საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. ერმეკ კოშერბაევა ქართველ კოლეგას შეხვდა და თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. კოშერბაევმა, ასევე, უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. საქართველოს მთავრობის მეთაური, აღნიშნული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ირაკლი კობახიძის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და აქტიურ კონფლიქტებს. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერმეკ კოშერბაევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.