ზუგდიდის საკრებულომ 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილა.
საქმე ეხება პირველი იანვრის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ფინანსურ ნაშთს, რომელიც მთლიანობაში 5 მლნ 368 ათას 300 ლარს შეადგენს. ოპოზიციურმა ფრაქციებმა წინა სხდომაზე მოითხოვეს დეტალური წერილობითი დოკუმენტაცია ნაშთის შესახებ. როგორც მათ სხდომაზე აღნიშნეს, მერიისგან შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ მიიღეს. ამ საკითხზე სხდომაზე მოუსმინეს მერიის საფინანსო და ზედამხედველობის სამსახურის უფროსებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 20 ხმით დაუჭირა მხარი 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებას ნაშთის გათვალისწინებით, თუმცა ცვლილების დამტკიცებას საკრებულოს 23 წევრის ხმა სჭირდება და შესაბამისად ცვლილება არ დამტკიცდა. ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 45 წევრია, მათგან „ქართული ოცნება“ – 22, პარტია „ახალი“ – 14, „ნაციონალური მოძრაობა“ – 6. სამი კი „გახარია საქართველოსთვის“ წევრია.