მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სიდიდით მესამე წმინდა ადგილზე საქრისტიანოში, ინტენსიური განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. იგეგმება შვიდი უძველესი ეკლესიის გახსნა, რომელიც 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ დახურული აღმოჩნდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ძალისხმევით, დღეს ამ ტერიტორიაზე ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო თრასთი“ მუშაობს. ველზე უშუალო სამუშაოებს კი ქართველი ექსპერტები ატარებენ. ცხრა ქართველი გამნაღმველი პრაქტიკულად ხელით იღებს ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და აუფეთქებელ საბრძოლო მასალას და ქრისტიანებისთვის წმინდა მიწას სანტიმეტრ-სანტიმეტრობით წმენდს.
50 წელზე მეტია, ჯერ კიდევ ბიზანტიურ დროს აშენებული ეკლესიები უდაბნოს მწველი მზის ქვეშ ნელ-ნელა იშლებიან. მიწა დამსკდარია და გამომწვარი, თუმცა ქრისტიანებისთვის ეს მიწა წმინდაა. მორწმუნეებს სწამთ, რომ ეს არის ადგილი, სადაც იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა. ტერიტორიაზე შვიდი ეკლესიაა: ბერძნული, ფრანცისკანული, ასირიული, რუსული, ეთიოპიური, რუმინული და კოფტური, რომელიც მოქმედია, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი სომხეთს ეკუთვნის, თუმცა იქ არაფერია აშენებული. ტაძრებამდე პილიგრიმები ვერ მიდიან, ირგვლივ ნაღმების არსებობის შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნებია. მხოლოდ ერთი მონაკვეთია მომლოცველებისთის ხელმისაწვდომი, სადაც მდინარემდე მისვლა შეუძლიათ. ეს ზოლიც მხოლოდ ორი ათასიანი წლების დასაწყისში გაინაღმა. ტერიტორია კი 1967 წელს 6 დღიანი ომის დროს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დანაღმეს.
„ჰალო თრასთ“-ის დავალებების ზედამხედველის ლაშა ბლუაშვილის თქმით, ქართველმა ექსპერტებმა უკვე გაწმინდეს ბერძნული, ფრანცისკანული, ასირიული, რუსული, ეთიოპიური და რუმინული ტაძრების ტერიტორიები და შენობები. ამჟამად კი მუშაობენ კოფტური ეკლესიის გაწმენდაზე, რაზედაც „ახალი კვირის“ გადამღებმა ჯგუფმა რეპორტაჟიც გააკეთა. თუმცა მას შემდეგ სამუშაოები მიმდინარეობს და რამდენიმე დღის წინ დაასრულეს 35 000 კვადრატული მეტრის გაწმენდა რუმინული და ეთიოპიური ტაძრების ტერიტორიებზე. გაიწმინდა რვა შენობა – ე.წ. ნაღმ-ხაფანგებისგან და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან. სამი შენობა პრაქტიკულად ნანგრევებად იყო ქცეული და ამ ნანგრევებიდან ქართველმა გამნაღმველებმა რამდენიმე ხატის გადარჩენა შეძლეს.
ამის შემდეგ ქართველი სპეციალისტები შეუდგებიან უშუალოდ მდინარე იორდანეს სანაპიროს ასი ათასი კვადრატული მეტრის გაწმენდას.
სამუშაოს დაწყებიდან დღემდე ამოღებულია ათასობით ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ასევე დიდი რაოდენობით აუფეთქებელი საბრძოლო მასალა და ნაღმ-ხაფანგები.
ბოლო ეტაპზე, კიდევ ერთ მონაკვეთზე გამნაღმველები ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ზოლების გაწმენდას შეუდგებიან.
დღეს აქ არც თუ ჩვეულებრივი მდგომარეობაა. რომელიც შეიძლება აქ იყოს მხოლოდ, ქვეყანაში სადაც უამრავი საფრთხეა და მათთან ერთად უამრავი ტურისტიც. ეს ტერიტორია ნაღმებისგან და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან უახლოეს მომავალში სწორედ ქართველი გამნაღმველების დაუღალავი შრომის ხარჯზე გაიწმინდება. მსოფლიოს ქრისტიანებს კი მათთვის წმინდა მიწაზე მისვლა და მოლოცვა თამამად შეეძლებათ. იქ მათ, ნაღმების აღმნიშვნელი ნიშნების ნაცვლად ახალი იმედი დახვდებათ.