საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტი ამჯერად საფრანგეთიდან აკრიტიკებს.
„შეხვედრა დემოკრატიისთვის“ – პარიზში ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა ბოლო თვეებში მის ქვეყანაში განვითარებული პროცესები საკმაოდ მკაცრი შეფასებებით და მძიმე ეპითეტებით აღწერა. გამოსვლის მთავარი ხაზი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო, რომელიც მეხუთე პრეზიდენტმა გაყალბებულად და რუსეთის მიერ ჩატარებულ მანიპულაციად გამოაცხადა. გაისმა კონკრეტული მოწოდებები ევროკავშირის მიმართ. ექს-პრეზიდენტის აზრით, საქართველოში არსებული მდგომარეობა ახლა ევროკავშირისთვის გეოპოლიტიკური გამოწვევაა. რუსეთის მიერ განხორციელებული უზურპაცია, ტოტალიტარიზმის გზა, ტოტალიტარული დიქტატურის მოდელი – ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ ამჯერად პარიზიდან ყოფილი სახელმწიფო მეთაურის მიერ გაჟღერებული გზავნილები საკმაოდ მწვავე იყო, რასაც არანაკლებ მძიმე რეაქციები მოჰყვა მმართველ გუნდში. ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციასთან ერთად საკოორდინაციო პლატფორმას ხელმძღვანელობს, შიდა პროტესტის გაგრძელებას და საერთაშორისო ზეწოლის ზრდას ხელახალი არჩევნების მიღწევის მთავარ ბერკეტად მიიჩნევს.