ყირგიზეთის მოქალაქე მახაბატ ეგემბერდიევა თბილისის საქალაქო სასამართლოს შსს-ს მიგრაციის სამსახურის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას სთხოვს, რომლითაც მას საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე უარი ეთქვა.
როგორც ეგემბერდიევამ განაცხადა, იმედი აქვს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირინა გოგოლაძე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უკანონოდ ცნობს.
როგორც ეგემბერდიევამ განაცხადა, ის ყირგიზეთში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრია, რის გამოც ხელისუფლება 2020 წლიდან დევნის. მისი ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ყირგიზეთში პოლიტიკური ნიშნით საქმე გაუყალბეს და კერძო პირს საჩივარი შეატანინეს, თითქოს ეგემბერდიევამ მის წინააღმდეგ თაღლითობა ჩაიდინა და 100 000 დოლარი გამოსძალა.
ყირგიზეთის სასამართლომ ეგემბერდიევას 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. წითელი ცირკულარით ძებნის ფარგლებში, ეგემბერდიევა საქართველოში ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს. ეგემბერდიევას განცხადებით, ექსტრადაციის შემთხვევაში, ყირგიზეთში წამება ელოდება.