ყაჩაღობის ფაქტი ზუგდიდში  

ყაჩაღობა და ორმხრივი სროლა ზუგდიდში. დაღუპულია ერთი პირი. მომხდარზე ოფიციალურ ცნობას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, 26 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი ოქროს ბირჟაზე შეიჭრა და ერთ-ერთ გამყიდველს ოქროს ნივთები იარაღის მუქარით გაიტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიდან მალევე, ცხელ კვალზე დაიწყეს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები. რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, მოჰყვა საპასუხო ცეცხლი, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე. შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი, 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.