდებში, ასევე უფროსთა შორის, ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა.
იუნიორებში მერვედფინალის საგზური მოიპოვეს თამაზ შავაძემ (56,7 კგ), თემურ მარტიაშვილმა (61,2 კგ), ივანე კვირიკაშვილმა (65,8 კგ), ზაურ გაჯიევმა (70,3 კგ) და გოგა მიდელაშვილმა (70,3 კგ).
უფროსებში მიზანს მიაღწიეს აკაკი ჩუხაშვილმა (56,7 კგ), კობა ჭუმბურიძემ (61,2 კგ), ბექა შაინიძემ (65,8 კგ), გიორგი ჩხეტიამ (74,8 კგ), ლექი ალდამოვმა (79,4 კგ) და რომან ჩოჩიშვილმა (83,9 კგ). კიდევ ორი საგზური მოიპოვეს ოთარ ხუჭუამ (61,2 კგ) და გიორგი წიფიანმა (83,9 კგ), რომელთაც მეტოქეები არ გამოუცხადდათ.
საერთო ჯამში, ჩემპიონატში 57 ქვეყნის 700-მდე მებრძოლი მონაწილეობს. შეჯიბრება 2 ოქტომბერს დასრულდება.
ტურნირის შესახებ ისაუბრა კერიტ ბრაუნმა, საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა:
„ჩემთვის, როგორც შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია, ვიყო ამ გამორჩეული ღონისძიების ნაწილი. საქართველო ცნობილია თავისი სპორტული და საბრძოლო წარმატებებით, ხოლო ორგანიზების თვალსაზრისით ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გაკეთებული”.