ზელენსკის გადაწყვეტილება - სანქციები საქართველოს ოთხ მოქალაქეს

შანტაჟი ქვეყნის ომში ჩასართავად – ასე ფასდება მმართველი გუნდის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბიძინა ივანიშვილის ოთხი ნათესავი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა. სანქციები უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, ასევე სხვადასხვა ფინანსური აქტივობის შეზღუდვას და აქტივების დაბლოკვას გულისხმობს. ანალოგიური ბრძანება ომში მყოფი ქვეყნის პირველ პირს 3500-ზე მეტი პირის მიმართ აქვს გაცემული, რომელთა შორის ძირითადად რუსეთის მაღალჩინოსნები და სხვა ფიზიკური პირები არიან. საქართველოს ოთხი მოქალაქის მიმართ სანქციების დაწესებას ახსნა-განმარტებები არ მოჰყოლია.

გადაწყვეტილება უკვე გახდა აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი. ზელენსკის ნაბიჯი ქართული ოპოზიციური სპექტრის ნაწილისთვისაც გაუგებარია. უცნობია, მოჰყვება თუ არა უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებას ქვეყნისგან დიპლომატიური რეაგირება.