ზელენსკი შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი კიევში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს ვიზიტი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისა და სოლიდარობის მნიშვნელოვანი გზავნილია. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ევროკავშირის სანქციების გამკაცრება, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, ფინანსური მხარდაჭერა და ევროატლანტიკური მისწრაფებები განიხილებოდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ თავიანთი თავდაცვითი ხარჯები და უკრაინის დახმარება. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით კი, კიევში გამართული შეხვედრების დროს, განხილვის მთავარი საკითხები უკრაინისთვის ტრანსფორმატორების და გენერატორების, ასევე იარაღის მიწოდება იყო.