წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო გარემო და რიტორიკა სულ უფრო მწვავდება. მკაცრდება დიპლომატიური მისიების მოწოდებებიც.

პოლიტიკური ურთიერთბრალდებები კიდევ უფრო დაამძიმა დმანისსა და რუსთავში მომხდარმა შემთხვევებმა, რაზეც ამერიკის საელჩოს საკმაოდ მწვავე შეფასებები ჰქონდა. ფიზიკური ძალადობის, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების და საარჩევნო მოსყიდვის ფაქტები მოხვდა „სამართლიანი არჩევნების“ მეორე შუალედურ ანგარიშშიც. თუმცა, ხელისუფლების და ოპოზიციის შეფასებები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. ოპონენტები მმართველ გუნდს სიძულვილის ენის გაღვივებაში, ძალადობრივი კამპანიის წარმართვასა და ოპოზიციის დევნა-დაშინებაში ადანაშაულებენ, „ქართული ოცნება“ კი ბოლო პერიოდში გახშირებულ ძალადობრივ ფაქტებს ოპოზიციის ნაწილის პროვოკაციას აცხადებს. მმართველი გუნდის გზავნილია, რომ ოპონენტები პროვოკაციების გზით საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გამწვავებას ცდილობენ და რეალურად არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებიან.