უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერი დავით არახამია აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის ყველაფერი მზად არის, მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციებმა მშვიდობის მიღწევის დოკუმენტების პროექტები უკვე შეიმუშავეს, თუმცა, მხოლოდ ყირიმის საკითხზე ვერ ხერხდება მხარეების პოზიციების დაახლოება. დავით არახამიას განცხადებას რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, ვლადიმერ მედინსკი გამოეხმაურა, რომელიც არ იზიარებს უკრაინული მხარის ოპტიმიზმს და ამბობს, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გასამართად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. პარტია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, უკრაინის ნეიტრალიტეტის სტატუსსაც შეეხო და განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინელმა ხალხმა უნდა მიიღოს, რისთვისაც საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება. დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზეც ისაუბრა.