ზუგდიდში აქციაზე ერთი პირი დააკავეს

რამდენიმე საათია, საპროტესტო აქცია იმართება ზუგდიდში. ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მისი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. პოლიციამ ის მაშინ აიყვანა, როდესაც შეკრებილები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.

ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრი და ადვოკატი დღესვე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსსაც შეხვდნენ, რის შემდეგაც უფლებადამცველმა შეკრებილებს უთხრა, რომ წინასასამართლო პროცესამდე დგებუაძის გათავისუფლება სამართლებრივად ვერ მოხერხდება. ამ განცხადებას აქციის მონაწილეთა გაღიზიანება მოჰყვა.

ამ წუთისთვის სამხარეო პოლიციის შენობიდან ადგილობრივების ნაწილი მსვლელობით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოსკენ მიემართება. აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს აქციაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს. ბესიკ დგებუაძის დედა შეუძლოდ გახდა. ამ დროისათვის ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.