ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია

საქართველოდან უკრაინის ელჩი კიევში კონსულტაციებისთვის არის გაწვეული.

ზელენსკი გადაწყვეტილებას ორი ფაქტორით ხსნის – იმ თვითმფრინავის არმიღებით, რომელსაც უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად თბილისიდან მიმავალი ქართველი მოხალისეები უკრაინაში უნდა წაეყვანა და სანქციებზე პრემიერის განცხადებებით, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტი აკრიტიკებს. ორივე თემა საქართველოში მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზად იქცა. ოპოზიცია ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გამტარებელი პოზიციის დაკავებაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი კი უკრაინაში ქართველი მოხალისეების ორგანიზებულ და სპეციალური თვითმფრინავით გაგზავნას ომში ჩართვად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ყოფილი მმართველი პარტია ახლა ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩაბმას ცდილობს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციად ფასდება გუშინ დაგეგმილი ჩარტერული რეისიც. მთავრობისთვის, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობისთვის, ელჩის გაწვევა გაუგებარია და კითხვებს აჩენს. ამ კონტექსტში სახელდება სხვა ქვეყნების მაგალითებიც.