ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ყაზახეთის პრემიერი საქართველოში ჩამოვიდა.

ვიზიტის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და იმ პროექტების დაგეგმვაა, რომლებმაც უკრაინის ომის და გაუარესებული უსაფრთხოების ფონზე ევროპა-აზიის დასაკავშირებლად და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების კუთხით სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა, საქართველოს სატრანზიტო როლი კი კიდევ უფრო გაზარდა. პრემიერ-მინისტრებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამხრეთის დერეფანი და ამ მარშრუტის უფრო მეტად დასატვირთად საჭირო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართვა იყო. განსაკუთრებული ყურადღება საპორტო ინფრასტრუქტურაზე გამახვილდა. ექსპორტის და ვაჭრობის გაუმჯობესებული მაჩვენებლების ფონზე ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვის 10 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება, რისთვისაც ხუთწლიანი გეგმა შემუშავდა.