ზუგდიდში მომხდარი ინციდენტისას დაკავებულის საქმე

სავარაუდოდ, დღეს გაიმართება ზუგდიდში მომხდარი ინციდენტისას დაკავებული, „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, მანუჩარ ჩხეტიას  სასამართლო პროცესი. მის პატიმრობაში დატოვებას ღამით ხმაური მოჰყვა. პოლიციის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრები იმყოფებოდნენ. რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, პარტიის პრესსამსახურის უფროს გიორგი პატარაიას და ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძეს, ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ნარაზენთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პოლიციას, რომელიც შემოვლას ახორციელებდა, გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც აღნიშნული პირები დააკავეს.