ზოგადი განათლების შესახებ კანონში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს და სიტყვა ლიბერალი, შესაძლოა, ამოიღონ. აღნიშნული ინიციატივა „ქართული ოცნების“ ორ დეპუტატს, ნუკრი ქანთარიას და გენადი მარგველაშვილს ეკუთვნის.

ინიციატორების განცხადებით, სიტყვა ლიბერალი კანონში იწვევს გაუგებრობას. ცვლილების მიზანი კი ის არის, რომ კანონი უფრო მეტად დაუახლოვდეს გაერო-ს ბავშვთა კონვენციას, სადაც დეპუტატთა მტკიცებით, სიტყვა ლიბერალი არ წერია.

საკითხი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტზე დადგა, სადაც ბავშვთა კოდექსის განხილვა მიმდინარეობს. კომიტეტმა ბავშვთა კოდექსში ცვლილებებს პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა მეორე მოსმენაზეც გაგრძელდება. მანამდე კი საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.